14 ნოემბერი, 2024 წელი,
საქმე №ას-221-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ.კ–ძე, გ.ს–ძე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ რექტორის ბრძანების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების, პირველ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა ან კომპენსაციის მიღება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.კ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) და გ.ს–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) ასაჩივრებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, დამსაქმებელი ან უნივერსიტეტი) რექტორის ბრძანების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების, პირველ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ან კომპენსაციის მიღების თაობაზე მათი მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორების აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
კასატორების მიერ ვრცლად არის წარდგენილი საკასაციო პრეტენზია როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის, ისე მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილების და სამართლებრივი დასაბუთების უსწორობის თვალსაზრისით. კასატორების მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმეში დაცული მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ არასწორად დაადგინა, რომ დავას არ იწვევდა ნაშრომის - „თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები“, შექმნის რიგი ფაქტობრივი გარემოებები.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ დადგენილა სადავო პუბლიკაციის კატეგორია, კერძოდ, იგი შედგენილ თუ გადამუშავებულ ნაწარმოებებს განეკუთვნებოდა და რა ფორმით უნდა ყოფილიყო დაცული საავტორო უფლებები თითოეულ შემთხვევაში. გარდა აღნიშნულისა პირველი მოსარჩელის/კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მსჯელობის მიღმა დატოვა მის მიმართ განხორციელებული მრავალწლიანი დევნა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2001 წლის აგვისტოში სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის ეგიდით, ტენდერის საფუძველზე (ტირაჟი - 500 ეგზემპლარი) ახალი სამაგისტრო სალექციო კურსები გამოიცა, მათ შორის მოსარჩელეების ავტორობით - „საერთაშორისო ურთიერთობები XX საუკუნეში“ (იხ. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ 2001 წლის წლიური ანგარიში), რომელსაც თსუ-ს მეთოდსაბჭომ დამხმარე სახელმძღვანელოების სტატუსი მიანიჭა. სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცა სამიზნე ინსტიტუტების კათედრებსა და ბიბლიოთეკებს, პროგრამის სარესურსო ცენტრს, სხვა სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების ბიბლიოთეკებს, ავტორებს.
4.4. 2001 წელს მოსარჩელეების ავტორობით, გამომცემლობა „მერიდიანმა“ (ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა სერია) სოციალური მეცნიერებების მაგისტრანტებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო გამოსცა - თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები, მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაციის სახელწოდებით. ავტორები მადლობას უხდიან ფონდს მხარდაჭერისთვის, ასევე ცალკეულ პიროვნებებს ნაშრომზე მუშაობისას და მისი გამოსაცემად მომზადების პროცესში გაწეული დახმარებისთვის (იხ. სახელმძღვანელოს წინასიტყვაობა).
4.5. პირველი მოსარჩელე პუბლიკაციათა ნუსხაში თავად უთითებს - „თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები“, დამხმარე სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების მაგსტრატურისთვისთვის. თბილისი, 2001.
4.6. ნაშრომი შეიქმნა დამხმარე სახელმძღვანელოს სახით და იგი უცხოენოვანი ნაშრომების პირდაპირი თარგმანია, შესაბამისი ნაშრომების ავტორების მითითების გარეშე.
4.7. მ. კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ასოცირებული პროფესორის) სახელმძღვანელოდან - „გერმანიის ისტორია, კულტურა, გეოგრაფია“, ირკვევა, რომ ნაშრომს დართული აქვს გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა, მათ შორის პირველი მოსარჩელის თანაავტორობით შექმნილი უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოები.
4.8. პირველმა მოსარჩელემ განცხადებით მიმართა აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენ კომისიას ასოცირებულ პროფესორის მიერ აკადემიური ეთიკის დარღვევის (დარღვევის სახეობა-პლაგიატი) თაობაზე და აღნიშნა, რომ მისი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო მთლიანად იმეორებდა პირველი მოსარჩელის სასკოლო სახელმძღვანელოს სტრუქტურასა და შინაარსს, დარღვეული იყო ციტირების წესებიც.
4.9. უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 19 სექტემბრის N163/01-01 ბრძანებით შექმნილი აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის 2014 წლის 30 ოქტომბრის დასკვნით, ასოცირებული პროფესორის სახელმძღვანელო - „გერმანიის ისტორია, კულტურა, გეოგრაფია“ პლაგიატი არ იყო და შესაბამისად არც დარღვევა არ არსებობდა.
4.10. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 ნოემბრის N112/2014 დადგენილებით, აკადემიურმა საბჭომ აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის ზემოაღნიშნული დასკვნა ინფორმაციის სახით (ცნობად) მიიღო და განმცხადებლის/პირველი მოსარჩელის მიერ მცდარი მოსაზრებების წარმოდგენის თაობაზე ინფორმაცია გამოსაქვეყნებლად გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტს“ გადასცა.
4.11. 2014 წლის 31 ივლისს ასოცირებულმა პროფესორმა პირველი მოსარჩელის მიერ აკადემიური ეთიკის დარღვევის (დარღვევის სახეობა-პლაგიატი) თაობაზე განცხადებით მიმართა აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენ კომისიას და მიუთითა, რომ მოსარჩელეების საუნივერსიტეტო დამხმარე სახელმძღვანელო ტორკუნოვას, ბეილისისა და სმიტის რედაქტორობით (მათი აღნიშვნის გარეშე) გამოცემული სახელმძღვანელოების პირდაპირი თარგმანია.
4.12. უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის დამტკიცების შესახებ რექტორის 2014 წლის 14 აგვისტოს N133/01-01 ბრძანებით, დამტკიცდა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის 2014 წლის 31 ივლისის N23620/02 წერილში დასმული საკითხის შემსწავლელი კომისია, შემდეგი შემადგენლობით:
ა) გ.ჯ–ძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ბ) მ.რ–ი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
გ) ქ.ხ–ი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
დ) ი.ს–ძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ე) ს.კ–ძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ვ) ქ.ხ–ი - იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი;
ზ) ი.ფ–ძე - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
4.13. უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 2 სექტემბრის N142/01-01 ბრძანებით, ცვლილება შევიდა უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის დამტკიცების შესახებ რექტორის 2014 წლის 14 აგვისტოს N133/01-01 ბრძანებაში და პირველი პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „ა) ბ.კ–ძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი”.
4.14. უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 16 ოქტომბრის N190/01-01 ბრძანებით, ცვლილება შევიდა უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის დამტკიცების შესახებ რექტორის 2014 წლის 14 აგვისტოს N133/01-01 ბრძანებაში და პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა:
„გ) პ. ტ–ა – იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; დ) ლ.გ–ლი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი”.
4.15. უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 14 აგვისტოს N133/01-01 ბრძანებით შექმნილი აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის 2014 წლის 12 ნოემბრის დასკვნით, დადგინდა, რომ მოსარჩელეების დამხმარე სახელმძღვანელო „თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია“ პლაგიატი იყო და ფიქსირდებოდა აკადემიური ეთიკის დარღვევა.
დადასტურდა რომ სახელმძღვანელო ტორკუნოვის რედაქტორობით გამოცემული რუსულენოვანი წიგნის - (გვ. 5-6, 8-15, 25-36, 97-108, 133-146, 149-159, 168-172) და ბეილისისა და სმიტის რედაქტორობით გამოცემული ინგლისურენოვანი წიგნის (გვ. 6-7, 16-24, 38-95, 110-131, 146-147, 161-167, 172-196, 211-212) პირდაპირი თარგმანია, მათი მითითების გარეშე.
4.16. ზემოაღნიშნულ დასკვნაზე დაყრდნობით, აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის N9/2015 დადგენილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა უნივერსიტეტის „ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N69/2012 დადგენილებაში „დამატების შეტანის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 17 ივლისის N77/2014 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ამოღებული იქნა უნივერსიტეტის „ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N69/2012 დადგენილებიდან XII ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი;
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს პირველ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა დაევალა.
4.17. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 12 მარტის N193/02-03 ბრძანებით, აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის N9/2015 დადგენილების საფუძველზე, 2015 წლის 14 მარტიდან პირველ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა.
5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით. საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (სშკ-ის 1.1 მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2 მუხლი).
6. განსახილველ შემთხვევაში, კასატორების პრეტენზია ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის მხრიდან პროცედურული ნორმებისა და სადავო გარემოებების არასწორად შეფასებას ეხება. აკადემიური ეთიკის დარღვევის შესახებ საკითხის განხილვის პროცედურებს კი, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის 46/2014 დადგენილებით დამტკიცებული „უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დებულება) დებულება ადგენს.
7. დებულების 3.1. მუხლის თანახმად, აკადემიური ეთიკის დარღვევის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია პირის წერილობითი და კანონმდებლობით დადგენილი წესით საკანცელარიო გზით რეგისტრირებული, განცხადების შემომტანი პირის პირადად შესრულებული ხელმოწერის მქონე განცხადება თანდართული დოკუმენტაციით, რომლებიც გარდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) განცხადებაში მითითებული უნდა იქნას წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული კონკრეტული დარღვევის/დარღვევების სახეობა;
ბ) განცხადებას უნდა ერთვოდეს იმ ნაშრომების ორიგინალები, რომლებითაც განმცხადებლის აზრით დასტურდება წინამდებარე დებულებით განსაზღვრული დარღვევა.
8. დებულების მე-4 მუხლის მიხედვით, განცხადების რეგისტრაციის შემდგომ, არაუგვიანეს 2 კვირაში იქმნება „აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისია“, რომლის შემადგენლობა მტკიცდება, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე.
კომისია შესაძლებელია შედგებოდეს უნივერსიტეტის ფაკულტეტების საგანმანათლებლო-სამეცნიერო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების, უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების, შესაბამისი დარგის (მათ შორის შესაძლებელია უცხოელი) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებისაგან.
კომისია არანაკლებ 5 წევრისაგან უნდა შედგებოდეს და უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება კომისიის წევრთა 2/3 მაინც. შესასრულებელ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით მიიღება.
9. დადგენილია, რომ 2014 წლის 31 ივლისს ასოცირებულმა პროფესორმა პირველი მოსარჩელის მიერ აკადემიური ეთიკის დარღვევის (დარღვევის სახეობა-პლაგიატი) თაობაზე განცხადებით მიმართა აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენ კომისიას და მიუთითა, რომ მოსარჩელეების საუნივერსიტეტო დამხმარე სახელმძღვანელო ტორკუნოვას, ბეილისისა და სმიტის რედაქტორობით (მათი აღნიშვნის გარეშე) გამოცემული სახელმძღვანელოების პირდაპირი თარგმანია.
ამასთან, იმ ნაშრომების ორიგინალებიც წარადგინა, რომლებიც დებულებით განსაზღვრულ დარღვევას ადასტურებდა. ასევე დადგენილია, რომ აკადემიური ეთიკის დარღვევის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება ამ განცხადების საფუძველზე დაიწყო.
9.1. აკადემიური ეთიკის დარღვევის პროცედურის დაწყების წესი კი, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების სავალდებულო წინაპირობად არ მიიჩნევს, რომ ნაშრომი უშუალოდ განმცხადებლის საავტორო უფლებებს ეხებოდეს. ამასთან, კუმულაციურად ორივე პირობის დაკმაყოფილება (კონკრეტულ დარღვევაზე მითითება და ნაშრომის ორიგინალების წარდგენა) მოპასუხეს საკვლევ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ვალდებულებას წარმოუშობდა (დებულების 3.1. მუხლი). ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ადმინისტრაციული წარმოება არაუფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე არ დაწყებულა, რაც ხსენებული მოტივით პროცედურული დარღვევის დადგენის შესაძლებლობას გამორიცხავდა. ამგვარი ხასიათის გარემოებად ვერც ასოცირებული პროფესორის მიერ ინგლისური ენის არ ცოდნის თაობაზე მოსარჩელეების მითითება ვერ ჩაითვლებოდა, რადგან უცხო ენის არ ცოდნა არ გამორიცხავდა იმ დაშვებას, რომ მისთვის ცნობილი ყოფილიყო ორიგინალი ნაშრომების შინაარსი.
10. მოსარჩელეების/კასატორების პრეტენზია ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის შემადგენლობასაც ეხებოდა. რასაც საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს და მათ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად წევრთა ცვლილებისა, კომისიის რაოდენობა (შვიდი წევრი) არ შეცვლილა. ამასთან, მართალია, კომისიის ერთ წევრს მის მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, მიუხედავად ამისა კომისია უფლებამოსილი იყო საკითხი განეხილა (დებულების მე-4 მუხლი), შესაბამისად, არც დებულებით დადგენილი მოთხოვნები არაა დარღვეული.
11. ამდენად, ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის შემადგენლობა შესაბამისი ცოდნის მქონე პირებით დაკომპლექტდა და პროცედურული დარღვევების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს შექმნის, მასში ცვლილებების შეტანის შესახებ უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებისა და კომისიის დასკვნის ბათილად ცნობის საფუძველიც არ არსებობდა.
12. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 5.1 მუხლის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. ამავე კანონის 6.1. მუხლის ,,ლ“ და ,,მ“ ქვეპუნქტებით, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებია გადამუშავებული ნაწარმოები, კერძოდ, თარგმანი, ხოლო შედგენილი ნაწარმოებია: კრებული, ენციკლოპედია, ანთოლოგია,მონაცემთა ბაზა და სხვა ნაწარმოები, რომელიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით, ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს.
13. ზემოაღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, შედგენილი ნაწარმოების ავტორს (შემდგენელს) ეკუთვნის საავტორო უფლება მასალის შერჩევასა და განლაგებაზე, რაც მისი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს. შემდგენელმა უნდა დაიცვას შედგენილ ნაწარმოებში შესულ ნაწარმოებთა ავტორების საავტორო უფლება. ამ კანონიოს 13.1 და 13.2 მუხლის მიხედვით, გადამუშავებული ნაწარმოების ავტორს ეკუთვნის საავტორო უფლება მის მიერ განხორციელებულ გადამუშავებაზე. გადამუშავებული ნაწარმოების ავტორმა უნდა დაიცვას ამ ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება.
14. უნივერსიტეტის „აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო - საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების 2.1. და 2.2. მუხლების თანახმად, პლაგიატი - გულისხმობს სხვის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის ან მისი ნაწილის როგორც საკუთარის წარმოდგენასა და გამოყენებას, ავტორის შესაბამისი მითითებისა და საჭიროების შემთხვევაში, ნებართვის გარეშე, ხოლო კომპილაცია - საავტორო უფლებით დაცული, სხვის მიერ მიღებული კვლევითი შედეგების, ნაშრომების გამოყენებაა, დაჯგუფება, წყაროების საკუთარი დამუშავების და ინტერპრეტაციის გარეშე ნაშრომის შექმნით.
15. უნივერსიტეტის „აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო - საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების 4.17 მუხლის საფუძველზე, კომისიის დასკვნა ეგზავნება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რომელიც მე-5 მუხლიდან გამომდინარე, კომისიის დასკვნაზე და საჭიროების შემთხვევაში წარმოების მასალაში არსებულ სხვა დოკუმენტაციაზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას აკადემიური ეთიკის დარღვევის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარებული წარმოების შედეგების საფუძველზე; კერძოდ, კომისიის დასკვნაზე მისაღები გადაწყვეტილებების სახეობებია:
ა) აკადემიური ეთიკის დარღვევის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარებული წარმოების შედეგების - დარღვევის არ არსებობის თაობაზე კომისიის დასკვნის ინფორმაციის სახით (ცნობად) მიღების შესახებ;
ბ) აკადემიური ეთიკის დარღვევის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარებული წარმოების შედეგების - დარღვევის არსებობის თაობაზე კომისიის დასკვნის საფუძველზე: ბ.ა) წინამდებარე დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობის შემთხვევაში - უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირის/ორგანოს (რექტორი, კანცლერი, აკადემიური საბჭო) მიერ დამრღვევის (დასაქმებულის) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება (მათ შორის აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე არჩევის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება).
16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები უთითებდნენ, რომ მათი ნაშრომი იყო კომპილაციური ხასიათის, ე.წ. რიდერი, უცხო ენაზე შედგენილი სახელმძღვანელოების თარგმანი სტუდენტებისთვის, ხოლო ასოცირებული პროფესორის სახელმძღვანელო „გერმანიის ისტორის, კულტურა, გეოგრაფია“, პლაგიატი, ვინაიდან სრულად ეფუძნებოდა პირველი მოსარჩელის თანაავტორობით გამოცემულ სახელმძღვანელოებს.
16.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ დამხმარე სახელმძღვანელოდ დაშვებული მოსარჩელეების ნაშრომი, უცხოური ავტორების მიერ შექმნილი სამეცნიერო ნაწარმოებების პირდაპირი თარგმანია, შესაბამისი ნაშრომების ავტორების მითითების გარეშე.
ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე მახრე დამხმარე სახელმძღვანელოს წლების მანძილზე როგორც საკუთარს ისე წარმოაჩენდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ეთიკის დარღვევის დამდგენმა კომისიამ მართებულად დაასკვნა, რომ მოსარჩელეების დამხმარე სახელმძღვანელო პლაგიატია, რაც აკადემიური ეთიკის დარღვევის დადგენის შესაძლებლობას ქმნიდა და კომისიის დასკვნის ბათილად ცნობის საფუძველიც არ არსებობდა.
ის გარემოება, რომ კანონი სხვისი ნაწარმოების გამოყენების პროცენტულ ჩარჩოებს არ ადგენს, არ ნიშნავს, რომ სხვისი ნაწარმოების მხოლოდ სრული მოცულობით გამოყენება იწვევს საავტორო უფლების დარღვევას, რადგან თუნდაც, ნაწილის ან ეპიზოდის საკუთარი სახელით გამოყენება წარმოადგენს პლაგიატს, შესაბამისად, არც კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით მიღებული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №9/2015 წლის დადგენილებისა და მხარესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 12 მარტის N193/02-03 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, პირველ მოსარჩელეს/კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი. მ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #4320, გადახდის თარიღი 24.03.2023წ), 70% - 210 ლარი, მეორე მოსარჩელეს/კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.მ–ძი მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #6436, გადახდის თარიღი 24.03.2023წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.კ–ძის და გ.ს–ძის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.კ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს ი.მ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #4320, გადახდის თარიღი 24.03.2023წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. გ.ს–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს ი.მ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #6436, გადახდის თარიღი 24.03.2023წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა