Facebook Twitter

¹ბს-1086-1038(კ-07) 13 თებერვალი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ნ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 20 ივნისს თ. ნ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2002 წლის 1 ივლისის ¹1594 ბრძანებით დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის (ავადმყოფობის გამო) საფუძველზე.

მოსარჩელის აღნიშვნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალებიდან დათხოვნის დროს მასთან საბოლოო ფულადი ანგარიშსწორება არ მოუხდენია და მიუღებელი აქვს 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანება _ 352,9 ლარი, სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხა _ 765,64 ლარი, კვების (სასურსათო ულუფის) ფულადი კომპენსაცია _ 826 ლარი, 1998-1999-2000 წლების კვარტალური ჯილდოები _ 284,95 ლარი და მატერიალური დახმარება _ 71,2 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 2044,69 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისრა 2044,69 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების ნაწილში უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. ნ-ას სარჩელი სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ნ-ა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2002 წლის 1 ივლისის ¹1594 ბრძანებით დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან და მასთან მოპასუხეს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბოლოო ანგარიშსწორება არ განუხორციელებია.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები სააპელაციო საჩივრის ფარგლებში _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში, რომლითაც თ. ნ-ას სარჩელი სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და მიუთითა, რომ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო, აენაზღაურებინა თ. ნ-თვის სანივთე ქონების ღირებულება.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მითითებული ვალდებულება წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამავე კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად კი ხანდაზმულობის ვადა წყდება ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის აღიარებით. ამ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის აზრით, არ არსებობდა ამგვარი გარემოება, რადგან საქმეში არსებული დოკუმენტი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების სამხედრო ნაწილის ¹.... სანივთე სამსახურის უფროსის მიერ 2002 წლის 24 ივლისს გაცემული ცნობა ¹2/14/174 არ ადასტურებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალის აღიარების ფაქტს. აღნიშნული ცნობა, სააპელაციო პალატის მითითებით, იყო საინფორმაციო ხასიათის და იგი ადასტურებდა არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქმეში წარმოდგენილი ცნობით პროცესუალურად შექმნა მტკიცებულება ფაქტის აღიარების შესახებ. ფაქტის აღიარება არ ნიშნავს სარჩელის აღიარებას, რადგან სარჩელის აღიარება დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, არის განკარგვითი აქტი, რომელიც უნდა შეიცავდეს დაპირებას ვალდებულების აღიარების თაობაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 8 ივნისის წერილის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს ცნობები მიუღებელი ფორმის შესახებ უნდა წარედგინათ შესაბამის საფინანსო სამსახურში ყოველი მიმდინარე საანგარიშო წლის ბოლომდე, რათა მომხდარიყო ანაზღაურება ან კრედიტორულ დავალიანებაში ასახვა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებზე უნიფორმის სანაცვლოდ გასაცემი შესაბამისი საკომპენსაციო თანხები კრედიტორულ დავალიანებად არ დაფიქსირებულა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გასცა რა ცნობა მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების თაობაზე, ამით მოსარჩელის მიმართ არ აღიარებულა ვალის არსებობა, რომელიც შეწყვეტდა ხანდაზმულობის ვადას.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სადავო შემთხვევაში ვალდებულების ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის და მისი დინების ხელახლა დაწყების საფუძველი არ არსებობდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქალაქო სასამართლოს მიერ დარღვეული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მოთხოვნები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე და 393-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ნ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

კასატორი აღნიშნავდა, რომ 1998-1999-2000 წლებში სამხედრო მოსამსახურეების მიმართ წარმოიშვა სხვადასხვა დავალიანება, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რის შედეგადაც მისი გაცემა შეჩერებული იყო გაურკვეველი ვადით. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა მორატორიუმი _ ფულადი გადასახადების გადავადება გაურკვეველი ვადით. კასატორმა მიიჩნია, რომ სწორედ ამ მიზეზით მოხდა ხანდაზმულობის ვადის შეჩერება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის მიხედვით კი ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება თუკი ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სწორედ ამ მიზეზით არ მოახდინა მასთან საბოლოო ანგარიშსწორება სამსახურიდან დათხოვნისას.

კასატორის მითითებით, 2005 წლის ბიუჯეტში და შემდგომ წლებში უნდა გაეთვალისწინებინათ დავალიანებების გაცემა და სახელმწიფოს ყველა უწყებას დაევალა აღნიშნულ წლებში წარმოშობილი დავალიანებების გასტუმრება, რაც თავდაცვის სამინისტრომ არ შეასრულა. აქედან გამომდინარე, კასატორი თვლიდა, რომ, ვინაიდან მორატორიუმის ვადა მოიხსნა 2005 წელს პრეზიდენტის განკარგულებით, ხანდაზმულობის ვადა უნდა ათვლილიყო სწორედ ამ წლიდან და არა მისი სამსახურის დათხოვნის დღიდან.

კასატორი ასევე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ სამხედრო საჰაერო ძალების მიერ 2002 წლის 24 ივლისს გაცემული ცნობა ¹2/14/174 არის საინფორმაციო ხასიათის, ვინაიდან ამ ცნობას ჰქონდა რეგისტრაციის ნომერი, საფინანსო სამსახურის უფროსის ხელმოწერა, სანივთე სამსახურის უფროსის მიერ დადასტურებული გერბიანი ბეჭედი და იგი მიიჩნევდა, რომ ეს ცნობა წარმოადგენდა ოფიციალურ იურიდიულ საბუთს, რაც აღიარებდა დავალიანებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, თ. ნ-ას საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ თ. ნ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს თ. ნ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას თ. ნ-ას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.