საქმე Nას-173-2025
16 აპრილი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.გ–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)
დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,ტ.კ–ის“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მ.გ–ვას მიმართ და მოითხოვა მ.გ–ვას შპს ,,ტ.კ–ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 23 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 17901,12 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა პროცენტთან ერთად 15901,12 ლარი, პირგასამტეხლო 2000 ლარი;
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „ტ.კ–ის“ სარჩელი, მოპასუხე მ.გ–ვას მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა. მოპასუხე, მ.გ–ვას, მოსარჩელე, შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა 2018 წლის 23 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 17901,12 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა პროცენტთან ერთად 15901,12 ლარი, პირგასამტეხლო 2000 ლარი.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, მ.გ–ვას სააპელაციო საჩივარი, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი 14 დღიანი ვადის გასვლის გამო.
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ.გ–ვამ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
6. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი გააგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 10 ივლისს Ecourt პლატფორმის მეშვეობით, საჩივარი უკან დაბრუნდა ტექნიკური მიზეზით, თუმცა მ.გ–ვასთვის არ გამხდარა ცნობილი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. (შეად: სუსგ №ას-419-2023 25 მაისი, 2023 წელი).
12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
13. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად, „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“ (იხ. სუსგ №ას-843-807-2014, 12 იანვარი, 2015 წელი; №ას-1377-2022, 6 დეკემბერი, 2022 წელი).
14. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას გაამახვილებს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე, რომელიც პირადად იყო ინფორმირებული აღნიშნულის თაობაზე (ს. ფ. 110-118).
15. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება მ.გ–ვას, მისი მოთხოვნის შესაბამისად, გადაეგზავნა 2023 წლის 22 ივნისს და ის, ადრესატს ( მ.გ–ვას) ჩაბარდა პირადად, 2023 წლის 28 ივნისს (ს. ფ. 139-140).
16. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი მ.გ–ვამ, ფოთის საქალაქო სასამართლოში წარადგინა, 2024 წლის 6 ნოემბერს. (ს. ფ. 148).
17. საკასაციო პალატა მიუთითებს, სსსკ-ის 59-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კანონით განსაზღვრულ საპროცესო ვადას წარმოადგენს სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ, გვ. 185). ამასთან, საპროცესო ვადების გამოთვლის წესი დადგენილია სსსკ-ის მე-60-ე და 61-ე მუხლებით.
18. სსსკ-ის 60-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მიხედვით კი, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
19. ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, მ.გ–ვას ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დენა დაეწყო დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, 2023 წლის 28 ივნისის მომდევნო დღიდან და ამოეწურა 12 ივლისს, თუმცა ამ ვადაში მ.გ–ვას სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ.გ–ვამ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც პირადად ჩაბარდა 2023 წლის 28 ივნისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი, ელექტრონული ფორმით, ფოთის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2024 წლის 6 ნოემბერს, ანუ, თითქმის ერთი წლისა და 5 თვის შემდეგ.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს. საკასაციო პალატამ, როგორც უკვე ზემოთ აღნიშნა, სააპელაციო გასაჩივრების უფლების რეალიზაციისათვის სპეციალურ დანაწესს გვთავაზობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ.Ashingdane v.The United Kingdom, №8225/78, გვ,20, §57, 28.05.1985წ). 22. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას მასზედ, რომ სააპელაციო საჩივარი, რომელიც გაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში Ecourt პლატფორმის მეშვეობით და რომელიც ტექნიკური ხარვეზის გამო უკან დაბრუნდა, მ.გ–ვასთვის არ გამხდარა ცნობილი.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს "ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციული წარმოებისას და სასამართლოში სამართალწარმოებისას ელექტრონულ დოკუმენტზე უარის თქმა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის ელექტრონული ფორმითაა წარდგენილი, თუმცა ეს არ გამორიცხავს ელექტრონული დოკუმენტის შესაბამის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას იმ შემთხვევაში, თუ ის აღნიშნული წარმოებისათვის დადგენილ წესებს არ აკმაყოფილებს.
ამგვარად, ზოგადი წესის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს ელექტრონული დოკუმენტი, თუ ის არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და აღნიშნულის შესახებ ეცნობება დაინტერესებულ მხარეს, იმავე წესით.
24. სადავო შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მას არ ეცნობა ელექტრონულ სისტემაში წარდგენილი დოკუმენტის უკან დაბრუნების თაობაზე.
25. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც მხარეს აღძრული აქვს პრეტენზია, რათა მას არ შეეზღუდოს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის, როგორც ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილი სამართლიანი სასამართლოს უფლება.
27. საკასაციო პალატა მიუთითებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე( იხ. საქმე ას-525-2023, 07.07.2023წ). ამკონკრეტულ საქმეში, გაზიარებული იქნა კერძო საჩივრის პრეტენზია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონშეუსაბამოსთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეზე, Ecourt პლატფორმაზე ატვირთული სააპელაციო საჩივარი, ტექნიკური მიზეზით, უკან დაუბრუნდა მხარეს, სასამართლოს ელექტრონული საქმის წარმოების სისტემის მეშვეობითვე. კერძო საჩივრის ავტორი აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივრის დაბრუნების შესახებ სისტემის მეშვეობით ინფორმირება განხორციელდა დაგვიანებით, რაზედაც დასაბუთებული შედავების ფარგლებში, აპელანტის წარმომადგენელმა მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და მოითხოვა ინფორმაცია, თუ რა ნომრით მოხდა სააპელაციო საჩივრის დარეგისტრირება ecourt.ge სისტემაში და როდის მოხდა გზავნილის უკან მობრუნება.
28.ზემოთ აღნიშნული საქმისაგან განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. სააპელაციო საჩივარი წარადგენილია თითქმის ერთი წლისა და 6 თვის შემდეგ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან და დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორს, გონივრული წინდახედულების ფარგლებში, არ გამოუვლენია ინტერესი სააპელაციო წესით საქმის განხილვისათვის.
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა უფლებებთან ერთად მხარეებს აკისრებს მოვალეობებსაც, მათი შეუსრულებლობა კი, იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა (იხ. სუსგ №ას-1242-1165-2015, 12.02.2016წ.)
30. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ იურიდიულ ლიტერატურაში გავრცელებულია შეხედულება, რომ „დამტკიცებას არ საჭიროებენ ე.წ პრეზუმირებული, ანუ ნავარაუდევი ფაქტები. პრეზუმფცია წარმოადგენს ვარაუდს ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ („Prezumptio“- ვარაუდზე დამყარებული მოსაზრება; კანონმდებელი იცავს მხარეს მტკიცების გადაულახავი ტვირთის დაკისრებისაგან. თავის მხრივ, მტკიცების ტვირთის სწორად განაწილება იმას გულისხმობს, რომ განისაზღვროს პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ, რომელი სადავო ფაქტი დაადასტუროს და, აქედან გამომდინარე, რა ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მოდავე მხარე. მაშასადამე, პრეზუმირებული ფაქტის პროცესუალური თავისებურება ისაა, რომ მისი გაქარწყლება ევალება მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მოქმედებს თავად ეს ფაქტი. თავის მხრივ, ამ პროცესუალური კომპონენტის სწორად განსაზღვრა წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო უფლების შემადგენელ ნაწილს.
31. საკასაციო პალატა, კვლავ გაამახვილებს ყურადღებას "ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონზე და განმარტავს, რომ თუ ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და აღნიშნულის შესახებ ეცნობება დაინტერესებულ მხარეს, იმავე წესით. ამგვარად, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ელექტრონულად წარდგენილი სააპელაციო საჩივრის უკან დაბრუნებისას, დაინტერესებულ მხარეს ეცნობა იმავე წესით (ავტომატურად). ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი კი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) ეკისრებოდა კერძო საჩივრის ავტორს, რასაც მან თავი ვერ გაართვა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივარში მითითებული არგუმენტი, იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივრის უკან დაბრუნების შესახებ, კერძო საჩივრის ავტორმა შეიტყო სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების მიღების დროს.
32. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტების თანახმად, საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.
33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ.გ–ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი