საქმე №ას-321-2025 30 მაისი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ხ.გ–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ს.კ.ჯ.ბ–ი'' (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს ,,ს.კ.ჯ.ბ–მა'' სარჩელი აღძრა სასამართლოში, მოპასუხე ხ.გ–ვას მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს ხ.გ–ვას მოსარჩელე სს ,,ს.კ.ჯ.ბ–ის'' სასარგებლოდ დაეკისრა 5638 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის 169.14 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის 225.52 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ სს ,,ს.კ.ჯ.ბ–მა'', ასევე მოპასუხე ხ.გ–ვამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ს.კ.ჯ.ბ–ის'' სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ხ.გ–ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს ,,ს.კ.ჯ.ბ–ის'' სარჩელი დაკმაყოფილდა. ხ.გ–ვას სს ,,ს.კ.ჯ.ბ–ის'' სასარგებლოდ დაეკისრა 21 352.99 ლარის ანაზღაურება. ხ.გ–ვას სს ,,ს.კ.ჯ.ბ–ის'' სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელისა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟების, ჯამში - 1280 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის 854.10 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ხ.გ–ვამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის განჩინებით ხ.გ–ვას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ხ.გ–ვას დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2025 წლის 14 მარტს და 2025 წლის 20 მარტს ჩაბარდა კასატორის შვილს - რ.გ–ვას 2025 წლის 24 მარტს.
2025 წლის 02 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა კასატორმა და მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 აპრილის განჩინებით ხ.გ–ვას შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. ხ.გ–ვას დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“).
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2025 წლის 11 აპრილს და ჩაბარდა პირადად 2025 წლის 15 აპრილს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო, მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 აპრილის განჩინებით ხ.გ–ვას შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. ხ.გ–ვას დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2025 წლის 11 აპრილს და ჩაბარდა პირადად 2025 წლის 15 აპრილს.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 16 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 25 აპრილს (იხ. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). დადგენილია, რომ კასატორს ან მის წარმომადგენელს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ.გ–ვას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ხ.გ–ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე