Facebook Twitter

საქმე №ა-2559-შ-65-2025

12 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.ბ–ის

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ბ–ის

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ლიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბელარუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ლიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით 1976 წლის 7 მაისს დაბადებულ ვ.ი. ძე ბ–სს მცხოვრებს გროდნოს ოლქის ლიდის რაიონი, სოფელ დიტვაში, ს.ბ–ისის მიმართ არასრულწლოვანი შვილების სარჩენად: 2002 წლის 2 მარტს დაბადებული ქალიშვილის - პ.ვ. ასული ბ–ის, მცხოვრები გროდნოს ოლქში, ქალაქ ლიდში და ვაჟის 2012 წლის 14 ნოემბერს დაბადებული რ. ვ. ძე ბ–ის მცხოვრები გროდნოს ოლქში, ქ. ლიდში, სასარგებლოდ დაეკისრა მოპასუხის ყველა სახის გასამრჯელოს და (ან) სხვა შემოსავლის 33%-ის გადახდა, მაგრამ არანაკლებ საშუალოდ თვეში ერთ სულ მოსახლეზე საარსებო ბიუჯეტის 75%-ისა, გადახდევინება დაიწყოს 2018 წლის 16 თებერვლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

2. 2025 წლის 3 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა ბავშვების დედამ და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება მოითხოვა არასრულწლოვანი ვაჟის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ნაწილში.

3. ბელარუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ლიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვასთან დაკავშირებით და ესწრებოდა პროცესს. ამასთან, არ შეწინააღმდეგებია ალიმენტის სასამართლო წესით დაკისრებას.

4. შუამდგომლობაზე თანდართული ლიდის რაიონული სასამართლოს ცნობიოთ დგინდება, რომ ამავე სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2018 წლის 23 მარტიდან და ექვემდებარება აღსრულებას.

5. იძულებითი აღსრულების ლიდის სარაიონთაშორისო განყოფილების 2024 წლის 26 დეკემბრის N41225/122148 დადგენილებით არსებობს გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო სააღსრულებო დოკუმენტის დამკისრებლისთვის დაბრუნებას, რომლის მიხედვითაც აღსრულება არ შესრულებულა ან არასრულად შესრულდა, გათვალისწინებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ბელარუსის რესპუბლიკის კანონის 53-ე მუხლით: სააღსრულებო დოკუმენტის აღსრულების პროცესში დადგინდა, რომ მოვალე-მოქალაქე, მათ შორის ინდივიდუალური მეწარმე, ცხოვრობს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მოვალე ცხოვრობს საქართველოს რესპუბლიკაში, ქალაქ ბათუმი, ...... აღნიშნულის გამო სააღსრულებო დოკუმენტები დაუბრუნდა შუამდგომლობის ავტორს და სააღსრულებო წარმოება #41218007105 დასრულდა.

6. შუამდგომლობაზე დართული ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს გროდნოს ოლქის აღმასკომის იუსტიციის მთავარი სამმართველოს იძულებითი აღსრულების სამმართველოს იძულებითი აღსრულების ლიდის სარაიონთაშორისო განყოფილების 2025 წლის 18 აპრილის 41225/1732 ცნობით, 2018 წლის 12 მარტის #2-583 აღსრულების ფურცლის საფუძველზე, იძულებითი აღსრულების ლიდის სარაიონთაშორისო განყოფილებაში აღძრულია 18.03.2018 წლის #41218007105 სააღსრულებო წარმოება 07.05.1976 წელს დაბადებული და რეგისტრირებული მისამართზე: ქალაქი ლიდა, ......... ვ. ი. ძე ბ–თვის ალიმენტის დაკისრების შესახებ არასრულწლოვანი რ.ვ. ძე ბ–ის სარჩენად ს. ნ. ასული ბ–ის სასარგებლოდ. 2025 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, 2018 წლის 18 მარტის #41218007105 სააღსრულებო წარმოების მიხედვით, ალიმენტის დავალიანება არ არსებობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში მოხსენიებული, როგორც "მინსკის კონვენცია") მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დარჩეს განუხილველად.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

9. მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შუამდგომლობას თან ერთვის: а) გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, ასევე ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას ან იმის შესახებ, რომ იგი ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ ეს არ გამომდინარეობს თავად გადაწყვეტილებიდან; б) დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარმოდგენილი; в) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულებას მისი გადაგზავნის მომენტისთვის; г) დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის საქმეებზე.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შუამდგომლობაზე თანდართული იძულებითი აღსრულების ლიდის სარაიონთაშორისო განყოფილების 2024 წლის 26 დეკემბრის N41225/122148 დადგენილებით სააღსრულებო დოკუმენტები დაუბრუნდა მოსარჩელეს, რამდენადაც აღსრულება არ განხორციელებულა ან არასრულად განხორციელდა. საქმეს ასევე ერთვის ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს გროდნოს ოლქის აღმასკომის იუსტიციის მთავარი სამმართველოს იძულებითი აღსრულების სამმართველოს იძულებითი აღსრულების ლიდის სარაიონთაშორისო განყოფილების 2025 წლის 18 აპრილის 41225/1732 ცნობა, რომლის შესაბამისად 2025 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, 2018 წლის 18 მარტის #41218007105 სააღსრულებო წარმოების მიხედვით, ალიმენტის დავალიანება არ არსებობს. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის ბუნდოვანია აღსრულდა თუ არა ბელარუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ლიდას რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და რა ნაწილში და რას გულისხმობს ჩანაწერი - „2025 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, 2018 წლის 18 მარტის #41218007105 სააღსრულებო წარმოების მიხედვით, ალიმენტის დავალიანება არ არსებობს“. ამასთან, ასევე ბუნდოვანია რა ნაწილში (რა თარიღიდან) ითხოვს შუამდგომლობის ავტორი გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობისა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

13. სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს/შუამდგომლობის ავტორს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენციის 53-ე მუხლით, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 186-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ს.ბ–ისის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის გროდნოს ოლქის ლიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე გიზო უბილავა