Facebook Twitter

საქმე №ას-589-2024

23 იანვარი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა7“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, „კასატორი“, „შემსყიდველი“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, შპს „ა-ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“, „მიმწოდებელი“) მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, სადავო გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ავეს“, მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლოს 4776.72 ლარის გადახდა.

3.2 პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შპს „ა-მ“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. შპს „ა-მ“, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შპს „ა-ს“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

4.2.1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს „ა-ს“ შორის 2022 წლის 11 მარტს გაფორმდა N55 ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ავეჯი, რომლის მოწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში - 2022 წლის 25 აპრილის ჩათვლით.

4.2.2 ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილებისათვის მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.10%-ის ოდენობით.

4.2.3 შპს „ა-ს“ მიერ საქონელი სრულად მიწოდებული იქნა 2022 წლის 3 ივნისს - 39 დღის დაგვიანებით.

4.2.4 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა, შესრულების ვადის გადაცილებისათვის, შპს „ა-ს“ დაარიცხა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.10%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 9 553.44 ლარს.

4.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ვადაგადაცილებით მიწოდების გამო არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, თუმცა უნდა შემცირდეს როგორც შეუსაბამოდ მაღალი, გონივრულ ოდენობამდე. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებს და დანიშნულებას, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ღირებულებას, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადას, ასევე ხელშეკრულების მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპს და სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების სტანდარტს.

4.4 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შპს „ა-ს“ განმარტება, მასზედ, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს დაკისრებისას არ იქნა გაზიარებული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით. აღნიშნულ რეკომენდაციაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო პირდაპირ რეკომენდაციას აძლევს შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომ ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის, მათ შორის ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს, ხელშეკრულებაში განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირგასამტეხლო ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა განსაზღვრულიყო 48.992 ლარით, რაც ვადაგადაცილების 39 დღიანი პერიოდისათვის შეადგენს - 1910.688 ლარს.

4.5 სააგენტოს რეკომენდაციასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დოკუმენტით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს მაქსიმალური ზღვრული ოდენობები, რაც სავალდებულო ხასიათის არაა, შესაბამისად, დოკუმენტში მითითებული ოდენობა, არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სტანდარტული პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გამოთვლა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.

4.6 სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და დაასკვნა, რომ არ არსებობდა მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლები.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

5.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2 კასატორის განმარტებით, მოპასუხემ დროულად არ შეასრულა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც წარმოიშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

5.3 კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარეს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით დადასტურებული ჰქონდა თანხმობა, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო შესაბამისად.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება.

11. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს „ა-ს“ შორის 2022 წლის 11 მარტს გაფორმდა N55 ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ავეჯი, რომლის მოწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში - 2022 წლის 25 აპრილის ჩათვლით.

12. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილებისათვის მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.10%-ის ოდენობით. მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში 2022 წლის 25 აპრილის ჩათვლით.

13. შპს „ა-ს“ მიერ საქონელი სრულად მიწოდებული იქნა 2022 წლის 3 ივნისს - 39 დღის დაგვიანებით.

14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა, შესრულების ვადის გადაცილებისათვის, ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-10.3 პუნქტის თანახმად, შესყიდვის შპს „ა-ს“ დაარიცხა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.10%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 9 553.44 ლარი.

15. საკასაციო სასამართლო თავის ერთ-ერთ განჩინებაში მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის საფუძველზე, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda- ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შეად. სუსგ-ებს: N ას-1079-2019, 30.09.2019წ.; N ას-672-2021 23.09.2021წ.; Nას-1194.2022, 8.06.2023წ.; N ას-480-2023 20.09.2023წ.; N ას-328-2023, 20.06.2023წ.; N ას-553-2023 28.09.2023წ.).

17. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შეად. სუსგ-ებს N ას 848-814-2016, 28.12.2016; N ას-816-767-2015, 19.11.2015; N ას-953-918-2016, 22.11.2016).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ-ები: N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-400-2023, 10.10.2023წ; N ას-835-2023, 25.10.2023წ; N ას-355-2019, 26.10.2023წ.; N ას-1164-2023, 4.12.2023წ; N ას-1218-2023, 10.01.2024წ; N ას-1210-2023. 18.01.2024წ.).

19. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ; Nას-708-678-2016, 27.01.2017 წ; N ას-51-2022, 22.07.2022წ; N ას-941-2022, 31.10.2022წ; N ას-626-2023, 7.07.2023წ; N ას-400-2023, 20.10.2023წ.; Nას-1389-2023, 30.01.2024წ.).

20. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ-ები: N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; Nას-428-428-2018, 13.07.2018 წ; Nას-603-2023, 20.07.2023წ; Nას-744-2023, 12.09.2023წ; Nას-355-2019, 29.10.2023წ; Nას-1164-2023, 4.12.2023წ; Nას-1218-2023, 10.01.2024წ; Nას-1210-2023. 18.01.2024წ; N ას-504-2024, 4.10.2024წ.).

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა;

25. საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა.

26. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მიმწოდებელმა შეასრულა ვადაგადაცილებით, მაგრამ სრულად. კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე პოზიცია, შესრულების ვადის გადაცილების შედეგად დამდგარი ზიანის, ან მიღებული შესრულების ნაკლოვანებასთან დაკავშირებით. ამასთან, ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს განსაზღვრული ოდენობა 4776.72 ლარი (ხელშეკრულების ღირებულების 0,05%მდე) ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და საპირწონეა და გონივრულ ოდენობამდეა შემცირებული.

28. ამდენად, პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე თანხვედრაშია, როგორც სსკ-ის 420-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსთან (პირგასამტეხლოს დანიშნულება და გონივრულობის სტანდარტი), ასევე, დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკასთან. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია მის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სრული ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

29. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

30. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.

31. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

32. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

7. პროცესის ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის, „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი