Facebook Twitter

საქმე №ას-21-2025

07 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ვ.ს–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – კომპანიის წილის მართვის საზღაურისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ვ.ს–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ კომპანიის წილის მართვის საზღაურისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

2. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2023 წლის 05 ოქტომბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელ გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპანიის წილის მართვის საზღაური/საფასური, 2023 წლის 10 აპრილის მდგომარეობით, 335 000 ლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლო - 277 162,12 ლარი და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი მართვის საფასურის/საზღაურის - 335 000 ლარის 0,1%-ის (335 ლარი) ოდენობით, 2023 წლის 10 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

3. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4. ზემოაღნიშნული განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. ამასთან, აპელანტმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ საწარმო იმყოფებოდა უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში და მის ქონებას ედო საგადასახადო გირავნობა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მისი შევსების მიზნით, დაევალა: სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 7 000 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა ან იმგვარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებზე დაყრდნობითაც სასამართლოს მიეცემოდა შესაძლებლობა, ემსჯელა კომპანიისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

6. ზემოაღნიშნული განჩინებით დადგენილ საპროცესო ვადაში აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომელსაც დაურთო რიგი დოკუმენტები და, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის 07 თვის ვადით გადავადების თაობაზე, რომლის განმავლობაში იგი ეტაპობრივად დაფარავდა სახელმწიფო ბაჟის თანხას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინებით აპელანტს წინამდებარე განჩინების ჩაბარებიდან დამატებით კვლავ განესაზღვრა 10-დღიანი ვადა, რათა მას სსსკ-ის 47-48-ე მუხლების შესაბამისად მიეთითებინა სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებული მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, აპელანტს შეუძლია მხოლოდ სსსკ-ის 47-48-ე მუხლების ფარგლებში ჩამოაყალიბოს ბაჟთან დაკავშირებული შეღავათის მოთხოვნა, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში ბაჟის განაწილება არაა გათვალისწინებული. ამასთან, საქმის განხილვის დასრულების დრო უკვე წარმოებაში მყოფი საქმის სირთულის მიხედვით განისაზღვრება და დასაშვებობის ეტაპზე სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, წინასწარ განესაზღვრა რამდენი თვე დასჭირდებოდა საქმის წარმოების დასრულებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის 07 თვის განმავლობაში ეტაპობრივად დაფარვის შესახებ არ გაითვალისწინა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებით კვლავ განსაზღვროდა 10-დღიანი ვადა, რათა სასამართლოსათვის მიეთითებინა ბაჟთან დაკავშირებული კონკრეტული შეღავათის მოთხოვნა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული ფოსტის უკუგზავნილებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინება აპელანტს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე: თბილისი, ........ და ჩაბარდა ნ.ა–ს - ადმ. მენეჯერს 2024 წლის 18 აპრილს, შესაბამისად, აღნიშნული განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 19 აპრილს და დამთავრდა 29 აპრილს (რადგან ბოლო, მე-10 დღე იყო კვირა დღე), თუმცა საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტს აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 70.1, 73.8, 60.2, 61.3, 368.5, 374-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა. მისი განმარტებით, აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა საწარმოს რეალური ფინანსური მდგომარეობის გამო, მეტიც, ამჟამად საწარმო საერთოდ ვერ მოქმედებს და არანაირი შემოსავალი და აქტივი არ აქვს, რომ სახელმწიფო ბაჟი გადაიხადოს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება. კერძო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ აპელანტის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, სახეზე იყო სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი.

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მისი შევსების მიზნით, დაევალა: სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 7 000 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა ან იმგვარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებზე დაყრდნობითაც სასამართლოს მიეცემოდა შესაძლებლობა, ემსჯელა კომპანიისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე; ხოლო, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ იმავე სასამართლოს 2024 წლის 14 მარტის განჩინებით აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებით კვლავ განესაზღვრა 10-დღიანი ვადა, რათა მას სსსკ-ის 47-48-ე მუხლების შესაბამისად მიეთითებინა სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებული მოთხოვნა. აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2024 წლის 18 აპრილს, თუმცა სადავო არ არის, რომ მას ამ ვადაში არც მითითებული ხარვეზი შეუვსია და არც სხვა სახის შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში აპელანტის მიმართ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლების არსებობაზე ვერ იმსჯელებს.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა], დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო.

18. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

19. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 მარტის განჩინებით აპელანტს იმავე სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებით განესაზღვრა 10 დღე (განჩინების ჩაბარებიდან), რათა მას სსსკ-ის 47-48-ე მუხლების შესაბამისად მიეთითებინა სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებული მოთხოვნა (დეტ იხ. წინამდებარე განჩინების 5-7 პუნქტები). აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2024 წლის 18 აპრილს, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო აპელანტისათვის განჩინების ჩაბარებიდან მეორე დღეს - 2024 წლის 19 აპრილიდან (სსსკ-ის 60.2 მუხლი) და ამოიწურა იმავე წლის 29 აპრილს, თუმცა სადავო არ არის, რომ აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც სხვა სახის შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

20. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“, აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, N8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3 და 368.1 მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5 და 374.1 მუხლები).

23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ვ.ს–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე