საქმე№ას-496-2024 28 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.ვ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბერის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები
1.1. სს „ნ.ვ.დ–ვამ“ (შემდეგში: მოსარჩელე, მზღვეველი ან კასატორი) სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს ი.ვ–ძის წინააღმდეგ, მოითხოვა მოპასუხისთვის 3 225 ლარის დაკისრება.
1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და მოსარჩელეს შორის, 2020 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება N15/3-520 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, სადაზღვევო პოლისი AUTO-NVI-21-03-013887. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული იქნა Mitsubishi L200 GE254BP მარკის ავტომობილი.
1.3. 2021 წლის 27 აპრილს მოხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა: მოპასუხემ, რომელიც მართავდა „ოპელის“ მარკის ავტომაქნანას, სახ. ნომრით ......., ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მოძრაობა და შეეჯახა ავტომანქანა Mitsubishi L200 GE254BP, რომელსაც მართავდა ლ.ო–ძე. ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში სამართალდამრღვევად ცნობილია მოპასუხე და იგი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის 250 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება თანდართული ელექტრონული საჯარიმო ქვითრით Nერ746358.
1.4. სადაზვევო შემთხვევის შესახებ ეცნობა მზღვეველს და დამზღვევის მიერ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებისა და სადაზღვევო პოლისის გათვალისწინებით მოთხოვნილი იქნა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შპს „კ.მ–ის“ მიერ განხორციელდა დაზიანებული ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის შეფასება, დეფექტური აქტის მიხედვით ზიანის საზღაურად განისაზღვრა 3 225 ლარი, რომელიც დასტურდება ინვოისით, აღნიშნული ინვოისის თანახმად თანხები გადანაწილდა შემდეგნაირად: წინა ბამპერი - 1 850, წინა მარცხენა პატარა პადკრილნკი - 200, წინა ბამპერის მარცხენა ქვედა მოლდინგი - 300, წინა ბამპერის მარჯვენა ქვედა მოლდინგი - 300, წინა მარცხენა პატარა პადკრილნიკის ბოლტი - 15, დაშლა-აწყობა - 250, სამღებრო სამუშაო - 255, პოლირება - 55, აქედან გამომდინარე 2021 წლის 29 სექტემბერს მზღვეველსა და დამზღვევს შორის შედგა სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი NNCASNVCL-004360, რის საფუძელზეც მზღვეველის მხრიდან მოხდა თანხის ანაზღაურება 3 225 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობითი შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა, რომ ავტომობილი იყო დაზღვეული, მის მძღოლს ამის შესახებ არ განუცხადებია, საყურადღებოა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა არა მისი ბრალეულობით, არამედ ავტომანქანა Mitsubishi L200 GE254BP მძღოლის ბრალეულობით, რადგან იგი მაღალი სიჩქარით შემოვიდა მეორეხარისხოვან გზაზე, სადაც აღნიშნული სიჩქარით მოძრაობა დაუშვებელია. ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ორივე ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდებოდა და ავტომობილები თავად უნდა შეეკეთებინათ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული დაზიანების აღწერა და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისით ჩატარებული სამუშაოები და გაწეული ხარჯები არ არის თანხვედრაში. ფოტომასალით და საქმის მასალებით დასტურდება, რომ ავტომანქანის ფარი დაზიანებული არ არის და მისი შეცვლაც არ მომხდარა.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს დაეკისრა 3 225 ლარის გადახდა.
3.2. რაიონული სასამართლოს განმარტებით, ვალდებულების წარმოშობა, მოპასუხის დელიქტურმა ქმედებამ გამოიწვია, რაც ზიანის ანაზღაურების საფუძველია.
3.3. დაზღვეული ავტომანქანა, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაზიანდა. აღნიშნული ავტომობილი დაზღვეული იყო, შესაბამისად არსებული ზიანი აანაზღაურა მზღვეველმა.
3.4. განსახილველ საქმეში დადასტურებულია ზიანის დადგომაში მოპასუხის ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ხასიათის ქმედების ჩადენა და ამ ქმედებით გამოწვეული ზიანის - ავტომობილის დაზიანების ფაქტი. მოპასუხემ დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წინდახედულობის ნორმა, გაუფრთხილებელი ქმედებით ვერ დაიცვა ავტმობილის მართვის წესები, რის შედეგად დაეჯახა ავტომობილს.
3.5. რაიონული სასამართლოს განმარტებით, მოპასუხემ ვერ წარადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მეორე მძღოლის ბრალეულობით. ამასთან, სადავოდ გამხდარი გაწეული ხარჯების შესახებ ვერ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები.
3.6. ამდენად, საქმეში არსებული შპს კ.მ–ის 14.09.2021 წლის ინვოისით დასტურდება, რომ დაზღვეული ავტომობილის შეკეთებისათვის საჭირო ხარჯია 3 225 ლარი, რაც მოსარჩელემ გადაუხადა შპს „კ.მ–“. სსკ-ის 839-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო. ამავე კოდექსის 840-ე მუხლის მიხედვით, მზღვეველი თავისი ვალდებულების ფარგლებში მოვალეა უშუალოდ აანაზღაუროს ზიანი, თუ პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, მას წარუდგენს მოთხოვნას.
4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
4.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით საპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 იანვრის გაადწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.2. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5.2.1. მოსარჩელესა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის 2020 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა N15/3-520 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, სადაზღვევო პოლისი AUTO-NVI-21-03-013887. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე კომპანიაში დაზღვეულია Mitsubishi L200 GE254BP მარკის ავტომობილი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ანაზღაურების გადახდა სადაზღვევო რისკის - ავტოტრანსპორტის დაზიანების ან განადგურებისას, მათ შორის, თუ ეს გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევით.
5.2.2. 2021 წლის 27 აპრილს მოხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა. მოპასუხემ, რომელიც მართავდა „ოპელის“ მარკის ავტომანქანას სახ. ნომრით ......., ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მოძრაობა და შეეჯახა მოსარჩელის მიერ დაზღვეულ ავტომანქანას Mitsubishi L200 GE254BP, რომელსაც მართავდა ლ.ო–ძე. ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში სამართალდამრღვევად ცნობილია ი.ვ–ძე. მის მიმართ შედგენილია ელექტრონული საჯარიმო ქვითარი Nერ746358, რომლითაც იგი დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6, მე-7-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის.
5.2.3. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის ი.ტ–ძის 2021 წლის 28 აპრილის პატაკით დგინდება, რომ 2021 წლის 27 აპრილს პატრულირებისას მიიღო შეტყობინება, რომ ქ. ახალციხეში, ....... ქუჩაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ადგილზე მისულებს დახვდათ ორი ავტომობილი - „ოპელის“ მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით ........ და ავტომანქანა Mitsubishi L200 GE254BP. გაირკვა, რომ „ოპელის“ მარკის ავტომანქანის სახ. ნომრით ....... მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა და შეეჯახა მის მარჯვნიდან მომავალ ავტომანქანას Mitsubishi L200 GE254BP. მოპასუხე დაჯარიმდა ასკ 125-10 მუხლით.
5.2.4. შპს კ.მ–ის 14.09.2021 წლის ინვოისის თანახმად, ავტომანქანის Mitsubishi L200 GE254BP დაზიანებული ნაწილების აღდგენისა და მომსახურების საფასური შემდეგია: წინა ბამპერი - 1850 ლარი, წინა მარცხენა პატარა ფრთისქვეშა - 200 ლარი, წინა ბამპერის მარცხენა ქვედა მოლდინგი - 300 ლარი, წინა ბამპერის მარჯვენა ქვედა მოლდინგი - 300 ლარი, წინა მარცხენა პატარა ფრთისქვეშა ჭანჭიკი - 15 ლარი, დაშლა-აწყობა - 250 ლარი, სამღებრო სამუშაო - 255 ლარი, პოლირება - 55 ლარი, ჯამში, 3225 ლარი.
5.2.5. 2021 წლის 29 სექტემბერს სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტის NNCASNVCL-004360 საფუძელზე დგინდება, რომ სადაზღვევო კომპანიამ სასაზღვრო პოლიციას აუნაზღაურა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი 3 225 ლარი.
5.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთი, სასამართლოს ვერ წარუდგინა განკუთვნადი მტკიცებულებები იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ სადავო ზიანი მოპასუხის ბრალეულობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დადგა.
5.4. უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ მოპასუხე მართავდა მის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მოძრაობა და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დააზიანა ავტომანქანა, რომელიც დაზღვეული იყო მოსარჩელე კომპანიაში. დადგენილია, ასევე, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიამ დამზღვევს აუნაზღაურა 3 225 ლარი. აღნიშნული გარემოება, სსკ-ის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, წარმოშობს უფლებას, მზღვეველმა, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5.5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს მტკიცების მიზნით წარდგენილი აქვს შპს „კ.მ–ის“ მიერ გაცემული ინვოისი, რომლითაც დგინდება, რომ დაზიანებული ავტომანქანის აღდგენისათვის აუცილებელი ნაწილებისა და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება, ჯამში, შეადგენს 3 225 ლარს.
5.6. მოპასუხემ სადავოდ გახადა ზიანის მოცულობა და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ ინვოისში მითითებული დაზიანებები არ იყო მისი ბრალით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ამასთან, მოპასუხე განმარტავდა, რომ საქმეზე დართული ფოტომასალა გადაღებული იყო არა შემთხვევის დღეს, არამედ მოგვიანებით და არ ასახავდა სინამდვილეს.
5.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებასა და იმ დაზიანებებს შორის, რომლებზეც მოსარჩელე მიუთითებს. სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინვოისი და არაიდენტიფიცირებადი ფოტომასალა, სხვა მტკიცებულებების (დაზიანებული ავტომანქანის ადგილზე დათვალიერების ოქმის, ფაქტის კონსტანტაციის მასალების და სხვ.) არარსებობის პირობებში, ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მითითებული დაზიანებები ავტომანქანამ, სწორედ, 2021 წლის 27 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო და არა სხვა ვითარებაში. აღნიშნული გარემოება კი 3 225 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
6.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა განკუთვნადი მტკიცებულებები, რომელიც სადავო ზიანის მოპასუხის ბრალით დადგომას დაადასტურებდა.
6.3. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ სამართალდამრღვევ პირად განსაზღვრულია მოპასუხე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორი სარჩელით ითხოვს მასთან დაზღვეული ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხის, დაბრუნებას ბრალეული პირისგან.
11. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს კერძოდ, სუბროგაციის წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 832-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით) გამომდინარეობს.
12. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებისის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველიშესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) დადაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.
13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების(სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (სუსგ-ები №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021, პ. 11; №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ )
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში.
15. სსკ-ის 799-ე მუხლით ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ დაზღვევის მიზანი ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (შდრ: სუსგ №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წელი).
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების ანალიზისას მნიშვნელოვანია სუბროგაციის ინსტიტუტის განხილვა. ( სსკ-ს 832-ე მუხლი).
17. სადაზღვევო რისკის რეალიზაციის უშუალო შედეგია სადაზღვევო შემთხვევა, რომლის დადგომაც უცნობ, არაპროგნოზირებად მოვლენას უკავშირდება. უცნობი შეიძლება იყოს, დადგება თუ არა სადაზღვევო შემთხვევა, ან როდის დადგება იგი. დაზღვევის მიზანი მიღწევადია უშუალოდ დაზღვევის სფეროში არსებული მექანიზმებით, რომელი მექანიზმებიც უშუალოდ რეაგირებენ ზიანის მიმყენებლისმართლსაწინაღმდეგო ქცევაზე. აღნიშნული კი, თავის მხრივ, განაპირობებს სადაზღვეო ურთიერთობებში სუბროგაციის პრინციპის არსებობას. სსკ-ის 832.1 მუხლით დადგენილია, რომ თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. მითითებული ნორმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მას შემდეგ, რაც მზღვეველი აუნაზღაურებს დამზღვევს დამდგარ ზიანს, მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გახდეს დამზღვევის უფლებამონაცვლე და მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურება ზიანის მიმყენებელი პირისაგან იმ ოდენობით, რაც მან დამზღვევს გადაუხადა.
18. დაზღვევის კონტექსტში, სუბროგაციის დოქტრინა მზღვეველისა და დამზღვევის ურთიერთობის ორ ძირითად ასპექტთან ასოცირდება: პირველ რიგში, იგი უფლებას აძლევს მზღვეველს, განახორციელოს და დაიცვას ის უფლებები, რომელიც დამზღვევს ზიანის მიმყენებელი მესამე პირის მიმართ აქვს; მეორე, სუბროგაციის დოქტრინა ხელს უშლის დამზღვევის უსაფუძვლო გამდიდრებას, ეს კი სრულ შესაბამისობაშია „ორმაგი კომპენსაციის აკრძალვის პრინციპთან“ (შდრ: Skiner M, Gross J., Subrogation, 7.06.2007, №ას-541-2023 05 ივლისი, 2023 წელი.)
19. აღნიშნული პრინციპი კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა, რა დროსაც მზღვეველზე იმ მოთხოვნის უფლებების გადასვლა ხდება, რაც გააჩნია დაზღვეულ (სარგებლის მიმღებ) პირს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. სუბროგაციის ერთ-ერთ უპირატესობად და დანიშნულებად მოიაზრებენ ზიანის მიყენების ფაქტის დადგომის შემდეგ სამივე მონაწილე მხარისათვის აღნიშნული პრინციპის საშუალებით პრობლემის ოპტიმალურ გადაწყვეტას.“ (შდრ: ნ. ნიავაძე, სუბროგაცია ნებაყოფლობით სადაზღვევო ურთიერთობებში, 2012, გვ.3).
20. „სუბროგაციის დროს საქმე გვაქვს დელიქტურ ვალდებულებაში კრედიტორის შეცვლასთან, სადაც ვალდებულების არსი უცვლელი რჩება. ამასთან, დელიქტურ ვალდებულებაში დამზღვევის მზღვეველით შეცვლის აუცილებელი წინაპირობაა ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის არსებობა და მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო თანხის გაცემა. ამდენად ზიანის დამზღვევის სამართლებრივ ურთიერთობაში, როდესაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომა გამოიწვია მესამე პირმა, გამოიყენება კრედიტორის ჩანაცვლების პრინციპი, რაც შესაძლოა ემსახურებოდეს როგორც დაზღვეულის, ასევე მესამე პირის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილებას“ (შდრ: სუსგ №ას-581-549-2011, 17 თებერვალი, 2012).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 832-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის (იხ. სუსგ №ას-1523-2019, 24 იანვარი, 2020წელი).
22. დადგენილია, რომ მოპასუხემ კუთვნილი ავტომობილის მართვის უსაფრთხო მოძრაობა ვერ უზრუნველყო და დააზიანა მოსარჩელე კომპანიაში დაზღვეული ავტომობილი. დადგენილია, რომ ზიანის ასანაზღაურებლად მზღვეველმა გადაიხადა 3 225 ლარი, რაც მოპასუხისგან დასახელებული თანხის ანაზღაურების საფუძველია სსკ-ის 832-ე მუხლის გათვალისწინებით.
23. აქვე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 832-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
24. აგვარად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის, საფუძვლად მითითებული გარემოებები, გარკვეული პრინციპით მტკიცების ტვირთის გადანაწილებას გულისხმობს, კერძოდ, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება ზიანის არსებობისა და მისი მოცულობის, ასევე, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის მტკიცების ტვირთი.
25. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს შპს „კ.მ–ის“ მიერ გაცემული ინვოისი, რომლითაც დგინდება, რომ დაზიანებული ავტომანქანის აღდგენისათვის აუცილებელი ნაწილებისა და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება, ჯამში, შეადგენს 3 225 ლარს. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხემ სადავო გახადა ზიანის მოცულობა და განმარტა, რომ წარმოდგენილ ინვოისში მითითებული დაზიანებები არ იყო მისი ბრალეულობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოწვეული. ამასთან, სარჩელზე თანდართული ფოტომასალა არ იყო უშუალოდ შემთხვევის დღეს გადაღებული და შესაბამისად არ ასახავდა სინამდვილეს(იხ ,მოპასუხის შესაგებელი ს.ფ. 70-73, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი 132-142).
26. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხსენებული საპროცესო პრინციპი სამოქალაქო დავის გადაწყვეტის ქვაკუთხედია და თითოეული საპროცესო ნორმა მასთან მჭიდრო კავშირში განიმარტება. საქმის განხილვისას, როგორც წესი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებს - იურიდიულ ფაქტებს მიუთითებენ მხარეები, ხოლო, მოსამართლე, როგორც ნეიტრალური არბიტრი, ვალდებულია წარმართოს შეჯიბრებითობა. ხსენებული პრინციპის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად.
27. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.
29. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის, როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ №ას-839-805-2016, 6 მარტი2017წელი).
30. მოცემულ შემთხვევაში, მართლსაწინაღმდეგო ქმედების შედეგად სადავო დაზიანებების მიყენების ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა (როგორც მიზეზს) და სარჩელში მითითებულ დაზიანებებს (როგორც შედეგს) შორის, სსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სწორედ, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის არსებობისა და მისი ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა შპს კ.მ–ის 14.09.2021 წლის ინვოისი, რომლის თანახმად, ავტომანქანის Mitsubishi L200 GE254BP დაზიანებული ნაწილების აღდგენისა და მომსახურების საფასური შემდეგია: წინა ბამპერი - 1850 ლარი, წინა მარცხენა პატარა ფრთისქვეშა - 200 ლარი, წინა ბამპერის მარცხენა ქვედა მოლდინგი - 300 ლარი, წინა ბამპერის მარჯვენა ქვედა მოლდინგი - 300 ლარი, წინა მარცხენა პატარა ფრთისქვეშა ჭანჭიკი - 15 ლარი, დაშლა-აწყობა - 250 ლარი, სამღებრო სამუშაო - 255 ლარი, პოლირება - 55 ლარი, ჯამში, 3225 ლარი.
31. როგორც აღინიშნა, მხარეთა შორის სადავოდაა გამხდარი მიზეზობრივი კავშირის არსებობა-არარსებობა დამდგარ ზიანსა და მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის. კასატორი საკასაციო პრეტენზიას სწორედ ამ ელემენტის არსებობაზე აყრდნობს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. ამრიგად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.
32. შესაბამისად, მოსარჩელეს აწევს იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ფოტომასალაში და ინვოისში მითითებული დაზიანებები სწორედ სადავო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დადგა. ამ გარემოების დამადასტურებელ განკუთვნად მტკიცებულებად კი ვერ განიხილება ინვოისი და ის ფოტო მასალა, რომლის გადაღების დროისა და ადგილის იდენტიფიცირებაც შეუძლებელია.
33. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა საკმარისი და განკუთვნადი მტკიცებულებებით მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებასა და იმ დაზიანებებს შორის, რომლებზეც სარჩელში მიუთითებს. სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისი და არაიდენტიფიცირებადი ფოტომასალა, სხვა მტკიცებულებების (დაზიანებული ავტომანქანის ადგილზე დათვალიერების ოქმის, ფაქტის კონსტანტაციის მასალების და სხვ.) არარსებობის პირობებში, ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მითითებული დაზიანებები ავტომანქანამ, სწორედ, 2021 წლის 27 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო და არა სხვა ვითარებაში. აღნიშნული გარემოება კი 3 225 ლარის ოდენობით ზიანი ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერი საფუძველია.
34. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და დასაბუთების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველი, რადგან არ არსებობს მისი დასაშვებად ცნობისა და გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.
35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ნ.ვ.დ–ვის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. სს „ნ.ვ.დ–ვას“ (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1698140287, გადახდის თარიღი 24/10/2023) 161.25 ლარის 70% - 112.87 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე