საქმე №ას-282-2024 28 მარტი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.კ–ო“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.10.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.04.2023 წლის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი შპს „ს.კ–ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. 18.01.2022 წელს მოსარჩელეს, როგორც შემსყიდველს, და მოპასუხეს, როგორც მიმწოდებელს, შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №10.33/10/006 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, შესყიდვის საგანს წარმოადგენდა გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული გამაგრილებელი-გათბობის სისტემის შეკეთების შესყიდვა, გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე.
1.2. ხელშეკრულების 3.1. პუნქტით შესყიდვის საერთო ღირებულებად განისაზღვრა 3 990.00 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების 6.2 პუნქტით დადგინდა, რომ საგარანტიო პერიოდი შეადგენდა ორ წელს. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებული იყო შემსყიდველის მიმართვის შემდეგ, არაუგვიანეს 5 დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა, თუ დადგინდებოდა, რომ აღნიშნული ხარვეზები გამოწვეული იყო მიმწოდებლის მიზეზებით ან/და შეეცვალა ახლით.
1.3. მოპასუხის მიერ, 18.01.2022 წლის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, დამონტაჟებული ტუმბო მწყობრიდან გამოვიდა ექსპლუატაციაში გაშვებიდან ერთი წლის შემდეგ, გათბობის მეორე სეზონზე.
1.4. მოსარჩელის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა 25.10.2022 წელს წერილობით მიმართა მოპასუხის დირექტორს და აცნობა, რომ მხარეთა შორის 18.01.2022 წელს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ორწლიან საგარანტიო ვადაში მიმწოდებელს სისტემა შეეკეთებინა, რადგან 18.10.2022 წლიდან სისტემას ჰქონდა ხარვეზი, კერძოდ, გათბობის ჩართვის მეორე დღიდან აღარ მუშაობდა. აღნიშნული წერილი მოპასუხეს ჩაჰბარდა 26.10.2022 წელს.
1.5. 01.11.2022 წელს მოსარჩელემ განმეორებით მიმართა მოპასუხეს და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 6.2. პუნქტით დადგენილ საგარანტიო ვადაში მოითხოვა დაზიანებული ტუმბოს გამოცვლა ორი დღის ვადაში.
1.6. მოპასუხემ მოსარჩელეს 25.10.2022 წლის წერილის საპასუხოდ აცნობა, რომ 2022 წლის იანვრის თვეში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მხოლოდ საცირკულაციო ტუმბოს შეცვლაზე, კომპანიის ტექნიკოსები არ იყვნენ შემხებლობაში გამგეობის შენობის გათბობა-გაგრილების სისტემის პროექტირებასა და მოვლა-პატრონობასთან. არასწორი ექსპლუატაციის შედეგად წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრაზე კი ის სრულად იხსნიდა პასუხისმგებლობას ხელშეკრულების 6.2. მუხლით გათვალისწინებულ საგარანტიო პირობებზე. ამავე წერილში მითითებულია, რომ ტუმბო განთავსებული იყო შენობის ყველაზე მაღალ წერტილში და მისი მწყობრიდან გამოსვლა გამოწვეული იყო სისტემაში უმნიშვნელო წყლის ნაკლებობით, რაც შესაძლოა გამოეწვია ცხელი წყლის მოხმარებას ან სისტემაში აორთქლება/გაჟონვის, ასევე სისტემაში წყლის წნევის განმსაზღვრელი ხელსაწყოს არქონას.
1.7. მოპასუხემ მოსარჩელესთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული გათბობის ტუმბო შეისყიდა შპს „მ.ს.ჯ–აგან“.
1.8. მოპასუხის მიერ დამონტაჟებული ტუმბო დაზიანების შემდეგ შეამოწმა შპს „მ.ს.ჯ–მა“. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ტუმბო ნამუშევარი იყო წყლის გარეშე, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია მოკლე ჩართვა და მისი დაზიანება. ამ პროცესებს მომსახურე პერსონალი შეუიარაღებელი თვალით ვერ შეამჩნევდა. შპს „მ.ს.ჯ–მა“ გასცა რეკომენდაცია, რომ, ვინაიდან გამათბობელი ქვაბი განთავსებული იყო შენობის სახურავზე, მას დამატებით ესაჭიროებოდა წყლის წნევის განმსაზღვრელი ხელსაწყო, რომელმაც სისტემა უნდა დაიცვას წყლის არარსებობისაგან. რეკომენდებული იყო დამონტაჟებულიყო აღნიშნული წყლის დამცავი ხელსაწყო, რომელიც ავტომატურ რეჟიმში დაიცავდა საცირკულაციო ტუმბოს უწყლოდ მუშაობისაგან.
1.9. მოსარჩელის შენობაში არსებული გამათბობელი ქვაბის დაზიანებული ტუმბოს შეცვლის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე, ხელშეკრულება გაფორმდა მოსარჩელესა და შპს „ბ-კ–ს“ შორის. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 4 980.00 ლარი. დაზიანებული ტუმბოს შესაკეთებლად მოსარჩელის მიერ გაღებულია 4 980.00 ლარი.
1.10. 18.01.2022 წლის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის ადმინისტრაციულ შენობაში მოპასუხის მიერ დამონტაჟებული ტუმბო მწყობრიდან გამოვიდა არასწორი ექსპლუატაციის შედეგად. მისი დაზიანება მოპასუხის ბრალით არ არის გამოწვეული.
1.11. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მიერ დამონტაჟებული ტუმბოს ნაკლზე, ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ნაკლი გამოსწორდა მის მიერვე, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს ნაკლის აღმოფხვრისათვის გაღებული ხარჯი ზიანის ანაზღაურების სახით.
1.12. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის გათბობისა და ვენტილაციის მიმართულების პროფესორის, მამული გრძელიშვილის წერილიც, სადაც აღნიშნულია, რომ მწყობრიდან იყო გამოსული მოსარჩელის შენობის IMP PUMPS ფირმის საცირკულაციო ტუმბო GHN Basic 11 50 - 190 F. ტუმბო მწყობრიდან იყო გამოსული ექსპლუატაციაში გაშვებიდან ერთი წლის შემდეგ, გათბობის მეორე სეზონზე. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ „საცირკულაციო ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლის რამდენიმე მიზეზი არსებობს, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია გათბობის სისტემაში წყლის ნაკლებობა. ტუმბოში წყლის საჭირო რაოდენობის არ არსებობის შემთხვევაში, ტუმბოს დეტალები იწყებენ ურთიერთშეხებას, გაცხელებას და დეფორმირებას. ამ დროს ხდება ტუმბოს ლილვის დაბლოკვა და ძრავის დაწვა. ამ მოვლენის თავიდან აცილების მიზნით გათბობის სისტემის წყლის შემავსებელ (მკვებავ) ხაზზე ეწყობა ე.წ. შემავსებელი სარქველი, რომლის დანიშნულებაა სისტემის შევსება წყლით მისი დეფიციტის შემთხვევაში, რომელიც არ არსებობდა სისტემაში ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლის დროს“.
1.13. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა გათბობის სისტემის შეკეთების შესყიდვაზე. იმისათვის, რომ გათბობის სისტემას ემუშავა, როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, საჭირო იყო კიდევ ერთი აგრეგატის - წყლის წნევის განმსაზღვრელი ხელსაწყოს არსებობა. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ტენდერის გამოცხადებამდე მან განახორციელა ბაზრის კვლევა, კერძოდ, რამდენიმე კომპანიისგან მიიღო ინფორმაცია ტუმბოს ფუნქციონირებისათვის საჭირო აგრეგატის არსებობის თაობაზე. მოსარჩელემ განმარტა, რომ მას ყველა კომპანიამ, გარდა მოპასუხისა, განუცხადა, რომ ტუმბოს აგრეგატი დასჭირდებოდა, ხოლო რადგან მოპასუხემ ამის შესახებ არაფერი აცნობა, ჩათვალეს, რომ ტუმბოს აგრეგატი არ ესაჭიროებოდა. საქმეში წარმოდგენილი არ არის არანაირი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელემ მსგავსად სხვა კომპანიებისა, კითხვით მიმართა მოპასუხეს დამატებითი აგრეგატის საჭიროების თაობაზე. მოპასუხე აღნიშნულ ფაქტს უარყოფს და უთითებს, რომ შესყიდვის ობიექტი იყო მხოლოდ გათბობის სისტემის შეკეთება და დამატებითი ვალდებულება ხელშეკრულებით ნაკისრი არ ჰქონია.
1.14. ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, რომ ტუმბოს გამართულად მუშაობისათვის საჭირო იყო წყლის წნევის მაკონტროლებელი ხელსაწყო. მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება ეფუძნება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, შესაბამისად, გამოვლენილი ნების სისრულეზე რისკის მატარებელი მოსარჩელე იყო, რომელიც ამ ხელშეკრულებით კონკრეტული შედეგის მიღწევას ისახავდა მიზნად. იმ პირობებში კი, როდესაც მისთვის ცნობილი იყო გათბობის სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის დამატებითი აგრეგატის საჭიროება, მას შესაბამისი ზომებიც უნდა მიეღო მის შესაძენად. ვინაიდან, მოსარჩელე ფლობდა ინფორმაციას აგრეგატის არსებობის აუცილებლობაზე, მას არ მიუღია სათანადო ზომები, რათა გაერკვია მოპასუხის მიერ დამონტაჟებული ტუმბო საჭიროებდა თუ არა წყლის წნევის განმსაზღვრელ ხელსაწყოს, ხოლო, თავის მხრივ, მოპასუხემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, მისი ბრალეულობა გამოირიცხება.
1.15. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 639-ე მუხლიდან გამომდინარე მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში დაადასტურა, რომ საგარანტიო ვადის განმავლობაში მითითებული ნაკლი (ხარვეზი), მოცემულ შემთხვევაში, არ შეიძლებოდა განხილულიყო იმგვარ ნაკლად, რომელიც მოსარჩელეს მენარდის მიმართ მეორადი შესრულების ვალდებულების მოთხოვნის საფუძველს წარმოუშობდა ხელშეკრულებით ნაკისრი შესასრულებელი ვალდებულებების გათვალისწინებით.
1.16. სსკ-ის 394.1 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. სსკ-ის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. განსახილველ შემთხვევაში, არ დადგენილა ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი (ნაკლიანი შესრულება). შესაბამისად, არ არსებობს მითითებული კუმულატიური პირობები მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად.
1.17. სსკ-ის 361-ე, 394-ე, 408-409-ე, 629-ე, 639-ე, 641-ე, 643-ე, 646-ე, 653-ე მუხლების განმარტების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ 18.01.2022 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ნაკლიანი ნივთის მიწოდების სახით. ამასთან, ტუმბოს დაზიანება გამოწვეული იყო მისი არასწორი ექსპლუატაციით და მოსარჩელე ხელშეკრულების გაფორმებამდე ფლობდა ინფორმაციას ტუმბოს მუშაობისათვის დამატებითი აგრეგატის სახით წყლის წნევის განმსაზღვრელი ხელსაწყოს არსებობის აუცილებლობის შესახებ. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამტკიცება, რომ მან მიმართა მოპასუხეს კითხვით ტუმბოსათვის დამატებითი აგრეგატის საჭიროების თაობაზე და მისგან უარყოფითი პასუხი მიიღო. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.10.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 394.1 და 408.1 მუხლები. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მენარდემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, კერძოდ, შეაკეთა გამაგრილებელ-გათბობის სისტემა (დაზიანებული წლის ტუმბო ახლით შეცვალა), ხოლო შემკვეთმა აანაზღაურა სახელშეკრულებო ფასი. ამდენად, მხარეთა შორის ამოქმედდა საგარანტიო ვალდებულებების რეჟიმი. მოსარჩელის განმარტებით, შესრულება ნაკლიანი იყო, რადგან მოპასუხის მიერ დამონტაჟებული წყლის ტუმბო მალევე დაზიანდა სისტემის ექსპლუატაციის პროცესში. ნივთობრივი ნაკლისა და ნაკლიანი შესრულების დეფინიცია განსაზღვრულია სსკ-ის 488-ე და 641–ე მუხლებით. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნაკლის გამოსწორების ან ნაკლიანი ნივთის შეცვლისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გაივლის, მყიდველს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს სხვა მეორადი მოთხოვნები, როგორიცაა: ხელშეკრულებიდან გასვლა, ფასის შემცირება თუ ზიანის ანაზღაურება.
3.2. მოცემულ შემთხვევაში, ნაკლიანი შესრულების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რაც გამომდინარეობს როგორც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102–ე მუხლის დანაწესიდან, ასევე - სსკ-ის 487-ე, 649-ე, 652-ე მუხლების შინაარსიდან. პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ ფაქტის დამტკიცება, რომ მოპასუხემ ნაკლიანი შესრულება განახორციელა.
3.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებზე და აღნიშნა: ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ გამაგრილებელ-გამათბობელ სისტემას არ გააჩნდა წყლის წნევის მარეგულირებელი ხელსაწყო, რომელსაც შეუძლია სისტემის დაცვა დაზიანებისაგან წყლის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს მისთვის არ უცნობებია, რომ სისტემას ასეთი ხელსაწყო სჭირდებოდა მოსალოდნელი დაზიანების თავიდან ასაცილებლად. მისივე მოსაზრებით, რაკი მოპასუხემ შეტყობინების ვალდებულება არ შეასრულა, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა მას უნდა დაეკისროს. პალატამ მოსარჩელის ეს მოსაზრება არ გაიზიარა და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თავად მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ტუმბოს შეკეთების შესყიდვის გამოცხადებამდე, შეისწავლეს ბაზარი და ამ სფეროში მომუშავე რამდენიმე კომპანიისგან შეიტყვეს, რომ ახალი ტუმბოს დამონტაჟების შემთხვევაში, საჭირო იქნებოდა სისტემაზე დამატებით სპეციალური ხელსაწყოს დამონტაჟება (იხ. 04.04.2023 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:45:00 წუთიდან). ამდენად, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ სპეციალური ხელსაწყოს გარეშე, შესაძლოა, სისტემა დაზიანებულიყო. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ ტენდერი გამოაცხადა მხოლოდ წყლის ტუმბოს შეცვლაზე. დადგენილია და არც სააპელაციო სასამართლოში გამხდარა სადავო, რომ მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა მხოლოდ გამაგრილებელ-გამათბობელი სისტემის დაზიანებული წყლის ტუმბოს შეკეთება-შეცვლა. ეს ვალდებულება მოპასუხემ შეასრულა, კერძოდ, ძველი, დაზიანებული ტუმბო ახლით შეცვალა, რომელიც შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. სადავო არაა, რომ წყლის ტუმბოს მორიგი დაზიანება სპეციალური ხელსაწყოს არარსებობამ გამოიწვია. ასეთი ხელსაწყოს საჭიროების თაობაზე მოსარჩელემ იცოდა, თუმცა ეს ნივთი არ შეისყიდა ტუმბოსთან ერთად, მისი შემდგომი მონტაჟის მიზნით. ამდენად, ზიანის წარმოშობაზე მოსარჩელე თავადაა პასუხისმგებელი, რადგან არ გაითვალისწინა სპეციალისტების მითითება წყლის მარეგულირებელი სპეციალური ხელსაწყოს დამონტაჟების თაობაზე.
3.4. რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა ეცნობებინა ხელსაწყოს საჭიროების შესახებ, პალატამ მიუთითა: სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გაირკვა, რომ სისტემა დიდი ხნის დამონტაჟებული იყო (10-15 წელი) და წყლის ტუმბო სიძველის გამო გამოვიდა მწყობრიდან (იხ. 17.10.2023 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:10:44 წუთიდან). შესაბამისად, გასაზიარებელია მოპასუხის განმარტება, რომ ის ვერ ივარაუდებდა წლის სისტემაზე სპეციალური ხელსაწყოს არარსებობას. მით უფრო, როგორც სხდომაზე გაირკვა, ასეთი ხელსაწყო უშუალოდ წყლის ტუმბოზე არ მონტაჟდება, არამედ იგი მონტაჟდება დამოუკიდებლად სისტემის სხვა ადგილზე. შესაბამისად, მის არარსებობას მოპასუხე ვერ შეამჩნევდა (იხ. 17.10.2023 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:32:12 წუთიდან). გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ იცოდა ხელსაწყოს საჭიროების თაობაზე და თავად გამოიჩინა უყურადღებობა (დაუდევრობა), როცა წყლის ტუმბოსთან ერთად არ შეიძინა და არ დაამონტაჟა წყლის წნევის მარეგულირებელი ხელსაწყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წყლის ტუმბოს დაზიანება მოპასუხის ქმედებით არაა გამოწვეული და მას არც ბრალი არ მიუძღვის ზიანის დადგომაში. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 18.01.2022 წელს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა გამაგრილებელი-გათბობის სისტემის შეკეთების შესყიდვა. ამრიგად, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან. ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსესუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი (სუსგ №ას-1166-2019, 06.04.2020წ.). სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სსკ-ის 653-ე მუხლით, თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა, მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს.
9. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.). მენარდის მიერ შემკვეთისათვის უნაკლო შესრულების გადაცემის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შემკვეთის მეორადი მოთხოვნების წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლებია სსკ-ის 642-645-ე მუხლები. შესაბამისად, შემკვეთს შეუძლია, პირველ ეტაპზე მოითხოვოს დამატებითი შესრულება (ნაკლის გამოსწორება ან ახალი ნაკეთობის დამზადება), ხოლო შემდგომ დამატებითი წინაპირობების არსებობისას, მას წარმოეშობა ხელშეკრულებიდან გასვლის ან საზღაურის შემცირების მოთხოვნის უფლება. გარდა ამისა, შემკვეთს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შესრულებასთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად (სუსგ №ას-222-2021, 04.06.2021წ., პუნ. 109).
10. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მენარდემ (მოპასუხემ) შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, შეაკეთა გამაგრილებელ-გათბობის სისტემა (დაზიანებული წლის ტუმბო ახლით შეცვალა), ხოლო შემკვეთმა (მოსარჩელემ) აანაზღაურა სახელშეკრულებო ფასი. წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა მოპასუხის მიერ ნაკლიან შესრულებაზე. მისი მითითებით, ექსპლუატაციის პროცესში, საგარანტიო ვადის განმავლობაში, წყლის ტუმბო დაზიანდა და რადგან მოპასუხემ არ აღმოფხვრა პრობლემა, მოსარჩელეს მოუწია დაზიანებული ტუმბოს შეცვლის მომსახურების შესყიდვა. იგი ზიანის ანაზღაურების სახით ითხოვს დაზიანებული ტუმბოს შესაკეთებლად გაღებული ხარჯის (4 980 ლარის) მოპასუხისათვის დაკისრებას.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა კრედიტორს მიანიჭა უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესი განმტკიცებულია სსკ-ის 394-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურება მიეკუთვნება მეორად/დამატებით მოთხოვნებს. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა მაშინ, როდესაც პირველადი მოთხოვნის შესრულებისას ჩნდება პრობლემა. პრობლემა შეიძლება მდგომარეობდეს ვალდებულების შეუსრულებლობაში, არაჯეროვნად შესრულებაში ან ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა ვალდებულების დარღვევაში. ზიანის ანაზღაურების მეორადი მოთხოვნის უფლება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სახის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის არსებობისას (სუსგ №ას-556-2021, 29.09.2021წ., პუნ. 86; №ას-409-2022, 08.06.2022წ., პუნ. 55). სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და ქმედებას შორის (სუსგ №ას-719-2019, 24.12.2020წ; №ას-1044-2022, 10.11.2022წ; №ას-282-2023, 19.05.2023წ.).
12. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ მოხდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში (სუსგ №ას-167-163-2016, 01.07.2016წ., პუნ. 58; №ას-1843-2018, 05.03.2019წ., პუნ. 14.2; №ას-32-2021, 23.04.2021წ., პუნ. 17.).
13. სსკ-ის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაკლიანი შესრულების დადასტურების ტვირთი შემკვეთს – მოსარჩელეს ეკისრება (შდრ. სუსგ №ას-1324-2019, 12.03.2021წ; №ას-58-2020, 11.03.2020წ.). განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებების, წარდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივად ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა, ნაკლიანი შესრულება ვერ დაადასტურა - წყლის ტუმბოს დაზიანება მოპასუხის ქმედებით არაა გამოწვეული და მას არც ბრალი არ მიუძღვის ზიანის დადგომაში (იხ. წინამდებარე განჩინების 3.3, 3.4 პუნქტები). აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კასატორს დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
14. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. კასატორი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია