Facebook Twitter

31 მარტი 2025 წელი

საქმე №ას-87-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შ.კ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ზ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ნ.ზ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „მ.....“-ს დამფუძნებელ წევრებს: შ.კ–ძეს, ლ.ყ–ს, ნ.ქ–ს, გ.პ–სა და რ.ტ–ს, მოსარჩელე ნ.ზ–ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 17500 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხე ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „მ.....“-ს დამფუძნებელ წევრებს: შ.კ–ძეს, ლ.ყ–ს, ნ.ქ–ს, გ.პ–სა და რ.ტ–ს, მოსარჩელე ნ.ზ–ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 21960 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხე ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „მ.....“-ს დამფუძნებელ წევრებს - შ.კ–ძეს, ლ.ყ–ს, ნ.ქ–ს, გ.პ–სა და რ.ტ–ს, მოსარჩელე ნ.ზ–ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელის აღძვრის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 610 აშშ დოლარის გადახდა.

2. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით საჩივარი წარადგინა შ.კ–ძემ.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 02 ნოემბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

4. ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა შ.კ–ძემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 იანვრის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მისი შევსების მიზნით, დაევალა: ა. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა; ბ. 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა; გ. სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა.

5.2. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა სააპელაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია. ამასთან, აპელანტმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

5.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მისი შევსების მიზნით, დაევალა წარმოედგინა: ა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.1 მუხლის ,,ე’’ და ,,ვ’’ ქვეპუნქტების თანახმად შედგენილი სააპელაციო საჩივარი; ბ. ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

5.4. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მისი შევსების მიზნით დაევალა წარმოედგინა: ა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.1 მუხლის ,,ე’’ და ,,ვ’’ ქვეპუნქტების თანახმად შედგენილი სააპელაციო საჩივარი; ბ. ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით, აპელანტს კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

5.5. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დადასტურდა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2024 წლის 25 ივლისის განჩინება აპელანტს 2024 წლის 05 დეკემბერს პირადად ჩაბარდა (ს.ფ. 303). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, აპელანტისათვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 06 დეკემბერს და ამოიწურა იმავე წლის 16 დეკემბერს. საქმის მასალებით გამოირკვა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში, აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლიდან გამომდინარე, ვლინდებოდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.

6. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარმოადგინა შ.კ–ძემ. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა განუხილველად დატოვებული. აპელანტმა გაასაჩივრა დაუსწრებელი გადაწყვეტილება კერძო საჩივრით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იყო არა 5000, არამედ - 50 ლარი. ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა ზეპირი მოსმენით უნდა დაენიშნა, რათა დაედგინა მხარის მატერიალური მდგომარეობა და შეემოწმებინა სასამართლოსათვის უცნობი, რაიმე საპატიო მიზეზის არსებობა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით. შესაბამისად, წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერების საკითხი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

10. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით არაერთხელ განემარტა აპელანტს, რომ მისი შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო, არ ქმნიდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი უტყუარი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, დაეკმაყოფილებინა იგი. ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით, აპელანტს შეეძლო, შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსათვის, დამატებით წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც არ განუხორციელებია და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდით გამოუსწორებია სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ აპელანტს ხარვეზი დადგენილი ჰქონდა სხვა საფუძვლითაც, კერძოდ, გარდა სახელწმიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა, უნდა წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.1 მუხლის ,,ე’’ და ,,ვ’’ ქვეპუნქტების თანახმად შედგენილი სააპელაციო საჩივარიც რაც მან ასევე არ აღმოფხვრა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ 2024 წლის 25 ივლისის განჩინება, აპელანტს პირადად ჩაბარდა 2024 წლის 05 დეკემბერს (იხ. ს.ფ. 303), შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, 2024 წლის 06 დეკემბერს დაიწყო და იმავე წლის 16 დეკემბერს დასრულდა, თუმცა აღნიშნული ვადის დაცვით, როგორც უკვე აღინიშნა, აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

13. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი იყო არა 5000, არამედ - 50 ლარი, ვინაიდან მის მიერ გასაჩივრებული იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება კერძო საჩივრით, საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 236-ე მუხლის თანახმად, მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აგრეთვე, მოპასუხეს ამ კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეუძლიათ ასეთი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანონ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ. ნიშანდობლივია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, შ.კ–ძემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა საჩივარი, რომლის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. აღნიშნულის შემდგომ, სააპელაციო სასამართლოში მის მიერ გასაჩივრებული იქნა სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილის (სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით) საფუძველზე, სააპელაციო წესით გასაჩივრებას ექვემდებარება და, შედეგად, სახელმწიფო ბაჟიც ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტისა (სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარს) და მე-3 ნაწილის ბ.ა. პუნქტის (სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკური პირისათვის 5000 ლარს) მიხედვით განისაზღვრება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სრულად შეესაბამებოდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

14. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება შეუძლია ზეპირი განხილვის გარეშე. ამდენად, კერძო საჩივრის აღნიშნული პრეტენზიაც დაუსაბუთებელია.

15. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (ს.უ.ს.გ: №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.; №ას-1615-2019, 14.01.2020).

16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5; ს.უ.ს.გ. №ას-1615-2019, 14.01.2020). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (ს.უ.ს.გ. N ას-693-2019, 28.06.2019წ.; Nას-1615-2019, 14.01.2020წ.).

17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობა შეიძლება, შეზღუდვას დაექვემდებაროს. მისაღწევი მიზნის გათვალისწინებით კი, შეზღუდვა პროპორციულობის პრინციპთან თავსებადი უნდა იყოს. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ლეგიტიმური მიზნისა და დასაბალანსებელი ინტერესების მრავალ მითითებას შეიცავს. გოლდერის საქმის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკით დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას საჭიროებს, რომელიც, საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დროისა და ადგილის მიხედვით განსხვავებული იყოს ("გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ", საქმე N4451/70). შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან და საჩივრის ფორმალურ მოთხოვნებთან დაკავშირებული შეზღუდვები წარმოადგენს სამართალწარმოების წესრიგის დაცვის საშუალებას და არ იწვევს პირის სასამართლოზე წვდომის უფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვას.

18. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით ხარვეზი არ გამოუსწორებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ ვლინდება, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი