Facebook Twitter

31 მარტი 2025 წელი

საქმე №ას-172-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შ.პ.ს. „ქ.კ–ა S.”, თ.დ–ძე, გ.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ.მ–ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების: შ.პ.ს. ქ.კ–ა „S.“-ს, თ.დ–ძისა და გ.გ–ძის მიმართ და მოითხოვა:

1.1. მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 42 200 ლარის დაკისრება;

1.2. მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 0.2%-ის დაკისრება, არაუმეტეს ძირითადი დავალიანების 30%-ის, არაუმეტეს 12 400 ლარის ოდენობით;

1.3. მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დარიცხული კომუნალური დავალიანების, 1715.95 ლარის დაკისრება;

1.4. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 30 000 ლარის გადახდა; შ.პ.ს. „ქ.კ–ა S.“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 2018 წლის 31 დეკემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%, მაგრამ არაუმეტეს ძირითადი დავალიანების 30%-ისა, რაც შეადგენს 12400 ლარს და კომუნალური დავალიანება 1715.95 ლარი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ უარყოფილი იქნა.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეული იქნა ხარვეზიანად და აპელანტებს დაევალათ ხარვეზის შევსების მიზნით ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადის დაცვით: ა) განესაზღვრათ დავის საგნის ღირებულება და წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი; ბ) წარმოედგინათ სრულყოფილად შევსებული დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი (სადაც მითითებული იქნებოდა თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა), იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში; გ) წარმოედგინათ ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით. აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის დაცვით ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

4.2. ზემოაღნიშნული ხარვეზის განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელს და 2024 წლის 27 ნოემბერს ადრესატს პირადად ჩაბარდა, რაც დადასტურდა საფოსტო უკუგზავნილზე წარმომადგენლის ხელმოწერით.

4.3. ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინება აპელანტებისათვის (მათი წარმომადგენლისათვის) ჩაბარებულად მიიჩნევა 2024 წლის 27 ნოემბრიდან, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2024 წლის 28 ნოემბრიდან და ამოიწურა იმავე წლის 09 დეკემბერს (ორშაბათს, ვინაიდან ხარვეზის აღმოფხვრის ბოლო დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს), თუმცა აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის. შესაბამისად, ვლინდებოდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივსამართლებრივი წინამძღვარი.

5. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარმოადგინეს მოპასუხეებმა. კერძო საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა განუხილველად დატოვებული. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული გარემოება, თითქოს კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენელს სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2024 წლის 27 ნოემბერს პირადად ჩაბარდა, არ შეესაბამება სინამდვილეს და გაურკვეველია, თუ ვინ აწერს ხელს წარმომადგენლისათვის განკუთვნილ კორესპონდენციას. იმ პირობებში, როდესაც, სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი იყო საკმაოდ დიდი თანხა და ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს ვადის დარღვევით ჩაბარდათ, სასამართლოს უნდა გაეგრძელებინა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით. შესაბამისად, წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერების საკითხი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინება, აპელანტების წარმომადგენელს პირადად ჩაბარდა 2024 წლის 27 ნოემბერს (იხ. მინდობილობები, ს.ფ. 201, 202, 317; ჩაბარების დასტური, ს.ფ. 375), შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო და იმავე წლის 09 დეკემბერს დასრულდა, თუმცა აღნიშნული ვადის დაცვით, აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

11. კერძო საჩივრის ავტორები აპელირებენ, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს უნდა გაეგრძელებინა ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს გააჩნია დისკრეცია დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე, მათ შორის – საკუთარი ინიციატივითაც, თუმცა ეს ნორმა არ გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, ვადა უპირობოდ გააგრძელოს. იმ პირობებში, როდესაც, აპელანტებს არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე და არც ნაწილობრივ გამოუსწორებიათ დადგენილი ხარვეზი, სასამართლო უფლებამოსილი იყო, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დაეტოვებინა.

12. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებას, რომ ხარვეზის განჩინება მათ წარმომადგენელს არ ჩაბარებია და, გაურკვეველია, თუ ვინ აწერს ხელს სასამართლო კორესპონდენციას, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში განთავსებულ საფოსტო უკუგზავნილზე (ს.ფ. 375), რომლითაც ცალსახად დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტთა წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, 2024 წლის 27 ნოემბერს პირადად ჩაბარდა, რაც დასტურდება ამავე უკუგზავნილზე დატანილი წარმომადგენლის ხელმოწერით. ამ პირობებში, მარტოოდენ ზეპირსიტყვიერი მითითება, რომ ხელმოწერა შესაძლოა არ ეკუთვნოდეს წარმომადგენელს, ვერ გააბათილებს საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებას და ვერ დააყენებს ეჭვქვეშ სასამართლო გზავნილის ადრესატისათვის კანონით დადგენილი წესის დაცვით ჩაბარების ფაქტს.

13. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (ს.უ.ს.გ: №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.; №ას-1615-2019, 14.01.2020).

14. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ ვლინდება, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ქ.კ–ა S.”-ს, თ.დ–ძის და გ.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი