საქმე №ას-159-2024
23 იანვარი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.ს–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.კ–ვა (მოპასუხე)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა, ალიმენტის დაკისრება (თავდაპირველი სარჩელით); ალიმენტის თანხის შემცირება (შეგებებული სარჩელით)
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მ.ს–მა (შემდგომში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, „ პირველი აპელანტი“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, გ.კ–ვას (შემდგომში წოდებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, „მეორე აპელანტი“, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა, არასრულწლოვანი ს.კ–ვას სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 3000 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2021 წლის 24 დეკემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე. ასევე, ს.კ–ვას სასარგებლოდ დაეკისროს, პირის ღრუს სახის სწრაფი გამაფართოვებელი ესპანდერის ლაბორატორიულად დამზადებისა და პირის ღრუში ჩაცემენტების, ექიმის კონსულტაციის, პანორამული და ტელერენდგენოგრამული კვლევის ხარჯის 820 ლარის გადახდა. მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებში გასვლის, არაუმეტეს ერთი თვისა, (შემოსვლის) თანხმობის გაცემის ნაწილში.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით:
შემცირდეს 2/411-16 საქმეზე, 2016 წლის 11 მაისის განჩინებით გ.კ–ვას
მიმართ დაკისრებული ალიმენტი - 600 ლარიდან, 400 ლარამდე.
4. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია:
შეგებებული სარჩელით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია:
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი, სოციალური მუშაკის დასკვნაზე მითითებით, დაეთანხმა დედის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 1. მ.ს–ის თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.05.2016 წლის განჩინებით (2/411-16 საქმეზე) გ.კ–ვასთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შეიცვალა (იხ. ამ განჩინების 1.2 პუნქტი). გ.კ–ვას არასრულწლოვანი შვილის 2015 წლის 07 ივლისს დაბადებული ს.კ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყო სარჩელის აღძვრის დღიდან 2021 წლის 24 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვნებამდე. 1.2. გ.კ–ვას ს.კ–ვას (დაბადებული 2015 წლის 07 ივლისს) სასარგებლოდ დაეკისრა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ბავშვის სამედიცინო მომსახურების (კერძოდ - "პირის ღრუს სახის სწრაფი გამაფართოვებელი ესპანდერის ლაბორატორიულად დამზადებისა და პირის ღრუში ჩაცემენტების, ექიმის კონსულტაციის, პანორამული და ტელერენდგენოგრამული კვლევის) - ხარჯი 410 ლარის ოდენობით. 1.3. ა. გ.კ–ვას შეეზღუდა მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის 2015 წლის 07 ივლისს დაბადებული ს.კ–ვას მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებში გასვლის (შემოსვლის) თანხმობის გაცემის ნაწილში. ს.კ–ვას საზღვარგარეთ გასვლა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. 1.3. ბ. მ.ს–ის მიერ არასრულწლოვანის, ს.კ–ვას, საზღვარგარეთ გაყვანის შემთხვევაში ინფორმირებული იქნეს გ.კ–ვა ამ უკანასკნელის კუთვნილ ტელეფონზე (სმს შეტყობინების გზით) ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის თაობაზე საზღვარგარეთ გასვლამდე არა უგვიანეს 3-4 დღისა. 2. გ.კ–ვას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, მ.ს–ის და გ.კ–ვას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
7.2 სააპელაციო პალატამ მიუთითა ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3,
მე-5, მე-8, მე-9, მე-18-ე და 27-ე მუხლებზე; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1201-ე, 1202-ე, 1225-ე, 1215-ე, 1234-ე, 1212-ე და 1198-ე მუხლებსა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-18, 24-ე, 25-ე, 46-ე და 47-ე მუხლებზე და აღნიშნა, ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფა და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა.
7.3 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მეორე აპელანტის პრეტენზია მისი ფინანსური მდგომარეობის გაუარესების კუთხით და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი დასაქმებულია, მისი შემოსავალი საშუალოდ თვეში შეადგენს დარიცხულ 4 693 ლარს. ამასთან, მისი პროფესიის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მოპასუხის მხრიდან შემოსავლის მიღება მზარდია, ამას მოწმობს წარმოდგენილი ინფორმაციები, როგორც წარსულში არსებული შემოსავლებისა და დამსაქმებლების შესახებ. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მეორე აპელანტს აქვს შესაძლებლობა არასრულწლოვანის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი იმ ოდენობით, რაც განსაზღვრა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
7.4 სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ძირითადი სარჩელით მოსარჩელე/დედა დასაქმებულია, აქვს სტაბილური ხელფასი (დარიცხული 1382 ლარი), ფაქტობრივად დამოუკიდებლად უზრუნველყოფს არასრულწლოვანი შვილის მორალური და ფიზიკური აღზრდის პროცესს, მატერიალურად კი ნაწილობრივ (600 ლარი, პერიოდულად 200- 200 ლარის დამატებით) ეხმარება ბავშვის მამა. საქმეში წარმოდგენილია სხვადასხვა პერიოდში
გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, რომლითაც დგინდება, რომ არასრულწლოვანი დადის ბალეტის (200 ლარი), ცურვის წრეებზე, დადიოდა ინგლისური ენის წრეზე (60 ლარი) და აზროვნების აკადემიაში (პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის კურსი, 160 ლარი). ძირითადი სარჩელით მოპასუხემ სადავოდ არ გახადა ფაქტი ბავშვის სხვადასხვა წრეებზე სიარულთან დაკავშირებით, თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებული მტკიცებულებების ნამდვილობას არ დაეთანხმა. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ, არასრულწლოვანის ამ თუ იმ წრეზე სიარულთან დაკავშირებით მტკიცებულების არ არსებობის პირობებშიც კი გამოკვეთილია ბავშვის დაინტერესება ხატვით, ინგლისური ენით, ბალეტით და ცურვით. მისი სულიერი, გონებრივი და ფიზიკური განვითარებისათვის მშობლებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვის ინტერესებისა და სურვილების რეალიზება, შეძლებისდაგვარად - თუმცა არასრულწლოვანის საჭიროებების უპირატესი გათვალისწინებით. ამასთან, პალატამ გაიზიარა სასამართლოს ის მსჯელობასაც, რომ ბავშვის მოსავლელად დედას უწევს ძიძის დაქირავება და მისი მომსახურების საფასურის გადახდა.
7.5 სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა პირველი აპელანტის/ძირითადი სარჩელით მოსარჩელის პრეტენზია, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებების გაუქმების თაობაზე, რომელიც შეეხებოდა შპს ი-საქართველოს სამედიცინო კლინიკა -„ჰ–დან“ ინფორმაციის გამოთხოვას, მოპასუხის სამუშაო საათებისა და განრიგის, ასევე შსს-დან საზღვრის კვეთისა და საბანკო დაწესებულებიდან სესხების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას და განმარტა, რომ ამ ინფორმაციის მხედველობაში მიღების შემთხვევაშიც კი ვერ მოხდება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა, ვინაიდან ძირითადი სარჩელით მოპასუხის შემოსავლების თაობაზე ინფორმაცია გამოთხოვილია სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, რაც შეეხება სამუშაო გრაფიკის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას, აღნიშნული არ ემსახურება მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურებას მოპასუხის შემოსავლების ხარჯების გაზრდის თაობაზე. ხოლო საბანკო ანგარიშებზე 2016 წლიდან თანხის ბრუნვის მიმართ მოთხოვნის მიმართებით, პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის შემოსავლების ოდენობას სარჩელის აღძვრიდან საქმის განხილვის პერიოდისათვის, რამდენადაც მოსარჩელე ითხოვს ალიმენტის გაზრდა სარჩელის აღძვრის დღიდან. პალატამ ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის პრეტენზია, შსს-დან მოპასუხის საზღვრის კვეთის თაობაზე ინფორმაციის მოხთოვნა და აღნიშნა, რომ მითითებული მტკიცებულებით არ დასტურდება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელიმე გარემოება. რაც შეეხება სასამართლოს საოქმო განჩინების კანონიერების საკითხს, რომელიც ეხება 2016 წლის 11 მაისის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერის გამოთხოვას, პალატამ დაასკვნა, რომ აღნიშნული პრეტენზიაც დაუსაბუთებელია, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება სხდომის ოქმის ჩანაწერის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, მით უფრო, როცა აპელანტი თავადვე აღნიშნავს, რომ სასამართლოსგან გადაეცა ჩანაწერი, თუმცა სრულყოფილი არ იყო.
7.6 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, ალიმენტის თანხად, მართებულად განსაზღვრა ყოველთვიურად - 1000 ლარი და ამ ეტაპზე, არსებული ფაქტობრივი წინაპირობების გათვალისწინებით, მითითებული ოდენობის მეტად გაზრდისა ან შემცირების საფუძველი, არ ვლინდება. ამდენად, პალატის მოსაზრებით, ძირითადი სარჩელით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა ადეკვატური და სამართლიანია.
8. კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:
8.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ/I კასატორმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ.ს–ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმის N2/3507-21), რომლითაც მ.ს–ს უარი ეთქვა სასამართლოში სარჩელის შეტანის დღიდან, მცირეწლოვანი ს.კ–ვას სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე ალიმენტის თანხის სრულად - 3000 ლარისა და სასის სწრაფი გამაფართოვებელი ესპანდერის ლაბორატორიულად დამზადებისა და პირის ღრუში ჩაცემენტების, ექიმის კონსულტაციის, პანორამული და ტელერენდგენოგრამული კვლევის (2D) თანხის 820 ლარის სრული ოდენობით მოწინააღმდეგე მხარე - გ.კ–ვასთვის დაკისრებაზე და ასევე, იმ ნაწილში, რომლითაც მ.ს–ს შეეზღუდა მცირეწლოვანი ს.კ–ვას საზღვარგარეთ გაყვანა არაუმეტეს ერთი თვის ვადით - და მ.ს–ის დავალდებულებაში - ს.კ–ვას საზღვარგარეთ გაყვანამდე 3-4 დღით ადრე გ.კ–ვას ინფორმირებაში. ასევე, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ.ს–ის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებების გაუქმებასთან დაკავშირებით.
მოპასუხემ/II კასატორმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო, მ.ს–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8.2 I კასატორი/ძირითადი სარჩელით მოსარჩელე არ ეთანხმება სასამართლოს დასკვნას, რომ მას ერთ თვეზე მეტი ვადით არ მიეცა უფლება ბავშვი ქვეყნიდან გაიყვანოს და 2-3 დღით ადრე ძირითადი სარჩელით მოპასუხეს შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე. ეს უკანასკნელი ყოველგვარ კომუნიკაციაზე უარს აცხადებს, სასამართლოს მიერ დადგენილი პირობა კი, უფრო მეტად აფერხებს და ზღუდავს დედის უფლებას იმოქმედოს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.
8.3 პირველი კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას ალიმენტის - 1000 ლარის დაკისრების თაობაზეც, მისი განმარტებით, მას ფაქტობრივად არავინ ეხმარება. ბავშვს არ აქვს ცხოვრების ის დონე, რაც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. მისი ყოველთვიური შემოსავალი (841 ლარი) არ არის საკმარისი ბავშვის მინიმალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. კასატორი ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 3000 ლარის გადახდა ყოველთვიურად არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების შესაბამისად.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად ბავშვს გაეზარდა ყოველდღიური საჭიროებები, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული 1000 ლარი, ვერ უზრუნველყოფის ბავშვის საჭიროებებს. ამასთან, კასატორი ასევე ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებებს, რომლებითაც უარი ეთქვა შპს ი-საქართველოს სამედიცინო კლინიკა -„ჰ–დან“ გამოთხოვილიყო ინფორმაცია მოპასუხის სამუშაო საათებისა და განრიგის, შსს-დან საზღვრის კვეთისა და საბანკო დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე (2016 წლიდან თანხის ბრუნვისა და 2022 წლის 10 ოქტომბრამდე აქვს თუ არა აღებული სესხი სს თიბისი ბანკში, სს საქართველოს ბანკსა და სს ლიბერთი ბანკში).
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
9.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით, მ.ს–ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
9.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინებით, გ.კ–ვას საკასაციო საჩივარი, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობისათვის დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რაც საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალის მქონეა.
14. საკასაციო სასამართლო, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივ შეფასებებს.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს, უფლებებთან ერთად, ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს Nას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; Nას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; Nას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).
16. სსსკ-ის თავი XLIII განსაზღვრავს საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებებს. ამავე კოდექსის 352-ე მუხლის შესაბამისად, საქორწინო და საოჯახო საქმეების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები იმ დამატებებით, რაც ამ თავშია დადგენილი, ხოლო 354-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.
17. საკასაციო შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული მშობლის საალიმენტო ვალდებულების, ასევე არასრულწლოვანი შვილის მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებში გასვლის (შემოსვლის) თანხმობის გაცემის ნაწილში, მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვისას, არასრულწლოვანის საზღვარგარეთ გასვლის ხანგრძლივობის (არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს) და საზღვარგარეთ გაყვანის შემთხვევაში, მოპასუხის ინფორმირების ვალდებულების დადგენის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების კვლევა.
18. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2/411-16 საქმეზე, დამტკიცებული მორიგების ფარგლებში (2016 წლის 11 მაისის სასამართლოს განჩინება) გ.კ–ვა უხდის ყოველთვიურად მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილის ალიმენტს 600 ლარის ოდენობით.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე შვილის საჭიროებებს. კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას, გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
20. ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.
21. ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია 01.07.1994) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
22. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დაწესებულია მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობა, რაც ალიმენტის გადახდის მოვალეობასაც მოიცავს, მაგრამ კანონმდებელი არასრულწლოვანის სასარგებლოდ დასაკისრებელი ალიმენტის ზღვრულ ოდენობას არ ადგენს. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით, უნდა დაადგინოს ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ-ები: №ას-58-49-2011, 27.06.2011წ; №ას-1141-1061-2017, 17.10.2017 წ; №ას-ას-1301-2019, 13.03.2020 წ; №ას-878-2021, 27.10.2021 წ. Nას-1262-2023, 8.11.2023წ.; Nას-1328-2023, 7.03.2024წ; Nას-1606-2023, 10.04.2024წ.).
24. სსკ-ის 1222-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ, ან შვილებმა – შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა უცვლელ კატეგორიას არ წარმოადგენს და ობიექტური ან სუბიექტური გარემოებების ცვლილებასთან ერთად, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება შეიცვალოს, რაზედაც ასევე სავსებით მართებულად მიუთითა სააპელაციო სასამართლომ.
25. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ იგი უზრუნველყოფილ იქნეს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ალიმენტის განსაზღვრისას, სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთანავე, ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვანის რეალური საჭიროებები და მოპასუხის გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს.
26. სასამართლო პრაქტიკით, დადგენილი ალიმენტის ოდენობის გაზრდის სამართლებრივი შედეგის მიღება სსკ-ის 1222-ე, 1212-ე და 1214-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, უკავშირდება შემდეგი სამართლებრივი წინაპირობების განხორციელებას: ა) სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; ბ) ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესებულიყო; გ) დადგენილი ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამრიგად, ასეთ საქმეზე გამოსაკვლევია: რამდენი თანხა უნდა გაიღოს ყოველთვიურად ორივე მშობელმა, რომ ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდა უზრუნველყოფილი იყოს, რას შეადგენს თითოეული მშობლის ყოველთვიური შემოსავალი, ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ არა (იხ. სუსგ. №ას-912-862-2015, 11.03.2016წ.).
27. საკასაციო სასამართლოს შეფასებით პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა სწორად შეაფასეს, როგორც ალიმენტვალდებული მამის ფინანსური შესაძლებლობები, საკრედიტო და სხვა ვალდებულებების გავლენა მის გადახდისუნარიანობაზე, დედის შემოსავლები და ვალდებულებები, ასევე არასრულწლოვანის ჩვეულებრივი საჭიროებები.
28. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი მუდმივად ცხოვრობს მოსარჩელესთან (დედასთან), გ.კ–ვა არ არის ჩართული შვილის აღზრდის პროცესებში, შემოიფარგლება ალიმენტის სახით დაკისრებული თანხის გადახდით, არასრულწლოვანი არ იცნობს მამას და არ აქვს მასთან ურთიერთობა.
29. საკასაციო პალატა, ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, ინტენსიურად უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას არასრულწლოვანის საჭიროებებსა და შრომისუნარიანი მშობლის მატერიალურ შესაძლებლობას შორის სამართლიანი ბალანსი უნდა იქნეს დაცული (იხ. სუსგ. საქმე Nას-443-2024 26.07.2024წ).
30. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, მოპასუხეზე ალიმენტის სახით, 3000 ლარის დაკისრების მოთხოვნის თაობაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით: მოპასუხეს ჰყავს ოჯახი, მეორე შვილი, მშობლები, ასევე ოჯახის წევრების ფინანსური ხარჯების მხედველობაში მიღებით, არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, საკასაციო პალატა მიჩნევს, რომ პირველი და სააპელაციო სასამართლოების მიერ მართებულად გაიზარდა ალიმენტის ოდენობა 600 ლარიდან 1000 ლარამდე.
31. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ გ.კ–ვას შეეზღუდა მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებში გასვლის (შემოსვლის) თანხმობის გაცემის ნაწილში, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას იმ ნაწილში, რომლის თანახმად, დადგინდა არასრულწლოვანის საზღვარგარეთ გასვლის ხანგრძლივობა (არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს) და საზღვარგარეთ გაყვანის შემთხვევაში, მოპასუხის ინფორმირების ვალდებულება სმს შეტყობინების გზით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის თაობაზე საზღვარგარეთ გასვლამდე არა უგვიანეს 3-4 დღისა.
32. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. იმავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
33. დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ საქმე Nას-458-440-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).
34. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი; ამასთან, სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. 35. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის წაყენებისას მოსარჩელეს ეკისრება შეზღუდვის აუცილებლობის დამტკიცების ვალდებულება (იხ. სუსგ საქმე Nას-857-2019, 18 დეკემბერი, 2020 წელი). საკასაციო პალატა, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მხარეს სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ძირითადი სარჩელის მოპასუხის/მამის მიერ მშობლის უფლებით მანიპულირებას, უფლების ბოროტად გამოყენებას და ბავშვების ინტერესების საზიანოდ საზღვრის კვეთის მოთხოვნაზე უარის თქმას. არ არის გასაზიარებელი კასატორის პრეტენზია, იმ მიმართებით, რომ რადგან მამას სურვილი არა აქვს შვილთან ურთიერთობის, სასამართლოების მიერ დადგენილი შეტყობინების პირობა უფრო მეტად აფერხებს და ზღუდავს დედის უფლებას იმოქმედოს ბავშვის ინტერესების შესაბამისად. საკასაციო პალატა. კასატორის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მას დაევალა მხოლოდ შეტყობინების გაგზავნა მამის კუთვნილ ტელეფონზე სმს შეტყობინების გზით, ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის თაობაზე საზღვარგარეთ გასვლამდე არაუგვიანეს 3-4 დღისა.
36. რაც შეეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებების გაუქმების თაობაზე, კასატორის პრეტენზიას, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
37. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მოთხოვნაა, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინებები, რითაც უარი ეთქვა შპს ი-საქართველოს სამედიცინო კლინიკა -„ჰ–დან“ გამოთხოვილიყო ინფორმაცია, მოპასუხის სამუშაო საათებისა და განრიგის შესახებ, შსს-დან საზღვრის კვეთის შესახებ, ხოლო საბანკო დაწესებულებიდან, 2016 წლია 01 იანვრიდან - 2022 წლის 10 ოქტომბრამდე მოპასუხეს აქვს თუ არა აღებული სესხი სს თიბისი ბანკში, სს საქართველოს ბანკსა და სს ლიბერთი ბანკში და ამავე პერიოდში არსებული ანგარიშის ამონაწერები.
38. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მასზედ, რომ ამ ინფორმაციის მხედველობაში მიღების შემთხვევაშიც კი ვერ მოხდება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა, ვინაიდან მოპასუხის შემოსავლების თაობაზე ინფორმაცია გამოთხოვილია სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, რაც შეეხება სამუშაო გრაფიკის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას, აღნიშნული არ ემსახურება მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურებას მოპასუხის შემოსავლების ხარჯების გაზრდის თაობაზე. ასევე შსს-დან მოპასუხის საზღვრის კვეთის თაობაზე ინფორმაციის მიღებითაც არ დადასტურდება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელიმე გარემოება. ხოლო რაც შეეხება საბანკო ანგარიშებზე თანხის ბრუნვას 2016 წლიდან, პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის შემოსავლების ოდენობას სარჩელის აღძვრიდან, (24.12.2021წ.) საქმის განხილვის პერიოდისათვის, რამდენადაც მოსარჩელე ითხოვს ალიმენტის გაზრდა სარჩელის აღძვრის დღიდან.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა სწორად შეაფასეს, როგორც ალიმენტვალდებული მამის ფინანსური შესაძლებლობები, საკრედიტო და სხვა ვალდებულებების გავლენა მის გადახდისუნარიანობაზე, დედის შემოსავლები და ვალდებულებები, ასევე არასრულწლოვანის საჭიროებები. 40. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki, v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII).
41. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
43. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
44. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
47. პროცესის ხარჯები:
კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ.ს–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი