Facebook Twitter

საქმე №ას-668-2024

28 თებერვალი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

II კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე - ნ.მ–ნი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, დაკისრებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, „კასატორი“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, ნ.მ–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“), მიმართ, - თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი, ნ.მ–ნის მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ.მ–ნს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა - 10 000 ლარი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უარი ეთქვა 15 152.38 ლარის დაკისრებაზე.

3.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ნ.მ–ნმა.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ.მ–ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ნ.მ–ნის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ.მ–ნს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 13 580 ლარის გადახდა.

4.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.2.1 04.08.2021 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს (შემსყიდველი) და ი/მ ნ.მ–ნის (მიმწოდებელი)შორის გაფორმდა ხელშეკრულება N111 ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე CPV-45400000’’; ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტია შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს პოლიციის I, V სამმართველოს და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის VIII სამმართველოს ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად; მიმწოდებელი ვალდებული იყო სარემონტო სამუშაოები დაესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში, - 2021 წლის 02 დეკემბრის ჩათვლით; ხელშეკრულების 10.4 პუნქტით, შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადის (ხელშეკრულების 5.1. პუნქტი), ასევე, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.10%-ის ოდენობით;

4.2.2 მოპასუხე კომპანიამ სამუშაოები დაასრულა 2022 წლის 27 იანვარს, - 56 დღის დაგვიანებით;

4.2.3 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 28.04.2022 წლის წერილით, 04.08.2021 წლის N111 ხელშეკრულების 10.4 პუნქტის თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილებისათვის კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.10%-ის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს - 25 153.38 ლარს;

4.2.4 ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნ.მ–ნს პირგასამტეხლო დააკისრა ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან (449167,46 ლარიდან), რომლის 0,10%-მა ვადაგადაცილებულ 56 დღეზე, შეადგინა 25 153.38 ლარი.

4.3 სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით და განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ. ას-1199-1127-2015).

4.4 პალატამ განმარტა, რომ რიგ შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დღეების ოდენობა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ ხარისხის დარღვევად, რაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას გაამართლებდა. სასამართლო აქვე დასძენს, რომ მართალია, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ვადა დარღვეულ იქნა, თუმცა აპელანტი არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ უთითებდა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებით გამოწვეული რაიმე ზიანის არსებობის თაობაზე. ასევე პრეტენზია არ გაცხადებულა შესრულებული სამუშაოს ხარისხთან მიმართებაში. შესაბამისად, დგინდება, რომ მომსახურება შესრულებულ იქნა შეთანხმებული ხარისხით და ვადაგადაცილების შედეგად შემსყიდველს რაიმე ზიანი არ წარმოშობია.

4.5 ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ: Nას- 971-2019, 28.10.2019; Nას-581-2019, 31.07.2019; Nას-164-160-2016, 28.07.2016; სუსგ: ას-1160-2021).

4.6 სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო არ უნდა დაანგარიშებულიყო 449 167,46 ლარიდან. ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან, სამშენებლო სამუშაოების ოთხი ეტაპი შესრულებული იქნა ვადაში, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 206 685,05 ლარი, 449 167,46 ლარს (ხელშეკრულების ღირებულებას) უნდა გამოკლებოდა ვადაში შესრულებული სამუშაოების ღირებულება 206 685,05 ლარი და მიღებული სხვაობიდან, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 242 482,41 ლარს (და არა 245 482,41 ლარს), უნდა დაანგარიშებულიყო პირგასამტეხლო. მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.4 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადის (ხელშეკრულების 5.1. პუნქტი), ასევე, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.10%-ის ოდენობით. ვადაგადაცილებული და შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ჯამში (242 482,41ლარის 0,10% x56) 13 580 ლარის ოდენობით.

5. I კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

5.1 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2 კასატორის მითითებით, სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა გამომდინარეობდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხისათვის 25 153.38 ლარის ოდენობით, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

5.3 კასატორის განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო 120 დღის ვადა, რაც 2021 წლის 02 დეკემბერს იწურებოდა, თუმცა, მოვალე ნ.მ–ნმა 56 დღის დაგვიანებით, - 2022 წლის 27 იანვარს შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, რითაც ,,სამინისტროს“ მიადგა ზიანი.

5.4 კასატორი განმარტავს, რომ მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა, თუ რას ეფუძნებოდა მისი მოთხოვნა, სასამართლოს შეემცირებინა პირგასამტეხლო, რომლის ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი. სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა პირგასამტეხლო იმგვარად, რომ არ უმსჯელია, თუ რა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები მიიღო მხედველობაში, როდესაც დაკისრებული პირგასამტეხლო შეამცირა.

6. II კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.მ–ნმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, დაკისრებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება და 1500 ლარით განსაზღვრა მოითხოვა.

6.2 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.

6.3 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი და არ შეამცირა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, პირიქით გაზარდა, მაშინ, როცა ვადის გადაცილებით მოწინააღმდეგე მხარეს არანაირი ზიანი არ მისდგომია, არ შეფერხებულა მათი სამუშაო გრაფიკი და მეტიც, სამუშაოები შესრულდა უნაკლოდ, ხარისხიანად, რაზეც არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ასეთი მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრებით გამოდის, რომ კომპანია უფასოდ მოემსახურა მოწინააღმდეგე მხარეს, ვინაიდან, ტენდერიდან რა შემოსავალიც უნდა მიეღო კომპანიას, იმაზე მეტი პირგასამტეხლო უნდა გადაუხადოს დამკვეთს. სრულიად საკმარისი იყო პირგასამტეხლოს სახით 1500 ლარის დაკისრება.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივნისის და 2024 წლის 12 ივლისის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, I კასატორი დავობს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან არამართლზომიერად შემცირდა: კერძოდ, ქვედა ინსტანციის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა გამოთვლილი იქნა არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან.

12. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, II კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ პირგასამტეხლოს ოდენობას და ითხოვს მის შემცირებას.

13. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ. Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

15. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები მხარეთა მიერ შეთანხმებული ვადის დარღვევით განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ. Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ. Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

17. სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან.

19. დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და ი/მ ნ.მ–ნის შორის 2021 წლის 4 აგვისტოს გაფორმებული N111 ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს პოლიციის I, V სამმართველოს და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის VIII სამმართველოს ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში 2021 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით. კომპანიის მიერ სამუშაოები დასრულებულ იქნა 2022 წლის 27 იანვარს, - 56 დღის დაგვიანებით, რისთვისაც ხელშეკრულების 10.4 პუნქტის თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილებისათვის კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო.

20. საკასაციო პალატა განმარტავს, მოცემული საქმისთვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულებისთანავე 2021 წლის 07 სექტემბერს მხარეებმა გააფორმეს მიღება ჩაბარების აქტი N1, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მხარეთა შორის 2021 წლის 04 აგვისტოს გაფორმებული N111 ხელშეკრულების საფუძველზე „მიმწოდებელმა” შეასრულა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს პოლიციის I სამმართველოსა და ისანი- სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის VIII სამმართველოს ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები საერთო ღირებულებით 30533,53 ლარი, (აქტზე თანდართული შესრულებული სამუშაოების ფორმა N2-ის შესაბამისად) აქტში არსად - არ არის დაფიქსირებული რაიმე სახის პრეტენზია, შესაბამისად ჩაითვალა რომ აღნიშნული ეტაპის სამუშაოები შესრულებული იქნა სრულყოფილად და მითითებული თანხაც დამკვეთმა ჩაურიცხა მიმწოდებელს. სამუშაოების მეორე ეტაპის დასრულებისთანავე 2021 წლის 29 სექტემბერს მხარეებმა გააფორმეს მიღება-ჩაბარების აქტი N2, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მხარეთა შორის 2021 წლის 04 აგვისტოს გაფორმებული N111 ხელშეკრულების საფუძველზე „მიმწოდებელმა” შეასრულა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს პოლიციის I სამმართველოს და V სამმართველოს, ასევე ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის VIII სამმართველოს ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები საერთო ღირებულებით 69701,45 ლარი, (აქტზე თანდართული შესრულებული სამუშაოების ფორმა N2-ის შესაბამისად) აქტში არსად არ არის დაფიქსირებული რაიმე სახის პრეტენზია, შესაბამისად ჩაითვალა რომ აღნიშნული ეტაპის სამუშაოები შესრულებული იქნა სრულყოფილად და მითითებული თანხაც დამკვეთმა ჩაურიცხა მიმწოდებელს. სამუშაოების მესამე ეტაპის დასრულებისთანავე 2021 წლის 01 ნოემბერს მხარეებმა გააფორმეს მიღება ჩაბარების აქტი #3, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მხარეთა შორის 2021 წლის 04 აგვისტოს გაფორმებული No111 ხელშეკრულების საფუძველზე „მიმწოდებელმა" შეასრულა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს პოლიციის I სამმართველოსა და V სამმართველოს, ასევე ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის VIII სამმართველოს ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები საერთო ღირებულებით 58445,45 ლარი, (აქტზე თანდართული შესრულებული სამუშაოების ფორმა N2-ის შესაბამისად) აქტში არსად არ არის დაფიქსირებული რაიმე სახის პრეტენზია, შესაბამისად ჩაითვალა რომ აღნიშნული ეტაპის სამუშაოები შესრულებული იქნა სრულყოფილად და მითითებული თანხაც დამკვეთმა ჩაურიცხა მიმწოდებელს.

21. სამუშაოების მეოთხე ეტაპის დასრულებისთანავე, 2021 წლის 18 ნოემბერს, მხარეებმა გააფორმეს მიღება ჩაბარების აქტი N4, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მხარეთა შორის 2021 წლის 04 აგვისტოს გაფორმებული N111 ხელშეკრულების საფუძველზე „მიმწოდებელმა” შეასრულა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს პოლიციის I სამმართველოსა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის VIII სამმართველოს ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები საერთო ღირებულებით 48004,62 ლარი, (აქტზე თანდართული შესრულებული სამუშაოების ფორმა N2-ის შესაბამისად) აქტში არსად არ არის დაფიქსირებული რაიმე სახის პრეტენზია, შესაბამისად ჩაითვალა რომ აღნიშნული ეტაპის სამუშაოები შესრულებული იქნა სრულყოფილად და მითითებული თანხაც დამკვეთმა ჩაურიცხა მიმწოდებელს.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ოთხი ეტაპის სამუშაოები შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ანუ 2021 წლის 02 დეკემბრამდე და ოთხივე ეტაპის შესრულებული სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 206 685,05 ლარი. აღნიშნული თანხა დამკვეთმა გადაუხადა მიმწოდებელს, ამასთან 2021 წლის 03 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების ოქმი N1 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულება შემცირდა 25 832,34 ლარით და შეადგინა 449 167,46 ლარი.

23. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლოს გაანგარიშების საფუძველს ხელშეკრულების მიხედვით, წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება. კერძოდ, მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.10%, ჯამურად -25 153.38 ლარი.

24. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, კერძოდ, არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში განმარტებულია: "ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან" (იხ. სუსგ: ას-971-2019, 28.10.2019; Nას-581-2019, 31.07.2019; Nას-164-160-2016, 28.07.2016).

25. მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან დამოუკიდებელია, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანი განსახილველ შემთხვევაში, არ გამოვლენილა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორისა და მოვალის მტკიცების ფარგლების, შესრულების ვადის გადაცილების დღეების გათვალისწინებით, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს მოცულობის დაანგარიშება, როდესაც დარღვეულია ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, სანქციას იმთავითვე სძენს არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის შინაარსს, ამ დროს სასამართლომ უნდა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობის გზით.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ომ პირგასამტეხლო განისაზღვრა გონივრული და სამართლიანი ოდენობით და აღნიშნულის გათვალისწინებით მართებულად დაეკისრა მოპასუხეს სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაანგარიშებული პირგასამტეხლო. ამასთან, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ვინაიდან, სამშენებლო სამუშაოების ოთხი ეტაპი შესრულებული იქნა ვადაში, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 206 685,05 ლარი, 449 167,46 ლარს (ხელშეკრულების ღირებულებას) უნდა გამოკლებოდა ვადაში შესრულებული სამუშაოების ღირებულება 206 685,05 ლარი და მიღებული სხვაობიდან, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 242 482,41 ლარს, უნდა დაანგარიშებულიყო პირგასამტეხლო(242482,41X0.10%X56). ამრიგად, პირველი კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს დაანგარიშების ნაწილში, არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი და საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

27. პირგასამტეხლოს დაანგარიშება მთლიანი შესრულების ღირებულებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთიანი შესრულების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იკვეთება, როდესაც ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობა საფუძველს აცლის ძირითად შესრულებას, ე.ი, როდესაც, ვალდებულების ნაწილობრივი შეუსრულებლობა, თავისი არსით, მთლიანი ვალდებულების შეუსრულებლობას უთანაბრდება. (იხ.სუსგ. №ას-718-2024, 12.11.2024).

28. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება იმ ტიპის ვალდებულება, რომლის ნაწილის შეუსრულებლობაც მთლიანი ვალდებულების შესრულებას დაუკარგავდა აზრს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მთლიანი თანხიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება გამართლებულია, განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხეს მოსარჩელის მიერ ჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს.

29. მოცემულ შემთხვევაში, მეორე კასატორი ძირითად აქცენტს აკეთებს მასზედ, რომ სამუშაოები შესრულდა ხარისხიანად და პრეტენზიები არ დაფიქსირებულა, ამასთან, შესრულების ვადაგადაცილებით არანაირი ზიანი არ მისდგომია მოსარჩელეს.

30. მეორე კასატორის პრეტენზიის საპასუხოდ, საკასაციო პალატა განმარტავს - რომ სადავო შემთხვევაში, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა პოლიციის სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოების შესრულება. საქმის მასალებით, არ იკვეთება შესრულების ვადაგადაცილების გამო, შემკვეთის საქმიანობის შეფერხება/ხელშეშლა. თუმცა, მხარეთა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების პირობებში, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს განსაზღვრული ოდენობა 13 580 ლარი, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონეა და არ იკვეთება პირგასამტეხლოს ოდენობის დამატებით შემცირების საფუძვლები.

31. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

32. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.

33. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

34. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, ნ.მ–ნს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“ 2024 წლის 02 ივლისს, N4858 საგადასახადო დავალებით გადახდილი 675 ლარის 70% 472,5 ლარი;

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის, „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ნ.მ–ნის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; კასატორს, ნ.მ–ნს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“ 2024 წლის 02 ივლისს, N4858 საგადასახადო დავალებით გადახდილი 675 ლარის 70% 472,5 ლარი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი