ბს-1085-1034(2კ-06) 1 ივნისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) _ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი (ამჟამად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური), წარმომადგენელი ა. დ.-ე; 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია (ამჟამად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია), წარმომადგენელი ა. კ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს “კ.-ო”, წარმომადგენელი ლ. ი.-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ შემოწმების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 11 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “კ.-მ” მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2002 წლის 16 აგვისტოს აქტის ბათილად ცნობა და დარიცხული თანხის საგადასახადო ვალდებულებიდან ამოღება, შემდეგი საფუძვლით:
აქტით დარიცხული თანხები უკანონოა, რაც დადასტურებულია საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის მიერ დამტკიცებული 2003 წლის 25 თებერვლის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული დადგენილებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ო” პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყდა სისხლის სამართლის საქმე ¹3002371, აღძრული შპს “კ.-ს” ხელმძღვანელობის მიმართ 2001-2002 წლებში გადასახადისაგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თავის არიდების ფაქტზე (სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილი). დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის საქმემ ვითარების შეცვლის გამო დაკარგა საშიში ხასიათი, რაც მდგომარეობს, ერთი მხრივ, შპს “კ.-ს” ხელმძღვანელობის მიერ შემოწმების შედეგად (2003 წლის 5 თებერვლის აქტის და 2003 წლის 18 თებერვლის ¹137/17 ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე) ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული დამატებითი თანხების გადახდაში, ხოლო, მეორე მხრივ, 2002 წლის 16 აგვისტოს აქტითა და 7 ნოემბრის დასკვნით ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 999 797 ლარის დარიცხვის არამართლზომიერების დადგენაში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2003 წლის 18 თებერვლით დათარიღებული ექსპერტიზის დასკვნით, რომელსაც ეყრდნობოდა პროკურატურის მიერ დამტკიცებული დადგენილება, განისაზღვრა ბიუჯეტის სასარგებლოდ შპს “კ.-სათვის” 150 337, 10 ლარის დარიცხვის სისწორე და დადგენილ იქნა, რომ შპს “კ.-ს” 2003 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გააჩნია აქტივი ძირითად თანხაში, დღგ-ში 90 302.72 ლარი, ასევე დავალიანება სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და საშემოსავლო გადასახადების თანხაში 59 097. 12 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 1-5).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “კ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2002 წლის 16 აგვისტოს შემოწმების აქტი შპს “კ.-სათვის” ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 330 184 ლარის დარიცხვის ნაწილში და შპს “კ.-ს” შეუმცირდა გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ბარათზე არსებული დავალიანება 520 093 ლარით (ტომი 1, ს.ფ. 237-248).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 26 მარტის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტომი 1, ს.ფ. 297-304).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “კ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2002 წლის 16 აგვისტოს შემოწმების აქტი შპს “კ.-სათვის” ბიუჯეტის სასარგებლოდ 899 556 ლარის დარიცხვის ნაწილში და შპს “კ.-ოს” გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ბარათზე არსებული დავალიანება შეუმცირდა 520 093 ლარით (ტომი 1, ს.ფ. 461-473).
თბილისის საოლქო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 479-482).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმე განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (ტომი 1, ს.ფ. 508-520).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “კ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2002 წლის 16 აგვისტოს შემოწმების აქტი შპს “კ.-სათვის” ბიუჯეტის სასარგებლოდ 899 556 ლარის დარიცხვის ნაწილში, შეუმცირდა შპს “კ.-ს” გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ბარათზე არსებული დავალიანება 520 093 ლარით, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარის გადახდა დაეკისრათ მოპასუხეებს სოლიდარულად (ტომი 1, ს.ფ. 541-548).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 552-556).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 2, ს.ფ. 4-8).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი მოპასუხეებისათვის 5000 ლარის დაკისრების ნაწილში და ისინი გათავისუფლდნენ ამ თანხის გადახდისაგან, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (ტომი 2, ს.ფ. 37-42).
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ. კასატორებმა მოითხოვეს გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მათი სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება და შპს “კ.-ს” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 2, ს.ფ. 49-52; 53-56).
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი:
1. შპს “კ.-ო”:
1.1. აზუსტებს სასარჩელო მოთხოვნას, განსაზღვრავს მას 1 125 415 ლარით (მათ შორის: 2002 წლის 16 აგვისტოს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის შემოწმების აქტით დარიცხული თანხებიდან 605 322 ლარი და 2002 წლის 7 ნოემბრის დასკვნით დარიცხული 520 093 ლარი);
1.2. 294 234 ლარის (2002 წლის 16 აგვისტოს შემოწმების აქტის მიხედვით) ნაწილში უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნაზე და ამ ნაწილში ცნობს საგადასახადო დეპარტამენტის (უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური) და მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრებს.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (საგადასახადო დეპარტამენტის უფლებამონაცვლე) და შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სათათბირო საბჭოს 2007 წლის 22 მარტის ¹9 სხდომის ოქმის VI პუნქტის შესაბამისად უარს ამბობს საკასაციო საჩივრებზე 1 125 415 ლარის ნაწილში და ცნობს შპს “კ.-ს” დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას შემდეგი გადასახადების მიხედვით: ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი _ 37 317 ლარი (ძირითადი გადასახადი _ 21 000 ლარი, საურავი _ 16 317 ლარი); არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადი _ 32 461 ლარი (ძირითადი გადასახადი _ 14 826 ლარი, საურავი _ 17 635 ლარი); დღგ-ს უკუდაბეგვრის ნაწილში _ 403 243 ლარი ( ძირითადი გადასახადი _ 198 660 ლარი, საურავი _ 204 583 ლარი); სოციალური გადასახადი _ 81 644 ლარი (ძირითადი გადასახადი _ 29 400 ლარი, ჯარიმა _ 29 400 ლარი, საურავი _ 22 844 ლარი); ჯანდაცვის სავალდებულო შესატანის სახით _ 8 526 ლარი (ძირითადი გადასახადი _ 4 200 ლარი, ჯარიმა _ 1 050 ლარი, საურავი _ 3 276 ლარი); დასაქმების ფონდი _ 2 131 ლარი (ძირითადი გადასახადი _ 1 050 ლარი, ჯარიმა _ 262 ლარი, საურავი _ 819 ლარი); სანქცია 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 223-ე მუხლის მიხედვით 40 000 ლარი; 2002 წლის 7 ნოემბრის დასკვნით დღგ-ის უკუდაბეგვრის ნაწილში დარიცხული 520 093 ლარი (ძირითადი გადასახადი _ 179 590 ლარი, საურავი _ 340 503 ლარი).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მორიგების აქტთან დაკავშირებით ასევე წარმოადგინა განმარტებები მათ ნაწილში მორიგების თითოეული საკითხის მიხედვით.
მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმეზე წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლის, მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ამდენად, ადმინისტრაციული სამართალურთიერთობის მონაწილენი, სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილეთა მსგავსად, აღჭურვილნი არიან თავიანთ უფლებათა თავისუფლად განკარგვის სრული უფლებამოსილებით, გარდა კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებათა მიღებისა. აქედან გამომდინარე, შესაბამისად, მხარეთა თავისუფალ განკარგულებაშია ყველა პროცესუალური საშუალება ამ უფლებამოსილების რეალიზებისათვის: მოსარჩელის ნებაზეა დამოკიდებული დაიწყოს საქმე, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს ნებისმიერ მომენტში, მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნოს ან არ ცნოს სარჩელი, მხარეთა მიერ გონივრული კომპრომისის მიღწევის უნარზეა დამოკიდებული, დაამთავრონ საქმე მორიგებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია მისი დამტკიცება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მორიგების აქტი, როგორც მხარეთა მიერ მათი საპროცესო უფლების კანონშესაბამისი რეალიზების შედეგი, ექვემდებარება დამტკიცებას. მხარეთა მორიგების გამო უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა;
2. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:
I. შპს “კ.-ო”:
1.1. აზუსტებს სასარჩელო მოთხოვნას, განსაზღვრავს მას 1 125 415 ლარით (მათ შორის: 2002 წლის 16 აგვისტოს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის შემოწმების აქტით დარიცხული თანხებიდან 605 322 ლარი და 2002 წლის 7 ნოემბრის დასკვნით დარიცხული 520 093 ლარი);
1.2. 294 234 ლარის (2002 წლის 16 აგვისტოს შემოწმების აქტის მიხედვით) ნაწილში უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნაზე და ამ ნაწილში ცნობს საგადასახადო დეპარტამენტის (უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური) და მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრებს.
II. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (საგადასახადო დეპარტამენტის უფლებამონაცვლე) და შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სათათბირო საბჭოს 2007 წლის 22 მარტის ¹9 სხდომის ოქმის VI პუნქტის შესაბამისად უარს ამბობს საკასაციო საჩივრებზე 1 125 415 ლარის ნაწილში და ცნობს შპს “კ.-ს” დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას შემდეგი გადასახადების მიხედვით: ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი _ 37 317 ლარი (ძირითადი გადასახადი _ 21 000 ლარი, საურავი _ 16 317 ლარი); არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადი _ 32 461 ლარი (ძირითადი გადასახადი _ 14 826 ლარი, საურავი _ 17 635 ლარი); დღგ-ს უკუდაბეგვრის ნაწილში _ 403 243 ლარი ( ძირითადი გადასახადი _ 198 660 ლარი, საურავი _ 204 583 ლარი); სოციალური გადასახადი _ 81 644 ლარი (ძირითადი გადასახადი _ 29 400 ლარი, ჯარიმა _ 29 400 ლარი, საურავი _ 22 844 ლარი); ჯანდაცვის სავალდებულო შესატანის სახით _ 8 526 ლარი (ძირითადი გადასახადი _ 4 200 ლარი, ჯარიმა _ 1 050 ლარი, საურავი _ 3 276 ლარი); დასაქმების ფონდი _ 2 131 ლარი (ძირითადი გადასახადი _ 1 050 ლარი, ჯარიმა _ 262 ლარი, საურავი _ 819 ლარი); სანქცია 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 223-ე მუხლის მიხედვით 40 000 ლარი; 2002 წლის 7 ნოემბრის დასკვნით დღგ-ის უკუდაბეგვრის ნაწილში დარიცხული 520 093 ლარი (ძირითადი გადასახადი _ 179 590 ლარი, საურავი _ 340 503 ლარი).
3. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს განემარტოთ, რომ საქმეზე წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.