საქმე №ას-74-2025 11 მარტი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – კ.გ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.12.2024 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.06.2024 წლის გადაწყვეტილებით რ.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; შეწყდა მოსარჩელესა და კ.გ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) შორის 27.06.1996 წელს მმრ ამბროლაურის განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №20). გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. მოსარჩელე და მოპასუხე 27.06.1996 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მეუღლეებს ჰყავთ ორი სრულწლოვანი და ორი არასრულწლოვანი შვილი.
1.2. მეუღლეებს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია ორი წელია, ისინი ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ.
1.3. მოპასუხის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა მოსარჩელის მიმართ შესაძლო მუქარისა და ძალადობის ფაქტებზე. გარკვეული პერიოდი მას შეფარდებული ჰქონდა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, რომელიც შემდგომში შეიცვალა გირაოთი.
1.4. მოპასუხე განქორწინების წინააღმდეგია და ოჯახის აღდგენა სურს.
1.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
1.6. საქმის განხილვისას გამოიკვეთა, რომ მოსარჩელეს არ სურს მოპასუხესთან ურთიერთობის შენარჩუნება, ამასთან, მეუღლეები ორი წელია, რაც ერთად არ ცხოვრობენ. ასეთ პირობებში განქორწინებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება მხოლოდ მოპასუხის სურვილი, შეინარჩუნოს ოჯახი.
1.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ მეუღლეებს შორის ადგილი აქვს გადაულახავ უთანხმოებას. სასამართლო სხდომაზე ორივე მხარის მოსმენის შემდგომ გამოიკვეთა, რომ ისინი ვერ თანხმდებიან საერთო ღირებულებებზე, ოჯახური ცხოვრებისათვის ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა: ერთ-ერთი მეუღლის, კერძოდ, ქალის როლი და პიროვნული თავისუფლების ფარგლები, შვილების აღზრდის პრინციპები და ა.შ..
1.8. მოსარჩელე აცხადებს, რომ მთელი ქორწინების მანძილზე ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისი განმარტებით, ქმარი არ აძლევდა მუშაობის უფლებას, ეჭვიანობდა, არაგონივრულ აკრძალვებს უწესებდა შვილებს (მათ შორის, სრულწლოვან ქალიშვილს). ეს ფაქტები მოპასუხემაც დაადასტურა (იხ. 24.05.2024 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი). სხდომაზე მოპასუხე აცხადებდა, რომ ცოლს არ უნდა ემუშავა, რადგან შვილები ჰყავდა გასაზრდელი, თუმცა აღარ არის წინააღმდეგი, რომ მოსარჩელემ იმუშაოს; უკმაყოფილოა მისი სრულწლოვანი შვილების ცხოვრების წესით, უფროს შვილს ადანაშაულებს ოჯახის დანგრევაში. მოპასუხის პატრიარქალური მიდგომები მოსარჩელისათვის მიუღებელია. ის მყარადაა დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებაში და შერიგების შესაძლებლობას არ განიხილავს. ყველა ამ გარემოების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.
1.9. სასამართლომ გაითვალისწინა მოპასუხის დაჟინებული თხოვნა შესარიგებლად დროის მიცემის თაობაზე და საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო ერთი თვით. სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ კვლავ დაადასტურა, რომ ოჯახი არ აღდგენილა და ის არ აპირებს ქმართან შერიგებას. ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობითი შეიძლება იყოს და თანაცხოვრების იძულება დაუშვებელია. ვინაიდან მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით -სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.12.2024 წლის განჩინებით მოპასუხის (აპელანტის) შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელიც სხდომის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული. მისი გამოუცხადებლობის მიზეზები პალატისათვის უცნობია. სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე იშუამდგომლა.
3.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 387-ე, 230-ე მუხლებზე. პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი არსებითად ეხება განქორწინების საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკის კრიტიკას და მასში არ არის მითითებული არცერთი ფაქტი, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქორწინებაში ნების საწინააღმდეგოდ ყოფნა დაუშვებელია - განქორწინებას, ისევე როგორც დაქორწინებას, მოტივაცია არ სჭირდება.
3.3. დადგენილია, რომ მოსარჩელეს აპელანტთან ქორწინება არ სურს. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის შესახებ სარჩელის დასაკმაყოფილებლად საკმარისია ერთ-ერთი მეუღლის განცხადება, რომ მას მეორე მეუღლესთან თანაცხოვრება არ სურს. გარდა ამისა, როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, სსკ-ის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს, გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. აღნიშნული ნორმის შინაარსის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია, ინდივიდუალური დავის ხასიათიდან გამომდინარე, მისცეს მხარეებს ვადა შესარიგებლად, მაგრამ არაა ვალდებული ეს გააკეთოს. ამის შესაბამისად, მოსარჩელის ცხადად ჩამოყალიბებული ნების პირობებში, საქალაქო სასამართლო არ იყო ვალდებული მეუღლეთა შესარიგებლად ვადა დაენიშნა. ასეც რომ არ იყოს, სარჩელის აღძვრიდან, 21.11.2023 წლიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, 21.06.2024 წლამდე, გასულია შვიდი თვე, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის კი ერთ წელზე მეტი გავიდა და მოსარჩელეს ოჯახის შენარჩუნების ნება არ გამოუხატავს.
3.4. პალატის აზრით, მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამის გამო, სააპელაციო საჩივარში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი გარემოებები აპელანტის მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებს, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
4.1. მხარეებს შერიგებისთვის, ერთი თვის ნაცვლად, უნდა მისცემოდათ ექვსი თვე.
4.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ემსახურება სსკ-ის 1127-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვას, ოჯახის შენარჩუნებისთვის ყველა აუცილებელი ზომის მიღებასთან დაკავშირებით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება, რომლითაც აპელანტის (მოპასუხის) შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი გარემოებები აპელანტის მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა.
8. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, მოპასუხე მხარის საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი თავისთავად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამოიწვევს. სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა (სუსგ №ას-1337-2019, 02.03.2020წ.).
9. სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნას სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებანი. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება (სუსგ №ას-1403-2019, 21.11.2019წ; №ას-81-2022, 31.05.2022წ; №ას-1268-2022, 15.11.2022წ.). ამდენად, სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით (სუსგ №ას-920-2019, 27.11.2019წ.).
10. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს აპელანტის მოთხოვნას.
11. სსკ-ის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნტით განქორწინება ქორწინების შეწყვეტის საფუძველია. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მეუღლეთა შორის დავის არსებობისას განქორწინების საქმეს წყვეტს სასამართლო.
12. სსკ-ის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილით, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
13. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას (სუსგ №ას-458-440-2016, 15.07.2016წ.). მითითებული ნორმით დაცვად კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა, ყოველი პირის ლეგიტიმური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება (სუსგ №ას-1753-2018, 15.02.2019წ; №ას-449-2020, 30.03.2021წ.).
14. სსკ-ის 1106-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით. მათი თანხმობა წარმოადგენს როგორც დაქორწინებისათვის აუცილებელ პირობას სსკ-ის 1107-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ისე შემდგომში, აუცილებელ პირობას ოჯახის შენარჩუნებისათვის. სწორედ მეუღლეთა თანხმობაში პოულობს გამოხატულებას ნებაყოფლობითი ქორწინების პრინციპი.
15. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის საოჯახო ურთიერთობა შეწყვეტილია. მოსარჩელე უარს აცხადებს მოპასუხესთან ოჯახური თანაცხოვრების აღდგენაზე. ეს გარემოებები გამორიცხავს აპელანტის მოთხოვნის იურიდიულ მართებულობას და მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობდა (შდრ. სუსგ №ას-527-2021, 29.11.2021წ.).
16. შესარიგებელი ვადის განსაზღვრაზე კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულის მიზანშეწონილობას სასამართლო წყვეტს ინდივიდუალურად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საკმაო დროა გასული სარჩელის აღძვრის მომენტიდან და ამ დროში არ მომხდარა მეუღლეთა შერიგება და ოჯახის შენარჩუნება (შდრ. სუსგ №ას-449-2020, 30.03.2021წ.).
17. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (სუსგ №ას-70-70-2018, 21.12.2018წ; №ას-47-2019, 06.05.2019წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. კასატორი კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია