11 ივნისი 2025 წელი საქმე№ას-985-2023 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.ლ–ნი
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს „თ.ქ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ლ–ნმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.პ.ს. „თ.ქ“-ს მიმართ და მოითხოვა დაევალოს შ.პ.ს „თ.ქ–ს“ მ.ლ–ნის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი N.........) ხაზოვანი ნაგებობის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის 13 საყრდენი ბოძის დემონტაჟი.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ლ–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა. შ.პ.ს „თ.ქ–ს“ დაევალა მ.ლ–ნის საკუთრებაში არსებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში მდებარე 648827 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან საკადასტრო კოდი N..........) ხაზოვანი ნაგებობის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის 13 საყრდენი ბოძის დემონტაჟი.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით შ.პ.ს „თ.ქ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ.ლ–ნის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე შ.პ.ს „თ.ქ–ს“ დაევალა მ.ლ–ნის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 3 ცალი ელექტროგადამცემი ბოძის დემონტაჟი, რომელიც მდებარეობს გზიდან უკიდურესი დასავლეთის მხარეს, პირველი სამი ბოძი. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ლ–ნმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განჩინებით, მ.ლ–ნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით 2025 წლის 18 მარტს.
8. 2025 წლის 18 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხდომაზე მორიგების მიზნით, მხარეებს განესაზღვრათ ორკვირიანი ვადა.
9. 2025 წლის 06 ივნისს დაინიშნა მ.ლ–ნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.
10. 2025 წლის 05 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მ.ლ–ნმა და განმარტა, რომ მხარეებს შორის შედგა მორიგება და უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო გაეცნო კასატორის წარმომადგენლის განცხადებას და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ მ.ლ–ნის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს მის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.
13. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ მ.ლ–ნის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მ.ლ–ნის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. განემარტოს კასატორს, რომ მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება წარმოდგენილია საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ლ–ნის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება მ.ლ–ნის საკასაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
4. მ.ლ–ნს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 150 ლარი (გადახდის თარიღი: 10.08.2023წ. გადამხდელი: მ.ლ–ნი (პ/ნ .........) საგადასახადო დავალება №2101, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“), შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი