საქმე №ას-1579-2025 30 მაისი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „მ.ა–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ლ–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ წერილობით გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო, კანონისმიერი კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „მ.ა–ი“ (შემდგომ - დამსაქმებელი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებას, მისივე სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც ნ.ლ–ვას (შემდგომ - მოსარჩელე, დასაქმებული) სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე შპს-ს 2022 წლის 7 ივნისის №07.06.2022/3 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით განაცდურის სახით ყოველთვიურად დარიცხული 1250 ლარის გადახდა, 2022 წლის 11 ივნისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელეს უარი ეთქვა კომპენსაციის სახით 2 თვის ოდენობით შრომით ანაზღაურებაზე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2022 წლის მაისის შრომის ანაზღაურების - დარიცხული 1250 ლარის, ასევე, სამივლინებო თანხის - 150 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხის მძიმე ფინანსური მდგომარეობა და ის გარემოება, რომ აღნიშნული საფუძვლით კომპანიამ 48 პირი გაათავისუფლა სამუშაოდან, რაც მიზნად ისახავდა კომპანიის შენარჩუნებას და მეტი დასაქმებულისათვის სამუშაოს შენარჩუნებას. მოსარჩელის გათავისუფლება ეფუძნებოდა იმას, რომ მისი ფუნქციების შეთავსება მეტად გამოცდილ თანამშრომლებს შეეძლოთ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
7. 2019 წლის 10 დეკემბრიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში ჯერ 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით, რომლის წარმატებით გავლის შემდეგაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 1 წლით. 2021 წლის 10 ივნისიდან მხარეები იმყოფებოდნენ ზეპირ უვადო შრომით ურთიერთობაში. მოსარჩელეს მოპასუხე კომპანიის საინფორმაციო სამსახურში ეკავა კორესპონდენტის პოზიცია, ხოლო მისი შრომის ანაზღაურება თვეში შეადგენდა დარიცხულ 1250 ლარს.
8. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია 2022 წლის მაისის სახელფასო დავალიანება დარიცხული 1250 ლარის ოდენობით.
9. 2022 წლის 17 მაისს მოპასუხემ მიიღო გადაწყვეტილება ბრძანების ფორმით, ხარჯების შემცირების მიზნით, კომპანიაში ორგანიზაციული და სხვა სახის ცვლილებების შესახებ.
10. ბრძანებაში მიეთითა კომპანიაში არსებულ ფინანსურ სირთულეებზე, საბიუჯეტო ვალდებულებებზე, მიმდინარე ხარჯების დაფარვისა და ხელფასების გაცემის შეუძლებლობაზე და, ხარჯების შემცირების მიზნიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეორგანიზაციის თაობაზე.
11. 2022 წლის 17 მაისის ბრძანებით შემცირდა კომპანიის ხარჯები, კერძოდ: ა) კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებით, შტატების შემცირების გზით; ბ) კომპანიის თანამშრომელთა ანაზღაურების გარკვეული მოცულობით კლების გზით; გ) კომპანიის სხვა ხარჯების, მათ შორის, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების გზით.
12. 2022 წლის 7 ივნისს მოპასუხე შპს-ს გენერალურმა დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, კომპანიის თანამშრომელთა ანაზღაურების შემცირების შესახებ. ბრძანების თანახმად, კომპანიის იმ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, რომელთა ხელფასის ხელზე ასაღები ოდენობა არ აღემატება 1500 ლარს, შემცირდა 5%-ით; კომპანიის იმ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, რომელთა ხელფასის ხელზე ასაღები ოდენობაა 1500-დან 5000 ლარის ჩათვლით, შემცირდა 10%-ით; კომპანიის იმ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, რომელთა ხელფასის ხელზე ასაღები ოდენობაა 5000-დან 10000 ლარის ჩათვლით, შემცირდა 15%-ით; კომპანიის იმ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, რომელთა ხელფასის ხელზე ასაღები ოდენობაა 10000-დან 20000 ლარის ჩათვლით, შემცირდა 20%-ით.
13. ამავე თარიღის ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2022 წლის 11 ივნისიდან მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა.
14. 2022 წლის 11 ივნისს მოპასუხემ მიიღო გადაწყვეტილება კომპანიაში ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ, რომლის საფუძველზეც: 1. დაიხურა ყველა სტუდია, რომელიც მდებარეობდა მისამართზე პეტრე სარაჯიშვილის №13/15/17 ე.წ. „ვაშლიჯვრის პავილიონი“; 2. იმ გადაცემის ავტორებს, რომელთა სტუდიებიც დაიხურა, შეეთავაზათ დამოუკიდებლად მოეძიებინათ დაფინანსება შესაბამისი გადაცემის დამზადებისათვის, რაც გულისხმობს გადაცემაზე მომუშავე ადამიანების შრომის ანაზღაურების სტუდიის, ტექნიკური და სხვა ხარჯების სრულად დაფარვას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კომპანიამ ამ გადაცემის ავტორებს მიანიჭა შესაბამის გადაცემაში ინტეგრირებული სარეკლამო მომსახურების რესურსის გამოყენების უფლება; 3. გადაცემის ავტორებთან წარმოებულ იქნა კონსულტაციები, მათ შორის, მიღებულ იქნა მათი შეთავაზებები გადაცემის შენარჩუნების ალტერნატიული გზების ძიებასთან დაკავშირებით.
15. 2022 წლის 23 ივნისს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა გათავისუფლების საფუძვლების წერილობითი დასაბუთება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ 2022 წლის 7 ივნისს ჩატარებულ თათბირზე სხვებთან ერთად გაიგო, რომ რამდენიმე ადამიანს კომპანია უნდა დაეტოვებინა. თათბირის დასრულებიდან დაახლოებით ნახევარ საათში მოსარჩელეს ეცნობა, რომ მოპასუხემ მასთან შეწყვიტა თანამშრომლობა, ფინანსური კრიზისის გამო. მოსარჩელე დაემორჩილა მოპასუხის გადაწყვეტილებას და დატოვა შენობა 7 ივნისს. ამის შემდეგ 9 ივნისს მოსარჩელემ მისწერა „ეიჩარს“, მიეწოდებინა ოფიციალური დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნებოდა გათავისუფლების მიზეზი, თუმცა ასეთი ცნობა არ მიუღია. ამასთან, მოგვიანებით ამავე წლის 16 ივნისს მენეჯმენტთან შეხვედრა მოახერხა რამდენიმე ადამიანმა, თუმცა მოსარჩელეს არც ცნობა გადასცემია და არც ის დავალიანება მიუღია, რომელიც კომპანიას მის მიმართ გათავისუფლების მომენტში ჰქონდა.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისაგან მოითხოვა, მიეწოდებინა ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოხდა მისი გათავისუფლება, ასევე, დამსაქმებელს აენაზღაურებინა მის მიმართ არსებული სახელფასო და სამივლინებო დავალიანებები. მოსარჩელემ მოითხოვა კომპენსაციის სახით 2 თვის შრომის ანაზღაურების გადაცემა.
17. მოპასუხის 2022 წლის 7 ივნისის ბრძანებით შრომითი ურთიერთობა შეწყდა კომპანიის 16 დასაქმებულთან, ხოლო 11 ივნისის ბრძანებით - 32 დასაქმებულთან. ყველა მათგანთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი იყო სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
18. მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებით, თანამშრომელთა ნაწილმა ნებაყოფლობით უარი თქვა შრომით ურთიერთობაზე.
19. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტის თანახმად, 2022 წლის 25 ივნისიდან 25 ივლისამდე პერიოდზე მოპასუხეს ერიცხება დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, საიდანაც 1 974 822.25 ლარი არის ძირითადი დავალიანება, ხოლო 248 427.9 ლარი - დარიცხული საურავი.
20. მოპასუხე მხარის განმარტებით, აღნიშნული დავალიანება დღეის მდგომარეობით კიდევ უფრო გაზრდილია.
21. მოსარჩელისათვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, მისთვის მისი კვალიფიკაციის შესაბამისი, სხვა რომელიმე პოზიციის შეთავაზება წერილობითი ფორმით არ მომხდარა.
22. მოპასუხემ მოსარჩელეს სარჩელის სასამართლოში აღძვრის შემდგომ შესთავაზა არქივის თანამშრომლის პოზიცია.
23. მოსარჩელის მიერ მოპასუხის რეორგანიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და სადავოდ არ გამხდარა.
24. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის პრეტენზია შეეხება მხარეთა შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისა და, აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, თანხის ანაზღაურების კანონიერების შეფასებას.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-474-2025, 30 აპრილი, 2025 წელი).
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ე.წ „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (იხ. სუსგ №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; №ას-1502-1422-2017, 20 თებერვალი, 2018 წელი, პ-14.4).
28. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არამარტო უფლება, არჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/2-389).
29. ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება“ (კონსტიტუციის 26-ე მუხლის დისპოზიცია: შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით), დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რათა მიჩნეულ იქნეს მართლზომიერად, კერძოდ: შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით; უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
30. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი რეგულაცია წარმოადგენს შრომის უფლების დაცვის გარანტს. შესაბამისად, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უფლებათა წონასწორობას ემსახურება შრომითი ხელშეკრულების შეჩერების თუ შეწყვეტის კანონიერი საფუძვლების არსებობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერ რეგულირებას აქვს შემაკავებელი ეფექტი, რომელიც ამ ურთიერთობის მონაწილეებს იცავს თვითნებობისა და სოციალური უსამართლობისაგან.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს ორგანიზაციაში ჩატარებული რეორგანიზაციისა და მისი შედეგების მოსარჩელისადმი გამოყენების მართლზომიერების საკითხები, კერძოდ, შტატების შემცირების მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერება, დამსაქმებელის მიერ სამოქალაქო უფლების მართლზომიერად გამოყენება, ანუ სშკ-ის 37.1-ე (დავის წარმოშობის მომენტისათვის 47-ე მუხლი) მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 115-ე, მე-8 მუხლებითა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული შრომის უფლების დაცვის სტანდარტით, ვინაიდან რეორგანიზაცია დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (იხ. სუსგ №ას-115-111-2016, 8 აპრილი, 2016 წელი; №ას-1077-2024, 15 ნოემბერი, 2024 წელი). იმისათვის, რომ შეფასდეს ორგანიზაციული ცვლილებები ობიექტურობის თვალსაზრისით, მისი აუცილებლობა და მიზანშეწონილობა, დამსაქმებელი ვალდებულია, წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონივრულ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში (იხ. სუსგ №ას-1444-1364-2017, 9 მარტი, 2018 წელი).
32. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ მოქმედი სშკ-ის 37.1-ე (დავის წარმოშობის მომენტისათვის 47-ე მუხლი) მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს და, ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს.
33. რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დასაქმებულთა უფლებებს. დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნისას, სშკ-ის 37-ე მუხლის (დავის წარმოშობის მომენტისათვის 47-ე მუხლი) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების განხორციელების შემთხვევაშიც კი, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან (იხ. სუსგ №ას-665-636-2016, 9 დეკემბერი, 2016 წელი; №ას-1193-2024, 13 დეკემბერი, 2024 წელი).
34. სხვა სამოქალაქო საქმეზე საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად, შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის, რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ. სუსგ №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი; №ას-1334-2021, 02 მარტი, 2022 წელი).
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შრომით სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური სტანდარტი, კერძოდ, „სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი წესი, რომელიც სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. შრომით-სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს და ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები“ (იხ. სუსგ №ას-475-456-2016, 24 ივნისი, 2016 წელი; №ას-890-857-2016, 9 ოქტომბერი, 2017 წწლი; №ას-703-2023, 30 ოქტომბერი, 2023 წელი).
36. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ მოპასუხე დაწესებულების ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, რამაც გამოიწვია კადრების ოპტიმიზაციის აუცილებლობა, თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, თავისთავად, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საკმარის საფუძვლად ვერ შეფასდება.
37. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელის სამსახურებრივი ფუნქციები შეითავსეს მასზე გამოცდილმა თანამშრომლებმა, რომელთა გათავისუფლება მოპასუხისათვის საზიანო იქნებოდა.
38. საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რეორგანიზაციის, მათ შორის, ფინანსური სირთულეების გამო, კადრების ოპტიმიზაციის პროცესი, პირველ რიგში, გულისხმობს თანამშრომელთა შეფასებას მათი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და სხვა მნიშნელოვანი უნარ-ჩვევების მიხედვით. სამსახურიდან გათავისუფლების იურიდიული დასაბუთებულობის დადასტურება მოიაზრებს დამსაქმებლის მტკიცებას, რომ დასაქმებულ პირთაგან სწორედ კონკრეტული დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა იყო სამართლიანი და ოპტიმალური, დამსაქმებლისათვის ფასეული ადამიანური რესურსის შენარჩუნების კუთხით.
39. ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე (იხ. სუსგ №ას-474-2025, 30 აპრილი, 2025 წელი) საკასაციო სასამართლომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლება კანონშესაბამისად მიიჩნია, რადგან დამსაქმებელმა დეტალურად შეისწავლა კონკრეტული პოზიციების, მათ შორის, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის არსებობის საჭიროება. მოპასუხე ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა შეისწავლა ადმინისტრაციაში არსებული სხვადასხვა პოზიციის ფუნქციური დატვირთვა. შეფასდა თითოეული თანამდებობის საჭიროება და მხოლოდ აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ შეირჩა თანამდებობა, რომლის ოპტიმიზაცია, შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის ფონზე, დამსაქმებელს ყველაზე ნაკლებ ზიანს მიაყენებდა.
40. განსახილველ დავაში მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელის ფუნქციებს შეითავსებდნენ სხვა თანამშრომლები, თუმცა არ დაუსაბუთებია, რაში მდგომარეობდა მათი უპირატესობა მოსარჩელესთან მიმართებით.
41. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ მოპასუხემ რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების ლეგიტიმური საფუძვლის არსებობა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 54-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობაა.
42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხემ სააპელაციო პალატის განჩინება გაასაჩივრა სრულად, თუმცა მისთვის, მხარეთა შორის არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულებების შესრულების დაკისრების ნაწილში კვალიფიციური და დასაშვები შედავება არ წარმოუდგენია.
43. შესაბამისად, მითითებულ ნაწილში საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას.
44. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ დასაქმებულის გათავისუფლების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში, თუკი, შესაძლებელია სრული უფლებრივი რესტიტუცია (პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენა), მაშინ გათავისუფლების აქტის არამართლზომიერად ცნობის სამართლებრივი შედეგის სახით, სამუშაოზე დაბრუნება და იძულებითი განაცდურის დაკისრება ხდება დამსაქმებლისათვის. საკასაციო პალატა მიუთითებს სშკ-ის 42-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დასაქმებულს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს შრომის ანაზღაურება სრულად მიეცემა. იძულებითი განაცდური მოიცავს იმ ოდენობის ხელფასს, რასაც დასაქმებული მიიღებდა შრომითი ურთიერთობა უკანონოდ რომ არ შეწყვეტილიყო. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს განაცდურის ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ იძულებითი მოცდენა გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალით.
45. სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408-ე მუხლის პირველი ნაწილით (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 411-ე მუხლით (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) და გაიზიარა სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
46. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ დამსაქმებელმა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა უკანონოდ შეწყვიტა, რის გამოც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პერიოდში მოსარჩელეს კუთვნილი შრომითი ანაზღაურება არ მიუღია. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის სახით, 2022 წლის 11 ივნისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ყოველთვიურად 1250 ლარის ანაზღაურება კანონიერად დაეკისრა.
47. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია არც სამივლინებო ხარჯის - 150 ლარის მოსარჩელისათვის გადახდის ნაწილში.
48. სააპელაციო პალატამ დაადგინა, ხოლო კასატორს სათანადო შედავება არ წარმოუდგენია არც იმ გარემოების წინააღმდეგ, რომ საქმის განხილვისას მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის წინაშე 2022 წლის მაისის სახელფასო დავალიანების არსებობა, რისი ანაზღაურებაც მოპასუხეს მართლზომიერად დაეკისრა.
49. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
50. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
51. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
52. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
54. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ. მ–ის მიერ 2024 წლის 2 თებერვალს №1308 საგადახდო დავალებით გადახდილი 1195 ლარის 70% – 836,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. კასატორ შპს „მ.ა–ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №……..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ. მ–ის მიერ 2024 წლის 2 თებერვალს №1308 საგადახდო დავალებით გადახდილი 1195 ლარის 70% – 836,5 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა