Facebook Twitter

საქმე №ას-1233-2023 30 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი – სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მოპასუხე)

მეორე კასატორი – შპს „ზ–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – შესრულებული სამუშაოს ღირებულების, პირგასამტეხლოს და მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ზ–ომ“ (შემდგომში: მიმწოდებელი ან მოსარჩელე ან მეორე კასატორი) სარჩელი აღძრა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (შემდგომში: შემსყიდველი ან მოპასუხე ან პირველი კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

1.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ჩაითვალოს შესრულებულად და მიღებულად და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 4 603 917.97 ლარის ანაზღაურება დაეკისროს;

1.2. შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 4 603 917.97 ლარის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, 9207.84 ლარის ანაზღაურება დაეკისროს ყოველდღიურად, 2021 წლის 17 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, შესრულებული სამუშაოების დადგენილ ვადაში მიუღებლობით დამდგარი ზიანის - 250 364.21 ლარის ანაზღაურება დაეკისროს (დამონტაჟებული სისტემის გაწმენდით სამუშაოზე გაწეული ხარჯი);

1.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, შესრულებული სამუშაოების დადგენილ ვადაში მიუღებლობით დამდგარი ზიანის - 5579.77 ლარის ანაზღაურება დაეკისროს ყოველთვიურად, 2021 წლის სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (შესრულების და საავანსო გარანტიების გაგრძელების საკომისიო).

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

2.1. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2.2. მოსარჩელეს უარი ეთქვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე;

2.3. სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხისათვის 250 364.21 ლარისა და 2021 წლის სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, საბანკო გარანტიის მომსახურების საკომისიოს 5579.77 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა;

2.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2020 წლის 19 ნოემბრის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4 603 917,97 ლარის გადახდა დაეკისრა;

2.5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით, 2021 წლის 17 სექტემბრიდან გადასახდელი თანხის 4 603 917,97 ლარის 0,1%-ის გადახდა დაეკისრა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად 4603,92 ლარს შეადგენს, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ორივე მხარემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მოსარჩელემ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. მოპასუხემ, ელ.ტენდერი გამოაცხადა შავი ზღვის აუზის მდინარეებზე, დასავლეთ საქართველოში, სოფელ ანაკლიიდან ქ.ქობულეთის ჩათვლით, ნატანდამჭერი სისტემის მიწოდებისა და თანმდევი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო მიწოდება-მონტაჟი განეხორციელებინა ტექნიკური დავალების შესაბამისად. პრეტენდენტს ფასი უნდა წარედგინა სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით და სატენდერო დოკუმენტაციის დანართი 2-ის (ხარჯთაღრიცხვა) მიხედვით. მოპასუხემ მოსარჩელე ელ.ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა;

5.2. 19.11.2020წ. მხარეთა შორის შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება შავი ზღვის აუზის მდინარეებზე, დასავლეთ საქართველოში, სოფელ ანაკლიიდან ქალაქ ქობულეთის ჩათვლით, ნატანდამჭერი სისტემის მიწოდება-მონტაჟის თაობაზე (შემდეგში-ხელშეკრულება);

6. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად:

6.1. მიწოდება-მონტაჟის განხორციელების საერთო ვადა 6 თვეს შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან;

6.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრება;

6.3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობად 437361 ლარი განისაზღვრება, ხოლო მოქმედების ვადად - 21.07.2021წ.;

6.4. მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება 8,747,206.00 ლარს შეადგენს;

7. ხელშეკრულების ტექნიკური დავალების შესაბამისად:

7.1. ნატანდამჭერი სისტემის მოწყობა უნდა განხორციელდეს 12 მდინარეზე, საიდანაც 7 მდინარეზე უნდა განხორციელდეს სეგმენტური, გლუვზედაპირიანი ცილინდრული პონტონების („მოდელი 1“) მოწყობა, ხოლო 5 მდინარეზე რეზინის სალტზე დამაგრებული ტივტივების („მოდელი 2“) მოწყობა;

7.2. ორივე მოდელისათვის მინიმალური მოთხოვნებია მითითებული, როგორიცაა სისქე, სიგანე, სიმტკიცე და ა.შ;

7.3. ორივე მოდელისათვის სერტიფიკატების 11 გრაფაში მითითებულია ერთი და იგივე სერტიფიკატები: ISO 9001; ISO 14001; OHSAS; BV Class სერტიფიკატი ASTM F2683-11 მიხედვით;

8. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, კერძოდ:

8.1. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლო მიმწოდებელს შესრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (მუხ:12.1.1.);

8.2. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდება - მონტაჟის განხორციელების ვადის დარღვევის შემთხვევაში, გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

8.3. ხელშეკრულების 12.1.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია დაკისრებული პირგასამტეხლო გამოქვითოს განხორციელებული მიწოდება-მონტაჟის ღირებულებიდან;

8.4. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების 12.1.2. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ჯამური დარიცხული თანხა შეადგენს 2 პროცენტს და მხარეები ვერ თანხმედებიან მიწოდება-მონტაჟის განხორციელების ვადის გაზრდაზე, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება;

8.5. პირგასამტეხლოს დარიცხვა ან გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ძირითადი ვალდებულების გადახდისაგან;

9. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით შეთანხმებული მიწოდება-მონტაჟის კონკრეტული შემსყიდველის მიერ არჩეული ზედამხედველის მიუხედავად, 21.08.2020წ. შემსყიდველსა და „M.D.C. H. A.S.“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება შავი ზღვის აუზის მდინარეებზე, დასავლეთ საქართველოში, სოფელ ანაკლიიდან ქალაქ ქობულეთამდე ნატანდამჭერების მოსაწყობად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომსახურების გაწევის თაობაზე. სწორედ აღნიშნული კომპანია ზედამხედველობდა მიმდინარე სამუშაოების წარმოებას;

10. ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად, მიმწოდებელმა საბანკო გარანტია გააფორმა, რომელიც შემდგომში მხარეთა შორის დადებული შეთანხმებებით საბოლოოდ გაგრძელდა 01.02.2023წ. ჩათვლით;

11. მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენილი საავანსო გარანტიის საფუძველზე, შემსყიდველმა 16.12.2020წ უზრუნველყო საავანსო ანგარიშსწორება 2 624 161 ლარის ოდენობით;

12. 07.06.2021წ. მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება N2 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდება-მონტაჟის სამუშაოების დასრულების ვადა არაუგვიანეს 2021 წლის 02 აგვისტოსი განისაზღვრა. აგრეთვე, დადგინდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანილი საბანკო გარანტიების წარდგენის ვალდებულება, რომლის მოქმედების ვადა არაუადრეს 02.10.2021წ. უნდა ყოფილიყო. ამავე შეთანხმებაში მხარეებმა დააფიქსირეს, რომ აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე ერთმანეთის მიმართ რაიმე პრეტენზია ან/და დამატებითი მოთხოვნა, ხარჯი არ გააჩნდათ და არც შემდგომში ექნებოდათ;

13. 12.03.2021წ. (№ზ-021/21) წერილით მიმწოდებელმა შემსყიდველს დასამოწმებლად და ასანაზღაურებლად წარუდგინა 12 მარტის მდგომარეობით შესრულებული სამუშაოების აქტი №1 (დამცავი ბარიერი „მოდელი-2“), ღირებულებით 996 852 ლარი, რომელიც შემსყიდველმა 03.06.2021წ. აანაზღაურა; ხოლო 28.04.2021წ. მიმწოდებელმა შემსყიდველს დასამოწმებლად და ასანაზღაურებლად წარუდგინა მეორე შესრულება - შესრულებული სამუშაოების აქტი №2 (ფუნდამენტების მოწყობა და მონტაჟი; ბარიერის ჭიშკრის მოწყობა), ღირებულებით 750 062.30 ლარი, რომელიც შემსყიდველმა 11.06.2021წ. აანაზღაურა.

14. 29.06.2021წ. შპს „ზ–ომ“ შემსყიდველს წარუდგინა 29 ივნისის მდგომარეობით შესრულებული სამუშაოს აქტი №3 (ფუნდამენტის მოწყობა და მონტაჟი; ბარიერის ჭიშკარი), ღირებულებით 354 481,90 ლარი და შესრულებული სამუშაოს აქტი №4 (დამცავი ბარიერი „მოდელი 2“; ბარიერის ანკერები; ფუნდამენტის მოწყობა და მონტაჟი), ღირებულებით 110 907, 50 ლარი. წარდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტი №3 და №4 შემსყიდველმა აანაზღაურა 2021 წლის 08 ივლისს;

15. ხუთ მდინარეზე რეზინის სალტზე დამაგრებული ტივტივების მოწყობის („მოდელი 2“) სამუშაოები შესრულდა; შესრულებული სამუშაო სრულად ანაზღაურდა დამკვეთის (მოპასუხის) მიერ.

16. ხელშეკრულების ფარგლებში, შემსყიდველმა მიმწოდებელს ჯამში, 3 896 235.87 ლარი ჩაურიცხა;

17. 27.08.2021წ. მიმწოდებელმა შემსყიდველს დასამტკიცებლად წარუდგინა დასრულებული სამუშაოების ფორმა №2, ჯამური ღირებულებით 6 505 802.8 ლარი. შემსყიდველმა უარი განაცხადა ანაზღაურებაზე, რომელიც ეხებოდა 7 მდინარეზე სეგმენტური, გლუვზედაპირიანი ცილინდრული პონტონების („მოდელი 1“) მოწყობას და წერილობით აცნობა მიმწოდებელს, რომ ხელშეკრულების მიხედვით მოთხოვნილი სრულყოფილი დოკუმენტაციის (სერთიფიკატები) წარდგენის გარეშე, მოკლებული იყო შესაძლებლობას ჩაებარებინა მათ მიერ დამონტაჟებული პონტონები;

18. 02.11.2021წ. მიმწოდებელმა შემსყიდველს აცნობა, რომ სამუშაოს ჩაუბარებლობის გამო, კომპანიას ადგებოდა ფინანსური ზიანი და სამუშაოთა ჩაბარება მოითხოვა;

19. ამასთან, 16.12.2021წ. მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის „ვ–ის“ 26.11.2021წ. დასკვნა, მდინარეებზე დამონტაჟებული ნატანდამჭერი სისტემების ფოტოსურათები და შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება მოითხოვა, თუმცა, უშედეგოდ;

20. პროდუქციის ინსპექტირებასა და პროექტით დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად სასამართლოში წარმოდგინილია მტკიცებულებები:

20.1. შპს „პ–ას“ მიერ 05.08.2021წ. გაცემული იქნა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე ნატამდამჭერი კონსტრუქციის მოწყობისათვის საჭირო სეგმენტური - გლუვზედაპირიანი პონტონის მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო კონსტრუქციული სისტემის სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირების ანგარიში, რომლის შესაბამისად, კვლევის შედეგად და წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე ნატანდამჭერი კონსტრუქციის მოწყობისათვის საჭირო სეგმენტური - გლუვზედაპირიანი პონტონის კონსტრუქციული სისტემის ელემენტების ტექნიკური მონაცემები შესაბამისობაშია სატენდერო მოთხოვნებთან. პონტონების გადაბმისათვის მოთხოვნილი ცხლად გალვანიზებული წყალმედეგი ფოლადის ნაცვლად, გამოყენებულია მაღალი სიმტკიცის უჟანგავი ფოლადი შტანლესს სტეელ გრადეს 304, რომელიც თავისი ფუნქციურობით და ხანმედეგობით სრულად ჩაანაცვლებს ტენდერში მოთხოვნილ ცხლად გალვინიზებულ წყალმედეგ ფოლადს;

20.2. შპს ,,პ..“ საგამოცდო ლაბორატორიის 09.07.2021წ. N140/1 გამოცდის ოქმის თანახმად, ამავე ლაბორატორიაში ჩატარდა გაჭიმვის, გაწელვის და გამძლეობის ტესტი D315PN10 პოლიეთილენის წყლის მილებზე. ტესტი შესრულებული იყო საერთაშორისო სტანდარტის 6259-1:2015-ის და 6259-3:2015-ის პირობების და მოთხოვნების შესაბამისად. შედეგებმა აჩვენეს, რომ შპს ,,პ..“-ის მიერ წარმოებული მილი აღნიშნული პარამეტრით შესაბამისობაში იყო საერთაშირისო სტანდარტების მოთხოვნებთან და ვარგისი იყო წყალგაყვანილობის სისტემისათვის, მილი მდგრადი იყო ულტრაიისფერი სხივების მიმართ;

20.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.09.2021წ. N006545721 დასკვნის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ცილინდრული გლუვზედაპირიანი ნატამდამჭერი პონტონის ტექნიკური დავალების მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით ჩატარებული კვლევებით დადგინდა: წარმოდგენილი ნატანდამჭერი შედგებოდა ორი ცილინდრული პოლიმერული მილისაგან. მილის დიამეტრი იყო 315 მმ, კედლის სისქე - 18,7 მმ. ტივტივის გადაბმის ელემენტების ზომები შესაბამისობაში იყო წარმოდგენილ ტექნიკურ დავალებასთან; მილები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო ბოლოებში ჩამაგრებული ფოლადის გადაბმის ელემენტებით და შეერთებები დამატებით იყო გამაგრებული ფოლადის ბაგირითა და ცალუღებით; პონტონის შემავსებლად გამოყენებული იყო პოლიმერული ქაფი; წარმოდგენილი მილების გადაბმის სიმტკიცე შეადგენდა 28,87მპს.- ს. დამატებითი შემაერთებელი ბაგირის გამწყვეტი ძალა შეადგენდა 218,2კნ.-ს; მიღებული შედეგები აკმაყოფილებდნენ ნატანდამჭერი სისტემის ტექნიკური დავალების მოთხოვნებს;

20.4. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ,,ვ–ის“ 2021 წლის 26 ნოემბრის N11/39 დასკვნის შესაბამისად კი ირკვევა, რომ ,,სატენდერო დოკუმენტაციის ნატამდამჭერი ბარიერების მინიმალურ მოთხოვნათა ცხრილში მითითებული გრაფა ,,სერთიფიკატები“ არ წარმოადგენს ხელშეკრულებით წაყენებულ მოთხოვნებს და შესაბამისად, დამკვეთის მოთხოვნები არ არის მართებული, ვინაიდან: ISO 9001; ISO 14001; OHSAS; BV Class სერტიფიკატი გაიცემა საწარმოზე და არა პროდუქციაზე - აღნიშნული მოთხოვნები ეხება პროექტანტს (პროექტის და ტექნიკური პირობების შემდგენელს) ASTM F2683- 11 მიხედვით და არა პროექტის შემსრულებელს - მშენებელს. განსაკუთრებით BV Class სერტიფიკატი, ვინაიდან BV არის ბიურო ვერიტასი - საზღვაო რეგისტრი და ახორციელებს მხოლოდ საზღვაო საქმიანობასთან დაკავშირებულ პროდუქციისა და მომსახურების სერთიფიცირებას. საზღვაო რეგისტრებს აქვს თავისი დამატებითი სპეციფიკური სტანდარტები და მოთხოვნები. ბიურო ვერიტასის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ მდინარე-ზღვა კლასის გემმავალ მდინარეებზე. ვინაიდან ISO 9001; ISO 14001; OHSAS; ერთ ჩამონათვალში და ერთ ცხრილში არის მოცემული და მათ შორის BV Class სერტიფიკატი წარმოადგენს პროექტანტისამდი წაყენებულ მოთხოვნას, სრული ჩამონათვალი სტანდარტები წარმოადგენს პროექტანტისადმი წაყენებულ პირობებს და არა პროექტის დამამზადებელ (მშენებელ) საწარმოსადმი. პროექტანტის მიერ ASTM F2683-11 მიხედვით შერჩეული და დადგენილი ტექნიკური პირობებით შემაკავებელი ზღუდეების დამონტაჟებული მოდელები არ ექვემდებარება სერთიფიცირებას. ASTM F2683-11 მიხედვით შერჩეული მოდელების დადგენილი ტექნიკური პირობების დაკმაყოფილება ექვემდებარება ტესტირებას ASTM F1093 – 99(2018 სტანდარტის მოთხოვნით (სტანდარტული ტესტირების მეთოდებით, პროექტანტის მიერ დადგენილ ტექნიკური პირობების პარამეტრების შესაბამისობაზე), რაც მიმწოდებელს ჩატარებული აქვს შპს ,,პ..“-ის აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიაში და ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

21. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით, პალატამ იმსჯელა საკითხზე: ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებელმა მიაწოდა თუ არა შემსყიდველს ნაკლიანი/ხარვეზიანი, ან/და სხვა შესრულება. აღნიშნული შემსყიდველის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რაც ამ უკანასკნელმა რელევანტური მტკიცებულებით ვერ დაადასტურა.

22. შემსყიდველის პოზიციის საპირისპიროდ, შპს ,,პ..-ის“ საგამოცდო ლაბორატორიის 09.07.2021წ. N140/1 გამოცდის ოქმით, 05.08.2021წ. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე ნატანდამჭერი კონსტრუქციის მოწყობისათვის საჭირო სეგმენტური - გლუვზედაპირიანი პონტონის მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო კონსტრუქციული სისტემის სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირების ანგარიშით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.09.2021წ. N006545721 დასკვნით, დგინდება, რომ შესრულებული სადავო სამუშაოები სრულ შესაბამისობაშია სატენდერო და ტექნიკური დავალების მოთხოვნებთან, საერთაშირისო სტანდარტების მოთხოვნებთან და ვარგისია წყალგაყვანილობის სისტემისათვის.

23. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ,,ვ–ის“ 2021 წლის 26 ნოემბრის N11/39 დასკვნით კი, დგინდება, რომ სატენდერო დოკუმენტაციის ნატანდამჭერი ბარიერების მინიმალურ მოთხოვნათა ცხრილში მითითებული გრაფა ,,სერთიფიკატები“ არ წარმოადგენს GOG/ET/CW/337 ხელშეკრულებით მიმწოდებლის, როგორც პროექტების შემსრულებლისადმი წაყენებულ მოთხოვნებს და შესაბამისად, დამკვეთის მოთხოვნები მართებული არ არის, ვინაიდან: ISO 9001; ISO 14001; OHSAS; BV Class სერტიფიკატი გაიცემა საწარმოზე და არა პროდუქციაზე - აღნიშნული მოთხოვნები ეხება პროექტანტს (პროექტის და ტექნიკური პირობების შემდგენელს) ASTM F2683-11 მიხედვით და არა პროექტის შემსრულებელს - მშენებელს.

24. ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაოების ნაკლიანი და ხარვეზიანი შესრულების მტკიცების ტვირთი კი ამ ნაკლზე მიმთითებელ პირს - სადავო შემთხვევაში, შემსყიდველს ეკისრებოდა, რაც მან ვერ დაადასტურა.

25. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შესრულებული სამუშაო სრულად შეესაბამებოდა სატენდერო და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ადგილი არა აქვს ხარვეზს, ნაკლიან ან/და სხვა შესრულებას, რაც გამორიცხავს მოპასუხის შედავების საფუძვლიანობას.

26. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი, კი შემსყიდველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში-სსკ-ის) 629-ე მუხლის საფუძველზე შესრულებული სამუშაოს შეთანხმებული ღირებულების - 4 603 917,97 ლარის ანაზღაურების ვალდებულებას წარმუშობდა. ამ ნაწილში სარჩელი წარმატებული იყო.

27. პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შემყიდველმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება - დადგენილ ვადაში არ გადაუხადა მიმწოდებელს შეთანხმებული საზღაურის ნაწილი - 4 603 917,97 ლარი, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოშობდა.

28. ამასთან, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და პირგასამტეხლო ვალდებულების 0,2%, როგორც არაგონივრული 0,1%-მდე შეამცირა.

29. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ჩაუბარებლობით მიყენებული ზიანის - 250 364,21 ლარის ანაზღაურების თაობაზე, მიმწოდებლის (მოსარჩელე) მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოების, კერძოდ, იმ გარემოების, რომ მიმწოდებელმა ობიექტზე აწარმოა მის მიერ მითითებული ღირებულების გაწმენდითი სამუშაოები, დაეკისრა მიმწოდებელს. აღნიშნული მტკიცებულების წარდგენა მას, როგორც შემსრულებელს თავისუფლად შეეძლო. სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა მხოლოდ მისივე ბუღალტრის მიერ ცალმხრივად შედგენილი ხარჯთაღრიცხვა - ,,ნატანდამჭერების ექსპლუატაციაზე გაწეული ფაქტიური დანახარჯები“, რაც ხარჯის გაწევისა და რაიმე მოცულობის სამუშაოების შესრულების დასადასტურებლად, სათანადო და უტყუარ მტკიცებულებად, მიჩნეული არ იქნა.

30. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ჩაუბარებლობით მიყენებული ზიანის - 2021 წლის სექტემბრიდან გადახდილი საბანკო გარანტიის პროცენტის - 5579.77 ლარის ყოველთვიურად გადახდის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმებულები იყვნენ ხელშეკრულების ვადის ცვლილების შესაბამისად, საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელების ვალდებულებაზე. მხარეთა შეთანხმებით, იმისათვის, რომ რისკი, თავიდან ყოფილიყო აცილებული წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, მიმწოდებლის მიერ, საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტიდან, წარმოდგენილი იყო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომლის ოდნეობა და მოქმედების ვადები განისაზღვრებოდა სპეციფიკური პირობებით, ხოლო შინაარსი შეთანხმებული იყო შემსყიდველთან. ამ ხელშეკრულების ზოგადი პირობების 2.1.3 პუნქტით (ვადის ცვლილება) გათვალისწინებული გარემოებების დადგომისას, მიმწოდებელი ვალდებული იყო წარმოედგინა გაგრძელებული ვადის, ან/და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის, საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული ახალი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 დღით უნდა აღემატებოდეს მიწოდება-მონტაჟის განხორციელების გაგრძელებულ ვადას. საბანკო გარანტია მიმწოდებელს დაუბრუნდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისას. 2021 წლის 07 ივნისს, მხარეთა შორის დაიდო N2 შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ NGOG/ET/CW/337 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდება-მონტაჟის სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 2021 წლის 02 აგვისტოსი. ამავე შეთანხმებით მიმწოდებლისათვის დადგინდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანილი საბანკო გარანტიების წარდგენის ვალდებულება, რომლის მოქმედების ვადა უნდა ყოფილიყო არაუადრეს 2021 წლის 02 ოქტომბრისა. ამავე შეთანხმებაში მხარეებმა დააფიქსირეს, რომ აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე ერთმანეთის მიმართ რაიმე პრეტენზია ან/და დამატებითი მოთხოვნა, ხარჯი არ გააჩნდათ და არც შემდგომში ექნებოდათ. ამდენად, მოსარჩელემ საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე (2021 წლის 02 ოქტომბერი) წარდგენის ვალდებულება იკისრა. შედეგად, 2021 წლის 02 ოქტომბერს გავიდა საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადა, რაც შემკვეთს შესაძლებლობას ართმევდა, არაჯეროვანი შესრულების გამო, ხელშეკრულებით შეთანხმებული სანქცია გამოეყენებინა. შესაბამიად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 394.1 მუხლის მეორე წინადადების საფუძველზე, რომლის მიხედვით „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის“, არ არსებობდა, ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

31. აპელანტის (მოპასუხე) პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებულად და მიღებულად ჩათვლაზე არ უმსჯელია პირველი ინსტანციის სასამართლოს, არ იქნა გაზიარებული, იმ მოტივით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ დასაბუთებული იყო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი შეიცავდა მითითებას შესრულებული სამუშაოს ღირებულების, პირგასამტეხლოს და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. შესაბამისად, აპელანტის მითითება, რომ უპასუხოდ დარჩა პირველი სასარჩელო მოთხოვნის გარკვეული ნაწილი, დაუსაბუთებელი იყო.

32. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ორივე მხარემ საკასაციო საჩივარი შეიტანა. პირველმა კასატორმა სარჩელის უარყოფა, ხოლო მეორე კასატორმა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

33. პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძვლები:

33.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებულად და მიღებულად ჩათვლის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამ ნაწილში წარდგენილ მოპასუხის სააპელაციო პრეტენზიაზე სააპელაციო სასამართლოს საფუძვლიანად არ უმსჯელია, მხოლოდ ზოგადი მითითებებით შემოიფარგლა. შემსყიდველმა სამუშაოთა დასრულებამდე ხელშეკრულებაზე უარი თქვა, მოსარჩელემ კი სარჩელით შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება მოითხოვა. ამ მოცემულობაში, სასამართლოს უნდა ემსჯელა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მოსარჩელის მიერ შესრულების სადავოდ ქცეულ საკითხზე, რის სანაცვლოდაც, ეს უკანასკნელი შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას ითხოვდა პირველი სასარჩელო მოთხოვნის (დაზუსტებული მოთხოვნა) ფარგლებში.

33.2. მოსარჩელემ მოპასუხეს ხელშეკრულებისაგან განსხვავებული შესრულება წაუდგინა.

33.3. შემსყიდველმა სალტეებიანი ნატანდამჭერი „მოდელ 2“-ის ნაწილში შესრულება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც მიმწოდებელმა შემსყიდველს ნაკეთობისათვის აუცილებელი სერთიფიკატი წარუდგინა. მიმწოდებელს ევალებოდა „მოდელ 1“-თან დაკავშირებითაც იგივე სერთიფიკატი წარედგინა.

33.4. მოსარჩელემ დაამონტაჟა მის მიერ კუსტარული წესით დამზადებული ნაკეთობა. შესაბამისად, დავის საგანს ხელშეკრულებისაგან განსხვავებული, სხვა შესრულება წარმოადგენდა და არა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმა. სერტიფიკატების წარდგენის ვალდებულება წარმოადგენდა ხელშეკრულების არსებით პირობას. მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სერთიფიკატები „მოდელი 2“-თან დაკავშირებით, ხოლო იგივე არ წარუდგენია „მოდელი 1“-თან დაკავშირებით. ვინაიდან, ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებელს შემსყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა სერტიფიცირებული ნაკეთობა, მისი არასერთიფიცირებულით ჩანაცვლება, ადასტურებს, რომ შემსყიდველს ვალდებულება არ შეუსრულებია, რადგან ამ სახით შესრულება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების არსებით პირობას. მიმწოდებელმა დაამონტაჟა და შემსყიდველს წარუდგინა არა ისეთი პონტონის მიღება, რომელსაც ექნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სერთიფიკატი, არამედ ელიავას ბაზრობაზე შეძენილი პლასტმასის მილისაგან დამზადებული ბარიერი, რომელსაც თან ახლდა ელიავას ბაზრობაზე ნაყიდი კომპანია „პოლიმერ 1“-ის მიერ ნაწარმოების პლასტმასის მილის სერთიფიკატი. სადავო ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, ტექნიკურ დავალებაში ორივე მოდელისათვის მინიმალურ მოთხოვნებად მითითებულია: სისქე, სიგანე, სიმტკიცე და ა.შ. ორივე მოდელისათვის სერთიფიკატების გრაფაში მითითებულია ერთი და იგივე სერთიფიკატები. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 4 603 917,97 ლარის დაკისრების შესახებ, პირველ კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია. მით უმეტეს, იმ პირობებში, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება ისე დაეკისრა შემსყიდველს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სამუშაოების შესრულებულად და მიღებულად მიჩნევის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე არ უმსჯელია.

33.5. ამასთან, სსსკ-ის 248-ე მუხლის დარღვევით, სასამართლომ იმაზე მეტი მიაკუთვნა მოსარჩელეს, ვიდრე ეს უკანასკნელი მოითხოვდა, კერძოდ, შემსყიდვემა უარი თქვა სხვა შესრულების მიღებაზე, შესაბამისად, მიმწოდებელის ვალდებულებას ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება (მას უნარჩუნდებდა შესრულების ვალდებულება) წარმოადგენდა. სასამართლომ კი, ამ ვალდებულებისაგან მიმწოდებელი გაათავისუფლა.

33.6. ვინაიდან არ არსებობდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 4 603 917,97 ლარის დაკისრების საფუძველი, არ არსებობდა მისი გადაუხდელობით მიყენებული ზიანის (პირგასამტეხლო) ანაზღაურების საფუძველი, რომლის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლომ 0,1%-მდე შეამცირა. ამასთან, პირველ კასატორს მიაჩნია, რომ მისი პრეტენზია რომც არ იქნეს გაზიარებული, პირგასამტეხლოს სახით, 2021 წლის 17 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, გადასახდელი თანხის 4 603 917,97 ლარის 0,1%-ის გადახდის დაკისრება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად 4603,92 ლარს შეადგენს, შეუსაბამოდ მაღალია.

34. მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძვლები:

34.1. მეორე კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას მისი სააპელაციო საჩივრის უარყოფის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას ზიანის დაკისრების ნაწილში, კერძოდ: ა) მოპასუხისათვის ზიანის სახით 5579.77 ლარის დაკისრებას ყოველთვიურად 2021 წლის სექტემბრიდან გადაწყვტილების აღსრულებამდე; ბ) მოპასუხისათვის ზიანის სახით 250,364.21 ლარის დაკისრებას; გ) მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 9207.84 ლარის დაკისრებას ყოველდღიურად 2021 წლის 17 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

34.2. მოპასუხისათვის ზიანის სახით ყოველთვიურად 2021 წლის სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 5579.77 ლარის დაკისრებააზე უარის თქმის ნაწილში, მეორე კასატორი აღნიშნავს, იმის გამო, რომ მოპასუხემ არ გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტები, მოსარჩელე იძულებული გახდა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადები გაეგრძელებინა და მოპასუხისათვის წარედგინა. შესაბამისად, მოპასუხისათვის სავარაუდო იყო რომ მოსარჩელეს ამის გამო, დამატებითი ხარჯი წარმოეშობოდა.

34.3. ზიანის სახით 250,364.21 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს ზიანის დაკისრებაზე უარი იმ საფუძვლით ეთქვა, რომ მიყენებული ზიანის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა მისივე კომპანიის ბუღალტრის მიერ ცალმხრივად შედგენილი ხარჯთაღრიცხვა (ნატანდამჭერების ექსპლუატაციაზე გაწეული ფაქტიური დანახარჯები), რაც მოპასუხის შედავების პირობებში, არ წარმოშობდა მითითებული გარემოებების გაზიარების საფუძველს და მოსარჩელეს ვალდებულებას წარმოუშობდა წარმოედგინა სხვა მტკიცებულებები. მეორე კასატორს მიაჩნია, მან, რელევანტრი მტკიცებულება წარადგინა, დამონტაჟებული სისტემის გაწმედით სამუშაოზე ხარჯის გაწევის ფაქტის დასადასტურებლად.

34.4. შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების დაყოვნებაზე დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში წარმოდგენილ მეორე საკასაციო პრეტენზიასთან მიმართებით, კასატორი აღნიშნავს რომ, არ არსებობდა მისი შემცირების საფუძველი, რადგან მოპასუხე იურიდიული პირია, აცხადებს უამრავ სახელმწიფო შესყიდვას და პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულებითაა შეთანხმებული. გარდა ამისა, პირგასამტეხლოს არაგონივრულებაზე მოპასუხის მხრიდან საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ ყოფილა შედავება. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების ღირებულების 0.2%-ის ნაცვლად, მისი შემცირება 0.1%-მდე დაუსაბუთებელია.

35. საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

36. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობა და დაასკვნა, რომ შპს „ზ–ოს“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

37. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

38. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევა მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოთხოვნა ხელშეკრულებით შეთანხმებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილის ანაზღაურების, შესრულებული სამუშაოების ჩაუბარებლობით მიყენებული ზიანისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 648-ე (შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება), 417-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს

39. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა.

41. ნარდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულების მსგავსად, ერთერთი ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ხელშეკრულებაა სასაქონლო-ფულად ფასეულობათა ბრუნვის სფეროში. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი.

42. სსკ-ის 629-ე მუხლის პიეველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი.

43. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება დაიდო შავი ზღვის აუზის მდინარეებზე, დასავლეთ საქართველოში, სოფელ ანაკლიიდან ქალაქ ქობულეთის ჩათვლით, ნატანდამჭერი სისტემის მიწოდება-მონტაჟის თაობაზე, რაც თავისი არსით ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს (შდრ: სუსგ-ები №ას-358-2024, 14 ივნისი, 2024წ.; №ას-1643-2023, 07 მარტი, 2024წ.; №ას-1389-2023, 30 იანვარი, 2024წ.)..

44. მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია ხელშეკრულების ფარგლებში მენარდის (მიმწოდებელი) მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი ნაწილის - 4 603 917,97 ლარის შემკვეთისათვის (შემსყიდველი) დაკისრების, მისი გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და შესრულებული სამუშაოების ჩაუბარებლობით დამდგარი ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნათა საფუძვლიანობა.

45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა უფლებები, თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა რიცხვს. რელატიური უფლება არის განსაზღვრული პირის მიმართ შესრულების მოთხოვნის უფლებამოსილება. იგი მიმართულია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული პირის მიმართ კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად. შესაბამისად, ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი კი, სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას (შდრ: სუსგ №ას-1522-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი, პ.34.).

46. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების დაკისრების კანონიერება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება 4 603 917,97 (შესრულებული ღირებულების დარჩენილი ნაწილი) ლარი დაეკისრა, რასაც პირველი კასატორი არ ეთანხმება. იგი მიუთითებს, რომ ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებელს შემსყიდველისათვის სერტიფიცირებული ნაკეთობა უნდა მიეწოდებინა, რაც არ წარუდგინა. აქედან გამომდინარე, შემსყიდველს არც სამუშაოების მიღების და არც მისი ღირებულების ანაზღაურების მოვალეობა არ წარმოეშობა.

47. ზემომითითებულ პრეტენზიას საკასაციო პალატა არ იზიარებს და ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილად ცნობილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

48. ხელშეკრულების ტექნიკური დავალების შესაბამისად: ნატანდამჭერი სისტემის მოწყობა უნდა განხორციელდეს 12 მდინარეზე, საიდანაც 7 მდინარეზე უნდა განხორციელდეს სეგმენტური, გლუვზედაპირიანი ცილინდრული პონტონების („მოდელი 1“) მოწყობა, ხოლო 5 მდინარეზე რეზინის სალტზე დამაგრებული ტივტივების („მოდელი 2“) მოწყობა; ორივე მოდელისათვის მინიმალური მოთხოვნებია მითითებული, როგორიცაა სისქე, სიგანე, სიმტკიცე და ა.შ; ორივე მოდელისათვის სერტიფიკატების 11 გრაფაში მითითებულია ერთი და იგივე სერტიფიკატები: ISO 9001; ISO 14001; OHSAS; BV Class სერტიფიკატი ASTM F2683-11 მიხედვით.

49. დადგენილია, რომ 27.08.2021წ. მიმწოდებელმა შემსყიდველს დასამტკიცებლად წარუდგინა დასრულებული სამუშაოების ფორმა №2, ჯამური ღირებულებით 6 505 802.8 ლარი.

50. შემსყიდველმა უარი განაცხადა სამუშაოების ანაზღაურებაზე, რომელიც ეხებოდა 7 მდინარეზე სეგმენტური, გლუვზედაპირიანი ცილინდრული პონტონების („მოდელი 1“) მოწყობას და მიმწოდებელს წერილობით აცნობა, რომ ხელშეკრულების მიხედვით მოთხოვნილი სრულყოფილი დოკუმენტაციის (სერთიფიკატები) წარდგენის გარეშე, არ ჩაიბარებდა დამონტაჟებულ პონტონებს.

51. 16.12.2021წ. მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის „ვ–ის“ 26.11.2021წ. დასკვნა და მდინარეებზე დამონტაჟებული ნატანდამჭერი სისტემების ფოტოსურათები და შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება მოითხოვა.

52. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ,,ვ–ის“ 26.11.2021წ. N11/39 დასკვნის შესაბამისად ირკვევა, რომ: ,,სატენდერო დოკუმენტაციის ნატანდამჭერი ბარიერების მინიმალურ მოთხოვნათა ცხრილში მითითებული გრაფა ,,სერთიფიკატები“ არ წარმოადგენდა ხელშეკრულებით წაყენებულ მოთხოვნებს და შესაბამისად, დამკვეთის მოთხოვნები არ იყო მართებული, ვინაიდან: ISO 9001; ISO 14001; OHSAS; BV Class სერტიფიკატი გაიცემა საწარმოზე და არა პროდუქციაზე - აღნიშნული მოთხოვნები ეხება პროექტანტს (პროექტის და ტექნიკური პირობების შემდგენელს) ASTM F2683-11 მიხედვით და არა პროექტის შემსრულებელს - მშენებელს. განსაკუთრებით BV Class სერტიფიკატი, ვინაიდან BV არის ბიურო ვერიტასი - საზღვაო რეგისტრი და ახორციელებს მხოლოდ საზღვაო საქმიანობასთან დაკავშირებული პროდუქციისა და მომსახურების სერთიფიცირებას. საზღვაო რეგისტრებს აქვთ თავისი დამატებითი სპეციფიკური სტანდარტები და მოთხოვნები. ბიურო ვერიტასის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ მდინარე-ზღვა კლასის გემმავალ მდინარეებზე. ვინაიდან ISO 9001; ISO 14001; OHSAS ერთ ჩამონათვალში და ერთ ცხრილში არის მოცემული და მათ შორის BV Class სერტიფიკატი წარმოადგენს პროექტანტისამდი წაყენებულ მოთხოვნას, სრული ჩამონათვალი სტანდარტები წარმოადგენს პროექტანტისადმი წაყენებულ პირობებს და არა პროექტის დამამზადებელ (მშენებელ) საწარმოსადმი. პროექტანტის მიერ ASTM F2683-11 მიხედვით შერჩეული და დადგენილი ტექნიკური პირობებით შემაკავებელი ზღუდეების დამონტაჟებული მოდელები არ ექვემდებარება სერთიფიცირებას. ASTM F2683-11 მიხედვით შერჩეული მოდელების დადგენილი ტექნიკური პირობების დაკმაყოფილება ექვემდებარება ტესტირებას ASTM F1093 – 99(2018 სტანდარტის მოთხოვნით (სტანდარტული ტესტირების მეთოდებით, პროექტანტის მიერ დადგენილ ტექნიკური პირობების პარამეტრების შესაბამისობაზე), რაც მიმწოდებელს ჩატარებული აქვს შპს ,,პ..“-ის აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიაში და ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

53. ამასთან მიმწოდებელის მიერ წარმოდგენილი შპს ,,პ..-ის“ საგამოცდო ლაბორატორიის 09.07.2021წ. N140/1 გამოცდის ოქმის თანახმად, ამავე ლაბორატორიაში ჩატარდა გაჭიმვის, გაწელვის და გამძლეობის ტესტი D315PN10 პოლიეთილენის წყლის მილებზე. ტესტი შესრულებული იყო საერთაშორისო სტანდარტის 6259-1:2015-ის და 6259-3:2015-ის პირობების და მოთხოვნების შესაბამისად. შედეგებმა აჩვენეს, რომ შპს ,,პ..“-ის მიერ წარმოებული მილი აღნიშნული პარამეტრით შესაბამისობაში იყო საერთაშირისო სტანდარტების მოთხოვნებთან და ვარგისი იყო წყალგაყვანილობის სისტემისათვის, მილი მდგრადი იყო ულტრაიისფერი სხივების მიმართ.

54. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი 05.08.2021წ. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე ნატამდამჭერი კონსტრუქციის მოწყობისათვის საჭირო სეგმენტური - გლუვზედაპირიანი პონტონის მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო კონსტრუქციული სისტემის სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირების ანგარიშის შესაბამისად, კვლევის შედეგად და წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე ნატანდამჭერი კონსტრუქციის მოწყობისათვის საჭირო სეგმენტური - გლუვზედაპირიანი პონტონის კონსტრუქციული სისტემის ელემენტების ტექნიკური მონაცემები შესაბამისობაში იყო სატენდერო მოთხოვნებთან. პონტონების გადაბმისათვის მოთხოვნილი ცხლად გალვანიზებული წყალმედეგი ფოლადის ნაცვლად, გამოყენებული იყო მაღალი სიმტკიცის უჟანგავი ფოლადი შტანლესს სტეელ გრადეს 304, რომელიც თავისი ფუნქციურობით და ხანმედეგობით სრულად ჩაანაცვლებდა ტენდერში მოთხოვნილ ცხლად გალვინიზებულ წყალმედეგ ფოლადს;

55. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.09.2021წ. N006545721 დასკვნის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ცილინდრული გლუვზედაპირიანი ნატამდამჭერი პონტონის ტექნიკური დავალების მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით ჩატარებული კვლევებით დადგინდა: წარმოდგენილი ნატანდამჭერი შედგებოდა ორი ცილინდრული პოლიმერული მილისაგან. მილის დიამეტრი იყო 315 მმ, კედლის სისქე - 18,7 მმ. ტივტივის გადაბმის ელემენტების ზომები შესაბამისობაში იყო წარმოდგენილ ტექნიკურ დავალებასთან; მილები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო ბოლოებში ჩამაგრებული ფოლადის გადაბმის ელემენტებით და შეერთებები დამატებით იყო გამაგრებული ფოლადის ბაგირითა და ცალუღებით; პონტონის შემავსებლად გამოყენებული იყო პოლიმერული ქაფი; წარმოდგენილი მილების გადაბმის სიმტკიცე შეადგენდა 28,87 მპს.- ს. დამატებითი შემაერთებელი ბაგირის გამწყვეტი ძალა შეადგენდა 218,2 კნ.-ს; მიღებული შედეგები აკმაყოფილებდნენ ნატანდამჭერი სისტემის ტექნიკური დავალების მოთხოვნებს.

56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

57. დადგენილ ფაქტობრივ მოცემულობაში, იმ გარემოებათა გათვალისწინების პირობებში, რომ მიმწოდებელმა წარმოადგინა არაერთი მტკიცებულება მის მიერ შესრულებული სამუშოების ტექნიკური დავალების მოთხოვნებთან შესაბამისობის ფაქტის დასადასტურებლად, საპირისპირო ტვირთი მტკიცებისა, რომ შემსყიდველისათვის ჩასაბარებლად წარდგენილი შესრულება იყო ხარვეზული, და არ იყო შესაბამისობაში სატენდერო პირობებთან გადაინაცვლა შემსყიდველის მხარეზე.

58. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.

59. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.

60. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად მხარეები თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა.

61. სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.

62. მტკიცების ტვირთი კი, დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე.

63. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

64. განსახილველ შემთხვევაში, შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოების მიღებისა და მისი ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად, შემსყიდევლი იმაზე მიუთითებდა, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს „მოდელი 1“-თან დაკავშირებით არ წარუდგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სერთიფიკატები. ამასთან, ვინაიდან, ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებელს შემსყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა სერტიფიცირებული ნაკეთობა, მისი ჩანაცვლება არასერთიფიცირებულით, მეტყველებს იმაზე, რომ შემსყიდველს ვალდებულება არ შეუსრულებია. შემსყიდველის ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მიმწოდებელმა წარმოადგინა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ,,ვ–ის“ 26.11.2021წ. N11/39 დასკვნა, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ: ,,სატენდერო დოკუმენტაციის ნატანდამჭერი ბარიერების მინიმალურ მოთხოვნათა ცხრილში მითითებული გრაფა ,,სერთიფიკატები“ არ წარმოადგენდა ხელშეკრულებით წაყენებულ მოთხოვნებს და შესაბამისად, დამკვეთის მოთხოვნები არ იყო მართებული, ვინაიდან: ISO 9001; ISO 14001; OHSAS; BV Class სერტიფიკატი გაიცემა საწარმოზე და არა პროდუქციაზე - აღნიშნული მოთხოვნები ეხება პროექტანტს (პროექტის და ტექნიკური პირობების შემდგენელს) ASTM F2683-11 მიხედვით და არა პროექტის შემსრულებელს - მშენებელს....“.

65. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საწინააღმდეგოდ, რაიმე სახის მტკიცებულება შემსყიდველს საქმეში არ წარმოუდგენია. შესაბამისად, გასაზიარებელია ქვემდომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილი გარემოებები, რომ შესრულებული სამუშაო სრულად შეესაბამებოდა სატენდერო და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, შესრულებული სამუშაო არ იყო ნაკლიანი და არც სხვა შესრულებას არ ჰქონდა ადგილი, როგორც ამაზე პირველი კასატორი თავის საკასაციო პრეტენზიაში მიუთითებს. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შემსყიდველის ვალდებულება შესრულებული სამუშაოს შეთანხმებული ღირებულების - 4 603 917,97 ლარის ანაზღაურების შესახებ წარმოშობილია, ნამდვილია, არ არის შეწყვეტილი და განხორციელებადია.

66. ზემომითითებულ გარემოებებთან მიმართებით, საკასაციო პალატა, დამატებით მიუთითებს სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებანი და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.

67. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით.

68. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (შდრ: სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.).

69. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. სახელშეკრულებო სამართალში შეიძლება გამოვყოთ კეთილსინდისიერების რამდენიმე ფუნქცია: 1) კანონისა და ხელშეკრულების ხარვეზის შევსება, რაც გულისხმობს მხარეთათვის დამატებით ვალდებულებების დადგენას, ანუ სახელშეკრულებო ვალდებულებების განვრცობას, გაფართოებას, შევსებას; 2) ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების შეზღუდვა; 3) ხელშეკრულების კორექტირება; 4) ხელშეკრულების განმარტება. ხელშეკრულებაში, შესაძლოა, არ იყოს ჩამოყალიბებული განსაზღვრულად ქცევის წესი, მაგრამ განსაზღვრული წესით ქცევის, განსაზღვრული მოქმედების შესრულების ვალდებულება კეთილსინდისიერების პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარეობდეს (იხ., იოსელიანი ალექსანდრე, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში (შედარებით-სამართლებრივი გამოკვლევა), „ქართული სამართლის მიმოხილვა“, სპეციალური გამოცემა, თბ., 2007, 54).

70. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის (მიმწოდებლის) მხრიდან ყველა საჭირო მტკიცებულება იქნა წარდგენილი სამუშაოთა ჯეროვნად შესრულების ფაქტის დასადასტურებლად, ამ მოცემულობაში, ცხადია, შემსყიდველის პრეტენზია, რომელიც ვერ აქარწყლებს ჯეროვანი შესრულების შესახებ ფაქტობრვ გარემოებას, ეწინააღმდეგება სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილის კეთილსინდისიერებისა და მეორე მონაწილის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების ვალდებულებას.

71. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პლატას მიაჩნია, რომ კასატორის არც ის პრეტენზია არაა გასაზიარებელი, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს გადაწყვეტილება არ გამოუტანიათ მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით - „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ჩაითვალოს შესრულებულად და მიღებულად“, რის გამოც, პირველი კასატორი, შემსყიდველისათვის სახელშეკრულებო ფასის გადახდის დაკისრებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაკისრების შესახებ ქვემდგომი ინსტანცის სასამართლოთა გადაწყვეტილება/განჩინება სწორედ იმაზეა დაფუძნებული, რომ მიმწოდებელმა ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რამაც წარმოშვა შემსყიდველის ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების სანაცვლო ანაზღაურების შესახებ. შესაბამისად, ამ ნაწილში, პირველი კასატორის პრეტენზიას ვარგისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

72. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში წარმოდგენილ პირველი კასატორის პრეტენზიას, იგი მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არსებობდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 4 603 917,97 ლარის დაკისრების საფუძველი, არ არსებობდა არც მისი გადაუხდელობით წარმოშობილი პირგასამტეხლოს ანაზღაურების საფუძველი.

73. პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელიც ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს და რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან (სსკ-ის 394-ე, 417-ე, 418-ე მუხ.):

74. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

75. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს.

76. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაფასებელი და ამავდროულად, დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას.

77. დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორულია. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (ჭანტურია ლადო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, 489-490).

78. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი. პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას.

79. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ, კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა წარმოადგენს.

80. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადებულება წარმოეშვა, რომლის დარღვევისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე, კერძოდ, ხელშეკრულების მიხედვით „შემსყიდველი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლო მიმწოდებელს შესრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (მუხ:12.1.1.)“. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი კასატორის პრეტენზიას, რომ არ წარმოშობილა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, ვარგისი ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

81. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობას რაც შეეხება, ამ მხრივ, ორივე კასატორს აქვს წარმოდგენილი პრეტენზია. ერთი მხრივ, პირველი კასატორი მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს სახით, 2021 წლის 17 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, გადასახდელი თანხის 4 603 917,97 ლარის 0,1%-ის გადახდის დაკისრება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 4603,92 ლარს, შეუსაბამოდ მაღალია. ამ მოსაზრების საპირიპიროდ კი, მეორე კასატორის პრეტენზია, სწორედ პირგასამტეხლოს შემცირების არაკანონიერებას მიემართება, კერძოდ, მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ შემსყიდველი - მოპასუხე, იურიდიული პირია, რომელიც არაერთ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას აფორმებს, შესაბამისად, იგი გარკვეული იყო ხელშეკრულების შინაარსში. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი არ არსებობდა, მით უფრო, რომ მოპასუხეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე პირგასამტეხლოს არაგონივრულობა სადავოდ არ გაუხდია.

82. ვინაიდან ორივე კასატორის პრეტენზია პირგასამტეხლოს ოდენობას მიემართება, საკასაციო პალატა ორივე პრეტენზიაზე ერთობლივად იმსჯელებს.

83. საკასაციო პალატა პირველ რიგში, განმარტავს, სსკ-ის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ. სსკ-ის 319.1 მუხლის თანახმად კი, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

84. კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სსკ-ის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. “pacta sunt servanda“- ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო. საკასაციო სასამართლო თავის ერთ-ერთ განჩინებაში მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული ხელშეკრულების სახეები არ არის ამომწურავი. ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი უფლება აქვთ, დამოუკიდებლად აირჩიონ ხელშეკრულების ტიპიც და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი (ჯორბენაძე ს., ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017წ., 103).

85. ხელშეკრულება მიიჩნევა მხარეთა ნების დეკლარაციად და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს. მხარეთა შეთანხმების შედეგად მიღებულ დოკუმენტში პირობების/დათქმების დაზუსტება შესაძლებელია ამავე მხარეების შეთანხმების გზით. ხელშეკრულების ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, კონტრაჰენტები ვალდებულნი არიან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები განუხრელად დაიცვან და მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედონ.

86. ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში, მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში. შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ, სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (შდრ: სუსგ №ას-279-2023, 18 მაისი, 2023 წელი).

87. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება, ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ., ჯორბენაძე ს., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019წ., 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

88. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

89. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.

90. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.

91. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა. გამომდინარე იქედან, რომ თეორიასა და სასამართლო პრაქტიკაში, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან, უშუალოდ ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ.; გაგუა ილონა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამომცემლობა, თბილისი, 2017წ. 47).

92. პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს). ამ მხრივ, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონეა მოვალის (მოპასუხე) შესაგებელი.

93. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი.

94. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.

95. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.

96. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIძ), 2013წ., 19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი.

97. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს.

98. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები.

99. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან.

100. თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია., პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17 <http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf>

101. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ საქმეზე ინდივიდუალურად უნდა დადგინდეს და შემოწმდეს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაძლებელია განსხვავებული შემთხვევები წარმოიშვას.

102. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის.

103. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმის შეფასებისას, დარიცხული პირგასამტეხლო არის თუ არა შეუსაბამოდ მაღალი, სასამართლო მხედველობაში იღებს იმას, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დასთანხმდა პირგასამტეხლოს ყოველ გადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება, კერძოდ, დადგენილია, რომ შემსყიდველი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდია, რომელიც იღებდა ვალდებულებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლო მიმწოდებელს შესრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

104. უდავოა, რომ შემსყიდველმა არ აანაზღაურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რის გამოც, მას წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით.

105. ამასთან, მოპასუხეს სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში და არც სააპელაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია პირგასამტეხლოს გონივრულობა, მისი დამდგარ ზიანთან თანაზომიერება (შდრ:. სუსგ-ები Nას-1293-2022, 18,01.2023წ.პ.64; Nას-189-2022, 16.09.2022წ; Nას-310-2022, 16.12.2022წ; Nას-889-2022, 23.03.2023წ.; Nას-560-2024, 5.07.2024წ. პ.24).

106. ყოველივე ზემომითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მეორე კასატორმა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია წარმოადგინა პირგასამტეხლოს შემცირების არაკანონიერებასთან მიმართებით. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება, ამ ნაწილში, იურიდიულად დაუსაბუთებელია.

107. რაც შეეხება მეორე საკასაციო საჩივარის დანარჩენ მოთხოვნებს, მეორე კასატორი სარჩელის ის მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც მოითხოვს, რომლებიც შესრულებული სამუშაოების დადგენილ ვადაში მიუღებლობით დამდგარი ზიანის - 250364.21 ლარის (დამონტაჟებული სისტემის გაწმენდით სამუშაოზე გაწეული ხარჯი) დაკისრებასა და შესრულებული სამუშაოების დადგენილ ვადაში მიუღებლობით დამდგარი ზიანის - 5579.77 ლარის დაკისრებას, ყოველთვიურად, 2021 წლის სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (შესრულების და საავანსო გარანტიების გაგრძელების საკომისიო) შეეხება, თუმცა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული მოთხოვნების უარყოფის ნაწილში, მეორე კასატორმა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა, კერძოდ, მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მოსაზრებები - იხ., ამ გადაწყვეტილების პპ:34.2; 34.3, არ წარმოშობენ მათი დაკმაყოფილების წინაპირობებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც ასახულია ამ გადაწყვეტილების პპ: 29, 30 და მიაჩნია, რომ მათ წინააღმდეგ მეორე კასატორმა დასაშვები საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა.

108. რაც შეეხება პირველი კასატორის მიერ საკასაციო საჩივრის შუამდგომლობის ველში მითითებულ მოთხოვნებს (ს.ფ. 184-190, ტ.4), ისინი თავისი შინაარსით საკასაციო პრეტენზიებია, რომელთა უარყოფის დასაბუთება ასახულია წინამდებარე გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, საკასაციო პალატა მათზე დამატებით აღარ იმსჯელებს.

109. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად საკასაციო პალატა კასატორთა არაძირითად არგუმენტებზე აღარ იმსჯელებს (იხ., „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v. France (dec.); Perez v. France [GC], par. 81).

110. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

111. პალატას მიაჩნია, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საკასაციო საჩივარი არცერთ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს „ზ–ოს“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში. შესაბამისად, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შპს „ზ–ოს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით, გადასახდელი თანხის - 4 603 917,97 ლარის 0,2%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 9,207.83 ლარს, 2021 წლის 17 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

112. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

113. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე, სააპელაციო საჩივარსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლო ანაზღაურების სახით 19,400.00 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1. შპს „ზ–ოს“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი და მე-3 პუნქტები;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი, რომლითაც შპს „ზ–ოს“ სასარჩელო მოთხოვნა შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადაუხდელობის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

4. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1; 3; 5 პუნქტები და გაუქმებულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

5. შპს „ზ–ოს“ სარჩელი შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადაუხდელობის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შპს „ზ–ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით, გადასახდელი თანხის - 4 603 917,97 ლარის 0,2%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 9,207.83 ლარს, 2021 წლის 17 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

6. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შპს „ზ–ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე, სააპელაციო საჩივარსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლო ანაზღაურების სახით 19,400.00 ლარი;

7. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინება და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

8. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე