20 თებერვალი, 2025 წელი,
საქმე №ას-1211 -2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი - მ.ნ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.თ–ძე (მოსარჩელე)
II კასატორი - თ.თ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ნ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ნ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან 1-ლი კასატორი) და თ.თ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან II კასატორი) ასაჩივრებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 4200 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; ქმედების განხორციელების აკრძალვის ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა. კასატორების აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. პირველი კასატორის მტკიცებით, დედის სამარხზე მისი თანხმობის გარეშე აღმართული ნაგებობის დანგრევის ლეგიტიმრი უფლება გააჩნდა, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც უკანონოდ დაეკისრა. არასწორად დადგინდა ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელის ხარჯით საფლავის მოპირკეთების თაობაზეც, ისევე როგორც მარმარილოს ქვის დამტვრევის შესახებ, რომლებიც სასაფლაოზე დაუზიანებელია განთავსებული (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
1.2. მეორე კასატორის მითითებით, საფლავი გაიყო ორ ნაწილად და გაკეთდა მიჯნა. ამის შემდგომ, მოპასუხემ ახალი ერთადგილიანი საფლავი გააფორმა დედის სახელზე, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა საფლავის ორივე მხარის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევის თაობაზე, დაუსაბუთებელია (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 და 28 ოქტომბრის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მოსარჩელე და ვლადიმერ ნიკოლოზიშვილი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გარდაცვლილი პირი, მოსარჩელის მეუღლე ან მოპასუხის ძმა) 1978 წლის 30 სექტემბრიდან 2006 წლის 23 აპრილამდე (გარდაცვალებამდე), რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ქორწინების განმავლობაში შეეძინათ შვილი - რ.
4.4. მოსარჩელის მეუღლე 2006 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა. მისი ნეშტი ვერის სასაფლაოზე ოჯახის საგვარეულო (საოჯახო) ოთხ ადგილიან საფლავშია დაკრძალული.
4.5. 2012 წლის 6 აპრილს მოსარჩელისა და რ.ნ-რ–ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა და, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა (მეუღლე და შვილი), გარდაცვლილი მეუღლის/მამის სამკვიდრო მიიღეს.
4.6. მოპასუხე მოსარჩელის მეუღლის დაა.
4.7. მოპასუხის დედა რ.ნ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის დედა) 2010 წლის 10 მარტს გარდაიცვალა, იგი ვერის სასაფლაოზე ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ ერთ ადგილიან სამარხშია დაკრძალული.
4.8. მოპასუხის მამა თ.ნ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის მამა) 2012 წლის 27 თებერვალს გარდაიცვალა. მოსარჩელის იმ პრეტენზიის გამო, რომ საფლავი იყო ორადგილიანი და სრულად მოპირკეთებული, მოპასუხეს მამის „ვერის“ სასაფლაოზე დაკრძალვაზე, ეთქვა უარი.
,,ვერის“ საქალაქო სასაფლაოზე ერთ ადგილიან საფლავში დედის გვერდით მამის გადასვენების თაობაზე მოპასუხის მოთხოვნის პასუხად, შპს ,,ჰ–ის“ დირექტორის 2012 წლის 30 მარტის წერილში მითითებულია, რომ სასაფლაოზე მიწის თავისუფალი რესურსის არ არსებობის გამო, კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას ერთადგილიან საფლავში მიცვალებულის გადასასვენებლად ნებართვა ან/და, ახალი საფლავი გაეცა.
4.8.1. მოპასუხემ მამის ვერის სასაფლაოზე გადმოსვენების მოთხოვნით 2015 წელს კვლავ მიმართა შპს „ჰ–ს“.
4.8.2. 2016 წლის სექტემბერში მოპასუხის მამა საბურთალოს სასაფლაოდან ვერის სასაფლაოზე გადაასვენეს.
4.9. მოპასუხემ 2016 წლის სექტემბრის წერილით, შპს „ჰ–ს“ საფლავის გარეთ არსებული ადგილის ხარჯზე საგვარეულო საფლავის დამატება სთხოვა და ამ მიზნით, მომიჯნავე ტერიტორიაზე მიწის ამოღების სამუშაოები აწარმოა.
4.10. სადავო სამარხი ერთადგილიანი არ არის და მხარეები მისი მართლზომიერი თანამფლობელები არიან, კერძოდ:
4.10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთისა (მეუღლის საფლავის მოვლაზე უფლებამოსილ პირად აღიარება) და ზიანის ანაზღაურების თაობაზე და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ შეგებებული სარჩელი, უარყოფილ იქნა.
გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხე მოსარჩელესთან ერთად თანაბარი უფლებებით საფლავისათვის გამოყოფილი იმ მიწის ნაკვეთის თანამფლობელი და იმ ინფრასტრუქტურის თანამესაკუთრეა, სადაც მოსარჩელის მეუღლე განისვენებს და მხარეებს შორის არსებული კომფლიქტი ვერ გააქარწყლებს მოსარჩელის უფლებას ისარგებლოს მეუღლის საფლავის მოვლა-პატრონობით.
მოსარჩელემ კი, მოპასუხის მიერ საფლავის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ქმედებების ხელშეშლის გამართლება ვერ შეძლო, რაც ქართული ჩვეულებითი სამართლით დამკვიდრებულ მოვალეობას - მოუაროს ძმის საფლავს, ხელყოფდა.
4.10.2. 2017 წლის 21 ივნისს მოპასუხემ განცხადებით მიმართა შპს ,,ჰ–ის“ დირექტორს და ოთხადგილიანი სასაფლაოს რესტავრაციისა და მოპირკეთების, ასევე საფლავის უკან არსებული 0.5კვ.მ. მიწის ნაკვეთის შემოერთების თაობაზე ნებართავა ითხოვა.
4.10.3. ვერის საქალაქო სასაფლაოზე მოპასუხეს არასტანდარტული ოთხადგილიანი სამარხი გამოეყო, შემდგომ მხარემ ნახევარი - 0.50 კვ.მ მიიმატა (იხ. შპს „ჰ–ის“ 2017 წლის 4 სექტემბრის ცნობა).
4.10.4. 2012 წლის 2 მარტის წერილით შპს „ჰ–მა“ მოსარჩელეს აცნობა, რომ მოპასუხეს ვერის სასაფლაოს სამ ადგილიან საფლავში, მამის დაკრძალვა სურდა და ამასთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა ეთხოვა.
4.10.5. 2012 წლის 2 მარტის საპასუხო წერილით, მოსარჩელემ შპს „ჰ–ს“ აცნობა, რომ მისი ოჯახის სამარხში ნებისმიერი სხვა პირის დამარხვის წინააღმდეგი იყო, რადგან, სამადგილიანი სამარხი ბოლომდე მოპირკეთებულია.
4.10.6. 2006 წლის 9 ნოემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ვერის სასაფლაოს დირექტორს და აღნიშნა, რომ გარდაცვლილი მეუღლის ოჯახი მისთვის უკანასკნელი პატივის მიგებაში ეწინააღმდეგებოდა. ამასთან, იგი საფლავის აგებისთვის საჭირო ყველა ქმედებისთვის სრულ პასუხისმგებლობას იღებდა.
4.11. 2017 წლის 22 სექტემბერს მოპასუხემ მოსარჩელის მეუღლის საფლავის ზედა ნაგებობა დაანგრია, რაც მარმარილოს ფენის მოცილებასა და დამტვრევაში გამოიხატა.
4.12. მიყენებული ზიანის ოდენობა - 4200 ლარია (იხ. 2017 წლის 26 სექტემბრის აუდიტის დასკვნა).
4.13. მოპასუხეს საფლავის ზედა ნაგებობის დემონტაჟზე ნებართვა არ მოუპოვებია, სახელდობრ:
4.13.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 18 ოქტომბრის რეაგირების ოქმში აღნიშნულია, რომ ადგილზე დახვდათ მოსარჩელე, რომელმაც განაცხადა, რომ გარდაცვლილი მეუღლის საფლავი შემოღობილია ბეტონის კედლით, რომლის გარე მოპორკეთებაც გარდაცვლილის დამ/მოპასუხემ მოხსნა.
4.13.2. სადავო საფლავთან დაკავშირებით, შპს ,,ჰ–ს“ საფლავის რეკონსტრუქციის (არსებული ნაგებობების დემონტაჟი სხვა სახის ნაგებობების მონტაჟი, გაერთიანების) უფლება/ნებართვა არ გაუცია (იხ. შპს ,,ჰ–ის“ 2018 წლის 2 აპრილის წერილი).
4.13.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის 2018 წლის 28 მარტის რეაგირების ოქმში მითითებულია, რომ მოსარჩელის განცხადებით, მისი გარდაცვლილი მეუღლის საფლავი, მისი ნებართვის გარეშე მისი მეუღლის დამ მოანგრია. 2018 წლის 30 მარტის რეაგირების ოქმში კი, აღნიშნულია, რომ მოსარჩელის განცხადებით, მისმა მულმა უნებართვოდ დაანგრია სასაფლაოს კედლები და აღნიშნულთან დაკავშირებით ითხოვს დახმარებას.
5. ხელშეშლის აღკვეთისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლერბრივი საფუძველია სსკ-ის 161-ე (თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა) 172-ე (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუ კი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას), 173.1 (საერთო (თანაზიარი) და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ), 953-ე (თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს), 955-ე (თითოეულ მონაწილეს ეკუთვნის თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის ნაწილი; თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას), 956.1 (საზიარო საგანს მონაწილენი ერთობლივად მართავენ) და 957.3 (ცალკეული მონაწილის თანხმობის გარეშე არ შეიძლება სარგებლობის წილზე მისი უფლების შემცირება) მუხლები.
6. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბერს №20-103 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის შესახებ“ წესის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით, საგვარეულო სამარხია - საფლავი, რომელიც გამოიყენება, ოჯახის წევრების ან ურთიერთთანხმობის საფუძველზე ახლობელი ადამიანების ნეშტის დასაკრძალად.
იმავე მუხლის „მ“ პუნქტით კი, ჭირისუფალია - გარდაცვლილის ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით, სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პირი ან სხვა პირი, რომელიც ახორციელებს დაკრძალვის ცერემონიას და იხდის მომსახურების ხარჯებს.
6.1. იმავე წესის 5.2. მუხლის თანახმად, საფლავის მოვლა-პატრონობა ჭირისუფლის ნებით ხორციელდება.
7. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მხარეები საოჯახო საფლავის მართლზომიერი თანამფლობელები არიან.
7.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე გარდაცვლილის მეუღლეა, მოპასუხე კი და. ასევე დადგენილია, რომ გარდაცვლილის ნეშტი, ვერის სასაფლაოზე ოჯახის საგვარეულო (საოჯახო) ოთხ ადგილიან საფლავშია დაკრძალული (იხ. ცნობა). საფლავები გამიჯნული არ არის.
აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება, კერძოდ, გარდაცვლილის ნეშტის ცალკე ოფიციალურად გამოყოფილ ინდივიდუალიზებულ სამარხში დაკრძალვისა ან/და შემდგომ სამარხის ცალკე გამოყოფის დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეში არ წარდგენილა, ამდენად, საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ასეთ ვითარებაში, საფლავის მოვლაზე (მოპირკეთებაზე) ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიმღებად მოსარჩელის ცნობის სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისად, ხელშეშლის აღკვეთის წინაპირობები არ არსებობდა, რადგან სადავო საფლავის მიმართ ერთი პირის/მოსარჩელის ინდივიდუალური უფლების არსებობა არ გამოკვეთილა.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს სადავო სამარხის მართვისა და მოვლა-პატრონობის უფლება, როგორც თანამფლობელებს/თანამოსარგებლე ჭირისუფლებს და როგორც გარდაცვლილის მეუღლეს და დას, თანაბრად გააჩნიათ, შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში მართებულად იქნა უარყოფილი.
9. საკასაციო სასამართლო ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილშიც სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და განმარტავს, რომ სამოქალაქო ურთიერთობისათვის დამახასიათებელ ზოგად პრინციპებს ვხვდებით სამოქალაქო კოდექსის 8.3 მუხლსა და 115-ე მუხლშიც. კერძოდ, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
9.1. ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “bona fides“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „ius civile-სა“ და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად გადაჯაჭვულია მორალურ სტანდარტებთან.
9.2. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია.
9.3. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.
9.4. კეთილსინდისიერების პრინციპი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას, რომლის არარსებობის შემთხვევაში ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას (სუსგ. 29.06.2015წ. საქმეზე №ას-1338-1376-2015). იგი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის შეფასებით კრიტერიუმს, რომლის შესაბამისადაც, სამართლიანისა და უსამართლოს გამიჯვნის გზით, პირი იღებს ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას.
კეთილსინდისიერების პრინციპი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში მიჩნეულია უშუალოდ მოქმედ სამართალდ და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად (სუსგ. 21.05.2012წ. საქმე №ას-221-213-2012), რომლის მიზანი სამართლიანი შედეგის დადგომა და უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა (სუსგ. 24.05.2011წ. საქმე №ას-23-18-2011).
9.5. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს მოპასუხემ მოსარჩელის მეუღლის საფლავის ზედა ნაგებობა დაანგრია, რაც მარმარილოს ფენის მოცილებასა და დამტვრევაში გამოიხატა. ასევე დადგენილია, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა - 4200 ლარია, რომლის ანაზღაურებაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კანონშესაბამისად დაეკისრა.
10. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
11. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
13. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი, პირველ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #24207568004, გადახდის თარიღი 17.10.2024წ), 70% - 210 ლარი, ხოლო მეორე კასატორს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #24078817818, გადახდის თარიღი 08.10.2024წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ნ–ისა და თ.თ–ძის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ.ნ–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #24207568004, გადახდის თარიღი 17.10.2024წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. თ.თ–ძეს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #24078817818, გადახდის თარიღი 08.10.2024წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა