Facebook Twitter

ბს-1085-1037 (კ-07) 2 აპრილი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.07წ გადაწვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ლ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გრძელვადიანი სამივლინებო თანხების დავალიანების გადახდევინების მოთხოვნით. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის 19.08.2002წ. ¹475 პ/შ ბრძანებით დაინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლად, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის წარმომადგენელთა გაცვლის შესახებ საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის მთავრობას შორის დადებული 1997წ. 18 თებერვლის შეთანხმების საფუძველზე. შინაგან საქმეთა მინისტრის 12.07.04 წ. ¹ 376 პ/შ ბრძანებით მოსარჩელე გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. საქართველოს პრეზიდენტის 04.04.1998წ. ¹220 ბრძანებულებით განისაზღვრა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ანაზღაურების წესი და მოცულობა. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გრძელვადიანი მივლინების დროს დღიური ანაზრაურების ნორმად დადგენილი იყო 25 აშშ დოლარი (რაც იმ პერიოდისათვის შეადგენდა 55 ლარს), ხოლო სასტუმროს დაქირავების დამადასტურებელი საბუთების წაროუდგენლობის შემთხვევაში სასტუმროს ხარჯი უნდა ანაზღაურებულიყო ყოველდღიურად 10 აშშ დოლარის (იმ პერიოდისათვის არსებული კურსით 22 ლარის) ოდენობით. ყოველთვიურად, აღნიშნული დაანგარიშების მიხედვით მას უნდა მიეღო 2342 ლარი. შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 4 სექტემბრის ¹468-ე ბრძანებით მოსარჩელეს განესაზღვრა ყოველთვიური ანაზღაურება 990 ლარის ოდენობით, ხოლო 2003 წლის 24 იანვრის ¹21-ე ბრძანებით 1290 ლარის ოდენობით. მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ანაზღაურებას იღებდა კადრების განკარგულებაში გადაყვანამდე, ხოლო ამის შემდგომ აღარ მიუღია. გარდა გრძელვადიანი სამივლინებო თანხების დავალიანებისა, მოსარჩელის მტკიცებით, სამინისტროს გააჩნდა სხვა სახის დავალიანებაც 463 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მოითხოვა პრეზიდენტის ბრძანებულებასა და მინისტრის ბრძანებას შორის სხვაობის, აგრეთვე სხვა სახის დავალიანების ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.08.05წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 04.04.1998 ¹ 220 ბრძანებულება განსაზღვრავს საზღვარგარეთის ქვეყნებში მოკლევადიანი მივლინების და არა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების წესს. სასამართლოს აზრით, მოსარჩელეს ასევე გაშვებული ჰქონდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რადგან სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს გასავლის ორდერებზე ხელმოწერით მან დაადასტურა შემცირებული თანხების მიღებაზე თანხობა, აღნიშნული არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაშიც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.07წ გადაწყვეტილებით გიორგი ლილუაშვილის უფლებამონაცვლის მ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 28587 ლარის გადახდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა კადრების განკარგულებაში გადაყვანის შემდგომი პერიოდის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის ბრძანებულებასა და მინისტრის ბრძანებას შორის კოლიზიას. კოლიზიის დროს კი უპირატესობა ენიჭება პრეზიდენტის ბრძანებულებას, როგორც უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 04.04.1998 ¹220 ბრძანებულებით დგინდება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გრძელვადიანი მივლინების დროს დღიურ ნორმას შეადგენს 25 აშშ@დოლარი, რაც იმ პერიოდში წარმოადგენდა 55 ლარს, აღნიშნულს სადავოდ არ ხდიან მხარები, ეს დასტურდება შსს სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის 19.08.02წ. ¹9-1-206 დოკუმენტით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასარჩელო განცხადება შეტანილი იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვით, რადგან სახეზე იყო პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, რომელზეც, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვრცელდება 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორმა აღნიშნა, რომ წარმომადგენელთა და მათი აპარატის მუშაკთა საქმიანობის ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფა ხორციელდება იმ საშუალებათა ხარჯზე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოფა ცენტრალური წყაროებიდან. საქართველოს შს 19.08.02წ. ¹9-1-206 მიმართვიდან დგინდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის შს სამინისტროში წარმომადგენლის დანიშვნასთან მოსალოდნელი ხარჯები, რაც წერილის მიხედვით, შეადგენს 30401 ლარს. ამავე მიმართვაში მითითებულია, რომ მწირი ბიუჯეტის, ასევე მისი არასრული დაფინანსების გამო მინისტრის ბრძანებით შესაძლებელია აღნიშნული თანხის კორექტირება. გ. ლ-ს მიღებული ჰქონდა 2002-2004 წწ სამივლინებო ხარჯები, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერიდან 1 თვის ვადაში მას სადავოდ არ გაუხდია შს მინისტრის 04.09.02 და 24.01.03 ბრძანების შესაბამისად სამივლინებო თანხების მიღება, ამასთანავე სასამართლოს არ გაუთვალისწინებია სადავო პერიოდში არსებული ვალუტის კურსი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.