6 თებერვალი, 2025 წელი,
საქმე №ას-1297 -2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „ს.კ.ა–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - კ.გ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.კ.ა–ა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განჩინებას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით კ.გ–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დამზღვევი) მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 14 600 ლარის გადახდა დაეკისრა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში წარდგენილი მტიცებულებები რასაც შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მხარეებს შორის 2019 წლის 27 ნოემბერს გაფორმდა ავტომანქანა - ,,MERCEDES-BENZ E220 CDI“, სახელმწიფო ნომრით ....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დაზღვეული ავტომანქანა ან მოსარჩელის ავტომანქანა) დაზღვევის ხელშეკრულება. დაზღვევის პერიოდი ვრცელდებოდა 2020 წლის 26 ნოემბრამდე წარმოშობილ სადაზღვევო შემთხვევებზე. დაზღვეულ რისკებად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტომანქანის სრული ან ნაწილობრივი დაზიანება, ხოლო სადაზღვევო თანხა - 11 000 აშშ დოლარით განისაზღვრა.
4.4. დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული იქნა: ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარის დაზღვევა (ავტო-საგზაო შემთხვევა (ავარია); ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა; სხვადასხვა საგნების დაცემა; ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი; სტიქიური მოვლენები, მათ შორის სეტყვა; გარე დეტალების, აქსესუარების, მინების, სარკეების დაზიანება, ქურდობა, მესამე პირის წინაშე ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა, მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა.
დაზღვეულ რისკებად ავტომანქანის ფიზიკური დაზიანება/გატაცება - 7000 აშშ დოლარი, პრემიის თანხა - 227 აშშ დოლარი, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა 5000 აშშ დოლარი, პრემიის თანხა - 50 აშშ დოლარი, მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა - 5000 აშშ დოლარი, პრემიის თანხა - 15 აშშ დოლარი განისაზღვრა.
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაკარგვის/სრული ზიანის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა ავტომანქანის საბაზრო ღირებულებით განისაზღვრებოდა, სადაზღვევო თანხის ფარგლებში. რასაც გამოაკლდებოდა ფრანშიზის ოდენობა, დაზღვევის პერიოდში ასანაზღაურებელი ზარალის თანხა (ასეთის არსებობისას), სადაზღვევო პრემიის დარჩენილი/გადაუხდელი ნაწილი და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნარჩენი ღირებულება. ამასთან, მზღვეველი უფლებამოსილი იყო აენაზღაურებინა ზარალი ნარჩენი ღირებულების გამოკლების გარეშე. ამ შემთხვევაში, საკუთრების უფლება ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც მიიჩნეოდა მთლიანად განადგურებულად, გადადიოდა მზღვეველზე (იხ. შეთანხმების 2.1.2 პუნქტი).
სრულ ზიანად ითვლებოდა შემთხვევა, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენის ღირებულება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას შეადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო თანხის 70%-ზე მეტს. ხელშეკრულება ითვალისწინებდა გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც არ ექვემდებარებოდა დაზღვევით ანაზღაურებას, მათ შორის, 3.8 პუნქტი: მექანიკური და ელექტროსისტემების მწყობრიდან გამოსვლა, გარდა დაზღვეული რისკით ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეგანი დაზიანების შედეგად (იხ. შეთანხმების 2.1.2 1 პუნქტი).
შეთანხმების მე-4 ნაწილით დადგინდა საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც ზიანი არ ანაზღაურდებოდა, კერძოდ, ზარალი თუ გარემოებები რომელიც ზრდიდა სადაზღვევო რისკის დადგომის ალბათობას, ცნობილი იყო დამზღვევისთვის ან მისი წარმომადგენლისთვის და ამის შესახებ დაუყოვნებლივ არ აცნობა მზღვეველს წერილობით ან ყალბი ან არასრული ინფორმაცია (დოკუმენტი) მიაწოდა აღნიშნულის შესახებ (იხ. შეთანხმების 1.15 პუნქტი).
4.5. დაზღვეულ ავტომანქანა გაჩენილი ხანძარის შედეგად დაიწვა.
4.5.1. 2020 წლის 30 ივნისს, მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის ხანძრის შედეგად დაზიანების ფაქტზე, შსს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება N044300620001 სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
4.5.2. 2020 წლის 30 ივნისს, გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში მოსარჩელემ განმარტა, რომ 2020 წლის 30 ივნისს, დილით, დაახლოებით 09:00 საათზე დაზღვეული ავტომანქანით იმყოფებოდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ......., მდინარე ჩხოუშიაზე გამავალ საავტომობილო ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. მანქანა გაჩერებული ჰყავდა გზის მიმდებარედ, მინდორზე, საავტომობილო გზიდან დაახლოებით 10 მეტრში, ავტომანქანის სიახლოვეს ელექტროსადენი არ გადიოდა. მასთან ერთად იყო მისი მეგობარი ს.ჩ–ვა, ისინი აპირებდნენ თევზაობას. მდინარის ნაპირიდან შენიშნეს, რომ მანქანის ძრავის სახურავიდან ამოდიოდა კვამლი, მანქანის გაღებას შეეცადა, მაგრამ არ გაიღო, დარეკა „112“-ში და ითხოვა დახმარება, საკუთარი ძალებით ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას, გამოცხდდა სახანძრო, ამ დროს ცეცხლი თითქმის მთელ მანქანას მოედო, სახანძრომ ცეცხლი ჩააქრო.
მისი მანქანისათვის ცეცხლი არავის წაუკიდებია, კვამლი ამოდიოდა ძრავის ადგილიდან. დაახლოებით 2 თვის წინ, ელ. სადენების გაუმართაობის გამო, ავტომანქანაზე გაფუჭდა ე.წ. სიგარეტის მოსაკიდებელი მოწყობილობა, რისთვისაც ყურადღება არ მიუქცევია, რაიმე სახის ხარვეზი ავტომანქანის ელ. გაყვანილობაზე არ ყოფილა, მისი აზრით, ავტომანქანას ცეცხლი ძრავის მიმდებარედ ელ. სადენებზე მოკლე ჩართვის შედეგად გაუჩნდა.
4.5.3. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის კომპლექსური სახანძრო-ტექნიკური და სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის 2020 წლის 26 ივლისის N80/სტ-N435/სქ დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი ექსპერტიზის დასკვნა) თანახმად, შემთხვევის ადგილის ფოტომასალების შესწავლისას დადგინდა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ........ მდინარე ჩხოუშიაზე გამავალ საავტომობილო ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ დაზღვეულ ავტომანქანაში ხანძრის გაჩენის კერა მდებარეობდა ავტომანქანის ძრავის განყოფილებაში წინა მარჯვენა მხარეს.
შემთხვევის ადგილის ფოტომასალების შესწავლისას და ჩატარებული კვლევების ანალიზის საფუძველზე, დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს ზუგდიდის რაიონის სოფელ .........., მდინარე ჩხოუშიაზე გამავალ საავტომობილო ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებულ დაზღვეულ ავტომანქანაში ხანძრის გაჩენა დაკავშირებული იყო ელექტროტექნიკურ მიზეზთან, კერძოდ, მოკლე ჩართვასთან. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდებზე ნავთობპროდუქტების ან მათი არასრული წვის პროდუქტების კვალი არ აღინიშნებოდა. 2020 წლის 30 ივნისს შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ N3 და N4 ობიექტებზე (სპილენძის მრავალძარღვიანი შიშველი ელექტროსადენები) აღინიშნებოდა ელექტროტექნიკური მიზეზის, მოკლე ჩართისათვის დამახასიათებელი სადენების ერთმანეთზე მიდნობის კვლები და ნადნობები (იხ. დასკვნა).
4.6. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის 2020 წლის 30 ივლისის დადგენილებით, N044300620001 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.
4.7. შპს „ტ. და პ. კ. ე. ც–ის“ ექსპერტის 2020 წლის 21 დეკემბრის N26/020 კონსულტაციური პასუხის თანახმად:
1. ავტომანქანის მეპატრონის განცხადების მიუხედავად (2 თვის წინ ე.წ. სიგარეტის მოსაკიდებელი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა), იგი ეწეოდა მის ექსპლუატაციას, ე.ი. ავტომანქანა ტექნიკურად გამართული იყო. სიგარეტის მოსაკიდებელი მოწყობილობა ელექტროგაყვანილობაზე დატვირთვას მისი მუშა მდგომარეობაში ყოფნისას/გამოყენებისას ახდენდა. მოცემულ შემთხვევაში, სიგარეტის მოსაკიდებელი მოწყობილობა ელექტროსადენებზე დატვირთვას, მათ დაზიანებას/მწყობრიდან გამოსვლას ვერ გამოიწვევდა, ვინაიდან, ის უკვე მწყობრიდან გამოსული/გაუმართავი იყო;
2. მოსარჩელისა და მისი მგზავრის ჩვენების მიხედვით, ავტომობილით იმგზავრეს/გადაადგილდნენ. რა დროსაც ავტომანქანის რომელიმე კვანძის ან ელექტროგაყვანილობის ტექნიკური გაუმართაობა არ შეუნიშნავთ. ავტომანქანა მათი მხედველობის არეში გააჩერეს, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ კი, ძრავის სახურავიდან გამომავალი კვამლი შენიშნეს, რაც შემთხვევამდე ავტომანქანის ტექნიკური გაუმართავობის წინაპირობას გამორიცხავდა.
4.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 1 ოქტომბრის N005961420 სასაქონლო ექსპერტიზის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე ექსპერტიზის დასკვნა) დასკვნით, დაზღვეული ავტომობილის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ - 16 500 ლარით განისაზღვრა.
4.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 1 ოქტომბრის N005961520 სასაქონლო ექსპერტიზის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე ექსპერტიზის დასკვნა) დასკვნით, დაზღვეული ავტომობილის ნარჩენი საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ - 1 900 ლარია.
4.10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 1 მარტის N001414323 სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე ექსპერტიზის დასკვნა) დასკვნით, დაზღვეული ავტომობილი ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში იყო. ავტომობილის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ძარაზე არსებული დაზიანებების გათვალისწინებით, ტექნიკური თვალსაზრისით დაუშვებელია.
4.11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 23 მარტის N001974323 სასაქონლო ექსპერტიზის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეხუთე ექსპერტიზის დასკვნა) დასკვნით, ტექნიკურად გაუმართავი (ხანძრიდან განადგურებული) დაზღვეული ავტომობილის ნარჩენი საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ - 1 000 ლარია.
4.12. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 28 ივლისის N004690523 სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეექვსე ექსპერტიზის დასკვნა) დასკვნით, დაზღვეულ ავტომობილში ტექნიკური თვალსაზრისით, ხანძარი სანთებელას ელექტრო წრედის გაუმართავობას არ გამოუწვევია. აქედან გამომდინარე ორი თვით ადრე სანთებელას მწყობრიდან გამოსვლა ხანძართან მიზეზობრივ კავშირში არაა.
4.13. შპს „ა–ის“ 2022 წლის 2 დეკემბრის ტექნიკური ექსპერტიზის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეშვიდე ექსპერტიზის დასკვნა) დასკვნით, დაზღვეული ავტომობილის ეგრედ წოდებული სიგარეტის ელექტრო მოსაკიდებლის გაუმართაობის დიაგნოსტიკისა და შეკეთების პროცესში, აღმოჩენილი ხარვეზის ტიპიდან და ხასიათიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, შესაძლებელია სპეციალისტს აღმოეჩინა გახეხილი, გამომხმარი ან სხვა მიზეზით დაზიანებული ელექტროსადენ(ებ)ის იზოლატორი ან/და შესაძლო საწვავის გაჟონვის ადგილი, აღნიშნული ხარვეზების აღმოჩენით და გამოსწორებით შესაძლებელი იქნებოდა ავტომობილის თვით აალების თავიდან აცილება.
ტექნიკურად გამართულ ავტომობილს არ აქვს ელექტრონული მოკლე ჩართვის, საწვავის გადინების ან სხვა რისკი, შესაბამისად, ტექნიკურად გამართული ავტომობილი არ შეიძლება თვითნებურად აალდეს.
4.14. სადაზღვევო შემთხვევა მესაკუთრის/მოსარჩელის უხეშ გაუფრთხილებლობას არ გამოუწვევია.
4.15. სადაზღვევო კომპანიამ სადაზღვევო გამონაკლისზე მითითებით, სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად წარმოქმნილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში) მუხლები.
6. კასატორის ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სადაზღვევო შემთხვევს დადგომა დამზღვევის/მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობის შედეგია.
7. საკასაციო სასამართლო კასატორის მითითებულ პრეტენზიას უარყოფს და განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების ფარგლებში დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს.
იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, ისე, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს წარმოადგენს, მხარეთა მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში.
დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო;
მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა.
სსკ-ის 799-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.
შესაბამისად, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან შეძლებისდაგვარად გამოირიცხოს სახელშეკრულებო დათქმების შეუსრულებლობა, მაქსიმალურად შეიზღუდოს არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს საკუთრივ დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.
8. საკასაციო პალატის განსჯით, განსახილველი დავის ფარგლებში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოცემული დავის კვლევის ძირითადი საგანი, სახელდობრ: სადავო შემთხვევა გამოიწვია თუ არა დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილმა ქმედებამ, კერძოდ, ავტომანქანის ტექნიკურმა გაუმართავობამ.
საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიქაცევს სსკ-ის 829-ე მუხლის შინაარსზე, რომლითაც დადგენილია, რომ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. აქვე, საგულისხმოა, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის განხილვისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი - მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი ხელშეკრულების გამონაკლისს წარმოადგენს, რის გამოც, სადაზღვევო დაფარვა მასზე ვერ გავრცელდება (სუსგ: Nას-1181-2020, 28.01.2021).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევ მიზეზად მოსარჩელის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედება უნდა დაადასტუროს მზღვევლმა და ეს გარემოება ცალსახად შედიოდა კასატორის მტკიცების ტვირთში.
საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (შდრ. სუსგ Nას-1306-1226-2015, 1.07.2016წ).
უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (შდრ. სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ).
გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას არ წარმოადგენს, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის უმნიშვნელოდ გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომობილის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (შდრ.სუსგ Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-1279-2022, 20.12.2022წ.).
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სადაზღვევო კომპანიამ ვერ დადასტურა მოსარჩელის მიერ მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევის ფაქტი.
9.1. დადგენილია, რომ ავტომანქანის ხანძარი გამოიწვია მოკლე ჩართვამ, მისი გამომწვევი მიზეზები, რომ ცნობილი იყო მოსარჩელისთვის, საქმის განხილვის შედეგად არ დადასტურდა.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ რამდენიმე თვის უკან ე.წ. სიგარეტის მოსაკიდებელი მოწყობილობის დაზიანებას უპირობოდ არ უნდა გამოეწვია ავტომობილში ხანძრის გაჩენა. შესაძლებელია, ე.წ. სიგარეტის მოსაკიდებელი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა იყოს წინდახედულობის საფუძველი გადამოწმდეს ავტომანქანის ელექტროსისტემების გამართულობა, თუმცა ავტომანქანის ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის მზღვეველისათვის შეტყობინების ვალდებულება მოსარჩელეს არ უკისრია. ამდენად, ნებისმიერი, ჩვეულებრივი წინდახედულობის მქონე მძღოლისათვის დამდგარი ხდომილება მიზეზ - შედეგობრივი თვალსაზრისით, განჭვრეტადი ვერ იქნებოდა.
10. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელემ ასევე დაარღვია ხელშეკრულებით შეთანხმებული მზღვეველის ინფორმირების ვადა, რაც გახდა კიდევაც სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
10.1. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 814.3 მუხლზე რომლის თანახმად, მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა. ასეთ ვითარებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მზღვეველს ეკისრება ამტკიცოს ამ დარღვევის ნეგატიური შედეგები (მზღვეველის ინტერესების არსებითი დარღვევა) და საკუთარი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი ფაქტები. ამ მხრივ დასაბუთებული შედავება კასატორს არ წარმოუდგენია.
10.2. დადგენილია, რომ ავტომანქანას ცეცხლი წაეკიდა ე.წ. სიგარეტის მოსაკიდებელი მოწყობილობის დაზიანებიდან 2 თვის შემდგომ და მძღოლისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი (მოკლე ჩართვა), წინასწარ ცნობილი ვერ იქნებოდა. განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ამ მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემდგომ, მოსარჩელე უპრობლემოდ ეწეოდა ავტომანქანის ექსპლუატაციას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ალოგიკურია მძღოლს მოეთხოვოს ავტომანქანის ტექნიკური დეტალების ზედმიწევნით ცოდნა. მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარის შედავება გაუმართავ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის ნაწილში, რაც თავის მხრივ უხეში გაუფრთხილებლობის საფუძველია, სახეზე არ არის და აღნიშნული საფუძვლით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე უარი ვერ იქნება სასამართლოს მიერ დასაბუთებული.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
14.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 730 ლარის (საგადახდო დავალება #1721375589, გადახდის თარიღი 19.07.2024წ), 70% - 511 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.ა–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.კ.ა–ას“ (ს/ნ ........) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 730 ლარის (საგადახდო დავალება #1721375589, გადახდის თარიღი 19.07.2024წ), 70% - 511 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა