Facebook Twitter

12 დეკემბერი, 2024 წელი,

საქმე №ას-920-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ი.ხ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ.ლ–ი’’ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სააღსრულებო მომსახურების საზღაურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2020 წლის 16 ნოემბერს, სს „თ.ლ–სა“ (შემდეგში - მოპასუხე, საწარმო ან კრედიტორი) და ი.ხ–ძეს (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ) შორის სააღსრულებო მომსახურების ხელშეკრულება (შემდეგში - მომსახურების ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) გაფორმდა. ხელშეკრულების საგანი, კრედიტორის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების, განჩინებების, ბრძანებებისა და დადგენილებების (შემდგომში გადაწყვეტილება), ასევე, საქართველოს კანონმდებლობით (მათ შორის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით) დადგენილი წესით სანოტარო აქტების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულება შეადგენდა (ხელშეკრულების 1.1 პუნქტი).

2. მომსახურების ხელშეკრულების 3.1 პუნქტით, წინამდებარე ხელშეკრულების პირველ პუნქტში აღნიშნული სამუშაოს შესრულებისთვის კრედიტორი ვალდებულია გადაიხადოს გაწეული მომსახურების საზღაური, რომელიც აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობით განისაზღვრება, კერძოდ: 100 000 ლარამდე აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის ოდენობისას - კრედიტორის მიერ საზღაურის წინასწარ გადასახდელი ნაწილი - 1.5% (არანაკლებ 100 ლარისა), საზღაურის სრული ოდენობა - 5%; 100 000 ლარისა და მის ზემოთ აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის ოდენობისას - კრედიტორის მიერ საზღაურის წინასწარ გადასახდელი ნაწილია - 1/5%, საზღაურის სრული ოდენობა - 4%.

სააღსრულებო მომსახურების საზღაურის გადახდა ეკისრება მოვალეს, რაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1417 მუხლით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში ამოიღება.

3. ხელშეკრულების 3.3 პუნქტით, ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ სასამართლოს ბრძანების ან ლიზინგის მოწმობის აღსრულებისთვის, სააღსრულებო მომსახურების საზღაური დგინდება თითოეული რეგისტრირებული ნივთის ან თითოეული ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგით გაცემული ნივთის/ნივთების ღირებულების გათვალისწინებით, შემდეგი წესით: 100 000 ლარამდე ნივთის საბაზრო ღირებულებისასდ - სააღსრულებო წარმოების დაწყების ეტაპზე გადასახდელი საზღაურია - 0.9% (არანაკლებ 180 ლარი), მოთხოვნის აღსრულების შემდეგ გადასახდელი საზღაურია - 0.1%; 100 000 ლარისა და მის ზემოთ ნივთის ღირებულებისას - სააღსრულებო წარმოების დაწყების ეტაპზე გადასახდელი საზღაურია - 0.7% (არანაკლებ 180 ლარი), მოთხოვნის აღსრულების შემდეგ გადასახდელი საზღაური - 0.2%.

4. მომსახურების ხელშეკრულების 3.3.1 პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ მოვალისთვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით 3.3 პუნქტით გათვალისწინებული აქტების საფუძველზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება, სააღსრულებო მომსახურების საზღაური შეადგენს აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 7%-ს (არანაკლებ 50 ლარისა), რომლის სრული ოდენობა ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს ეკისრება და აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად ამოიღება.

5. ხელშეკრულების 6.1 პუნქტით, თითოეულ მხარე უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს წინამდებარე ხელშეკრულებიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულება.

6. 2021 წლის 16 სექტემბერს, მოპასუხემ აღსასრულებლად წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2021 წლის 13 სექტემბერს გაცემული N2/22821-21 სააღსრულებო ფურცელი (შემდეგში - სააღსრულებო ფურცელი), რომლის თანახმად, მოვალე შპს „გ–ს“ დაეკისრა მის სარგებლობაში არსებული ორი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კრედიტორისთვის დაბრუნების ვალდებულება.

სააღსრულებო ფურცლისა და 2021 წლის 13 სექტემბრის N2/22821–21 ბრძანების საფუძველზე დაიწყო შპს ,,გ–ის” მიმართ მის სარგებლობაში არსებული ორი ერთეული ლიზინგის საგნის მოპასუხისთვის დაბრუნების მოთხოვნით სააღსრულებო წარმოება.

მოპასუხე საწარმომ მოსარჩელეს გადაუხადა, მასთან გაფორმებული სააღსრულებო მომსახურების ხელშეკრულების 3.3 პუნქტით დადგენილი სააღსრულებო წარმოების დაწყების ეტაპზე გადასახდელი საზღაური 5 517.78 ლარის ოდენობით და მოთხოვნის ნაწილობრივ აღსრულების შემდეგ გადასახდელი საზღაური 659.62 ლარის ოდენობით.

7. 2021 წლის 1 ივლისს, მოპასუხემ აღსასრულებლად წარადგინა ნოტარიუს ლ.ბ–ძის მიერ 2021 წლის 30 ივნისს გაცემული N210671485 სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესაბამისად, მოვალე შპს „მ.ფ–ს“ დაეკისრა 143 072.73 აშშ დოლარისა და 145.60 ლარის მოპასუხის სასარგებლოდ გადახდა. სააღსრულებო ფურცლით განისაზღვრა, რომ დავალიანების გადახდევინება უნდა მომხდარიყო მოვალე მ.მ–ძის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.

მოპასუხემ გადაიხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული საზღაურის წინასწარ გადასახდელი ნაწილი, 6 796.49 ლარი.

8. ორივე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, წინასწარი საფასურის გადახდის ნაწილში ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება მოპასუხემ ჯეროვნად შეასრულა.

9. 11 043.82 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების მოთხოვნით მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

მოსარჩელის მითითებით, მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მან, როგორც კერძო აღმასრულებელმა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კეთილსინდისიერად დათქმულ ვადებში შეასრულა სააღსრულებო საქმიანობა, თუმცა, მომსახურების საფასური (რომელიც აღსრულების შემდეგ უნდა გადახდილიყო) მოპასუხეს არ აუნაზღაურებია, კერძოდ, შპს „გ–ის“ მიერ მეორე საგნის დაბრუნებისა და თანხის დაკისრების ნაწილში მოპასუხემ თანხა არ გადაიხადა.

10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აუქციონის ჩატარებისა და კრედიტორის ამ გზით დაკმაყოფილების შესახებ მისთვის ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობა მოსარჩელეს არ შეუსრულებია, შესაბამისად, მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

- სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ ხელშეკრულების კეთილსინდისიერად/გულისხმიერად და კანონის მოთხოვნათა დაცვით შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რაც მის მტკიცების ტვირთში შედიოდა, შესაბამისად, სარჩელი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

14. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა.

- კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ლიზინგის საგანი კრედიტორისთვის მოსარჩელეს არ დაუბრუნებია, რადგან სააღსრულებო წარმოების დაწყების შემდეგ მოსარჩელემ კანონით გათვალისწინებული ყველა მოქმედება შეასრულა. 2021 წლის 21 ოქტომბერს კასატორი ჭიათურაში ჩავიდა, სადაც მოვალის მხრიდან ხელშეშლის აღსაკვეთად პოლიციის გამოძახება დასჭირდა. წინააღმდეგობა დაძლეულ იქნა, რის შემდეგაც ლიზინგის ერთი საგანი ავტოსადგომზე გადაიყვანეს, ხოლო, მეორე საგნის გადაყვანა, მისი ტექნიკური მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, კასატორმა არაერთხელ მიმართა მოპასუხეს იმის თაობაზე, რომ საჭირო იყო ტრანსპორტირების დაგეგმვა. პირველი ტრანსპორტირება მოსარჩელემ საპატრულო პოლიციის დახმარებით განახორციელა, მეორე საგნის ტრანსპორტირების შეუძლებლობის გამო კი, აღნიშნული კრედიტორს უნდა განეხორციელებინა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

16. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

18. საკასაციო პალატის განხილვის საგანია, თუ რამდენად წარმატებულია სააღსრულებო წარმოების ხარჯის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა.

19. განსახილველი საკითხის შეფასებისას, საყურადღებოა საქმის მასალებით დადგენილად ცნობილი შემდეგი გარემოებები:

ლიზინგის მეორე საგნის შპს „გ–ისგან“ გამოთხოვა და მოსარჩელის მფლობელობაში დაბრუნება, უშუალოდ მოპასუხის ქმედების შედეგად, ამ უკანასკნელის ჩართულობით განხორციელდა. 2021 წლის 16 სექტემბრიდან - 2022 წლის ივნისამდე - მოპასუხეს არანაირი მოქმედება არ განუხორციელებია იმ მიზნით, რომ ნაკისრი ვალდებულება დროულად და ეფექტურად შეესრულებინა.

ვინაიდან შპს „მ.ფ–თან“ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება იპოთეკით, კერძოდ, მ.მ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით იყო უზრუნველყოფილი, შესაბამისად, წინამდებარე დავალიანება იპოთეკის საგნის რეალიზაციის თანხით უნდა დაფარულიყო, თუმცა ლიზინგის მიმღებმა დაფარა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მოპასუხის მიმართ არსებული დავალიანება, რის გამოც ზემოაღნიშნული ქონების რეალიზაცია საჭირო აღარ გახდა, ქონებაზე ყველა შეზღუდვა მოიხსნა და წარმოება შეწყდა. დადგენილია, რომ დავალიანების თანხა მოვალემ მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცხა, ხოლო თანხის ჩარიცხვის შემდეგ, მოპასუხემ კანონით დადგენილი წესით სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თაობაზე მოსარჩელეს მიმართა.

სააღსრულებო ფურცელი მოსარჩელეს 2021 წლის 30 ივნისს წარედგინა, ხოლო, საქმისწარმოების შეწყვეტის მოთხოვნა - 2022 წლის 24 ივნისს. თითქმის ერთი წლის განმავლობაში, იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიზნით სააუქციონო მომსახურება მოსარჩელეს არ გაუწევია.

20. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 316.1, 317.1, 319-ე და 327-ე მუხლებისა და ხელშეკრულების პირველი, 6.1, 3.1, პუნქტების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ლიზინგის საგანი კრედიტორისთვის მოსარჩელეს არ დაუბრუნებია, შესაბამისად, აღსრულება მას არ განუხორციელებია, რის გამოც არ არსებობს შპს „გ–ის“ ნაწილში ნებაყოფლობითი აღსრულების (და არა მოსარჩელის ქმედების შედეგად) შემდეგ მოსაკრებლის თანხის ანაზღაურების საფუძველი. რაც შეეხება, თანხის დაკისრების ნაწილში შპს „მ.ფ–ის“ მიმართ არსებულ სააღსრულებო საქმისწარმოებას, ვინაიდან სახელშეკრულებო ვალდებულება მოსარჩელეს დროულად არ შეუსრულებია, ასევე არაა გამოკვეთილი დასახელებული არგუმენტიდან გამომდინარე მოპასუხისთვის თანხის დაკისრების საფუძველი.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.

22. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ხ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი.ხ–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. ს–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 552.20 ლარის (საგადასახადო დავალება # 1724595780, წარდგენის თარიღი - 25.08.2024; ბანკში საგადახდო დავალების მიღების/შესრულების თარიღი - 26.08.2024) 70% - 386.54 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა