¹ბს-1084-1036(კ-07) 14 თებერვალი, 2008წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 30 აპრილს ზ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პარლამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დავალიანების ანაზღაურება 838 ლარის ოდენობით.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელე იყო საქართველოს პარლამენტის ..... წლების მოწვევის წევრი, საქართველოს კონსტიტუციისა და ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 თავის თანახმად, სარგებლობდა პარლამენტის წევრის საქმიანობის ძირითადი გარანტიებით. 2004 წლის 28 მარტს არჩეული ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრების შემდგომ შეუწყდა უფლებამოსილება. მიუხედავად მისი არაერთი მოთხოვნისა, საქართველოს პარლამენტმა არ შეასრულა მისი ვალდებულება და არ მოახდინა პარლამენტის წევრების უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო მატერიალური უზრუნველყოფის დავალიანების გასტუმრება. ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო მატერიალური უზრუნველყოფა ეკისრებოდა საქართველოს პარლამენტს და აღნიშნული შედგებოდა პარლამენტის წევრის ხელფასისა და სადეპუტატო ანაზღაურებისაგან. წინა მოწვევის პარლამენტის წევრის ხელფასი შეადგენდა 450 ლარს, ხოლო სადეპუტატო _ 255 ლარს. სადეპუტატო დავალიანებამ სხვადასხვა წლების 4 თვის მიხედვით შეადგინა სულ _ 838 ლარი.
მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საქართველოს პარლამენტი არის უფლებამოსილი ორგანო, განიხილოს და დაამტკიცოს სახელმწიფო ბიუჯეტი. სახელმწიფო ბიუჯეტი შედგება როგორც შემოსავლებისაგან, ასევე ხარჯებისაგან, რისი კონტროლის უფლებაც საქართველოს კონტროლის პალატას აკისრია. საქართველოს პარლამენტი აღიარებს მოსარჩელისა და სხვა კრედიტორების მიმართ არსებულ დავალიანებას, მაგრამ მის გაუსტუმრებლობას საქართველოს მთავრობას აბრალებს. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს და სურვილის ქონის შემთხვევაში შეეძლო, საკუთარი ვალდებულების შესასრულებლად 2004-2005 ან 2006 წლების ბიუჯეტში შეეტანა დავალიანების გასტუმრება და ამის შემდგომ, საქართველოს მთავრობისათვის მოეთხოვა დამტკიცებული ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის შესრულება. რათა არ გავიდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მოსარჩელემ, მიემართა სასამართლოსათვის დარღვეული უფლებების აღსადგენად. სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოთხოვნის კანონიერება დადასტურებულია საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2007 წლის 6 მარტისა და 26 აპრილის წერილებით. მოთხოვნა არ არის დამოკიდებული რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ვინაიდან მოსარჩელეს, როგორც პარლამენტის წევრს, უფლებამოსილების პერიოდში არანაირი ფინანსური ან სხვა სახის ვალდებულება შეუსრულებელი არ დაუტოვებია (ს.ფ. 2-3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: საქართველოს პარლამენტს დაეკისრა ზ. ქ-ის სასარგებლოდ დავალიანების _ 838 ლარის ანაზღაურება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ზ. ქ-მა 2007 წლის 28 თებერვალს მიმართა საქართველოს პარლამენტს განცხადებით და მოითხოვა განმარტება არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადების პასუხიდან გამოირკვა, რომ მისი დავალიანება შეადგენდა: 1999 წლის ნოემბრის თვის ათი დღის სადეპუტატო _ 73 ლარსა და 2003 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების სადეპუტატო _ 765 ლარს, სულ _ 838 ლარს.
,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პარლამენტის წევრის ხელფასი განისაზღვრება კანონით. პარლამენტის წევრს ეძლევა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურებაც. ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად: ,,წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2007 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები, იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული აღნიშნული მუხლის მიხედვით, ახალი დავალიანებების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს”. სასამართლოს მითითებით, სარჩელი იყო საფუძვლიანი და ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ს.ფ. 40-44).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. აპელანტმა განმარტა, რომ 2006 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის სახელზე გაგზავნილ იქნა წერილი, რომლითაც მოითხოვდა, რომ 2006 წლის 8 აგვისტოს ¹12530/3-19 წერილით საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საქართველოს მთავრობის 2006 წლის ¹281 განკარგულების შესაბამისად წარდგენილიყო საქართველოს პარლამენტის რეგისტრირებული კრედიტორების ნუსხა, ამ ნუსხის გათვალისწინებით გამოყოფილიყო შესაბამისი ასიგნება და დაწყებულიყო დავალიანებათა დაფარვის პროცესი. აღნიშნული წერილის პასუხად, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა განხორციელდებოდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ასევე აღინიშნა, რომ ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად: ,,წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2007 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები, იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული აღნიშნული მუხლის მიხედვით ახალი დავალიანებების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს”. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის თანახმად, შესაძლებელია საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფაროს წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებები, როდესაც აღნიშნული საკითხი შეთანხმებული იქნება ფინანსთა სამინისტროსთან და შესაბამის ასიგნებას გაითვალისწინებს საქართველოს კანონი ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ”, აგრეთვე თუკი დავალიანების დაფარვა არ გამოიწვევს სხვა ახალი დავალიანების დაგროვებას (ს.ფ. 48-50).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და სამართლებრივ საკითხებზე დამატებით მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პარლამენტის წევრი იღებს კანონით დადგენილ გასამრჯელოს. ,,საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონის 24.1 მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრის ხელფასი განისაზღვრება კანონით. პარლამენტის წევრს ეძლევა სადეპუტატო უფლებამოსილებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურებაც. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხელფასის გაცემა იწყება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურების დღიდან და მთავრდება შესაბამისი მოწვევის პარლამენტის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეუთანხმებლად გამოყენების შეუძლებლობის არგუმენტი არ შეიძლება გახდეს შრომითი ანაზღაურების გაუცემლობის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ შრომითი უფლების დაცვა და შრომის სამართლიანი ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ს.ფ. 64-68).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. კასატორმა აღნიშნა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პარლამენტს წერილით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2006 წლის 21 ივნისის ¹281 განკარგულების შესაბამისად, 2007 წლის პირველი დეკემბრისათვის საქართველოს პარლამენტს (კიდევ ერთხელ) მიეწოდებინა ფინანსთა სამინისტროსათვის კრედიტორული დავალიანებების ნუსხა, რაც საქართველოს პარლამენტის მხრიდან შესრულდა. საქართველოს პარლამენტი აქტიურად ცდილობდა, რომ დროულად განხორციელებულიყო ზემოაღნიშნული დავალიანებების გასტუმრება. კასატორის მითითებით, საქართველოს პარლამენტი ამ ეტაპზე ვერ შეძლებდა ...... წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრ ზ. ქ-თვის აენაზღაურებინა დავალიანება 838 ლარის ოდენობით, ვინაიდან საქართველოს პარლამენტს მკაცრად ჰქონდა გაწერილი მიმდინარე წელს მისთვის გამოყოფილი თანხები ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლების მიხედვით, შესაბამისად, აღნიშნული დავალიანების დაფარვა წარმოშობდა ახალი დავალიანების დაგროვებას (ს.ფ. 72-75).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.