Facebook Twitter

საქმე №ას-390-2025

21 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.მ–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ე.კ–მა“ (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.მ–ვას (შემდგომში – „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1 456,4 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1 324 ლარი, ხოლო პროცენტი - 132,4 ლარი.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 1 456,4 ლარის გადახდა.

4. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ფასი შეადგენს 1 456,40 ლარს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც სახეზე იყო მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.

8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სარჩელი აღძრული არის თუ არა იმ პირის მიერ, რომელსაც აქვს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება. საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელესა და სს „მიკროსაფინანსო ოგანიზაცია კ–ს“ შორის გაფორმებული სასესხო პორტფელის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, ამ უკანასკნელმა მოსარჩელის სასარგებლოდ დათმო მოპასუხის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება. აღნიშნული არ დასტურდება სარჩელზე დართული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს პირველ რიგში ამ ფაქტობრივ გარემოებაზე უნდა ემსჯელა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვისას მთავარი საკითხი ეს გარემოება უნდა ყოფილიყო და არა საჩივრის ფასი; გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებს და არღვევს აპელანტის უფლებას სამართლიან სასამართლოზე. მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის ღირებულებას და ადგენს, რომ სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს, თუმცა იმავე კოდექსის 84-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ იმის დადგენას, სარჩელი არის თუ არა იმ პირის მიერ აღძრული ვისაც მოთხოვნის კანონიერი უფლება აქვს; სასამართლოს მხრიდან კონსტიტუციაზე იერარქიულად დაბლა მდგომი საქართველოს კანონის - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა, კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი არ აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას (სსსკ-ის 365-ე მუხლი).

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ქონებრივ-სამართლებრივ დავებში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობად, სხვა წინაპირობებთან ერთად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის ღირებულების შესაბამისობას კანონით გათვალისწინებულ ოდენობასთან. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

14. დასახელებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო განსახილველად მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს აღემატება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა] შესაბამისად, დარჩება განუხილველად. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.

15. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას შესამოწმებელ ერთადერთ გარემოებას წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის ფასი. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსაფუძვლობაზე მითითება საჩივრის დასაშვებობაზე გავლენას ვერ მოახდენს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება, კერძოდ კი, მოსარჩელის სათანადოობა საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან აღნიშნული ცდება კერძო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელ საკითხთა წრეს.

16. მოცემულ შემთხვევაში ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 1 456,4 ლარის გადახდა. მოპასუხემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება შეადგენს 1 456,4 ლარს, რაც არ აღემატება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით ქონებრივ-სამართლებრივი დავების დასაშვებობისთვის დადგენილ ქონებრივ ზღვარს (2000 ლარი) და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა დავის საგნის ღირებულების საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (სსსკ-ის 2.2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით).

18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“, აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, §57, 28 მაისი, 1985 წელი). საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განაცხადის დასაშვებობის ეტაპზე, განაცხადის დასაშვებობის სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ამოწმებს განიცადა თუ არა განმცხადებელმა მნიშვნელოვანი ზიანი. მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, იგი განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. Cecchetti v. San Marino, № 40174/08, §28-§33, 09 აპრილი, 2013 წელი; Vasilchenko v. Russia, № 34784/02, §45-§50, 23 დეკემბერი, 2010 წელი; Ionescu v. Romania, № 36659/04, §23-§36, 01 ივნისი, 2010 წელი).

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (იხ. Miragall Escolano and Others v. Spain, № 38366/97, §33; ასევე, სუსგ საქმე №ას-692-646-2017, 14 ივლისი, 2017 წელი).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.მ–ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე