Facebook Twitter

საქმე №ას-1056-2023 10 ოქტომბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ა.დ–ძე, რ.დ–ძე (კანონიერი წარმომადგენელი მ.ს–ი) (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.04.2023 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.08.2022 წლის გადაწყვეტილებით ა.დ–ძისა და რ.დ–ძის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“ ან „კასატორები“) სარჩელი შპს „ჯ.უ.ე.ფ–ისა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად - „მოპასუხეები“) მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.04.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე:

3.1.1. მოსარჩელე ა.დ–ძე არის არასრულწლოვანი (დაიბადა 2010 წელს). მოსარჩელე რ.დ–ძე არის არასრულწლოვანი (დაიბადა 2013 წელს). მოსარჩელეები სწავლობენ 103-ე საჯარო სკოლაში.

3.1.2. პირველ მოპასუხეს ჰქონდა მოსარჩელეთა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სადავო წყალმომარაგებისთვის საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების ნებართვა. სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო ამავე კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებლის განცხადების საფუძველზე (მისი წყალმომარაგების მიზნით). წინამდებარე საქმესთან მიმართებით, აქტუალურია ნებართვის შემდეგი პირობები: „3. ....... ქუჩის სატრანსპორტო საშუალებათა ინტენსიური მოძრაობის მონაკვეთში სამუშაოების წარმოება განხორციელდეს ღამის საათებში (00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე). ....... ქუჩის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი აღდგეს სამუშაოს დაწყებიდან 1 (ერთი) დღის ვადაში, ხოლო სხვა საფარი - 2 დღის ვადაში. 13. პროექტი შეთანხმდეს ყველა მიწისქვეშა კომუნიკაციის მფლობელთან; ასევე, მიწის იმ ყველა მფლობელთან/მესაკუთრესთან, სადაც უნდა გაიაროს ხაზობრივმა ნაგებობამ.“

3.1.3. სადავო წყალმომარაგებისთვის საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების ნებართვა გაიცა 11.11.2021 წელს. ნებართვა ძალაში იყო მისი გაცნობიდან 30 კალენდარული დღის ვადით.

3.1.4. პირველ მოპასუხეს არ მიუღია კორპუსის შიდა ეზოში სამუშაოების წარმოებაზე მოსარჩელეთა საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის ნებართვა. მოსარჩელეთა საცხოვრებელი კორპუსის ეზო არ არის კორპუსის ამხანაგობის საკუთრებაში. მოსარჩელეთა საცხოვრებელი კორპუსის ეზო წარმოადგენს დაურეგისტრირებელ სახელმწიფო საკუთრებას.

3.1.5. 2021 წლის 09 და 10 დეკემბერს პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეთა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში აწარმოა წყალმომარაგებისთვის საჭირო გათხრითი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების ნაწილი პირველმა მოპასუხემ შეასრულა ღამის საათებში, რამაც გამოიწვია ხმაური.

3.1.6. მოსარჩელეთა კანონიერი წარმომადგენლის (დედის) მოთხოვნის მიუხედავად, პირველმა მოპასუხემ არ შეაჩერა 2021 წლის 09 და 10 დეკემბრის ღამის მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოები. მოსარჩელეთა კანონიერი წარმომადგენლის (დედის) მოთხოვნის მიუხედავად, მეორე მოპასუხემ არ მოსთხოვა პირველ მოპასუხეს 2021 წლის 09 და 10 დეკემბრის ღამის მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოების შეჩერება. მოსარჩელეთა კანონიერი წარმომადგენლის (დედის) მოთხოვნის მიუხედავად, მეორე მოპასუხეს სამუშაოების ღამით წარმოების გამო არ დაუჯარიმებია პირველი მოპასუხე. მოსარჩელეთა კანონიერი წარმომადგენლის (დედის) მოთხოვნის საპასუხოდ მეორე მოპასუხემ მიუთითა, რომ პირველ მოპასუხეს არ დაურღვევია სანებართვო პირობები. პირველი მოპასუხე მეორე მოპასუხემ დააჯარიმა, თუმცა არა იმ მიზეზით, რაც აქტუალური იქნებოდა განსახილველი დავისთვის (საპროექტო წყალსადენი ჭის პროექტით გათვალისწინებული ადგილმდებარეობის დარღვევით მოწყობის გამო).

3.1.7. მოსარჩელეებს 2021 წლის 09 და 10 დეკემბრის ღამის საათებში ხელი შეეშალათ დაძინებაში. მოსარჩელეები 10.12.2021 წელს (პარასკევს) ვერ გამოცხადდნენ საჯარო სკოლაში. 11.12.2021 წელი შაბათია.

3.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეების მოთხოვნაა მორალური ზიანის ანაზღაურება ჯამურად 20 000 ლარის ოდენობით (10 000-10 000 ლარი). მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია, რომ მოპასუხეთა ქმედებების შედეგად, კერძოდ, ღამის საათებში მიმდინარე სამუშაოების გამო, მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს დაძინება, მომდევნო დღეს სკოლაში წასვლა და მიადგათ მორალური ზიანი.

3.3. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეებს სურთ, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების დაკისრება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს. სსკ-ის 992 მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

3.4. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილია არა ქონებრივი, არამედ მორალური ზიანის ანაზღაურება, რასაც აწესრიგებს სსკ-ის 413-ე მუხლი, კერძოდ, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

3.5. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე და 105-ე მუხლებზე. პალატის განმარტებით, ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე, დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ., ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა), აგრეთვე სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. მორალური ზიანი სახეზეა, როდესაც ადგილი აქვს ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიურ ცვლილებს, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანის სიმძიმე. მსუბუქი სულიერი განცდები, მსგავსად მსუბუქი ფიზიკური ტკივილისა, მხედველობაში არ მიიღება, ხოლო როდესაც ადგილი აქვს ისეთ ზიანს, რომლის დროსაც, როგორც წესი, მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა, და ა. შ., მოქმედებს ე.წ. „მორალური ზიანის პრეზუმფცია“ და ზიანის მიმყენებლის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა.

3.6. მოსარჩელეთა კანონიერი წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ პირველი მოპასუხის მიერ ღამის საათებში ჩატარებული სამუშაოების დროს გამოიყენეს მძიმე ტექნიკა, რომლის ხმაურისა და ვიბრაციის შედეგად მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს ღამე დაძინება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია არასრულწლოვნებისთვის. ამასთან, გამოუძინებელმა ბავშვებმა ვერ შეძლეს მომდევნო დღეს სკოლაში წასვლა. მოსარჩელეთა კანონიერი წარმომადგენლის განმარტებით - „ბავშვებთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად, ჩემთვის ნათელი იყო მათ მიერ განცდილი ემოციების სიმძაფრე, რაც ერთ-ერთის შემთხვევაში ძლიერი შეტევითი თავის ტკივილებში იქნა გამოხატული და მათთვის იმ დღეებში (ღამეებში (გასათვალისწინებელია, რომ ღამით უფრო მძაფრად გამოხატულია ნებისმიერი ემოციური მდგომარეობა)), განცდილი ემოციები დღემდე ნეგატიურად გასახსენებელია“.

3.7. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ერთი და ორი გათენებული ღამე არ წარმოადგენს იმ ხარისხის ზემოქმედებას პირის ფიზიკურ თუ სულიერ მდგომარეობაზე, რომ სასამართლომ დაუშვას მორალური ზიანის არსებობის პრეზუმფცია, რაც მტკიცების ტვირთს მოწინააღმდეგე მხარეზე გადაიტანდა. მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად შექმნილი დისკომფორტი, რაც არასრულწლოვნების შემთხვევაში გამოიხატა ჩაძინების შეუძლებლობაში, ვერ აღწევს სტრესის იმ ხარისხს, რაც შეიძლება სასამართლომ მტკიცებულების გარეშე, აპრიორი, სულიერ ტანჯვად დააკვალიფიციროს. უდავოა, რომ გათენებული ღამე ნებისმიერი პირისთვის და მითუმეტეს არასრულწლოვნისთვის სტრესულია და ნეგატიურად გასახსენებელი, თუმცა აღნიშნული ჯდება ე.წ. „ცხოვრებისეული რისკის“ ფარგლებში, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ადამიანები ხშირად ექვემდებარებიან სხვადასხვა სტრესულ ზემოქმედებებს, თუმცა ყველა მათგანი მორალურ ტრავმას არ იწვევს. სულიერი ტანჯვის გამოსაწვევად საჭიროა, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევა იყოს იმდენად ინტენსიური, რაც თავის თავში მოიცავს ქმედების სიმძაფრეს, მის ხანგრძლივობას და ა.შ., რომ მნიშვნელოვანი ასახვა ჰპოვოს პირის პიზიკურ თუ სულიერ მდგომარეობაზე. აღნიშნულ განმარტებაში სასამართლო ვერ მოიაზრებს ერთი ან ორი გათენებული ღამის შედეგად განცდილ დისკომფორტს, განურჩევლად ასაკისა. შესაბამისად, მორალური ზიანის პრეზუმფციის არარსებობის პირობებში, სწორედ მოსარჩელე მხარეს ეკისრებოდა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება.

3.8. პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელე მხარეს საქმეში არ წარმოუდგენია რაიმე რელევანტური მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა არასრულწლოვანთა კანონიერი წარმომადგენლის განმარტებების რეალურობას. მოსარჩელეთა კანონიერი წარმომადგენელი სააპელაციო ინსტანციაში გამართულ სხდომაზეც ადასტურებდა: მიუხედავად იმისა, რომ მის ერთ-ერთ შვილს ხმაურის შედეგად ჰქონდა ძლიერი შეტევითი თავის ტკივილები, მას სასწრაფო არ გამოუძახებია და სახლის პირობებში უმკურნალა ბავშვს, შესაბამისად, საქმეში არ არის ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი. წარმოდგენილი არ არის უშუალოდ არასრულწლოვანთა განმარტებები მათ მდგომარეობასთან დაკავშირებით, კერძოდ, როგორც მოსარჩელეთა წარმომადგენელი განმარტავს, განცდილი ემოციები დღემდე ნეგატიურად გასახსენებელია, თუმცა აღწევს თუ არა ეს განცდები სულიერი ტანჯვის ხარისხს რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება. მხარეს საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად შეეძლო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარედგინა, მაგალითად, ფსიქოლოგის დასკვნა ან რაიმე ისეთი წონადი მტკიცებულება, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა არასრულწლოვნებისთვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტში. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელეთა კანონიერი წარმომადგენელი დაეყრდნო მხოლოდ საკუთარ ზეპირ ახსნა-განმარტებას, რაც ფაქტობრივი გარემოების სადავოობისას ვერ იქნება მიჩნეული საკმარისად მხარის პოზიციის გაზიარებისთვის.

3.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელი ელემენტის, ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

3.10. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხეთა ქმედებების მართლწინააღმდეგობაზეც. მხარეები არ დავობენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილების №QN1857499 კანონიერებაზე. მათ შორის სადავოა მხოლოდ ამ ნებართვის პირობათა განმარტება. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ პირველი მოპასუხის ქმედება იყო მართლსაწინააღმდეგო, ვინაიდან ნებართვის მე-3 პუნქტის თანახმად, მას უფლება ჰქონდა ღამის საათებში სამუშაოები ეწარმოებინა მხოლოდ ....... ქუჩის სატრანსპორტო საშუალებათა ინტენსიური მოძრაობის მონაკვეთში. მოპასუხეები არ ეთანხმებიან მოსარჩელეთა შეფასებას. სააპელაციო პალატის მითითებით, წყალმომარაგებისთვის საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების ნებართვის მე-3 პუნქტის თანახმად, „....... ქუჩის სატრანსპორტო საშუალებათა ინტენსიური მოძრაობის მონაკვეთში სამუშაოების წარმოება განხორციელდეს ღამის საათებში (00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე)“. ეს ნორმა შეიცავს წინაპირობებს და ამ წინაპირობებიდან გამომდინარე სამართლებრივ შედეგს/ვალდებულებას. ნებართვის მე-3 პუნქტის წინაპირობა არის სატრანსპორტო საშუალებათა ინტენსიური მოძრაობის მონაკვეთი, ხოლო ვალდებულება - სამუშაოების წარმოება ღამის საათებში. არ იქნება მართებული, თუ ნორმის წაკითხვის დროს მის ჩანაწერს თვითნებურად შევატრიალებთ და ღამის საათებს ვაქცევთ წინაპირობად, ხოლო სატრანსპორტო საშუალებათა ინტენსიური მოძრაობის მონაკვეთს - სავალდებულო მოთხოვნად. შესაბამისად, მოსარჩელეთა მიერ არასწორად არის გაგებული ნებართვის მე-3 პუნქტის შინაარსი. მოსარჩელეთა მითითების გაზიარებისთვის, ნებართვის მე-3 პუნქტი ფორმულირებული უნდა ყოფილიყო, მაგალითად, შემდეგი სახით: ღამის საათებში სამუშაოები განხორციელდეს (მხოლოდ) ....... ქუჩის სატრანსპორტო საშუალებათა ინტენსიური მოძრაობის მონაკვეთში. ამრიგად, ნებართვის მე-3 პუნქტი არ იძლევა მისი იმგვარი განმარტების შესაძლებლობას, რომ შესასრულებელი სამუშაოს სხვა მონაკვეთებში სამუშაოები ღამის საათებში არ უნდა განხორციელებულიყო.

3.11. „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 22.12.2014 წლის №19-75 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამუშაოების წარმოების თანხმობა შესაძლებელია გაცემულ იქნეს შემდეგი შეზღუდვით ან/და პირობით: (გ) სატრანსპორტო საშუალებათა ინტენსიური მოძრაობის მონაკვეთში სამუშაოების წარმოება განხორციელდეს ღამის საათებში (00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე). სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი აღდგეს სამუშაოს დაწყებიდან სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. არც სადავო შემთხვევის მარეგულირებელი დადგენილება და არც მის საფუძველზე გაცემული ნებართვა არ შეიცავს იმპერატიულ მოთხოვნას, სატრანსპორტო საშუალებათა ინტენსიური მოძრაობის მონაკვეთის გარდა, შესასრულებელი სამუშაოს სხვა მონაკვეთებში ღამის საათებში მუშაობის აკრძალვასთან დაკავშირებით.

3.12. ქმედების მართლზომიერებასთან მიმართებით, მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ პირველ მოპასუხეს არ მიუღია მათგან ან/და მათი კორპუსის ამხანაგობისგან თანხმობა. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება ამგვარი თანხმობის მიღების ვალდებულების არარსებობის თაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელი კორპუსის ეზო არის არა ამხანაგობის, არამედ სახელმწიფო საკუთრებაში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის თანახმად, დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება წარმოადგენს სამართალდარღვევას. ამავე მუხლის მე-2 შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები დგინდება „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით. საქართველოს მთავრობის 15.08.2017 წლის №398 დადგენილება (ტექნიკური რეგლამენტი – საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ) ადგენს აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებს საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიაზე. ტექნიკური რეგლამენტი დღის და ღამის ხმაურის მაჩვენებლისთვის ადგენს სხვადასხვა ნორმებს.

3.13. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ღამის საათებში, მაშინ როდესაც შედარებით მშვიდი გარემოა, პრეზუმირებულია, რომ მძიმე ტექნიკის მუშაობა გამოიწვევს მნიშვნელოვან ხმაურს, რაც დიდი შანსია, რომ არ იყოს დაშვებული ნორმის შესაბამისი. აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცება, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა, რაც მას არ განუხორციელებია, კერძოდ, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ხმაური კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში ექცეოდა. პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მითითება, რომ მოსარჩელეებს ეკისრებოდათ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ხმაური აჭარბებდა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნორმას, თუმცა წარმოადგენს თუ არა ეს დარღვევა მხარის მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენის საფუძველს მიიჩნია ცალკე შესაფასებლად. ამ კუთხით, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, ლოგიკურია, მოიაზრებს სხვადასხვა ცხოვრების სტილის, ოჯახური პირობებისა და ასაკის ადამიანთა თანაცხოვრებას ერთ ჭერქვეშ. მათ შორის, ასაკიდან გამომდინარე, შესაძლებელია მაცხოვრებელთა ნაწილს ღამე ეძინოს, ხოლო მეორე ნაწილს - დღის განმავლობაში. ამავდროულად, ლოგიკურია, რომ მრავალბინიან სახლს ესაჭიროება მუნიციპალური მომსახურება და აღნიშნული მომსახურების აუცილებლობა შესაძლებელია დადგეს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. შესაბამისად, ამ მომსახურებით გამოწვეული ხმაური ექვემდებარება სამეზობლო თმენის ვალდებულებას. პალატამ დამატებით მიუთითა, რომ ის სამუშაოები, რასაც ატარებდა პირველი მოპასუხე, კერძოდ, წყალგაყვანილობის სამუშაოები, მოითხოვს წყლის ნაკადის შეწყვეტას კონკრეტულ ტერიტორიაზე, რისი განხორციელებაც დღის საათების განმავლობაში არ არის მიზანშეწონილი. აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხის მიერ სამუშაოების ღამის საათებში ჩატარებას ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი და ქმედება თანაზომიერიცაა. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მძიმე ტექნიკის სამუშაოების შედეგად გამოწვეული ხმაური შესაძლოა აჭარბებდა ღამის საათებისთვის დადგენილ ნორმას, არ არის საკმარისი მოპასუხის ქმედებათა მართლსაწინააღმდეგობის დასადგენად.

3.14. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ საქმის განხილვისას არ დადგინდა უფლების ბოროტად გამოყენება. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ პირველ მოპასუხეს 30 დღის განმავლობაში შეეძლო შეესრულებინა სამუშაოები და არა მაინცდამაინც ბოლო ორი დღის განმავლობაში. მართალია, ნებართვა ძალაში იყო 30 დღის განმავლობაში, თუმცა ნებართვის მე-16 პუნქტის თანახმად, „....... ქუჩის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი აღდგეს სამუშაოს დაწყებიდან 1 (ერთი) დღის ვადაში, ხოლო სხვა საფარი - 2 დღის ვადაში“. ამრიგად, პირველი მოპასუხე შებოჭილი იყო 2-დღიანი ვადით, რათა ამ დროში მოესწრო, მათ შორის, მოსარჩელეთა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ასფალტის საფარის აღდგენა.

3.15. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები არიან არასრულწლოვნები, რომლებთან მიმართებით კანონი ითვალისწინებს განსაკუთრებულ რეჟიმებს, კერძოდ, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. პალატამ განმარტა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების ვალდებულება სასამართლოს აქვს იმ დროს, როდესაც არსებობს გარკვეული დისკრეცია საქმის გარემოებების გათვალისწინებით და აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სამართალწარმოებაში არასრულწლოვნის მონაწილეობის შემთხვევაში სასამართლომ აუცილებლად მის სასარგებლოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან არ დგინდება დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელი ელემენტების არსებობა, მხოლოდ იმიტომ, რომ მოსარჩელეები არასრულწლოვნები არიან, სასამართლო სარჩელს საფუძვლიანად ვერ მიიჩნევს.

3.16. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების შემადგენელი ელემენტების არსებობის დადასტურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. მოსარჩელეთა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

9. სსკ-ის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანისათვის დადგება ზიანის, მართლწინააღმდეგობის, მიზეზობრივი კავშირისა და როგორც წესი, ზიანის მიმყენებლის ბრალის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში (სსკ-ის 394-ე და 992-ე მუხლები აღნიშნული წინაპირობების მომცველია) (სუსგ №ას-660-660-2018, 20.07.2018წ., 58). მოსარჩელემ, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაამტკიცოს, რომ არსებობს ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელი წინაპირობები, ხოლო საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხეს ევალება (სუსგ №ას-155-2021, 06.10.2022წ; №ას-1626-2018, 12.02.2021წ.).

11. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის თანახმად, მორალური ზიანის არსებობა უკავშირდება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებმა (არასრულწლოვნებმა), ღამის საათებში მათი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში წარმოებული, წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის გამო, ვერ შეძლეს დაძინება და მომდევნო დღეს სკოლაში წასვლა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება განპირობებულია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი (სუსგ №ას-1156-1176-2011, 20.01.2012წ; №ას-211-200-2017, 12.01.2018წ.). სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის ფორმულირება ნათელყოფს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მხოლოდ გამონაკლისის სახითაა დასაშვები, კერძოდ კანონით ზუსტად გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო სსკ-ის 413-ე მუხლის მეორე ნაწილის წინაპირობაა, რომ დამზიანებელი სხვა, პასუხისმგებლობის წარმომშობი, საფუძვლიდან გამომდინარე, ვალდებული იყოს, აანაზღაუროს ზიანი სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანებისათვის. აღნიშნული ნორმა მხოლოდ ავრცელებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას მორალურ ზიანზე (შდრ. რუსიაშვილი გ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 413, ველი 1, 3).

12. სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა: უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია (სუსგ №ას-645-2019, 26.07.2019წ; №ას-1626-2018, 12.02.2021წ.).

13. მორალური ზიანის მახასიათებელია ადამიანის ფსიქიკურ და სულიერ სფეროზე ნეგატიური ზემოქმედება, რაც გამოიხატება მის ზნეობრივ ტანჯვაში. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანის სიმძიმე. მსუბუქი სულიერი განცდები მხედველობაში არ მიიღება, ხოლო, როდესაც მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა და ა. შ., ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ დაზარალებულმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა (სუსგ №ას-660-660-2018, 20.07.2018წ; №ას-669-2019, 11.07.2019წ; №ას-1129-2020, 16.03.2021წ.).

14. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლის არსებობას დაადასტურებდა; სარჩელში მითითებული გარემოებები კი, ინტენსიურობის, სიმძაფრისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, არ ქმნის მოსარჩელეთათვის მორალური ზიანის მიყენების პრეზუმფციას. ვინაიდან არ დგინდება დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელი ელემენტების არსებობა, მხოლოდ იმიტომ, რომ მოსარჩელეები არასრულწლოვნები არიან, სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია სარჩელი საფუძვლიანად.

15. სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

16. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს მასზე, რომ მრავალბინიან სახლს ესაჭიროება მუნიციპალური მომსახურება და აღნიშნული მომსახურების აუცილებლობა შესაძლებელია დადგეს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. შესაბამისად, კონკრეტულ ტერიტორიაზე წყლის ნაკადის შეწყვეტის გამომწვევი წყალგაყვანილობის სამუშაოების ნებართვით განსაზღვრულ საათებში/ღამის საათებში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში წარმოებით გამოწვეული ხმაური ექვემდებარება სამეზობლო თმენის ვალდებულებას.

17. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.დ–ძისა და რ.დ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია