Facebook Twitter

საქმე №ა-2401-ა-6-2025

2 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.პ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.პ–ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღრიცხვა

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით მ.პ–იასა და ვ.პ–იას სარჩელი გ.პ–იას წინააღმდეგ, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობისთაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მალინა და ვ.პ–იებმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განჩინებით მალინა და ვ.პ–იების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მ. და ვ.პ–იებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ვ.პ–იას კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო, ამავე სასამართლოს 2024 წლის 31 დეკემბრის განჩინებით მ.პ–იას კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით მ.პ–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე 2025 წლის 22 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მ.პ–იამ წარმოადგინა კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.პ–იას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.

მოხმობილი ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოადგენს საბოლოო ინსტანციის სასამართლოს, ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საკასაციო სასამართლოს განჩინებების კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ თვალისწინებს და საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, გამოცხადებისთანავე, გასაჩივრებული საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 8 თებერვლის განჩინება საბოლოოა და მასზე კერძო საჩივრის წარდგენა დაუშვებელია.

შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ.პ–იას კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ ხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.პ–იას კერძო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე