საქმე №ას-309-2024 6 ივნისი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა (შემდეგში "მოსარჩელე", "კასატორი") სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (შემდეგში "მოპასუხე", "მოწინააღმდეგე მხარე") წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით - 3 450 ლარის დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მხარეთა შორის, 2019 წლის 31 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ აიღო ვალდებულება 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით გაეწია სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადაზღვევო მომსახურება. ხელშეკრულების დანართი N1-ის შესაბამისად, ავტომანქანის ან მისი ნაწილების აღდგენის ან შეცვლის ვადა განისაზღვრა ზარალის ანაზღაურების შესახებ აქტის შედგენიდან არაუმეტეს 20 კალენდარული დღე, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში, არაუმეტეს 45 კალენდარული დღე.
2.2. 2019 წლის 28 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა "SUZUKI VITARA" (სახელმწიფო ნორმით: .......). აღნიშნულ ავტომანქანაზე მიყენებული ზიანის დარეგულირების აქტი მხარეთა შორის შედგა 2019 წლის 9 სექტემბერს, თუმცა მისი შეკეთება მოპასუხის მიერ ნაცვლად 2019 წლის 29 სექტემბრისა (ზარალის ანაზღაურების შესახებ აქტის შედგენიდან დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში, არაუმეტეს 45 კალენდარული დღე), დასრულდა 2019 წლის 7 დეკემბერს - 69 კალენდარული დღის დაგვიანებით.
2.3. ხელშეკრულების 11.5. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, რამაც 69 კალენდარულ დღეზე შეადგინა 3 450 ლარი.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი შპს „ს.კ.ე.ჯ–იას“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო პალატამ სახელშეკრულებო დათქმათა ჭრილში, შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
5.3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტისათვის (მოსარჩელისათვის) ვალდებულების დარღვევის შესახებ სულ მცირე, ცნობილი გახდა 2019 წლის 7 დეკემბერს, როდესაც დასრულდა ავტომანქანის აღდგენა, რაც დასტურდებოდა საქმის მასალებში წარმოდგენილი, ორმხრივად ხელმოწერილი, მიღება-ჩაბარების აქტით. შესაბამისად, პალატის აზრით, ხანდაზმულობის ვადის დენაც სწორედ ამ თარიღიდან დაიწყო და სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, მოთხოვნა განხორციელებადი იყო 2022 წლის 8 დეკემბრამდე. პალატამ მიუთითა, რომ განსახილველი სარჩელი სამინისტრომ აღძრა 2022 წლის 16 დეკემბერს, ანუ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდგომ.
5.4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად იქნა მიჩნეული. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ 2019 წლის 31 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა მოქმედებდა 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით, რის გამოც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ხანდაზმულობის დენის ათვლა არასწორად დაუკავშირა მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღს, რამაც განაპირობა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უმართებულობა.
6.2. კასატორი მოიხმობს პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ვრცელ სასამართლო პრაქტიკას, განმარტავს მის შინაარსსა და დანიშნულებას და მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების 69 დღიანი დაგვიანების გამო, პირგასამტეხლოს სახით, 3 450 ლარი უნდა დაეკისროს.
6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- სს „ს.კ.ე.ჯ–იასა“ (მიმწოდებელი) და კასატორს შორის 2019 წლის 31 მაისს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N419 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაეწია, შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის (თანდართული დაზღვევის პირობების - დანართი №1-ისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის დანართი №2-ის შესაბამისად) მომსახურება, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული CON190000322 სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით;
- ხელშეკრულების N1 დანართის მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის, მე-7 პუნქტის მიხედვით, მომხდარი შემთხვევის განხილვის მიზნით, მზღვეველი ვალდებული იყო, სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღებიდან 2 სამუშაო დღეში, ეღიარებინა სადაზღვევო შემთხვევა ან დასაბუთებული უარი განეცხადებინა აღიარებაზე, რის შესახებაც წერილობით უნდა ეცნობებინა დამზღვევისათვის; ამავე დანართის მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის, მე-8 პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის აღიარების შემდეგ, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ძრავის დაზიანების შემთხვევაში - არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, დამზღვევისა და მზღვეველის წარმომადგენელთა თანდასწრებით უნდა შემდგარიყო შესაბამისი დეფექტური აქტი დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილის აღდგენის ან შეცვლისთვის საჭირო თანხების მითითებით; ხოლო მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დეფექტური აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში მზღვეველი ვალდებული იყო შეედგინა ზარალების რეგულირების აქტი, რომელიც დამოწმებული უნდა ყოფილიყო მზღვეველისა და დამზღვევის ხელმოწერებით;
- ხელშეკრულების დანართი №1-ის „დაზღვევის პირობების“, II ნაწილის, მე-2 მუხლის, მე-10 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში, უნდა განხორციელებულიყო დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შეკეთება / აღდგენა;
- 2019 წლის 28 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სს „ს.კ.ე.ჯ–იაში“ 31.05.2019წ. N419 ხელშეკრულებით დაზღვეული სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „SUZUKI VITARA“ (სახელმწიფო ნორმით: ........). ხელშემკვრელი მხარეების მიერ 2019 წლის 9 სექტემბერს შედგენილი და ხელმოწერილი დარეგულირების აქტის თანახმად, დაზიანებული ავტომანქანის შეკეთება უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 9 სექტემბრიდან 45 დღის ვადაში - არაუგვიანეს 2019 წლის 24 ოქტომბრისა (იხ. დაზღვევის ხელშეკრულება და გადაწყვეტილება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე საქმეში).
- საქმეში წარმოდგენილი მიღება/ჩაბარების აქტით, დასტურდება, რომ ავტომანქანის აღდგენა დასრულდა 2019 წლის 7 დეკემბერს (იხ. მიღება ჩაბარების აქტი ს.ფ. გვ. 43).
12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია იმის დადგენა თუ რამდენად სწორად ეთქვა უარი მოსარჩელეს პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მისი ხანდაზმულობის მოტივით. იმ შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მხარეს სურს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის მომწესრიგებელ დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი კი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი) 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას).
13. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებას მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობისა და შესაბამისად მისი დაკმაყოფილების შეუძლებლობის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში უპირველესად, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა მოწმდება, ხოლო შემდეგ მისი განხორციელებადობა, თუკი, მოპასუხეს წარდგენილი აქვს ხანდაზმულობის, ანუ მოთხოვნის განხორციელების ხელის შემშლელი შესაგებელი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს წარდგენილი აქვს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი (იხ. ს.ფ. 52). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც მოპასუხე ასეთი სახის შესაგებელს წარადგენს, სასამართლო იწყებს კვლევას, თუ როდის წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, რათა შესაბამისად ათვალოს ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის შესაგებელი წარუმატებლად აქცევს სარჩელს, მიუხედავად იმისა მოთხოვნა საფუძვლიანია თუ არა (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-782-2019 18 თებერვალი, 2022 წელი).
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე; თბილისი 2007; ასევე სუსგ N ას-547-515-2012, 11.06.2012წ.);
15. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ - მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება #1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
16. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად მიიჩნევა. გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას გაართულებს. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისგან.
17. ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე „სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ” სასამართლო განმარტავს: „...ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს“ (იხ. სუსგ N ას-988-1021-2011, 15.11.2011წ.).
18. საკასაციო პალატა აგრეთვე მიუთითებს, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომელიც ხანდაზმულობის ვადის გამოთვლის მიზნებისთვის ცენტრალური მნიშვნელობისაა. ნორმის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.
19. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები საიდანაც უდავოდ დგინდება, რომ 2019 წლის 28 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სს „ს.კ.ე.ჯ–იაში“ 2019 წლის 31 მაისს, N419 ხელშეკრულებით, დაზღვეული სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „SUZUKI VITARA“ (სახელმწიფო ნორმით: ....). ამასთან, წარმოდგენილია ხელშემკვრელი მხარეების მიერ 2019 წლის 9 სექტემბერს შედგენილი და ხელმოწერილი დარეგულირების აქტიც, რომლის თანახმად, დაზიანებული ავტომანქანის შეკეთება უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 9 სექტემბრიდან 45 დღის ვადაში - არაუგვიანეს 2019 წლის 24 ოქტომბრისა (იხ. დაზღვევის ხელშეკრულება და გადაწყვეტილება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე საქმეში). სარჩელს ასევე, ერთვის მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული მიღება/ჩაბარების აქტი, საიდანაც იკვეთება, რომ ავტომანქანის აღდგენა დასრულდა 2019 წლის 7 დეკემბერს (იხ. მიღება ჩაბარების აქტი ს.ფ. გვ. 43).
20. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2019 წლის 7 დეკემბრამდე სადაზღვევო კომპანიას მასზე დაკისრებული ავტომანქანის შეკეთების ვალდებულება არ განუხორციელებია. შესაბამისად, გასაზიარებელია გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული ის მსჯელობა, რომ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის საფუძველზე, კასატორისთვის უფლების დარღვევის შესახებ, როგორც ობიექტურად, ისე სუბიექტურად, სულ მცირე, 2019 წლის 7 დეკემბერს, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერის დროს უკვე ცნობილი იყო, რადგან მისთვის ცხადი გახდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, სადაზღვევო კომპანიამ ვალდებულება ვერ შეასრულა. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს. განსახილველ შემთხვევაში, მოდავე მხარეები სადაზღვევო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი უფლება-მოვალეობების თაობაზე დავობენ, ამიტომ, მოთხოვნის განხორციელების ხანდაზმულობის ვადად სწორედ სამწლიანი მონაკვეთი უნდა განისაზღვროს. ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა მართებულად დაუკავშირა 2019 წლის 7 დეკემბერს, ცალსახაა, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისთვის (2022 წლის 16 დეკემბერი), სასარჩელო მოთხოვნა უკვე ხანდაზმული იყო, რაც მისი განხორციელების ანუ დაკმაყოფილების, შესაძლებლობას გამორიცხავდა.
21. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი