Facebook Twitter

საქმე №ას-367-2023 25 თებერვალი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ.კ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ.ს–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2023 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.09.2022 წლის გადაწყვეტილებით შპს „ფ.ს–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი შპს „მ.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 18527.38 ლარის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. 03.02.2019 წლის №ეა-16 3854308 საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს 2019 წლის 04 თებერვალს, 16 თებერვალსა და 22 თებერვალს მიაწოდა პროდუქცია. აღნიშნული ანგარიშფაქტურის თანახმად, საქონლის ღირებულება დღგ-სა და აქციზის ჩათვლით იყო 17 298.08 ლარი, დღგ-ს თანხა კი – 2638.69 ლარი. საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებულია სასაქონლო ზედნადებების ნომრები: 04307727446, 0433225218 და 0434379983, ხოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის თარიღად მითითებულია 06 მარტი. აღნიშნული ანგარიშფაქტურა დადასტურებულია 10.03.2019 წელს, 22:18 სთ-ზე.

1.2. 03.03.2019 წლის №ეა-16 4716343 საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს 03.03.2019 წელს მიაწოდა პროდუქცია. აღნიშნული ანგარიშფაქტურის თანახმად, საქონლის ღირებულება დღგ-სა და აქციზის ჩათვლით იყო 11229.30 ლარი, დღგ-ს თანხა კი – 1712.95 ლარი. საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებულია სასაქონლო ზედნადების ნომერი: 0436090425, ხოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის თარიღად მითითებულია 09 აპრილი. აღნიშნული ანგარიშფაქტურა დადასტურებულია 10.04.2019 წელს, 15:49 სთ-ზე.

1.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა. საგადასახადო ანგარიშფაქტურა წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს. მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო ანგარიშფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურები 10.03.2019 წელს 22:18 სთ-სა და 10.04.2019 წელს 15:49 სთ-ზე, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა უნდა იქნეს მიჩნეული წარმოშობილად. დასტურდება მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის პროდუქციის მიწოდება.

1.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 03.02.2019 წლის №ეა-16 3854308 და 03.03.2019 წლის №ეა-16 4716343 საგადასახადო ანგარიშფაქტურებში მითითებული პროდუქცია მოსარჩელეს მიწოდებული აქვს მოპასუხისთვის. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულების დავალიანება შეადგენს 18 527.38 ლარს.

1.5. მიწოდებული პროდუქციის ის ღირებულება, რომლის დავალიანება გააჩნია მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ, დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზედნადებებითაც, კერძოდ, 22.02.2019 წლის ზედნადებით მიწოდებული პროდუქციის ღირებულებაა 6340.80 ლარი, 03.03.2019 წლის ზედნადებით – 11229.30 ლარი, 16.02.2019 წლის ზედნადებით – 8837.49 ლარი, ხოლო 04.02.2019 წლის ზედნადებით – 2119.79 ლარი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეს ანაზღაურებული აქვს პროდუქციის ღირებულება ნაწილობრივ, 10 000 ლარის ფარგლებში, რის დასადასტურებლადაც მოსარჩელემ წარმოადგინა საგადახდო დავალება.

1.6. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 316-ე, 317-ე, 477-ე მუხლებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში დაადასტურა მხარეთა შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისათვის ნასყიდობის საგნის მიწოდებისა და მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის გამო მიწოდებული საქონლის ღირებულების დავალიანების არსებობის ფაქტი.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით -სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. ნასყიდობის ფასის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477-ე მუხლი (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება). ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები (სუსგ №ას-722-2019, 29.11.2019წ.).

9. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).

10. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

11. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, მოპასუხეს შეთანხმებული საქონელი მიეწოდა, თუმცა მას მოსარჩელისათვის ნასყიდობის თანხა სრულად არ გადაუხდია (ვალდებულება შესრულდა მხოლოდ 10 000 ლარის ნაწილში). მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საპირწონედ მოპასუხეს კვალიფიციური შედავება არ წარუდგენია და საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სარჩელისაგან თავდაცვის საშუალებით სათანადოდ არ უსარგებლია (შდრ. სუსგ №ას-381-381-2018, 04.05.2018წ; №ას-721-2021, 28.12.2021წ; №ას-249-2022, 17.06.2022წ; №ას-787-2022, 24.02.2023წ; №ას-61-2024, 15.10.2024წ.).

12. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

13. სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი განჩინების წინმსწრებ 27.01.2023 წლის განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (იხ. 27.01.2023 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 189-194). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე მხარეს სათანადოდ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი არ არსებობს. მხარემ საქმის წარმოების შეწყვეტის სსსკ-ის 272-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობაზე ვერ მიუთითა.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 926.4 ლარის 30%-ის, 277.92 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „მ.კ–ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი .......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 926.4 ლარის 30%-ის, 277.92 ლარის გადახდა.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია