Facebook Twitter

04 მარტი 2025 წელი

№ას-1471-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - ინდივიდუალური მეწარმე ა.ჭ-მ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ინდივიდუალური მეწარმე ა.ჭ-მ–ის მიმართ და მოითხოვა მისთვის მასარჩელის სასარგებლოდ 124854.04 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ინდივიდუალურ მეწარმე ა.ჭ-მ–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 11 327.06 ლარის გადახდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. 2022 წლის 01 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროსა და ინდივიდუალურ მეწარმე ა.ჭ-მ–ს შორის გაფორმდა N183 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ღირებულება განისაზღვრა 232 617 ლარით.

მტკიცებულებები: 01.03.2022 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N183 ხელშეკრულება (ს.ფ. 22-26); მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

5.2. 2022 წლის0 01 მარტის ხელშეკრულების 9.3. ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15%.

მტკიცებულებები: 01.03.2022 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N183 ხელშეკრულება (ს.ფ. 22-26).

5.3. 2022 წლის 02 მარტს, მხარეთა შორის გაფორმდა N1 შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, ცვლილებები შევიდა N183 ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა - 221 307 ლარით.

მტკიცებულებები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ი.მ. ა.ჭ-მ–ს შორის 2022 წლის 01 მარტს გაფორმებულ N183 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2022 წლის 02 მარტის N1 შეთანხმება (ს.ფ. 28-29).

5.4. 2022 წლის 01 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა N2 შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, ცვლილებები შევიდა N183 ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა - 243 388 ლარით.

მტკიცებულებები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ინდმეწარმე ა.ჭ-მ–ს შორის 2022 წლის 01 მარტს გაფორმებულ N183 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2022 წლის 01 აპრილის N2 შეთანხმება (ს.ფ. 30-31).

5.5. 2022 წლის 06 აპრილს, მხარეთა შორის გაფორმდა N3 შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, შესწორდა N183 ხელშეკრულება და ფასთა ცხრილის მე-2 პოზიციით განსაზღვრული საქონლის ჯამური ღირებულება, 198 871 ლარის ნაცვლად, განისაზღვრა - 223 650 ლარით.

მტკიცებულებები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ი.მ. ა.ჭ-მ–ს შორის 2022 წლის 01 მარტს გაფორმებულ N183 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2022 წლის 06 აპრილის N3 შეთანხმება (ს.ფ. 32-33).

5.6. 2022 წლის 21 ივლისს, მხარეთა შორის გაფორმდა N4 შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, ცვლილება შევიდა N183 ხელშეკრულებაში და ამავე ხელშეკრულების 2.5. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვნად შესრულებამდე“.

მტკიცებულებები: შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ი.მ. ა.ჭ-მ–ს შორის 2022 წლის 01 მარტს გაფორმებულ N183 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2022 წლის 21 ივლისის N4 შეთანხმება (ს.ფ. 34).

5.7. ინდივიდუალურმა მეწარმე ა.ჭ-მ–მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 01 მარტის N183 ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამურად, მიაწოდა 194625 ლარად ღირებული საქონელი, კერძოდ 159750 ლარის საქონელი, ნაცვლად 75 დღისა, 114 დღის დაგვიანებით, 33 000 ლარის საქონელი ნაცვლად 60 დღისა 129 დღის გადაცილებით ხოლო 1875 ლარად ღირებული საქონელი ნაცვლად 75 დღისა, 99 დღის დაგვიანებით.

მტკიცებულებები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ინდმეწარმე ა.ჭ-მ–ს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 38-69)

5.8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება მასზედ, რომ მართალია, მიმწოდებელმა ვადის დარღვევით შეასრულა ვალდებულება, რაც ხელშეკრულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იყო, თუმცა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 124 858.04 ლარი, შეუსაბამოდ მაღალი იყო და ექვემდებარებოდა შემცირებას.

5.9. პალატის მითითებით, ვინაიდან სააპელაციო საჩივრით აპელანტი სადავოდ ხდიდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას, სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერების შეფასება წარმოადგენდა.

5.10. პალატამ იმსჯელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპზე და მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულების მხარეეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამასთან, განმარტა, რომ არსებობს გამონაკლისიც, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს და სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო. პალატამ განმარტა პირგასამტეხლოს არსი, მიზანი და გამოყენების წინაპირობები და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეები საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს სადავოდ არ ხდიდნენ. აპელანტს შედავება სასამართლოს სამართლებრივი შეფასების ნაწილში ჰქონდა წარმოდგენილი.

5.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ იმსჯელა სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობაზე, როდის არის დასაშვები და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს. ამასთან განმარტა, რომ პირგასამტეხლო სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. თუმცა, სასამართლოს უფლებამოსილება, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის შეუზღუდავ უფლებამოსილებას ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგების პირობები შეცვალოს.

5.12. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლო 124 858.04 ლარს შეადგენდა, შესრულების ღირებულების, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობის, ვალდებულების მოცულობის, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათის, პირგასამტეხლოს ფუნქციის გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული/შემცირებული პირგასამტეხლო - 11 327.06 ლარი, გონივრული იყო და სრულად შეესაბამებოდა განსახილველ შემთხვევაში მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი იყო და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით განმტკიცებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს ქმნიდა.

5.13. პალატამ იმსჯელა სამოქალაქო სამართალში მოქმედ მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტურ და სამართლიან სტანდარტზე და აღნიშნა, რომ იზიარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,15%-ით, არამედ შეუსრულებელი ვალდებულების 0,05%-ით, რაც შემდეგნაირად დაითვლებოდა:

2022 წლის 01 მარტის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა 2 801 ერთეული დეტექტივ-გამომძიებლის ჟილეტი, რომლის ჯამი განისაზღვრა - 159750 ლარით. მიმწოდებელს უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის ვადის დაცვით, თუმცა მან ვალდებულება შეასრულა 114 დღის დაგვიანებით. შესაბამისად, პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან გამომდინარე, ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, შეადგენდა 9105,75 ლარს (114X79,87=9106,75 ლარი).

2022 წლის 01 მარტის ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა 400 ერთეული ექსპერტ-კრიმინალისტის ჟილეტი. საქონლის ჯამური ღირებულება განისაზღვრა - 33 000 ლარით. მიმწოდებელს უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადის დაცვით, თუმცა მან ვალდებულება შეასრულა 129 დღის დაგვიანებით. შესაბამისად, პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან გამომდინარე, ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, შეადგენდა 2128,5 ლარს (129X16,50=2128,5 ლარი).

2022 წლის 01 მარტის ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა 25 ერთეული მიგრაციის დეპარტამენტის ჟილეტი. საქონელის ჯამური ღირებულება განისაზღვრა - 1 875 ლარით. მიმწოდებელს ვალდებულება უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადის დაცვით, თუმცა 99 დღე დააგვიანა. შესაბამისად, პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან გამომდინარე, ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, შეადგენდა 92,81 ლარს (99X0,9375=92,81 ლარი).

5.14. საბოლოოდ პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გონივრულობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი შემცირების არამართლზომიერება. ზემოთთქმულის საწინააღმდეგოდ, მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხემ) შეძლო სასამართლოსთვის შეექმნა ვარაუდი მასზედ, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირების წინაპირობები არსებობდა. შესაბამისად, გაიზიარა პირველი ინსტანციის მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ არსებითი ხასიათის ზიანი არ მისდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელე მხარეს. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ჯამურ ოდენობად, ვადაგადაცილებული დღეების, თითოეულ მონაკვეთზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებისა და 0,05%-ის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა 11327.06 ლარით განსაზღვრული. ამდენად, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა პირგასამტეხლო. მას არ უმსჯელია რა კონკრეტული ფაქტები გაითვალისწინა მისი შემცირებისას. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 232617 ლარს, ხოლო საქონლის მიწოდების ვადაგადაცილებისთვის მიმწოდებელს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%. აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ დაარღვია გარკვეული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა. პირგასამტეხლოს ოდენობა კი 243 388 ლარის 0.15%-ს - 124 858.04 ლარს შეადგენდა.

6.2. კასატორმა იმსჯელა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობებზე, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შემცირების შესაძლებლობაზე. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თვალსაზრისით კი, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ უნდა შემცირდეს გონივრულობის ფარგლებში და კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად. კასატორის განმარტებით, ყურადსაღებია ვალდებულების დროულად შესრულების საჯარო ინტერესი და ის მთავარი მიზანი, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლოს შემაკავებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს. განსახილველ შემთხვევაში კი, პირგასამტეხლოს ამგვარი შემცირება აზრს უკარგავს ამ ინსტიტუტის არსებობას. მის ქმედითობას და ამ პრაქტიკის დამკვიდრება ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისა თუ შეუსრულებლობის წახალისების საშუალებად შეიძლება იქნეს განხილული. პირგასამტეხლოს შემცირებით ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს ექმნება იმის მოლოდინი, რომ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების პირობებშიც კი, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის ფარგლები ძალიან მცირე იქნება, რაც შემსყიდველს ვალდებულების დროულად შესრულების უზრუნველყოფის ბერკეტს ართმევს.

6.3. კასატორის აზრით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო, რადგან „მოცეულ შემთხევაში, მართალია, მოპასუხემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მისდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს“. აღნიშნულ მსჯელობასთან დაკავშირებით კასატორი განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

6.4. კასატორის აზრით, საფუძველსაა მოკლებული სააპელაციო პალატის განმარტება, რომ „სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება“. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი განმარტავს, რომ მოცემულ საქმეში მხარე არის არა ფიზიკური პირი, არამედ ინდივიდუალური მეწარმე, რომელსაც დადგენილი პრაქტიკითა და სტანდარტით ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე ფიზიკურ პირზე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება. შესაბამისად, სასამართლოს აპელირება სუსტი მხარის ინტერესების დაცვაზე საფუძველსაა მოკლებული. აქვე კასატორმა მიუთითა სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, მეწარმე სუბიექტის პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რაც გამოხატულია მის მიერ გაცნობიერებული ნების გამოვლენით. ასეთ დროს კი, დადგენილი პრაქტიკის თანახმად, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური.

6.5. კასატორი ხაზს უსვამს კიდევ ერთ გარემოებას, მისი განმარტებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.15%-ით, არამედ შეუსრულებელი ვალდებულების 0.05%-ით. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვან განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლო არ დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსაბუთებლად შემცირებულ პირგასამტეხლოს და განმარტა, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო შეფასებითი კატეგორია იყო, ვინაიდან მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა გამოიხატა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებით. ამასთან, ვინაიდან არაჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულების ფულადი ეკვივალენტი და ვადაგადაცილების დღეების ოდენობა საქმის მასალებით დგინდებოდა, პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო ვადის მიხედვით შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, რაც ხელშეკრულების მხარეთა მიერ შეთანხმებული 0.15%-ი გამოითვალა.

6.6. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების საფუძველზე დასთანხმდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 15%-ს და მას ფიზიკური პირისაგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამარლებრივ შედეგებზე პასუხისგება. შემსყიდველი კი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც შესრულებისადმი განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო ქვემდგომი ინსტანციების მიერ არამართებულად შემცირდა. ხელშეკრულების მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული ოდენობა, რომელიც არ გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას. ყოველივე ეს კი, განჩინების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა დავისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა სამართლებრივად არასწორად შეაფასა, რამაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.

10. კასატორის საკასაციო პრეტენზია უკავშირდება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ვლინდებოდა თუ არა სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში ასახული აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს.

12. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოცემული სამართლებრივი შეფასებები მბოჭავი არ არის სასამართლოსთვის და მას ყოველთვის შეუძლია, განსხვავებულად შეაფასოს სადავო სამართალურთიერთობა.

13. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებიდან გამომდინარეობს (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას).

14. საკასაციო საკასაციო სასამართლოს მრავალჯერ განუმარტავს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის მოვალეობის წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“ (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1373-2018, 17.01.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; №ას-953-918-2016, 22.11.2016წ.).

15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის აშკარად შეუსაბამო პირგასამტეხლო საქმის გარემოებათა გათვალისწინებით დაიყვანოს თანაზომიერების ფარგლებამდე. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ეს უფლებამოსილება არის ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ჩაერიოს მხარეთა ხელშეკრულების თავისუფლებაში და, მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პირგასამტეხლო შეამციროს. პირველ რიგში, ასეთი წინაპირობა თავად მხარის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნაა კვალიფიციური შედავების ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვლინდება მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე მსჯელობისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ფასდება ვალდებულების დარღვევის ხარისხი, მათ შორის, მხარეთა სახელშეკრულებო ინტერესის განმარტების კონტექსტით. კვალიფიციური შედავების გარეშე კი, შეუძლებელია, დადგინდეს, რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსის, ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა, რაც ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მ–იმალურობას უწყობს ხელს (შდრ. იხ. ნათია ჩიტაშვილი „პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 2/2020).

16. ამდენად, მართალია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაცული იყოს შინაარსობრივი ბალანსიც, ანუ სამართლიანი ბალანსი მხარეთა შორის, თუმცა სასამართლომ მხარეთა თანასწორობა მისთვის კანონით დაწესებული ჩარჩოს ფარგლებში უნდა დაიცვას. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. ს.უ.ს.გ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ., პ.17). სარჩელის აღძვრა და ამ სარჩელისაგან თავდაცვა მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესითა და საშუალებების გამოყენებით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ საშუალებას, როგორიცაა - შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. სწორედ მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი დისპოზიციურობის პრინციპის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი) ერთგვარი გამოხატულებაცაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც, გარკვეულწილად, დავაში ჩართვასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე. ამასთან, სწორედ შესაგებლის შინაარსიდან განისაზღვრება, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად, ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელიც ვერ გამოიყენება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი, შესაგებელი, მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში, მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება (შდრ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი 2020, იხ. 201-ე და 2321 -ე მუხლების კომენტარები).

17. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი №5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან...საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.).

18. როგორც საკასაციო პალატამ ერთ-ერთ გაჩინებაში განმარტა, შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი, გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით), დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია, მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; განსხვავებით მტკიცების ტვირთისაგან, რომელსაც მოსამართლე აქტიურად ხელმძღვანელობს და კარნახობს მხარეებს, თუ ვინ უნდა ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, იგი პასიურია ფაქტების მითითებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ვერ დაეხმარება მხარეს სარჩელის/შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთების შედგენაში. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება შესაბამისი (რელევანტური) ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-354-2021, 25.06.2021წ. პ.101, 102).

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე - პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-328-2023, 20.06.2023წ.; №ას-576-2022, 07.07.2022წ.) ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება მოვალეს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-888-2020, 10.12.2020წ.).

20. სასამართლოს პრაქტიკა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება წარმოიშობა მოვალის მიერ ამგვარი მოთხოვნის სასამართლოს წინაშე გაცხადებისას, აღიარებულია იურიდიულ ლიტერატურაშიც _ „იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. უფრო მეტიც, მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი... შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეცილება და მტკიცება სჭირდება (იხ. მესხიშვილი ქ. „პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები, სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23).

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებელი მოპასუხის უფლების დაცვის უმთავრესი ინსტრუმენტია, რომლის ჯეროვნად გამოყენება განაპირობებს საქმის საბოლოო შედეგს. უმრავლეს შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია საქმეში გამართული, არგუმენტირებული შესაგებლის არსებობა და საამისოდ შეგებებული სარჩელის აღძვრა არც არის საჭირო. შესაგებლის წარდგენის ვალდებულება მხარის მიერ დაძლეულად ვერ განიხილება, თუ იგი კვალიფიციურად, ამომწურავად და დასაბუთებულად არ ედავება მოსარჩელე მხარეს მის მიერ მოთხოვნის დასაფუძნებლად სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აბსტრაქტული და სასარჩელო მოთხოვნასთან კავშირში არმყოფი შესაგებელი, ფორმალური თვალსაზრისით, შესაძლოა, იყოს კიდეც წარდგენილი სასამართლოსათვის სწორ საპროცესო დროს, მაგრამ თუ მას არ შესწევს უნარი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც აფუძნებს სარჩელს, ამგვარი შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობა უკიდურესად დაბალია და შემოიფარგლება უფლების დაცვის მხოლოდ იმ მასშტაბით, რომ აკავებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. არასათანადო შესაგებელი აფერხებს მოპასუხის უფლებას სასარჩელო ფაქტებზე მოგვიანებით შედავებისა და მტკიცებულებების მოგვიანებით წარდგენის შესაძლებლობის თვალსაზრისით. (სსსკ 201-ე მუხლის მე-4-მე-5 ნაწილების თანახმად, თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს; მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა).

22. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელეს შეთანხმებული ვადის დაცვით არ მიაწოდა პროდუქცია, რის გამოც ამ უკანასკნელმა მოპასუხისგან მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 124 858.04 ლარის დაკისრება.

23. საკასაციო პალატამ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ - მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.). ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მას არ დაურღვევია (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).

24. განსახილველ შემთხვევაში, წერილობით შესაგებელში მოპასუხემ მიუთითა, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება, როდესაც ვალდებულების ნაწილი იყო ვადის დარღვევით შესრულებული, ეწინააღმდეგებოდა სასამართლოს პრაქტიკას და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე და 420-ე მუხლების მოთხოვნებს, რაც სწორად გაიზიარეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრეს ვადაგადაცილებული შესრულების ღირებულებიდან. რაც შეეხება ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს - 0.15%-ის შემცირებას 0.05%-მდე, არც მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი შეიცავს შესაბამის დასაბუთებას და სააპელაციო სასამართლოს დასკვნაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობით შემცირებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია. სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური ღირებულებების მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სასამართლოს არ წარმოშობია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეეფასებინა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობა და შეემცირებინა იგი. პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, მით უფრო, ვადაგადაცილებული დღეებისა და იმ ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, რაც მოსარჩელეს ვალდებულების დროული შესრულების მიმართ ჰქონდა. ამდენად, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი ნაწილობრივ დაუსაბუთებელი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

25. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. „განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.“ (შდრ: სუსგ-ები: №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი,.პ.20-21; №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022 წელი, პ.18; №ას-889-2022, 23 მარტი, 2023წ; №ას-65-2024, 15 აპრილი, 2024 წ; №1519-2023, 21 ივნისი, 2024 წ; №485-2024, 28 ივნისი, 2024 წ.).

26. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ინდივიდუალურმა მეწარმე ა.ჭ-მ–მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული 2022 წლის 01 მარტის N183 ხელშეკრულების ფარგლებში 159750 ლარის საქონელი მიაწოდა 114 დღის დაგვიანებით, 33 000 ლარის საქონელი - 129 დღის დაგვიანებით, 1875 ლარის ღირებულების საქონელი - 99 დღის დაგვიანებით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეთანხმებული 0.15%-ის გათვალისწინებით გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 33981 ლარს და 19 თეთრს (239,625X114 + 49.4X129 + 2.82X99 = 33981.19), რაც სრულად უზრუნველყოფს დარღვეული ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, ამასთან, არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას .

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.

28. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებისთვის სამართლებრივი შეფასების შეცვლით, საქმის ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების გარეშე, შესაძლებლად მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფილებას, ვინაიდან, საქმე არ საჭიროებს ფაქტების ხელახლა დადგენას ან მტკიცებულებათა ხელმეორედ გამოკვლევას.

29. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია), მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის _ 4077 ლარის და 75 თეთრის გადახდა (პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი _ 1019.44 ლარი, სააპელაციო სასამართლოში _ 1359.25 ლარი, საკასაციო სასამართლოში _ 1699.06 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

4. ინდივიდუალურ მეწარმე ა.ჭ-მ–ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 33981 (ოცდაცამეტიათასცხრაასოთხმოცდაერთი) ლარის და 19 (ცხრამეტი) თეთრის გადახდა.

5. ინდივიდუალურ მეწარმე ა.ჭ-მ–ის (პ/ნ ..........0) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 4077 ლარის და 75 თეთრის გადახდა (პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 1019.44 ლარი, სააპელაციო სასამართლოში - 1359.25 ლარი, საკასაციო სასასამართლოში - 1699.06 ლარი).

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი