Facebook Twitter

საქმე №ას-662-2025 23 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – კ.კ–ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ს.კ.უ–ნი'' (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისთვის იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ.კ–ნმა სარჩელი აღძრა სასამართლოში, სს ,,ს.კ.უ–ნის'' მიმართ,ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ .

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებით სს ,,ს.კ.უ–ნის'' სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. განჩინება, ტ. 2, ს.ფ. 81-89)

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ.კ–ნის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სსსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. სსსკ-ის 391-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. შესაბამისად, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, იგი უნდა გაასაჩივროს სააპელაციო წესით და თუ სააპელაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს მის სააპელაციო საჩივარს, უფლებამოსილია წარადგინოს საკასაციო საჩივარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არა აქვს საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლება.

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მხოლოდ მოპასუხემ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია მოსარჩელეს.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია, არ არის უფლებამოსილი სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივროს საკასაციო წესით (იხ.: სუსგ №ას-652-614-2012, 18 მაისი, 2012წ.; საქმე №ას-614-584-2013, 22 ივლისი, 2013წ.; №ას-55-2020, 27 იანვარი, 2020წ.), რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილში განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 264-ე, 265-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ.კ–ნის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე