საქმე №ას-931-2023 6 ივნისი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი.ი–ს“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ი.ი–ის“ წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა მართვის საზღაურის - 1514569 ლარის, პირგასამტეხლოს - 2060379,78 ლარისა და 177102 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე - სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“) და შპს „ი.ი–სს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება შპს „თ.ს.ს.დ–ის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: ა) მართვის საზღაურის გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით: პირველი 5 წლის განმავლობაში - 100020 ლარი; მომდევნო 5 წლის განმავლობაში 150 020 ლარი; 10 წლის შემდეგ ყოველწლიურად - 250020 ლარი. (3.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი); ბ) წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობა (3.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი); გ) საკონცერტო დარბაზის მოსაწყობად არანაკლებ 5000000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება და რეაბილიტირებული დარბაზის გახსნა 01.10.2008 წლამდე (3.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).
2.2. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის N663 განკარგულებით, შპს „ი.ი–სს“ 2009 წლის 15 იანვრამდე გადაუვადდა საკონცერტო დარბაზის მოსაწყობად არანაკლებ 5000000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებისა და რეაბილიტირებული დარბაზის გახსნის ვალდებულება. ხოლო, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 28 დეკემბრის N916 განკარგულებით შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის N663 განკარგულებაში და საკონცერტო დარბაზის მოსაწყობად არანაკლებ 5000000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებისა და რეაბილიტირებული დარბაზის გახსნის ვალდებულება მოპასუხეს გადაუვადდა 2009 წლის 1 სექტემბრამდე და წელიწადში სულ ცოტა 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის 1 სექტემბრიდან.
2.3. შპს „ი.ი–სმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები რიგ შემთხვევაში დაარღვია, რიგ შემთხვევაში კი საერთოდ არ შეუსრულებია, რის გამოც დაეკისრა მართვის საზღაურის - 1514569 ლარის, პირგასამტეხლოს - 2060379,78 ლარისა და 177102 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი და მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. მოპასუხემ მიუთითა, რომ ხელშეკრულება გაფორმდა მომავალში მისი გადახედვის პირობით. კერძოდ, ვინაიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ჯეროვანი მართვის პირობებშიც შეუძლებელი იყო, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელობის მხრიდან არსებობდა დაპირება, რომ მართვის საზღაური საერთოდ მოიხსნებოდა. აღნიშნული დაპირებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იმ პერიოდში ოპერისა და ბალეტის თეატრი რემონტისათვის იხურებოდა და დედაქალაქი რჩებოდა კულტურული ღონისძიების ჩასატარებელი დიდი დარბაზების გარეშე, ხელშეკრულებას ხელი მოეწერა არსებული პირობებით. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ხელშეკრულების გადახედვის თაობაზე სახელმწიფოს სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ამდენად, შპს „ი.ი–სს“ გააჩნდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების მოლოდინი, მოსარჩელის, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან არსებული დაპირების კეთილსინდისიერად განხორციელების გათვალისწინებით.
3.3. მოპასუხე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასა და არაჯეროვან შესრულებას უკავშირებდა იმ პერიოდში ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ-პოლიტიკურ მდგომარეობას (აგვისტოს ომი, ვადამდელი არჩევნები, სესხის გაცემის შეფერხება...).
3.4. მოპასუხის მითითებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე გავლენა იქონიეს, ასევე, ლარის გაუფასურებამ (აპარატურის შეკეთებასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების შეძენა უცხოური ვალუტით ხდებოდა) და კომუნალური გადასახადების მნიშვნელოვანმა ზრდამ.
3.5. შესაგებელში მითითებულია სასარჩელო მოთხოვნების გარკვეული ნაწილების ხანდაზმულობის თაობაზე. მოპასუხის მტკიცებით, სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ 37 000 აშშ დოლარის ნაწილში არ არის ხანდაზმული, თუმცა დაუსაბუთებელია, რაც მის დაკმაყოფილებასაც გამორიცხავს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
4.2. მოპასუხე შპს „ი.ი–სს“ მოსარჩელე სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სასარგებლოდ დაეკისრა მართვის საზღაურის გადახდა 1514569 ლარის ოდენობით. მოპასუხე შპს „ი.ი–სს“ მოსარჩელე სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2070629.78 ლარისა და 10102 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.2. სააპელაციო პალატამ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მართვის საზღაურის გადახდის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის და საკონცერტო დარბაზის მოსაწყობად 5000000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლოების ნაწილში აღნიშნა, რომ მისი დაკისრების წესი, ოდენობა და სხვა პირობები, განსაზღვრული იყო ნორმატიული აქტით („სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N1-1/1596 ბრძანებით), რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დისპოზიცია მასზე ვერ გავრცელდებოდა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო 1870629,78 ლარი და 10102 აშშ დოლარი იყო კანონშესაბამისი.
5.3. რაც შეეხება მოპასუხისთვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს საკონცერტო დარბაზის გახსნის ვალდებულების დაგვიანებით შესრულების, ასევე 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა მისთვის სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და სწორად მიიჩნიეს დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაჰკისრებოდა პირგასამტეხლო რეაბილიტირებული საკონცერტო დარბაზის გახსნის ვალდებულების დარღვევისათვის 50000 ლარის (189750 ლარის ნაცვლად) ოდენობით. ხოლო, ვინაიდან წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლო განსაზღვრული იყო უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარში), მიზანშეწონილი იყო, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 167000 აშშ დოლარის გადაყვანა ეროვნულ ვალუტაში, რაც სარჩელის აღძვრის დროს, 494086,2 ლარს შეადგენდა (167000X2,9586). სააპელაციო პალატის აზრით, საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებების გამართვის ვალდებულების დარღვევისათვის მოპასუხისათვის დასაკისრებელ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად სასამართლომ მართებულად მიიჩნია 150000 ლარი.
5.4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევით, რამაც საბოლოოდ საქმეზე არასწორი შედეგი გამოიწვია.
6.2. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ეროვნულ ვალუტაში გადაყვანისა და მისი 150 000 ლარამდე შემცირების თაობაზე მსჯელობას. კასატორი მიიჩნევს, რომ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა, წესი და ფორმა შეთანხმებული იყო მხარეთა შორის დადებული გარიგებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით, ამიტომ, მხარეებისთვის სახელშეკრულებო ვალდებულების დაწყებისთანავე იყო ცნობილი ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შედეგები. ამასთან, კასატორი უთითებს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითებული კონკრეტული საფუძვლები თუ რის საფუძველზე მოხდა დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება და რატომ მიიჩნია სასამართლომ იგი შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი დასძენს, რომ მხარეთა მიერ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს უცხოურ ვალუტაში შეთანხმება არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლსა და „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლს, რის გამოც, სასამართლოს ინიციატივით, დაკისრებული პირგასამტეხლოს ეროვნულ ვალუტაში გადაყვანა უმართებულოა, თუმცა მისი კონვერტაციის შემთხვევაშიც უნდა მომხდარიყო თანხის გადახდის დროისთვის არსებული კურსის და არა სარჩელის აღძვრის დროისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად დაანგარიშება.
6.3. კასატორი ასევე არ იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მოხმობილ მსჯელობას, რომელიც ხელშეკრულების 6.1. პუნქტების თანახმად ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა საკონკურსო და სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობაზე პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრებოდა საწესდებო კაპიტალის 10%-ის ოდენობით, კომპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 1897500 ლარს, რის გამოც მხარისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 189750 ლარის ოდენობით უმართებულოდ შემცირდა.
6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 20 მაისის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი (გასაჩივრებულ ნაწილში) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ნაწილობრივ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც კასატორს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
10. დადგენილია, რომ 2007 წლის 27 ივლისს ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, როგორც „მესაკუთრეს“ და მეორე მხრივ, შპს „ი.ი–სს“, როგორც „მმართველ პირს“ შორის გაფორმდა შპს „თ.ს.ს.დ–ის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მესაკუთრემ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე 49 წლის ვადით გადასცა, ხოლო მმართველმა პირმა, მართვის უფლებით, მიიღო „თ.ს.ს.დ–ის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წილის 100%. მმართველმა პირმა აიღო ვალდებულება ემართა მართვის უფლებით გადაცემული წილი მესაკუთრის სახელით, თავისივე რისკითა და ხარჯით. ხელშეკრულებით, მმართველმა პირმა იკისრა მართვის საზღაურის გადახდის ვალდებულება შემდეგი გრაფიკით: პირველი 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 100020 ლარი; მომდევნო 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 150020 ლარი; 10 წლის შემდეგ ყოველწლიურად - 250020 ლარი. ასევე, მმართველი პირის ვალდებულებად განისაზღვრა წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობა და საკონცერტო დარბაზის მოსაწყობად არანაკლებ 5000000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება და რეაბილიტირებული დარბაზის გახსნა 01.10.2008 წლამდე. ხელშეკრულებით დადგინდა, რომ ღონისძიებების მოსაწყობად წელიწადის ათვლა დაიწყებოდა 2008 წლის 1 ოქტომბრიდან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონკურსის ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში მმართველ პირს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც განისაზღვრებოდა საკონკურსო და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ: ა) მართვის უფლების გადაცემის საზღაურის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც იხდის მართვის უფლების მიმღები პირი მართვის უფლების გადაცემის საბოლოო საზღაურის გადაუხდელი თანხის 0,1%-ით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა საკონკურსო და სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობაზე პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად: წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის ვალდებულების დარღვევისას - ყოველ ჩაუტარებელ ადგილობრივ ღონისძიებაზე 1000 აშშ დოლარი, ხოლო, საერთაშორისო ღონისძიებაზე - 5000 აშშ დოლარი; ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობაზე საწესდებო კაპიტალის (1897500) 10% ოდენობის ფულადი თანხა. მმართველი პირის მიერ პირგასამტეხლოს გადაუხდელობისას და საკონკურსო და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მესაკუთრეს მიენიჭა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლებამოსილება. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის N663 განკარგულებით შპს „ი.ი–სს“: ა) საპატიოდ ჩაეთვალა 2008 წლის 20 ოქტომბრამდე მართვის საზღაურის გადაუხდელობა; ბ) 2009 წლის 15 იანვრამდე გადაუვადდა საკონცერტო დარბაზის მოსაწყობად არანაკლებ 500000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებისა და რეაბილიტირებული საკონცერტო დარბაზის გახსნის ვალდებულება; გ) წელიწადში 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის ათვლის ვადად განისაზღვრა 2009 წლის 15 იანვარი. ასევე, საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 28 დეკემბრის N916 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის N663 განკარგულებაში და შპს „ი.ი–სს“ 2009 წლის პირველ სექტემბრამდე გადაუვადდა საკონცერტო დარბაზის მოსაწყობად არანაკლებ 5000000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებისა და რეაბილიტირებული საკონცერტო დარბაზის გახსნის ვალდებულება. წელიწადში სულ ცოტა 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყო 2009 წლის პირველი სექტემბრიდან. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ წარმოადგენს შპს „თ.ს.ს.დ–ის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლების გადაცემის თაობაზე 2007 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლეს. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2019 წლის 29 ოქტომბრის N1/1- 5522 ბრძანებით შეწყდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“) და შპს „ი.ი–სს“ შორის შპს „თ.ს.ს.დ–ის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლების გადაცემის თაობაზე 2007 წლის 27 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება. შპს „ი.ი–სს“ შპს „თ.ს.ს.დ–ის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლების გადაცემის თაობაზე 2007 წლის 27 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიმართ ერიცხება დავალიანება: ა) 2010 წლის 27 ივლისიდან 2019 წლის 29 ოქტომბრამდე გადაუხდელი მართვის საზღაური 1514569 ლარის ოდენობით; ბ) მართვის საზღაურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 1870629,78 ლარის ოდენობით; გ) საკონცერტო დარბაზის მოსაწყობად არანაკლებ 5000000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 10102 აშშ დოლარის ოდენობით; დ) რეაბილიტირებული საკონცერტო დარბაზის გახსნის ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 189750 ლარის ოდენობით; ე) წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო 167000 აშშ დოლარის ოდენობით.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მართვის საზღაურის გადახდის (1514569 ლარი), მართვის საზღაურის გადახდის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსა (1870629,78 ლარი) და საკონცერტო დარბაზის მოსაწყობად 5000000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს (10102 აშშ დოლარი) დაკისრების ნაწილში მოთხოვნა გასაჩივრებული არ არის და შესულია კანონიერ ძალაში. საკასაციო პალატა დასაბამშივე აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შედავებულია მხოლოდ საკონცერტო დარბაზის გახსნის ვალდებულების დაგვიანებით შესრულების, ასევე 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტი, ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
12. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების ნაწილობრივ დარღვევით შესრულებით ნაწილობრივ კი, ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, ამ უკანასკნელს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის არსებობა სადავო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.
13. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ეროვნულ ვალუტაში გადაყვანისა და მისი 150000 ლარამდე შემცირების თაობაზე მსჯელობას. კასატორი მიიჩნევს, რომ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა, წესი და ფორმა შეთანხმებული იყო მხარეთა შორის დადებული გარიგებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით, ამიტომ, მხარეებისთვის სახელშეკრულებო ვალდებულების დაწყებისთანავე იყო ცნობილი ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შედეგები. ამასთან, კასატორი უთითებს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითებული კონკრეტული საფუძვლები თუ რის საფუძველზე მოხდა დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება და რატომ მიიჩნია სასამართლომ იგი შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი დასძენს, რომ მხარეთა მიერ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს უცხოურ ვალუტაში შეთანხმება არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლსა და „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლს, რის გამოც, სასამართლოს ინიციატივით, დაკისრებული პირგასამტეხლოს ეროვნულ ვალუტაში გადაყვანა უმართებულოა, თუმცა მისი კონვერტაციის შემთხვევაშიც უნდა მომხდარიყო თანხის გადახდის დროისთვის არსებული კურსის და არა სარჩელის აღძვრის დროისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად დაანგარიშება. კასატორი ასევე არ იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მოხმობილ მსჯელობას, რომელიც ხელშეკრულების 6.1. პუნქტების თანახმად ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა საკონკურსო და სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობაზე პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრებოდა საწესდებო კაპიტალის 10%-ის ოდენობით, კომპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 1897500 ლარს, რის გამოც მხარისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 189750 ლარის ოდენობით უმართებულოდ შემცირდა.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-1274-2022, 22.11.2022წ.; №ას-1245-2022, 9.03.2023წ.). პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქციის არსი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ. გვ. 590).
15. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019წ.; №ას-89-2024, 12.04.2024წ.; №ას-65-2024, 15.04.2024წ.). როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე, იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის გაითვალისწინება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რამდენსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605).
17. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორებიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და, ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ.: სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016წ.; №ას-327-2019, 27.05.2019წ.; №ას-825-2019, 5.09.2019წ.; №ას-1511-2018, 26.03.2019წ.).
18. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა. ამასთან, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ.: სუსგ №ას-189-2022, 16.09.2022წ.; №ას-1206-2023, 17.11.2023წ.).
19. ზემომითითებული ნორმატიული მოწესრიგების ფარგლებში საკასაციო პალატა პირველ რიგში იმსჯელებს საკონცერტო დარბაზის გახსნის ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერების თაობაზე. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ხელშეკრულების 3.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკონცერტო დარბაზის გახსნის ვალდებულება, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული ცვლილებების საფუძველზე, მოპასუხეს უწევდა 2009 წლის 1 სექტემბრამდე, თუმცა საკონცერტო დარბაზი გაიხსნა 2010 წლის 4 იანვარს - ოთხთვიანი დაგვიანებით (მაშინ როდესაც ამ ვალდებულების შესრულების გადავადება ერთხელ უკვე მოხდა მხარეთა შეთანხმებით), რის გამოც მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო საწესდებო კაპიტალის (1897500) 10%-ის ოდენობით (189750 ლარი). საკასაციო პალატა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის, მოცულობის, დანიშნულების, მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების, მხედველობაში მიღებით მიიჩნევს, რომ მოხმობილი პირგასამტეხლოს შემცირება 50000 ლარამდე სრულიად არაგონივრულად მოხდა, რადგან დარღვევის ხასიათი (ოთხთვიანი გადაცილება, დაგვიანებით (მაშინ როდესაც ამ ვალდებულების შესრულების გადავადება ერთხელ უკვე მოხდა მხარეთა შეთანხმებით)) და შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა (თ.ს.ს.დ–ის სრულად რეაბილიტირებულ მდგომარეობაში გახსნა) სხვაგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა. ამ მიმართებით პალატას მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს სახით 94875 ლარის (დაკისრებული პირგასამტეხლოს 50%) დაკისრება უზრუნველყოფს ზიანის იმ ოდენობას, რის მაკომპენსირებელ ნორმატიულ საშუალებასაც სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი წარმოადგენს. ამასთან, არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს. შესაბამისად, საკასაციო პალატა შესრულების ღირებულების, დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და შედეგების, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლოს სახით 94875 ლარის დაკისრება ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით არ წარმოადგენს არაგონივრულს, მიიჩნევს, რომ სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი მოპასუხისათვის ზემოაღნიშნული თანხის დაკისრება სავსებით მართებული და კანონიერია (იხ. შდრ. სუსგ. საქმეზე Nსაქმე №ას-652-2024 26 ივლისი, 2024 წელი).
20. რაც შეეხება კასატორის მეორე პრეტენზიას, რომელიც მოპასუხის მიერ წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შეუსაბამო ოდენობამდე შემცირებასა და მის ეროვნულ ვალუტაში არასწორად გადაყვანას მიემართება, ამ მიმართებითაც საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია ნაწილობრივ დასაბუთებულია. სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლის თანახმად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის. უდავოა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო მოეწყო წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიება, რომლის ათვლაც, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული ცვლილებებით, დაიწყო 2009 წლის 1 სექტემბრიდან. აღნიშნული ვალდებულება ყოველწლიურად ირღვეოდა, რისი გათვალისწინებითაც, ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის შპს „ი.ი–სს“ დაეკისრა 167000 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლო. კერძოდ, ხელშეკრულების 6.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 3.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევისას, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრებოდა ყოველ ჩაუტარებელ ადგილობრივ ღონისძიებაზე 1000 აშშ დოლარის და საერთაშორისო ღონისძიებაზე 5000 აშშ დოლარის ოდენობით. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც მხარეთა შორის პირგასამტეხლოს აშშ დოლარში განსაზღვრის შესაძლებლობას გამორიცხავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოდავე მხარეები პირგასამტეხლოს აშშ დოლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე მხარეთა ნების ავტონომიისა და სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის ფარგლებში შეთანხმდნენ, რაც მისი სასამართლოს ინიციატივით, შეცვლის მართებულობას გამორიცხავს. თუმცა არ არის გასაზიარებელი კასატორის პოციცია აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გამოთვლის შესახებ, რადგან მისი დაანგარიშების თარიღი სარჩელის აღძვრის მომენტისთვის სწორად არის განსაზღვრული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ. რაც შეეხება დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას (150000 ლარი), პალატის განსჯით, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ნაწილში ვალდებულება საერთოდ არ შესრულებულა, ასევე ხელშეკრულების დანიშნულებიდან გამომდინარე, რაც ეროვნული კულტურული ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობასა და ფუნქციას უკავშირდება, პალატა მიიჩნევს, რომ დარღვევის მაკომპენსირებელ გონივრულ ოდენობას 83500 აშშ დოლარი (დაკისრებული პირგასამტეხლოს 50%) წარმოადგენს.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 83500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და 94875 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, მოპასუხეს ეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამიტომ, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადასახდელი ბაჟი სწორედ დაკმაყოფილებული მოთხოვნის (94875 ლარისა და 83500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის) შესაბამისად უნდა დაანგარიშდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს II ინსტანციის სასამართლოში სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი 7000 ლარის გადახდა, ვინაიდან 94875 ლარისა და 83500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის 4% აღემატება, მეორე ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისთვის გადასახდელი მაქსიმალური ბაჟის (7000 ლარი) ოდენობას და III ინსტანციის სასამართლოში საკასაციო საჩივარზე გადასახდელი 8000 ლარი, ვინაიდან 94875 ლარისა და 83500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის 5% აღემატება, მესამე ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისთვის გადასახდელი მაქსიმალური ბაჟის (8000 ლარი) ოდენობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინების მე-2 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება მოპასუხე შპს „ი.ი–ისთვის“ შემცირებული პირგასამტეხლოს (150 000 ლარისა და 50 000 ლარის) დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სარჩელი მოპასუხისთვის საკონცერტო დარბაზის დაგვიანებით გახსნისა და შეთანხმებული კულტურული ღონისძიებების ჩაუტარებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს (167 000 აშშ დოლარი და 189 750 ლარი) გადახდის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „ი.ი–ს“ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 94875 ლარისა და 83500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;
5. შპს „ი.ი–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 15000 ლარის გადახდა;
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი