Facebook Twitter

საქმე №ას-319-2025

05 მაისი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „ე-პ.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ...“ (მოსარჩელე)

დავის საგანი – დარიცხული თანხის გადახდისგან გათავისუფლება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ტ...“-მა სარჩელი აღძრა სს „ე-პ.ჯ–იას“ მიმართ და მოითხოვა დავალიანების 13 484.80 ლარის გადახდისგან გათავისუფლება. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.12.2024წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ მოსარჩელე გათავისუფლდა დარიცხული თანხის ნაწილის - 6536.32 ლარის გადახდისგან.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.02.2025წ. განჩინებით სს „ე-პ.ჯ–იას“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო გასაჩივრების ვადის დარღვევით.

4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2025 წლის 15 იანვარს, სასამართლოში მიღებული იქნა სს „ე-პ.ჯ–იას“ წარმომადგენლის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება. განცხადების დარეგისტრირებისას სასამართლოს კანცელარიის მიერ დასმულ სპეციალურ ბეჭედზე მითითებულია, რომ განცხადებას ერთვის კონვერტი. შესაბამისად, დგინდება, რომ განცხადება წარმოდგენილი იყო ფოსტის მეშვეობით და მხარის წარმომადგენელი აღნიშნულ თარიღში სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად არ გამოცხადებულა. ამის შემდეგ, მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მოუმართავს, ამასთან საქმის მასალების მიხედვით, 2025 წლის 28 იანვარს მოსამართლის თანაშემწემ მოპასუხის წარმომადგენელს აცნობა, რომ გადაწყვეტილება მზად იყო და შეეძლო ელექტრონული პროგრამის მეშვეობით გასცნობოდა მას.

5. მოპასუხე მხარისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 21 იანვარს და ამოიწურა 2025 წლის 03 თებერვალს. სს „ეპ.ჯ–ია“-ს სააპელაციო საჩივარს თან ახლავს კონვერტი საფოსტო ბეჭდით, სადაც ფოსტაში წარდგენის თარიღად მითითებულია 06.02.2025წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით იქნა შეტანილი. აღნიშნული კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „ე-პ.ჯ–იას“ წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება მოითხოვა.

7. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან (19.12.2024) 26-ე დღეს, 2025 წლის 15 იანვარს, მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისთვის გადაცემა. აღნიშნულ განცხადებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან რეაგირება მოჰყვა, მხოლოდ 2025 წლის 28 იანვარს, როდესაც სხდომის მდივნის მეშვეობით ცნობილი გახდა დასაბუთებული გადაწყვეტილების საერთო სასამართლოების საინფორმაციო პორტალის მეშვეობით გაცნობის შესაძლებლობა, შესაბამისად, ამ დღიდან უნდა დაწყებულიყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა. სააპელაციო საჩივარი შეტანილი იქნა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან კანონით განსაზღვრულ 14-დღიან ვადაში. აქედან გამომდინარე, არ არსებობს სს „ე-პ.ჯ–იას” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

13. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციით: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

14. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ:

გასაჩივრების უფლების მქონე პირი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი;

ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში იგი სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

15. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი ცალსახად მიუთითებს, რომ მხარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ვალდებულია კანონით განსაზღვრულ ვადაში ჩაიბაროს სასამართლოს გადაწყვეტილება ან უკიდურეს შემთხვევაში სათანადო შინაარსის განცხადების (მოთხოვნის) წარდგენის გზით მკაფიოდ გამოხატოს მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების სურვილი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ამასთან, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.

16. დასახელებული წესიდან გამონაკლისი დადგენილია მხოლოდ სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისთვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი. მათთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას სასამართლო უზრუნველყოფს, ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (სსსკ-ის 2591 მუხლის მე-2 ნაწილი). განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ კერძო საჩივრის ავტორი არ წარმოადგენს დასახელებული ნორმით გათვალისწინებულ სუბიექტს, რომელსაც კანონით დადგენილი წესით უგზავნის სასამართლო გადაწყვეტილებას.

17. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარულ თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუსგ. დიდი პალატის 30.12.2014წ. №ას-1161-1106-2014 განჩინება).

18. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად, საყურადღებოა, საქმის მასალებით დადგენილი შემდეგი გარემოებები:

19. სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია 2025 წლის 19 დეკემბერს, რომლის გამოცხადებასაც მოპასუხის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, თუმცა ხსენებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ მათთვის ცნობილი იყო, რადგან აღნიშნულ სხდომამდე, 2024 წლის 26 ნოემბერს, ჩატარდა მთავარი სხდომა, რომელსაც მოპასუხის წარმომადგენლები, კომპანიის იურისტი, ნ.გ–ძე და კომპანიის ბილინგის პროცედურებისა და კონტროლის განყოფილების უფროსი, დ.გ–ვი, რომელთაც გააჩნდათ მოპასუხე სს „ე-პ.ჯ–იას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა (ს.ფ 272, მინდობილობის გაცემის ვადა 12.11.2024–12.11.2025) ესწრებოდნენ და ამ სხდომაზე მიეთითა გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, 2024 წლის 19 დეკემბერი (ს.ფ. 305), რაც ასევე დასტურდება მხარეთა ხელმოწერებით (ს.ფ. 320). დადგენილია, რომ სს „ე-პ.ჯ–იას“ წარმომადგენელმა, 2025 წლის 14 იანვარს (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 25-ე დღეს), მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მისთვის გაგზავნა ფოსტის მეშვეობით.

20. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ კანონით დადგენილ ვადაში მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების თაობაზე სხდომის მდივანმა აცნობა, 2025 წლის 28 იანვარს. შესაბამისად, ამ თარიღიდან უნდა დაწყებულიყო გასაჩივრებისთვის დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა. მისი განმარტებით, სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა ვადაში, 2025 წლის 06 თებერვალს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი).

21. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სსსკ-ის 2591 მუხლი ადგენს მხარის (რომელიც ესწრება ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება) ვალდებულებას, მითითებულ ვადაში გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადა აითვლება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს (იხ.: სუსგ. №ას-717-2020, 19.11.2020წ.; №ას-1299-2021, 15.02.2022წ.).

22. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აშკარაა, რომ აპელანტს სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი ქცევის წესი არ დაუცვია, ამიტომ მის მიმართ ამავე ნორმის ის დანაწესი ამოქმედდა, რომელიც გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისად გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო თარიღს ადგენს და ამ ვადის გაგრძელებას და აღდგენას დაუშვებლად მიიჩნევს. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, სსსკ-ის 2591-ე მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2025 წლის 21 იანვარს და ამოიწურა 2025 წლის 03 თებერვალს, ამასთან საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში, ფოსტის მეშვეობით, წარდგენილია დაგვიანებით - 2025 წლის 06 თებერვალს.

23. საკასაციო პალატა, ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა გვიან.

24. საქმის მასალებით არ დასტურდება სასამართლოს ბრალით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღების შეუძლებლობის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა, კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით, მოპასუხის სასამართლოში გამოცხადებას დაადასტურებდა, ისევე, როგორც, არ არის წარდგენილი სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი დოკუმენტიც, რომელიც სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვადის დარღვევას დაადასტურებდა. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიაზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სატელეფონო აქტში, რომელიც შედგენილია სასამართლო მოხელის მიერ, განმარტებულია, რომ გადაწყვეტილება მომზადებულია და მოპასუხის წარმომადგენელს შეუძლია გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს მოთხოვნილი დოკუმენტი. ამასთან გადაწყვეტილებას შეუძლია გაეცნოს საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით https://www.ecourt.ge (იხ.ს.ფ. 357).

პალატა აქვე მიუთითებს ს.ფ. 341-ზე არსებულ ხელწერილზე, საიდანაც დასტურდება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი, შპს „ტ...“-ის წარმომადგენელმა, ვ.გ–მა სასამართლოში ჩაიბარა - 2024 წლის 17 იანვარს. აღნიშნული ასევე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ამ დროისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე იყო მომზადებული.

28. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა უნდა აითვალოს 2025 წლის 28 იანვრიდან და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სადავო საპროცესო ვადა მართებულად გამოიანგარიშა, როდესაც მისი ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა მოპასუხეს ჰქონდა 2025 წლის 03 თებერვლის ჩათვლით, მან კი აღნიშნული განახორციელა 06 თებერვალს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: N ას-558-533-2016, 15.07.2016წ; N ას-562-537-2016, 15.07.2016წ; N ას-35-37-2017, 31.07.2017წ.; N ას-650-616-2015 (ბ)-2015, 26.07.2017წ.; N ას-938-2019, 25.07.2019წ.).

30. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის (სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა) საფუძველზე, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივარი კანონშესაბამისად დარჩა განუხილველად და გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია სრულად ესადაგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს.

32. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5) (იხ.: სუსგ. №ას-1615-2019, 14.01.2020წ.; №ას-991-2024, 31.10.2024წ.). 33. გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (იხ. სუსგ. №ას-1226-2019, 23.12.2019წ., №ას-1299-2021, 15.02.2022წ.).

34. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების (რაც თავის თავში მოიცავს სასამართლო ხელმისაწვდომობასაც) დარღვევის ფაქტი არ დგინდება, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო ნორმების სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

35. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. 36. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ე-პ.ჯ–იას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

გიზო უბილავა