Facebook Twitter

¹ბს-1086-1035(კ-06) 15 იანვარი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე ნინო ქადაგიძე,

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ა-ის წარმომადგენლის ბ. ა-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოში მ. ა-ემ 16.11.96წ სარჩელი აღძრა მოპასუხე საქართევლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ერთდროული კომპენსაციის 10 წლის ხელფასის ოდენობის ანაზღაურების შესახებ. კრწანისის რაიონის სასამართლოს 22.01.96წ გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საკასაციო წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.03.96წ განჩინებით უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

27.07.99წ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართა მ. ა-ემ. სასამართლოს 22.09.99წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ა-ის მოთხოვნა, გაუქმდა კრწანისის რაიონის სასამართლოს 22.01.99წ. გადაწყვეტილება და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 08.03.96წ. განჩინება, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 14.02.00წ. გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე შსს-ს მის სასარგებლოდ 2420 ლარის გადახდა დაევალა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ა-ის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 08.06.00წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ა-ის საჩივარი, ნაწილობრივ გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოპასუხეს მის სასარგებლოდ 11600 ლარის გადახდა დაეკისრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 12.01.01წ. განჩინებით გაუქმდა 08.06.00წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 22.06.01წ. განჩინებით საქმე განსახილველად გადაეცა ადმინისტრაციული სამართლისა და სააგდასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 23.01.02წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 07.06.02წ. განჩინებით არ დააკმაყოფილა კასატორის მოთხოვნა, უცვლელად დატოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 23.01.02წ. განჩინება.

09.11.02წ. მ. ა-ემ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლის 09.12.20წ. განჩინებითაც განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადსაახადო საქმეთა პალატას. სააპელაციო პალატის 31.01.03წ. განჩინებით განცხადება განსახილველად გადაეცა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 23.05.03წ. განჩინებით განცხადება განუხილველად დატოვა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ა-ემ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 14.08.03წ. განჩინებით კერძო საჩივარი დააკმაყოფილა და განცხადება განსახილველად დაუბრუნა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 15.10.03წ. განჩინებით მ. ა-ეს ხარვეზის შესავსებად მიეცა 10 დღიანი ვადა, 15.12.03წ. განჩინებით ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო მას უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მ. ა-ის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 23.02.04წ. განჩინებით არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი, უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 15.12.03წ. და 12.01.04წ. განჩინებები.

20.04.04წ. მ. ა-ემ ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას. განმცხადებელმა მიუთითა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 23.02.04წ. სხდომაში მონაწილეობდა მოპასუხე მხარის წარმომადგენელი გ. ტ-ე. სასამართლოს 23.02.04წ. განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, 22.03.04წ. მისთვის ცნობილი გახდა, რომ საქმეში არ მოიპოვება გ. ტ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დაირღვა სსკ-ის 96-ე და 98-ე მუხლები.

ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სსკ-ის 423-ე მუხლის III ნაწილის საფუძველზე განმცხადებელმა მოითხოვა 23.02.04წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა 26.07.04წ. განჩინებით მ. ა-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა 26.07.04წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ა-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.01.05წ. განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 26.07.04წ განჩინება.

23.01.06წ. მ-ა ა-ემ კვლავ მიმართა განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება შემდეგ გარემოებათა გამო: განმცხადებლის განმარტებით, 2005 წლის დეკემბერში მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ. ტ-ე, რომელიც მონაწილეობას იღებდა 23.02.04წ. თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მითითებული დროისათვის გათავისუფლებული იყო სამუშაოდან. განმცხადებლის აზრით აღნიშნული გარემოება წარმოადგენს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 23.02.04წ. განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 02.11.06წ. განჩინებით მ. ა-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ა-ის წარმომადგენლის ბ. ა-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.01.07წ. განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მ. ა-ის წარმომადგენლის ბ. ა-ის საკასაციო საჩივარი. იმავე წლის 8 იანვარს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. ა-ის წარმომადგენელმა ბ. ა-ემ და უარი თქვა საკასაციო საჩივარზე იმ მოტივით, რომ გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

საკასაციო სასამართლომ სსსკ-ის 98-ე მუხლის საფუძველზე შეამოწმა მ. ა-ის წარმომადგენლის ბ. ა-ის უფლებამოსილება და დაადგინა, რომ მ. ა-ის მიერ გაცემული უფლებამოსილებით (იხ. ს.ფ 41) ბ. ა-ეს მინიჭებული აქვს სარჩელზე უარის თქმის უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა მ. ა-ის წარმომადგენლის ბ. ა-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, განმცხადებელმა ფიზიკურმა პირმა _ მ. ა-ის წარმომადგენელმა ბ. ა-ემ განაცხადა რა უარი საკასაციო საჩივარზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების განსაკარგავად, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის.

სამოქალქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ვინაიდან სასკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს და არა ფიზიკური პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის განცხადებაზე.

საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ის წარმომადგენლის ბ. ა-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. მ. ა-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს;

3. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.11.06წ. განჩინება;

4. მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.