საქმე №ას-141-2024 28 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ი/მ ჯ.ნ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.დ. და ლ–კა“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. შპს „ს.დ. და ლ–კამ“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ი/მ ჯ.ნ–ძის წინააღმდეგ, მოითხოვა მოპასუხისთვის 4 224.08 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო 1 603.45 ლარის ნაწილში. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელე პერიოდულად აწვდიდა პროდუქციას, თუმცა, მხარეთა შორის 2018 წლის იანვრიდან იყო შეთანხმება იმ პირობაზე, რომ მოსარჩელე მოპასუხეს რეტრობონუსის სახით აუნაზღაურებდა მოპასუხის მიერ რეალიზებული პროდუქციის ღირებულების 10%, რაც მოსარჩელეს არ შეუსრულებია. 2017 წლის დეკემბრიდან 29.07.2020 წლამდე მოპასუხის მიერ რეალიზებული პროდუქციის ღირებულება შეადგენს 13 707.84 ლარს, რომლის რეტრობონუსიც შეადგენს 1 370.84 ლარს. შესაბამისად, აღნიშნული თანხით უნდა შემცირდეს 2 974.29 ლარი (მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა) რის შედეგადაც დარჩენილი თანხა შეადგენს 1 603.45 ლარს, რაც წარმოადგენს რეალურ დავალიანებას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა 2 974.29 ლარის გადახდა.
4. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით უდავო იყო, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 2015 წლის 11 ნოემბრიდან 2020 წლის 29 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა ტიპის პროდუქცია მიაწოდა, რომლის ღირებულების ნაწილი 2 974.29 ლარი არ არის გადახდილი.
5.3. შპს „გ.ბ.ჯ–ამ“, მოპასუხეს 2017 წლის 26 იანვრიდან 2019 წლის 14 მაისის ჩათვლით სხვადასხვა ტიპის პროდუქცია მიაწოდა, რომლის ღირებულების ნაწილი 1 249.79 ლარი, მყიდველის მიერ არ არის გადახდილი.
5.4. 2019 წლის 31 აგვისტოს, შპს „გ.ბ.ჯ–ასა“ და მოსარჩელეს შორის გაფორმდა შეთანხმება, მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ, რომლის თანახმადაც, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: „1. შპს „გ.ბ.ჯ–ას“ ამ შეთანხმების გაფორმების თარიღისათვის გააჩნია მოთხოვნა სავაჭრო-სარეალიზაციო ქსელში მოქმედი მეწარმე სუბიექტის - ი/მ ჯ.ნ–ძის მიმართ, რომელიც წარმოიშვა შპს „გ.ბ.ჯ–ას“ მიერ მეწარმე სუბიექტისთვის მიყიდული პროდუქციის ღირებულების გადაუხდელობით; 2. შპს „გ.ბ.ჯ–ას“ მოთხოვნა შეთანხმების პირველ პუნქტში მოცემული მეწარმე სუბიექტის მიმართ შეადგენს 1 249.79 (ერთი ათას ორას ორმოცდაცხრა ლარი და 79 თეთრი) ლარს დღგ-ს ჩათვლით. 3. შპს „გ.ბ.ჯ–ა“ უთმობს, ხოლო შპს „ს.დ. და ლ–კა“ იძენს მოთხოვნის უფლებას პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ მეწარმე სუბიექტის ვალდებულებების შესრულების მიმართ, სრული მოცულობით. 4. მხარეები ვეთანხმებით წინამდებარე შეთანხმების პირობებს, რასაც ვადასტურებთ ხელმოწერით.“
5.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით, 2021 წლის 13 ოქტომბერს აღძრული სარჩელის განსახილველად მიღებაზე.
5.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა 2022 წლის 9 თებერვალს მოპასუხის მიმართ აღძრული სარჩელის განსახილველად მიღებაზე.
5.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განჩინებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, 2022 წლის 17 მარტს აღძრული სარჩელის განსახილველად მიღებაზე.
5.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 1 603.45 ლარის ნაწილში, შესაბამისად სასამართლოს შეფასების საგანია 1 370.84 ლარის ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლიანობის შემოწმება.
5.9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ 1 370.84 ლარი წარმოადგენს რეტრობონუსს. რეტრობონუსი არის დამატებითი გასამრჯელო, პრემია, დამატებითი შეღავათი, რომელსაც იძლევა გამყიდველი გარიგების პირობებთან ან ცალკეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.
5.10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, მოსარჩელემ მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი დაძლია. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს ვერ გაართვა თავი, კერძოდ, მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამტკიცებლად წარდგენილ მტკიცებულებებს ქმედითად ვერ შეედავა. კერძოდ, მოპასუხემ ვერ წარადგინა მხარეთა შორის, რეტრობონუსთან დაკავშირებით არსებული რაიმე შეთანხმება, რაც საქმის საბოლოო შედეგზე გავლენას იქონიებდა.
6. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
6.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინება, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
6.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ რეტრობონუსთან დაკავშირებით არასწორად არ გაიზიარა მტკიცებულებები. დისტრიბუტორსა და რეალიზატორს შორის დადებული ხელშეკრულება, წერილობით თუ ზეპირად, თავისთავად მოიცავს რეტრობონუსის შესახებ შეთანხმებას, მსგავსი შეთანხმების გარეშე იშვიათად იდება ხელშეკრულება.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
11. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილ გარემოებებზე მიუთითებს (იხ. წინამდებარე განჩინების 5.2-5.7 ქვეპუნქტები) და განმარტავს, რომ მოსარჩელე კომპანიის მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ, მოპასუხემ ნაწილობრივ - 1 603.45 ლარის ნაწილში ცნო. ამასთან, ფაქტობრივი გარემოებების აღიარების ან სარჩელის ცნობის თაობაზე რაიმე სახის პრეტენზია მოპასუხეს არც მანამდე და არც საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ეტაპზე წარმოუდგენია, რაც გამორიცხავს დასახელებული თანხის ნაწილში სამართლებრივ შეფასებას (იხ. სსსკ-ის 208.3-ე და 131-133-ე მუხლები). ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების, სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დატოვების გათვალისწინებით, საკასაციო პრეტენზიების ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხისთვის 1 370 ლარის დაკისრების კანონიერება (სარჩელით მოთხოვნილი იყო 4 224.08 ლარი, დაკმაყოფილდა - 2 974.29 ლარი, დაკმაყოფილებული 2 974.29 ლარიდან მოსარჩელემ ცნო - 1 603.45 ლარი, ხოლო დარჩენილი 1 370 ლარის დაკისრების კანონიერება საკასაციო საჩივრის ფარგლებშია სადავო).
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა სკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
13. სკ-ის 477-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე - მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე - ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით (მაგ: ნივთის პირდაპირი მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება). კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არც ერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და როგორც ერთ, ისე - მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში) გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს. სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშობა გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (საქონლის მიღება, ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება, რამდენადაც, სკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო, თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა (იხ. სუსგ. №ას-643-2024, 6 თებერვალი, 2025 წელი; №ას-671-642-2016, 20 იანვარი, 2017 წელი; №ას-793-760-2016, 20 იანვარი, 2017 წელი).
14. საკასაციო სასამართლო მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით ფულად ვალდებულებათა შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოუდგენლობაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ფულადი ვალდებულების შესრულების წესი განსაზღვრულია 429-ე მუხლში.
15. მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების წესს არეგულირებს სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესაჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, სალარო გასავლის ორდერი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა (იხ.: სუსგ №ას-1288-2019, 04.03.2019წ., პ.125.). ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, როგორც საპროცესო, ისე მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-ე მუხლი და სსკ-ის 429-ე მუხლი).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა შედგეს, რათა დავის შემთხვევაში, მოვალემ გამოიყენოს, როგორც ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. ფორმა, ნების გამოვლენის განცხადების საშუალებაა. კრედიტორი და მოვალე შეიძლება შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონულ ფორმაზეც (ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებაც). მოვალეს შეუძლია, მოითხოვოს არა მხოლოდ ვალდებულების მთლიანად შესრულების დამადასტურებელი, არამედ მისი ნაწილობრივ შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტიც. მართალია, ფულადი ვალდებულებების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, იგი უნდა განიმარტოს სსკ-ის 429-ე მუხლით მოცემულ კონტექსტში. დასახელებული მუხლის ძალით, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სსკ-ის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) მოვალემ უნდა წარადგინოს უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სსკ-ის 429-ე, 386-ე მუხლები).
17. მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს.
18. ამდენად, ფულადი ვალდებულების დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მოპასუხეს.
19. კასატორის არგუმენტი ისაა, რომ 1370.84 ლარი წარმოადგენს რეტრობონუსს. რეტრობონუსი არის დამატებითი გასამრჯელო, პრემია, დამატებითი შეღავათი, რომელსაც იძლევა გამყიდველი გარიგების პირობებთან ან ცალკეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა იზიარებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსაზრებებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეებს შორის რეტრობონუსთან დაკავშირებით შეთანხმების არსებობა, ხოლო მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე უარყოფს მითითებულ გარემოებას, აღნიშნულის დასადასტურებლად საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს.
20. ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ შესაბამისი, საკმარისი და განკუთვნადი მტკიცებულებებით დაადასტურა, ფულადი ვალდებულების არსებობა, ხოლო მოპასუხემ ვერ გააქარწყლა აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობა. საკასაციო სასამართლო დამატებით მოპასუხის შედავებას მიაქცევს ყურადღებას და განმარტავს, რომ ვერც რეტრობონუსის შესახებ შეთანხმების არსებობა დაადასტურა მოპასუხემ, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის მსგავს ურთიერთობებში, ძირითადად რეტრობონუსის პირობით იდება ხელშეკრულებები, ვერ გახდება სასარჩელო მოთხოვნის გამორიცხვის ან შემცირების საფუძველი, ამდენად, კასატორმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების არამართლზომიერებაში, საკასაციო სასამართლოს დარწმუნება სათანადოდ წარდგენილი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიებითა თუ მტკიცებულებებით.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. სსსკ-ის 401.4 მუხლით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე 396.3, 400-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ ჯ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ი/მ ჯ.ნ–ძეს (..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №20732692222, გადახდის თარიღი 26.02.2024) 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე