საქმე №ა-2110-გან-2-2025 6 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – დ.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ტ.დ–ი
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების განმარტება
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა (ძირითად სარჩელში), უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით დ.გ–ძის (შემდგომში - „განმცხადებელი“) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ტ.დ–ის სააპელაციო საჩივარი მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის დადგენის თაობაზე (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.1 და 2.4 ქვეპუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ტ.დ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ტ.დ–ის სასარჩელო მოთხოვნა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის დადგენის თაობაზე (რომლის ფარგლებშიც სესხად მიღებულ თანხას შეადგენს 4 000 აშშ დოლარი, სესხის ვადა - 06 თვე (2022 წლის 30 იანვრიდან 2022 წლის 30 ივლისამდე). სარგებელი 6 თვეზე შეადგენს 1 000 აშშ დოლარს) არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
2. 2025 წლის 6 მაისს დ.გ–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე №ას-1455-2024) სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის განმარტება. კერძოდ, განმცხადებლისთვის ბუნდოვანია, აღნიშნული პუნქტი ვრცელდება კონკრეტულად სარეზოლუციო ნაწილის 2.1 და 2.4 ქვეპუნქტებზე თუ მასში მოიაზრება ასევე 2.2 და 2.3 ქვეპუნქტებიც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობა და თვლის, რომ დ.გ–ძის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს [სსსკ-ის 399-ე მუხლი]. საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით [სსსკ-ის 372-ე მუხლი].
5. გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას [სსსკ-ის 262.1. მუხლი].
6. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, პროცესში მონაწილე მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ განსაზღვრული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და განსამარტი გადაწყვეტილებიდან არ გამომდინარეობდა.
7. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის განმარტებას. აღნიშნული პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ტ.დ–ის სააპელაციო საჩივარი მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის დადგენის თაობაზე (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.1 და 2.4 ქვეპუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება. განმცხადებლისთვის ბუნდოვანია, აღნიშნული პუნქტი ვრცელდება კონკრეტულად სარეზოლუციო ნაწილის 2.1 და 2.4 ქვეპუნქტებზე თუ მასში მოიაზრება ასევე 2.2 და 2.3 ქვეპუნქტებიც.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობაა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში ერთმნიშვნელოვნად არის მითითება კონკრეტულად 2.1 და 2.4 ქვეპუნქტებზე და არ იძლევა სხვაგვარი განმარტების შესაძლებლობას.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ნათლად და არაორაზროვნად არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს და სახეზე არ არის მისი განმარტების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 262-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ.გ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე