საქმე №ას-276-2024
26 დეკემბერი 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.მ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, „კასატორი“, „შემსყიდველი) სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, ფ/პ ლ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“, „მიმწოდებელი“) მიმართ, ქმედების დავალდებულებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს შეასრულოს 2015 წლის 12 ივნისს გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობა და უზრუნველყოს გეზ "ბათუმის" შენობის, სავენტილაციო სისტემისათვის დამონტაჟებული (ძრავის სიმძლავრე 30 კვ.ტ., Nicotra RLM EE6-9010-6W-37) ძრავის დაზიანებული ინვერტორის (მოდელი ABB ACH 550) აღდგენა და სამუშაოდ ვარგის მდგომარეობაში მოყვანა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ძრავის ახლით შეცვლა; ლ.მ–ს სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 7507,5 ლარის გადახდა
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ.მ–ს, დაეკისრა 2015 წლის 12 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობის შესრულება და გეზ "ბათუმის" შენობის, სავენტილაციო სისტემისათვის დამონტაჟებული დაზიანებული ძრავის (ძრავის სიმძლავრე 30 კვ.ტ., Nicotra RLM EE6-9010-6W-37) აღდგენა და სამუშაოდ ვარგის მდგომარეობაში მოყვანა. აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაეკისრა მწყობრიდან გამოსული ძრავის ახალი ძრავით შეცვლა; ლ.მ–ს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით - 1500 ლარის გადახდა.
3.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
4.2.1 2015 წლის 12 ივნისს, სსიპ შემოსავლების სამსახურსა (შემსყიდველი) და ფ/პ ლ.მ–ს (მიმწოდებელი) შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1/250 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის მიეწოდებინა შესყიდვის ობიექტები - მაღალი ხარისხის სავენტილაციო ძრავები თანმდევი მომსახურება/მონტაჟით, რომელთა დასახელებები, რაოდენობები, ერთეულის ფასები, ტექნიკური მახასიათებლები, წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი ფირმა, მოდელი მითითებული იყო №1 დანართში. შემოთავაზებული საქონელი უნდა ყოფილიყო უნაკლო და მაღალი ხარისხის;
4.2.2 ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 37 500 ლარი;
4.2.3 მიმწოდებელი ვალდებული იყო შემსყიდველისათვის მიეწოდებინა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საქონელი. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად არ განხორციელდებოდა შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის საქონლის მიწოდება, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.2.4 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1/250 ხელშეკრულების დანართ №1-ით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტების ერთეულის ფასები, მათ შორის, სადავო ძრავის სიმძლავრე 30 კვ.ტ., Nicotra RLM EE6-9010-6W-37, ინვერტორის მოდელი ABB ACH 550, რომლის ღირებულებად განისაზღვრა 19 500 ლარი.
4.2.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1/250 ხელშეკრულების №1 დანართით განისაზღვრა საგარანტიო ვადა, კერძოდ, შემოთავაზებულ საქონელზე საგარანტიო ვადა სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეადგენდა 2 წელს.
4.2.6 მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ლ.მ–ის მიერ
განხორციელდა ხელშეკრულებით შეთანხმებული სავენტილაციო ძრავების მიწოდება და მონტაჟი. ასევე სადაო არაა ის გარემოება, რომ ექსპლუატაციის საგარანტიო პერიოდში ვენტილაციის ერთ-ერთი ძრავის ინვერტორის ,,ABB ACH 550“ მწყობრიდან გამოვიდა.
4.2.7 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 30.10.2019წ. გადაწყვეტილებით, ლ.მ–ს დაეკისრა შეესრულებინა 2015 წლის 12 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობა და უზრუნველეყო გეზ "ბათუმის" შენობის, სავენტილაციო სისტემისათვის დამონტაჟებული დაზიანებული ძრავის (ძრავის სიმძლავრე 30 კვ.ტ., Nicotra RLM EE6-9010-....) აღდგენა და სამუშაოდ ვარგის მდგომარეობაში მოყვანა. აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაეკისრა მწყობრიდან გამოსული ძრავის ახალი ძრავით შეცვლა. ლ.მ–ს სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 1500 ლარის გადახდა;
4.2.8 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 30.10.2019წ. გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, ვინაიდან მითითებულ გადაწყვეტილებაზე ლ.მ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
4.2.9 პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს 12.06.2015წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1/250 ხელშეკრულებიდან. კერძოდ, აპელანტი სადავოდ ხდის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას სასამართლოს მიერ.
4.3 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება პირგასამტეხლოს განსაზღვრის/შემცირების ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე და აღნიშნა - პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. იგი წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
4.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, თუმცა აღნიშნა, რომ ყოველდღიური პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშებული იქნა სადავო სავენტილაციო ძრავის მთლიანი ღირებულების 0,5%-ის ოდენობით, რამაც სარჩელის აღძვრის პერიოდისთვის შეადგინა 7507,5 ლარი, რაც ძრავის ღირებულების თითქმის 1/3-ია, შესაბამისად, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულია და გამოიწვევს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას.
4.5 სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სადავო სავენტილაციო ძრავის მთლიანი ღირებულების 0,1% - რაც შეადგენს 1500 ლარს, სრულად უზრუნველყოფს მოსარჩელის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომ მოპასუხეს დაეკისროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ერთგვარი სანქცია.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.2 კასატორის განმარტებით, სასამართლომ პირგასამტეხლო 0,5%-დან შეამცირა 0,1 %-მდე, რაც არასწორია, რადგან პირგასამტეხლოს ოდენობა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. კასატორის განმარტებით, შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება უტოლდება მწყობრიდან გამოსული ძრავის ღირებულებას და შეადგენს 19 500 ლარს, შესაბამისად პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 7507.5 ლარს (19 500-ის 5 % X 77) ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.4 კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ პირგასამტეხლო დაუსაბუთებლად შეამცირა.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. წინამდებარე შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას სასამართლოს მიერ.საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დაანგარიშებას მოსარჩელისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს თაობაზე და მიიჩნევს, რომ მის გასაბათილებლად კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები არ წარმოუდგენია.
11. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს 12.06.2015წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1/250 ხელშეკრულებიდან, რომლის საფუძველზეც სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე მოპასუხემ აიღო ვალდებულება მოსარჩელეს მიაწოდოს შესყიდვის ობიექტები - მაღალი ხარისხის სავენტილაციო ძრავები თანმდევი მომსახურება/მონტაჟით, რომელთა დასახელებები, რაოდენობები, ერთეულის ფასები, ტექნიკური მახასიათებლები, წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი ფირმა, მოდელი მითითებულია №1 დანართში.
12. ხელშეკრულების 7.1.1 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო შემსყიდველისათვის მიეწოდებინა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საქონელი; ხელშეკრულების 13.1 მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად არ განხორციელდებოდა შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის საქონლის მიწოდება, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
13. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1/250 ხელშეკრულების დანართ №1-ით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტების ერთეულის ფასები, მათ შორის, სადავო ძრავის სიმძლავრე 30 კვ.ტ., Nicotra RLM EE6-9010-6W-37, ინვერტორის მოდელი ABB ACH 550, რომლის ღირებულებად განისაზღვრა 19 500 ლარი.
14. ამავე ხელშეკრულების N1 დანართით, განისაზღვრა საგარანტიო ვადა, კერძოდ, შემოთავაზებულ საქონელზე საგარანტიო ვადა სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეადგენდა 2 წელს.
15. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო შემსყიდველისათვის შესაბამისი ხარისხის საქონლის მიწოდება, რაც გამოვლინდა საგარანტიო ვადის პერიოდში. მოპასუხემ საგარანტიო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას გადააცილა 77 დღით.
16. საკასაციო სასამართლო თავის ერთ-ერთ განჩინებაში მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული ხელშეკრულების სახეები არ არის ამომწურავი. ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი უფლება აქვთ, დამოუკიდებლად აირჩიონ ხელშეკრულების ტიპიც და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი. (იხ: სერგი ჯორბენაძე, ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017, გვ. 103; სუსგ Nას-405-2021; 29.06.2021წ.).
17. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შეად. სუსგ-ებს: N ას-1079-2019, 30.09.2019წ.; N ას-672-2021 23.09.2021წ.; Nას-1194.2022, 8.06.2023წ.; N ას-480-2023 20.09.2023წ.; N ას-328-2023, 20.06.2023წ.; N ას-553-2023 28.09.2023წ.).
18. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შეად. სუსგ-ებს: N ას 848-814-2016, 28.12.2016; N ას-816-767-2015, 19.11.2015; N ას-953-918-2016, 22.11.2016).
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ-ები: N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-400-2023, 10.10.2023წ; N ას-835-2023, 25.10.2023წ; N ას-355-2019, 26.10.2023წ.; N ას-1164-2023, 4.12.2023წ; N ას-1218-2023, 10.01.2024წ; N ას-1210-2023. 18.01.2024წ; N ას-504-2024, 4.10.2024წ.).
20. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ; Nას-708-678-2016, 27.01.2017 წ; N ას-51-2022, 22.07.2022წ; N ას-941-2022, 31.10.2022წ; N ას-626-2023, 7.07.2023წ; N ას-400-2023, 20.10.2023წ.; Nას-1389-2023, 30.01.2024წ.).
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა;
22. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქვემდგომის ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სადავო სავენტილაციო ძრავის მთლიანი ღირებულების 19 500 ლარის 0,1% - რაც შეადგენს 1500 ლარს, სრულად უზრუნველყოფს მოსარჩელის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომ მოპასუხეს დაეკისროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ერთგვარი სანქცია.
23. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დარღვევის ხასიათის (არ შეფერხებულა საქმიანობა, მოსარჩელე უწყვეტად იყენებს ძრავს), მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობისა და ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად შეამცირეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე.
24. ამდენად, პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე თანხვედრაშია, როგორც სსკ-ის 420-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსთან (პირგასამტეხლოს დანიშნულება და გონივრულობის სტანდარტი), ასევე, დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკასთან. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია მის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით 7507.50 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.
25. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
26. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
27. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 29 ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. პროცესის ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის, „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი