საქმე №ა-2641-შ-67-2025 12 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
შუამდგომლობის ავტორი – დ.პ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ნ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე - რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის №A13-1334/2024 გადაწყვეტილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დ.პ–მა სარჩელით მიმართა ჩერეპოვეცის საქალაქო სასამართლოს ვოლოგდის ოლქში ე.ნ–ის წინააღმდეგ, მოითხოვა 16 800 დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.
ვოლოგდის ოლქის ჩერეპოვეცის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეცა ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს.
ვოლოგდის საოლქო სასამართლოს 2024 წლის 7 თებერვლის სააპელაციო განჩინებით დ.პ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ვოლოგდის ოლქის ჩერეპოვეცის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინება დარჩა უცვლელი.
რუსეთის ფედერაციის ვოლოგდას ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის №A13-1334/2024 გადაწყვეტილებით ე.ნ–ს დაეკისრა პირგასამტეხლოს 8 000 აშშ დოლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯების 4 000 რუბლის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე 27 052 რუბლის სახელმწიფო ბაჟის ხარჯების ანაზღაურება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა დ.პ–ის წარმომადგენელმა, მოითხოვა წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
ცნობისა და აღსრულების მიზნით წარმოდგენილი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2022 წლის 26 აპრილს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების №ბ-331 უფლებების გადაცემის შესახებ 2018 წლის 18 თებერვლიდან, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ განზრახვაზე 2022 წლის 1 აგვისტომდე დადონ უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემის ხელშეკრულება (შემდეგში დათმობის ხელშეკრულება) უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების №ბ-331 მიხედვით, რომელიც დაიდო შპს „რ.პ–სა“ და ე.ნ–ს შორის, შუამდგომლობის ავტორის უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემის ნაწილში, უძრავ ქონებაზე (საქართველო, ქალაქი ბათუმი, ........) სამომავლო საკუთრების უფლების გადასვლის შესახებ.
დასახელებული შეთანხმების მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეთანხმების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებელია ცედენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცესიონერი პირდაპირ თავს არიდებს გარიგების შესრულებას ან არსებობს ფორს-მაჟორული გარემოებები. მხარეები შეთანხმდნენ ცედენტისთვის ჯარიმის დაწესებაზე წინამდებარე შეთანხმებით დადგენილი განზრახვების შეუსრულებლობის შემთხვევაში 8 400 აშშ დოლარის ოდენობით.
მხარეთა შორის არსებული 2022 წლის 1 აგვისტოსა და 2022 წლის 15 ნოემბრის №2 დამატებითი შეთანხმებით, ვალდებულებების შესრულების ვადა მხარეების მიერ განისაზღვრა 2022 წლის 26 ნოემბრამდე, ჯარიმის ოდენობა გაიზარდა 16 800 აშშ დოლარამდე.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარემ შეთანხმებული ვალდებულებები არ შეასრულა, ცესიის ხელშეკრულება არ დადო, რაც სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი გახდა.
შუამდგომლობის ავტორმა, წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების გარდა, ამავე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ე.ნ–ის (პ/ნ ......) სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში (სს „თ.ბ.“, სს „ს.ბ.“, სს „ლ. ბ.“, სს „ბ.ბ.“, სს „ვ.ბ.ჯ–ია“, სს „ბ.ქ.“, სს „პ. ბ.“, სს „ს. რ. ბ“, სს „ზ. ბ.ს.“, სს „ი.ბ. ს.“, სს „ტ–ი“, სს „ხ. ბ.საქართველო“, სს „პ.ბ.ს.“, სს „ფ. ბ.ს.“, სს „კ.ბ.“) განჩინებით განსაზღვრული თანხის ფარგლებში ყადაღის დადება მოითხოვა.
შუამდგომლობის ავტორი ასევე ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „მომსახურების სააგენტოს“ სასამართლო განჩინებით დაევალოს ე.ნ–ის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ წარმოადგინოს ინფორმაცია.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მოპასუხე საქართველოში იმყოფება, აქვს ბინადრობის ნებართვა, შესაბამისად ითხოვს სასამართლო განჩინებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს გასცეს ინფორმაცია ე.ნ–ის რეგისტრირებული მისამართის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად განმარტავს, რომ დენის პეველინის მოთხოვნას უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უარი უნდა ეთქვას განსახლველად მიღებაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი წესებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ ნორმებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში (შუამდგომლობაში) უნდა აღინიშნოს ... მოპასუხის ... ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს.
წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის შესახებ. წარდგენილი შესაგებლით, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, ამასთან პირგასამტეხლოს შემცირება მოითხოვა.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოში აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან ქონება, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (შემდგომში _ „მინსკის კონვენცია“) მე-2 კარითა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის გათვალისწინებით, დაედგინა საქმის განხილვის საერთაშორისო კომპეტენცია.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გადაწყვეტილების გამომტან სახელმწიფოში გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, თუმცა სააღსრულებო წარმოება შეწყდა ისე, რომ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნები არ შესრულებულა. დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოების დასრულების შესახებ განცხადება მოსარჩელემ (შუამდგომლობის ავტორმა) წარადგინა.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ შუამდგომლობაზე დართული მასალებით, კერძოდ საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დგინდება, რომ მოწინააღმდეგე მხარის, როგორც მომავალი მესაკუთრის უფლება 2023 წლის 7 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო საქართველოში, ქალაქ ბათუმში, ........, ს/კ: ......, და საქართველოში, ქალაქ ბათუმში, ........, ს/კ: .......... უძრავ ქონებებზე. ორივე შემთხვევაში საკუთრების საგანს წარმოადგენდა ავტოპარკინგის ადგილი. აღსანიშნავია, რომ თავად შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის 28 მაისის ამონაწერებით იმავე ქონებებზე მოწინააღმდეგე მხარის შესახებ რაიმე ინფორმაცია, მესაკუთრის/მომავალი მესაკუთრის ველში აღარ ფიქსირდება, რაც გამორიცხავს მოვალის ჩვეულებრივ ადგილსამყოფელად საქართველოს სახელმწიფოს მიჩნევისა და შესაბამისად საქართველოს სასამართლოების კომპეტენციას განსახილველ შუამდგომლობასთან მიმართებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის (შუამდგომლობის) მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს (შუამდგომლობის ავტორს), რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, დ.პ–ს უარის უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე.
საკასაციო სასამართლო შუამდგომლობის ავტორის დამატებითი მოთხოვნების (გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოწინააღმდეგე მხარის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების, მოწინააღმდეგე მხარის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ შსს-ის სსიპ „მომსახურების სააგენტოდან“ ინფორმაციის გამოთხოვისა და მოწინააღმდეგე მხარის რეგისტრირებული მისამართის შესახებ სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაციის გამოთხოვის) შესახებ განმარტავს, რომ ვინაიდან წინამდებარე შემთხვევაში არ არსებობს წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საფუძველი, შუამდგომლობის ავტორს ზემოაღნიშნულ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეც უნდა ეთქვას უარი. ამასთან საკასციო სასამართლო განმარტავს, რომ შუამდგომლობის ავტორს არ ერთმევა უფლება ხელახლა მოითხოვოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, აგრეთვე დააყენოს სხვა შუამდგომლობები (მაგ. მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ), განჩინებაში მითითებული დარღვევის გამოსწორებით, მომავალში წარმოდგენილი შუამდგომლობის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.პ–ს უარი ეთქვას რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის №A13-1334/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე;
2. დ.პ–ს უარი ეთქვას, რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის №A13-1334/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ე.ნ–ის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში (სს „თ.ბ.“, სს „ს.ბ.“, სს „ლ. ბ.“, სს „ბ.ბ.“, სს „ვ.ბ.ჯ.“, სს „ბ.ქ.“, სს „პ. ბ.“, სს „ს.რ.ბ.“, სს „ზ.ბ. ს–ო“, სს „ი. ბ.ს.“, სს „ტ.ი“, სს „ხ.ბ. ს.ო“, სს „პ.ბ.ს.“, სს „ფ.ბ.ს.“, სს „კ.ბ.“) განჩინებით განსაზღვრული თანხის ფარგლებში ყადაღის დადებაზე.
3. დ.პ–ს უარი ეთქვას სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან ე.ნ–ის (პ/ნ: .......) სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვაზე;
4. დ.პ–ს უარი ეთქვას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ე.ნ–ის რეგისტრირებული მისამართის გამოთხოვის შესახებ;
5. განემარტოს დ.პ–ს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
6. დ.პ–ს დაუბრუნდეს შუამდგომლობაზე, განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტების დედნები (ვოლოგდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის განჩინება - 13 ფურცელი, სააღსრულებო ფურცელი - 10 ფურცელი, დადგენილება სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ - 5 ფურცელი, ცნობა - 3 ფურცელი) სრულად.
7. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ა. კოჭლამაზაშვილი