Facebook Twitter

საქმე №ას-175-2025

21 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.დ–ძე (შეგებებული მოსარჩელე, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.დ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე)

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ.დ–ძემ, 2021 წლის 22 ივნისს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მ.დ–ძის მიმართ და მოითხოვა: მოპასუხე მ.დ–ძისაგან გამოთხოვილი იქნეს მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შემდეგი მოძრავი ნივთები, ან თუ არ აღმოჩნდება აღნიშნული ნივთები, მას დაეკისროს შესაბამისი ანაზღაურება: ორი 2 ერთსაწოლიანი საწოლი ღირებული 800 ლარი, მაცივარი ღირებული 2600 ლარი, სარეცხი მანქანა ღირებული 550 ლარი, ფარდები ღირებული 200 ლარი; მოპასუხეს დაეკისროს მეუღლეთა ქორწინების პერიოდში საერთო სახსრებით შეძენილი ნივთების (საერთო ქონების): სამზარეულო ღირებული 1200 ლარი, გაზქურა 200 ლარი, გამწოვი 150 ლარი, გამათბობელი 350 ლარი – მთლიანობაში 1900 ლარიდან ½ ნაწილის 950 ლარის გადახდა; მოპასუხეს გადასახდელად დაეკისროს რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენილი ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანის (საერთო ქონების) განკარგვის შედეგად მიღებული თანხიდან 5300 აშშ დოლარიდან 2650 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება გადახდის დროს არსებული ეროვნული კურსის შესაბამისად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 01 მაისის გადაწყვეტილებით, მ.დ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე მ.დ–ძეს, მოსარჩელე მ.დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 3400 ლარის და 850 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება; მ.დ–ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მ.დ–ძეს მ.დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა, მ.დ–ძის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 700 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 01 მაისის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.დ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 დეკემბრის განჩინებით, მ.დ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 01 მაისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მ.დ–ძემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მ.დ–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმისა და მ.დ–ძის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის, მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 2591-ე მუხლი ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში წარადგინოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2014 წლის 30 დეკემბრის Nას-1161-1106-2014 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ სსსკ-ის 2591 თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ამდენად, სსსკ-ის 2591 მუხლი ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს (იხ: სუსგ №ას-923-2018, 20.07.2018წ.).

განსახილველ შემთხვევაში საქმეში, არსებული მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, 2024 წლის 06 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომას ესწრებოდა აპელანტის - მ.დ–ძის წარმომადგენელი რამინ პაპიძე (იხ.მინდობილობა ტ. II, ს.ფ.93) აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ განსახილველ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდებოდა 2024 წლის 04 დეკემბერს 10:55 საათზე (იხ. ტომი II, ს.ფ.89), რაზედაც მხარის წარმომადგენელს ჩამოერთვა ხელწერილი (იხ.ხელწერილი ტ. II, ს.ფ.92).

საქმის მასალებით დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, 2024 წლის 04 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე რომელზედაც გამოცხადებულ იქნა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, არ გამოცხადნენ მხარეები. ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნები; შესაბამისად, მხარეს წარმოეშვა კანონისმიერი ვალდებულება გამოცხადებულიყო სასამართლოში/მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება; აღნიშნული ვალდებულება მხარეს არ შეუსრულებია. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის ამოწურვის თარიღია 2025 წლის 24 იანვარი. (მხარისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის საწყისი თარიღია მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს + საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის ამოწურვის თარიღი).

დადგენილია, რომ მ.დ–ძის საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2025 წლის 28 იანვარს, (დოკუმენტის ფოსტაში ჩაბარების თარიღია 27.01.2025 წ.) გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც წარმოადგენს მ.დ–ძის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერ საფუძველს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (სუსგ №ას-119-2022, 03.02.2022წ.; სუსგ. №ას-1133-2021, 29.11.2021; სუსგ. №ას-1395-2020, 7.12.2020წ. №ას-963-2024 23 .07.2024 წელი).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი) ( სუსგ საქმეზე №ას-924-2022, 22.07.2022წ.).

სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე ,372-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.დ–ძის საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი