27 მარტი, 2025 წელი,
საქმე № ას-685-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ...“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს "დ..." (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მერია) წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - 17160.82 (ძირითადი თანხა - 16990.91 ლარი, პირგასამტეხლო - 169.91 ლარი) ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; პირგასამტეხლოს - 1268.35 ლარის დაკისრების ნაწილში მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადის დაცვით, სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით, აპელანტებს 7 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა.
3.3. აღნიშნული განჩინება აპელანტს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა - 2021 წლის 5 აპრილს, საქმეში მითითებულ მისამართზე.
3.4. 2021 წლის 16 აპრილს აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და, ხარვეზის შესავსების მიზნით სახელმწიფო ბაჟის - 463.37 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება წარადგინა, ამასთან, დოკუმენტის დაგვიანებით წარდგენის საპატიოდ ჩათვლა ითხოვა.
3.5. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ხოლო, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
3.6. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2021 წლის 6 აპრილს დაიწყო და იმავე წლის 12 აპრილს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია, ხოლო განცხადებაში მითითებული ვადის გაშვების მიზეზი, არ წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისთვის საპატიო მიზეზთა ჩამონათვალს, რომელსაც ადგენდა სსსკ-ის 215.3 მუხლი.
3.7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.
4.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმოებაში არსებულ არც ერთ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდიათ, რადგან მუნიციპალიტეტის მერია ექცევა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის რეგულირების ფარგლებში და სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, რასაც შედეგად დაუსაბუთებელი განჩინების მიღება მოჰყვა. სასამართლოს მიერ არაერთი გადაწყვეტილება/განჩინებაა მიღებული, სადაც მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. 2021 წლის 20 ივლისს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება და განახლდას საქმის წარმოება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს გამოკვლევის საგანს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის საფუძვლით) გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება წარმოადგენს. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმაში გამოიხატება, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მისი სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველად, რადგან, სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით დაედგინა ხარვეზი.
საკასაციო პალატის დასკვნით, აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელდობრ:
12. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუნიციპალური ბიუჯეტი მართალია დამოუკიდებელია სახელმწიფო ბიუჯეტისაგან (მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისგან, ისე სახელმწიფო ბიუჯეტისგან და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტისგან. საბიუჯეტო კოდექსის 65.2 მუხლი) და სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები გამიჯნულია (საქართველოს კონსტიტუციის 75.1 მუხლი), თუმცა მუნიციპალური ბიუჯეტი ახდენს ადგილობრივ დონეზე სახელმწიფოს ფუნქციების განხორციელების ფინანსურ უზრუნველყოფას, რაც სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არსობრივ მსგავსებაზე მიუთითებს.
სახელმწიფოს და მუნიციპალური ბიუჯეტების გამიჯვნა, მათ გათიშვას არ ნიშნავს, საქართველოს საბიუჯეტო სისტემა აგებულია ერთიანობის პრინციპზე, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებები საერთო საფუძვლით, ერთიანი საბიუჯეტო კლასიფიკაციით, აღრიცხვის ერთიანი სისტემით, სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ერთიანი პრინციპებით ხელმძღვანელობს. სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების ერთიანი რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტია (საბიუჯეტო კოდექსის 4.1 მუხ. „ე“ ქვ.პ., მე-6 მუხ. „დ1“ ქვ.პ.).
ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის 7.4 მუხლის თანახმად, სწორედ სახელმწიფო უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ფინანსური სახსრების შესაბამისობას მის უფლებამოსილებებთან. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მუნიციპალური ბიუჯეტის, შემოსულობების მიღებისა და ხარჯების გაწევის მიზანია მუნიციპალიტეტის ამოცანების, ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულება (საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „თ“ ქვ.პ., ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 89.1 მუხლი), რომელთა შორისაა მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, ნარჩენების მართვა, წყალმომარაგების უზრუნველყოფა და სხვ. (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 16.2 მუხ.), შესაბამისად, თვითმმართველობის მახასიათებლების გათვალისწინებით, სწორედ სახელისუფლებო ფუნქციების განხორციელებისა და სათანადო ამოცანების შესრულების მიზნით ხორციელდება თვითმმართველობის ბიუჯეტის ფორმირება და შესაბამისი ხარჯების გაწევა, რის გამო ნაკლებმნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის დაფინანსების წყაროები, რადგან ნებისმიერი წყაროდან გამომდინარე შემოსავალი ხმარდება მუნიციპალიტეტის სახელისუფლებო მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. შენატანებით ხდება არა რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირება, რომელიც ემსახურება მუნიციპალიტეტის მიზნების შესრულებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის არსებული რედაქციით ჩამოყალიბება მიზნად ისახავდა სასამართლო დავის წარმოებისას მათ შორის თვითმმართველობის სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებას (ვრცლად იხ.: სუსგ ბს-582 (კს-21), 13.09.2021წ.).
13. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად ვერ დაედება მხარის მიერ ისეთი ხარვეზის გამოუსწორებლობის ფაქტი, რომლის დადგენა არასწორად მოხდა (შდრ. სუსგ №ას-1121-1055-2015, 09.12.2015წ., პ.23). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად (შდრ. სუსგ.№ას-637-2021; 09.12. 2021წ).
14. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლო აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინებას და საქმე უბრუნდება იმავე სასამართლოს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა