Facebook Twitter

21 თებერვალი 2025 წელი

საქმე №ას-1518-2024 თბილისი

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი),

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შ.პ.ს. „პ.თ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „რ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება

დავის საგანი - ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „რ–ის“ სარჩელი შ.პ.ს. ,,პ.თ–ის“ და თ.ბ–ის მიმართ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

1.1. დაევალა შპს „პ.თ–ს“ გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ ცილისწამებაა ჟურნალისტი თ.ბ–ის მიერ 2021 წლის 30 ივნისს „Primetime”-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „Franco Fontana საქმის კურსში არ არის, რომ საქართველოში მისი სახელით მაღაზიები ფუნქციონირებს (?!) - სკანდალური წერილი იტალიიდან“ მოსარჩელე შ.პ.ს. „რ–ის“ შესახებ გავრცელებული შემდეგი ცნობები/ინფორმაცია:

„აღმოჩნდა, რომ ოფიციალური ბრენდი Franco Fontana საქმის კურსში არ იყო რომ საქართველოში მათი ბრენდის სახელით მაღაზიები ფუნქციონირებს. პირადი შეხვედრის შემდეგ, ელ-ფოსტაზეც გამოვაგზავნინე პასუხი. იტალიის მხარე მზად არის, საქართველოს სასამართლოს კითხვების არსებობის შემთხვევაში უპასუხოს. გაოცებას ვერ მალავდნენ, შოკში ჩავარდნენ და ასევე, განაცხადეს, რომ იტალიაში მათი კლიენტებიც კი არ არიან საიდან მოაქვთ ის ნივთები, რაც საქართველოში იყიდება, არავინ იცის“;

„რაც შეეხება თვითმარქვია Franco Fontana Georgia-ს, მომავალ კვირას შეხვედრა მაქვს აქ, მილანში ოფიციალური Franco Fontana-ს იურიდიულ დეპარტამენტთან, სადაც განვიხილავთ საქართველოში ბრენდის სახელის თაღლითურად გამოყენების შესახებ შემდგომ იურიდიულ საკითხს, რადგან მთხოვეს, დამოუკიდებელი ექსპერტის ლ.ხ–ის მიერ მომზადებული ექსპერტიზის იტალიურ ენაზე დასკვნის მიწოდება, სადაც წერია, რომ შავ ბრილიანტებად გაყიდულ ბეჭედში უვარგისი, არასაიუველირო, არაძვირფასი ქვები ზის“;

1.2. დაევალა თ.ბ–ს გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ ცილისწამებაა მის მიერ 2021 წლის 30 ივნისს „Primetime”-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „Franco Fontana საქმის კურსში არ არის, რომ საქართველოში მისი სახელით მაღაზიები ფუნქციონირებს (?!) - სკანდალური წერილი იტალიიდან“ მოსარჩელე შ.პ.ს. „რ–ის“ შესახებ გავრცელებული შემდეგი ცნობები/ ინფორმაცია:

„აღმოჩნდა, რომ ოფიციალური ბრენდი Franco Fontana საქმის კურსში არ იყო რომ საქართველოში მათი ბრენდის სახელით მაღაზიები ფუნქციონირებს. პირადი შეხვედრის შემდეგ, ელ-ფოსტაზეც გამოვაგზავნინე პასუხი. იტალიის მხარე მზად არის, საქართველოს სასამართლოს კითხვების არსებობის შემთხვევაში უპასუხოს. გაოცებას ვერ მალავდნენ, შოკში ჩავარდნენ და ასევე, განაცხადეს, რომ იტალიაში მათი კლიენტებიც კი არ არიან საიდან მოაქვთ ის ნივთები, რაც საქართველოში იყიდება, არავინ იცის“;

„რაც შეეხება თვითმარქვია Franco Fontana Georgia-ს, მომავალ კვირას შეხვედრა მაქვს აქ, მილანში ოფიციალური Franco Fontana-ს იურიდიულ დეპარტამენტთან, სადაც განვიხილავთ საქართველოში ბრენდის სახელის თაღლითურად გამოყენების შესახებ შემდგომ იურიდიულ საკითხს, რადგან მთხოვეს, დამოუკიდებელი ექსპერტის ლ. ხ–ის მიერ მომზადებული ექსპერტიზის იტალიურ ენაზე დასკვნის მიწოდება, სადაც წერია, რომ შავ ბრილიანტებად გაყიდულ ბეჭედში უვარგისი, არასაიუველირო, არაძვირფასი ქვები ზის“;

1.3. მოპასუხეებს დაევალათ მოცემული გადაწყვეტილების 1.2 და 1.3 პუნქტებში მითითებული მოსარჩელის, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში, „Primetime”-ს ვებ-გვერდზე იმავე შრიფტით, რითიც მოხდა სადავო განცხადების გავრცელება;

1.4. დაევალა მოპასუხე თ.ბ–ს გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ ცილისწამებაა სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მის მიერ 2021 წლის 21 მაისს გამოქვეყნებულ პოსტში მოსარჩელის შესახებ გავრცელებული შემდეგი განცხადებები: „მფარველობენ, მაგრამ ამ საქმეს ასე ვერ გააჩერებენ. სულ მალე საერთაშორისო სკანდალად გადაიქცევა. ნამდვილი Franco Fontana ასე არ „აგულავებს“ თაღლითობაში ეჭვმიტანილებს...“; „ექსპერტიზას თუ საქართველოში გადაწყვეტ, არც კი თქვა, რომ ბეჭედი ნაყიდი გაქვს ე.წ ფრანკო ფონტანაში, თორემ რეალურ დასკვნას ტექ. უნივერსიტეტის ლაბორატორიაც კი არ/ვერ წერს. თუ იტყვი, რომ შეიძინე ოქროს ბირჟაზე, მაშინ დაწერენ ობიექტურად“;

1.5. დაევალა მოპასუხე თ.ბ–ს გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ ცილისწამებაა სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მის მიერ 2021 წლის 30 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტში მოსარჩელის შესახებ გავრცელებული განცხადებები: „ვგიჟდები ბიზნეს ოპერატორი რომ წესიერია, მაგ სიყალბით რამდენს ბედავს თვითმარქვია Franco Fontana რ–ურად კი შ.პ.ს. „რ–ი?“; „რეგისტრირებულია როგორც შ.პ.ს რ–ი Franco Fontana-ს სახელს იყენებენ თაღლითურად ბანერებზე და ე.წ სერთიფიკატებზე“;

1.6. მოპასუხე თ.ბ–ს დაევალა მოცემული გადაწყვეტილების 1.4 და 1.5 პუნქტებში მითითებული მოსარჩელის, პატივის, ღირსებს და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში, სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/, თავის გვერდზე.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეემა - შ.პ.ს. „პ.თ–მა“ და თ.ბ–მა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგი დასაბუთებით:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 09 სექტემბრის განჩინებით, შ.პ.ს. „პ.თ–ს“ და თ.ბ–ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ მიეთითებინათ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა და წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

3.2. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, 2024 წლის 04 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა აპელანტის შ.პ.ს. „პ.თ–ის“ წარმომადგენელმა თ.ღ–იამ და, ხარვეზის შევსების მიზნით, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარმოდგენილი იქნა თ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი.

3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 07 დღით და დაევალა: ა) სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მიუთითოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა და დააზუსტოს სააპელაციო მოთხოვნა; ბ) წარმოადგინოს 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; გ) წარმოადგინოს სააპელაციო საჩივრის ხელმოწერილი დედანი და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.

3.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ შ.პ.ს. „პ.თ–ს“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.09.2024წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 07 დღით და დაევალა: ა) სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მიუთითოს თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა; ბ) წარმოადგინოს სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.

3.5. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 09 ოქტომბრის განჩინება აპელანტებს გაეგზავნათ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე. საქმეში არსებული უკუგზავნილებით დასტურდება, რომ განჩინების ასლი შ.პ.ს. „პ.თ–ის“ თანამშრომელმა ა.გ–მა ჩაიბარა 16.10.2024 წელს, ხოლო თ.ბ–მა - 17.10.2024 წელს პირადად. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 07-დღიანი ვადის ათვლა შ.პ.ს. „პ.თ–ისათვის“ დაიწყო 2024 წლის 17 ოქტომბერს და ვადის უკანასკნელი დღე იყო 2024 წლის 23 ოქტომბერი. ხოლო თ.ბ–ისათვის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 18 ოქტომბერს და ვადის უკანასკნელი დღე იყო 2024 წლის 24 ოქტომბერი. აპელანტების მიერ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა 2024 წლის 31 ოქტომბერს, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დარღვევით.

3.6. ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით არ შეავსეს ხარვეზი და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მიუმართავთ სასამართლოსათვის, სააპელაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლის საფუძველზე, განუხილველად დარჩა.

4. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე შ.პ.ს. „პ.თ–მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაბრუნება, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მოკლედ და ლაკონურად უთითებდა, თუ რას არ მიაქცია მოსამართლემ ყურადღება, რომელი კანონი არ გამოიყენა და ა.შ. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს, თავდაპირველად ნამდვილად არ ჰქონდა გადახდილი, თუმცა მოგვიანებით ეს ხარვეზიც აღმოფხვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არაკანონიერი იყო.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლებისა და საქმეში არსებული მასალების შესწავლის, აგრეთვე, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ნოემბრის განჩინება შ.პ.ს. ,,პ.თ–ი“-ს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შ.პ.ს. ,,პ.თ–ი“-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მითითებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივარი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს (სარჩელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. სარჩელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით. სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით).

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს: ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც არის შედგენილი საჩივარი; ბ) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე; დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; ე) მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; ვ) მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას. თ) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა; ი) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

10. განსახილველ შემთხვევაში, შ.პ.ს. „პ.თ–ი“-ს მიერ 2024 წლის 26 ივლისს სასამართლოში წარდგენილი სააპელაციო საჩივრის მიხედვით, აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის #2/15767 გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას. ფაქტობრივ უსწორობად აპელანტი მიუთითებს: ,,სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ, სასამართლო ეყრდნობა არა გამოქვეყნებულ სტატიას, არამედ ჟურნალისტის თ.ბ–ის კომენტარებს 3.1.5.“ სამართლებრივი უსწორობების გრაფაში აპელანტი მიუთითებს: ,,სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რიომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილებაში ცალმხრივად არის მითითებული თუ რას დაეყრდნო მოსამართლე და უთითებს ადამიანის უფლებათა კონვენციას, საქართველოს კონსტიტუციას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონს, ასევე მხარის მიერ წარდგენილ სსიპ ლევან მსახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზას და ა.შ. არ გაითვალისწინა მათ მიერ წარდგენილ მოწმეთა ჩვენებები და უგულებელყო წარდგენილი მტიცებულებები, ასევე შპს ,,რ–ის“ დირექტორთა და ჟურნალისტი თ.ბ–ის სატელეფონო ინტერვიუს ამსახველი აუდიო ჩანაწერი.“

11. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ შ.პ.ს. „პ.თ–ს“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 09.09.2024წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 07 დღით და დაევალა: ა) სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მიუთითოს თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა; ბ) წარმოადგინოს სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. სასამართლოს 2024 წლის 04 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

12. საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია ვადაში და რომ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემდეგ, სააპელაციო საჩივარი ფორმალურად აკმაყოფილებდა დასაშვებობის წინაპირობებს. კერძოდ, სააპელაციო საჩივარი პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, ხოლო რამდენად დასაბუთებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე არ უნდა გადაწყდეს და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არის. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძვლებსა და მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივ წინაპირობებს ამომწურავად განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის მოთხოვნას არ წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის მხარის მიერ წარდგენის ვალდებულება. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის სასამართლოსათვის წარუდგენლობის მოტივით ხარვეზის დადგენის მიუხედავად, საჩივრის განუხილველად დატოვება დაუშვებელია. საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია, მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუსგ-ები: №-ა-6389-ა-16-2021, 15.04.2022; №ას-294-2022 05.05.2020, №ას-1448-2023 20.05.2024).

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ნოემბრის განჩინება შ.პ.ს. ,,პ.თ–ი“-ს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შ.პ.ს. ,,პ.თ–ი“-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „პ.თ–ი“-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი