საქმე №ას-62-2025 28 აპრილი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - თ.მ–ი (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ძ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ძ.ბ–ის“ (შემდგომში მოსარჩელე) საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქალაქ ბორჯომში, .......... მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: .......);
2. თ.მ–ის (შემდგომში მოპასუხე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკუთრებად რეგისტრირებულია ქონება მდებარე, ქალაქი ბორჯომი, ........ N19-ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი: .......);
3. მოსარჩელის კუთვნილი ქონების ნაწილს (შემდგომში სადავო უძრავი ქონება, სადავო მიწის ნაკვეთი ან სადავო ქონება) მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოპასუხე.
4. სარჩელის საფუძვლები
4.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა.
5. მოპასუხის შესაგებელი
5.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
6. მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება
6.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის 2020 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილის, 16 კვ.მ-ის (სიგრძე დასავლეთით 9.71მ, აღმოსავლეთით - 9.86მ და სიგანე სამხრეთით - 2.53მ, ჩრდილოეთით - 0.79მ) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოპასუხეს დაევალა უკანონოდ გავლებული ღობის დემონტაჟი.
7. სააპელაციო საჩივარი
7.1. მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
9.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10. უზენაესი სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და დასკვნები
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფლდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის 2020 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დადგინდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (ს/კ ........) ნაწილის - 15 კვ.მ -ის გამოთხოვა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N003942124 დასკვნის დანართი N1-ის შესაბამისად. მოპასუხეს დაევალა 15 კვ.მ უძრავ ნივთზე არსებული ღობის დემონტაჟი.
11.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, შეაფასა საქმეში წარდგენილი სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 19 ივლისის #004852622 და 2024 წლის 13 ივნისის #003942124 საექსპერტო დასკვნები და აღნიშნა, რომ მითითებული მტკიცებულებების მიხედვით მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ საზღვარსა და საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვარს შორის ფიქსირდება გადაფარვა კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ მოპასუხის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის (ქ. ბორჯომში, .........., N19-ის მიმდებარედ მდებარე N..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის) ფაქტობრივი საზღვრები (ღობე) მოიცავს N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 15 კვ.მ ფართს. გადაფარვის სიგანე იცვლება 1.02 მ-იდან 2.34 მ-მდე. მოპასუხეს კი არ წარუდგენია სადავო უძრავი ქონების კანონიერად ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხარეთა შორის არც რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობს, რითიც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებით. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. ამდენად, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე-172-ე, 312-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და აღნიშნა, რომ არსებობდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების ნაწილის, 15 კვ.მ-ის გამოთხოვისა და მოპასუხისთვის ამ ფართზე არსებული ღობის დემონტაჟის დავალების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12.2. კასატორის განცხადებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, წარდგენილი საექსპერტო დასკვნები და არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხე არამართლზომიერად ფლობდა სადავო 15 კვ.მ ფართს, შესაბამისად, არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს ეზღუდებოდა მითითებულ ფართზე საკუთრების უფლება. სასამართლომ მართალია სადავოდ არ მიიჩნია მოპასუხის მხრიდან 48 კვ.მ ფართის ფლობის ფაქტი, თუმცა უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ აღნიშნული საკითხი შესაფასებელი არ იყო მითითებული დავის ფარგლებში, ვინაიდან სარჩელი არ ეხებოდა მოპასუხის კანონიერ მფლობელობაში არსებულ 48 კვ.მ-ს, არამედ მოსარჩელე ითხოვდა 48 კვ.მ-ის გარდა მოპასუხის მიერ ზედმეტად დაკავებული ფართის გამოთხოვას.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
20. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
21. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასმაართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ საზღვარსა და მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვარს შორის ფიქსირდება გადაფარვა და მოპასუხის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრები (ღობე) მოიცავს მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილს, 15 კვ.მ ფართს (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 13 ივნისის #003942124 დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქ. ბორჯომში, ........., N19-ის მიმდებარედ მდებარე N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრები (ღობე) მოიცავს (გადაფარავს) N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის 15 კვ.მ ფართს. გადაფარვის სიგანე იცვლება 1.02 მ-იდან, 2.34 მ-მდე (იხ. დანართი #1). დასკვნის კვლევით ნაწილში კი აღნიშნულია, რომ ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად გამოყენებულ იქნა 2022 წლის 19 ივლისს მომზადებულ N004852622 დასკვნაში არსებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც დადგინდა N...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრები (ღობე) და ფართი. აღნიშნული მონაცემები შედარებულ იქნა საჯარო რეესტრში N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებთან (წითელ ხაზებთან), რომელთა ელექტრონული ვერსია მოძიებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინტერნეტ გვერდიდან (ტ. 2. ს.ფ 204-207).
22. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
23. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე (15 კვ.მ ფართზე) მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.
24. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მოპასუხის მიერ 48 კვ.მ ფართის ფლობის შესახებ და არ უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის ვინდიკაციური მოთხოვნა.
25. საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც კასატორს სასამართლოში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია.
26. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან 48 კვ.მ მიწის ფართის ფლობის ფაქტის დადასტურება არ გამორიცხავს ვინდიკაციური სარჩელის უსაფუძვლობას, ვინაიდან, წარდგენილი სარჩელის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია არა მოპასუხის მხრიდან კონკრეტული ოდენობის ფართის ფლობის დადასტურება, არამედ იმ გარემოების დამტკიცება, ექცევა თუ არა მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული ქონების ნაწილი მოპასუხის მფლობელობაში, რაც წინამდებარე დავაში წარდგენილი საექსპერტო დასკვნებით დადასტურებულია.
27. ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% - 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. თ.მ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს შ.კ–ძის (პ/ნ ......) მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადახდო მოთხოვნა N9994, გადახდის თარიღი: 10.02.2025) 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი