Facebook Twitter

საქმე №ას-304-2025

4 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი.ბ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „სააგენტო“) მიმართ და მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 2023 წლის 2 ოქტომბრის N10001460230000005 ბრძანების (შემდგომში - „ბრძანება“) ბათილად ცნობა, სამსახურში დაკავებულ პოზიციაზე აღდგენა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით თვეში 1930 ლარის დაკისრება, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს ბრძანება და მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობისათვის, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ კომპენსაციის - 5 790 ლარის გადახდა. დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურების სახით დაეკისრა თვეში დარიცხული 1930 ლარის გადახდა გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის აღსრულებამდე პერიოდისათვის.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სააგენტომ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N01-110/ნ ბრძანებით შეიქმნა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. მინისტრის 2021 წლის 7 აპრილის N01-27ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, 2021 წლის 1 მაისიდან სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ფუნქციებს დაემატა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის განხორციელება;

6.2. მოსარჩელე 2021 წლის 1 მაისიდან დასაქმებული იყო სააგენტოში დასაქმების პროგრამების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება შეადგენდა, თვეში 1936 ლარს;

6.3. შრომითი ხელშეკრულება მხარეთა შორის დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით;

6.4. მხარეთა შორის მოქმედი 2023 წლის 10 იანვრის შრომითი ხელშეკრულების 3.1.2 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოების (ფუნქციების) ჩამონათვალი განისაზღვრებოდა თანამდებობრივი სამუშაოს აღწერილობით (ინსტრუქციით), რომელიც თან ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს. ამავე ხელშეკრულების მე-8 პუნქტის შესაბამისად, ორგანიზაციაში მოქმედი შრომის შინაგანაწესი ასევე წარმოადგენდა ხელშეკრულების ნაწილს;

6.5. შრომითი ხელშეკრულების N1 დანართის (შრომითი ინსტრუქციის) თანახმად, დასაქმებულის უფლება-მოვალეობები განისაზღვრებოდა შემდეგი სახით:

6.5.1. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში იმ წვევამდელთა გაწვევის უზრუნველყოფა, რომლებმაც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების მოტივით უარი განაცხადეს სამხედრო ვალდებულების მოხდაზე და ამ მოქალაქეების დასაქმების ორგანიზება;

6.5.2. საქართველოს მასშტაბით დამატებითი სამუშაო ადგილების მოძიება, ხელშეკრულების დადება დაინტერესებულ საწარმოსთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, იურიდიულ პირებთან არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის განკუთვნილ მოქალაქეთა დასასაქმებლად;

6.5.3. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების მომზადება, დამსაქმებელთან კონტაქტის დამყარება და წვევამდელის განწესება მინისტრის ბრძანებით დადგენილ სამუშაო ადგილზე;

6.5.4. მინისტრის ბრძანების საფუძველზე, პირადად გაწვეულისათვის მისი გამწვევი ორგანოსა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილის ადმინისტრაციისათვის მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის თაობაზე შესაბამისი ცნობის გაგზავნა;

6.5.5. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილების ნუსხის შემუშავება დაინტერესებული უწყებებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოდგენილი განცხადებების შესაბამისად;

6.5.6. საჭიროების შემთხვევაში, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურის სამუშაო ადგილის შეცვლის ორგანიზება, მინისტრის ბრძანებაში შესაბამისი შესწორების პროექტის მომზადება და სახელმწიფო კომისიის სხდომაზე სამსჯელოდ გატანა;

6.5.7. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების, წერილებისა და საჩივრების განხილვა, დროული რეაგირება, სახელმწიფო კომისიისათვის ინფორმაციისა და პასუხების მომზადება;

6.5.8. კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სახელმწიფო კომისიის სხდომების მოწვევის ორგანიზება, კომისიის სხდომის ოქმების წარმოება, დღის წესრიგის შემუშავება და შეთანხმება, მოხსენების მომზადება განვლილ პერიოდში წამოჭრილ აქტუალურ საკითხებზე, კომისიის მიერ მიღებული დადგენილებების და დასკვნების აღსრულების უზრუნველყოფა;

6.5.9. კანონით დადგენილი, სამსახურის ვადის ამოწურვის შემდეგ დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლა და პირადი საქმის სამხედრო განყოფილებაში დაბრუნება, წვევამდელის მიერ ალტერნატიული სამსახურის კეთილსინდისიერად გავლის დამადასტურებელი საბუთებით;

6.5.10. წვევამდელების მიერ შემოსული განცხადებების განხილვა ვადამდე შეწყვეტის ან სხვა სამსახურში გადაყვანის თაობაზე, მათი კანონის შესაბამისად რეალიზაციის მიზნით;

6.5.11. ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, წვევამდელების პირად საქმეებში არსებული მონაცემების მკაცრად დაცვა.

6.6. სააგენტოს შრომის შინაგანაწესის მე-2 პუნქტის თანახმად, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს შრომის შინაგანაწესი განსაზღვრავს სააგენტოსა და სააგენტოში დასაქმებულ პირებს შორის არსებულ შრომითი ურთიერთობების ძირითად საკითხებს. შინაგანაწესის:

6.6.1. მე-9 პუნქტით განისაზღვრა დასაქმებულის ვალდებულებები, რომლის შესაბამისადაც დასაქმებულს ევალებოდა მათ შორის: ბ) დაეცვა შინაგანაწესი, შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, თანამდებობის სამუშაო აღწერით გათვალისწინებული მოთხოვნები და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები; გ) კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში, შეესრულებინა უშუალო/ზემდგომი ხელმძღვანელის ბრძანება და მითითება; დ) დაეცვა სამსახურებრივი დისციპლინა, რაციონალურად გამოეყენებინა სამუშაო დრო, არ დაეშვა ისეთი ქმედება, რომელიც შეაფერხებდა სააგენტოს მუშაობას, ხელს შეუშლიდა სხვა დასაქმებულ პირთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელებას ან/და შელახავდა სამსახურის იმიჯსა და ავტორიტეტს;

6.6.2. 10.11 პუნქტის თანახმად, დაუშვებელ ქმედებად მიიჩნეოდა სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც ლახავდა ორგანიზაციის იმიჯსა და ავტორიტეტს ან/და საფრთხეს უქმნიდა სამსახურს გამართულ ფუნქციონირებაში;

6.6.3. 26-ე პუნქტით განისაზღვრა სამსახურებრივი დისციპლინის საკითხები, რომლის შესაბამისადაც (1) სამსახურებრივი დისციპლინა გულისხმობს დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მინისტრის/დირექტორის/უშუალო ხელმძღვანელის ან/და მასთან გათანაბრებული პირის ბრძანების/განკარგულების, მასზე შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებას, საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების დაცვას. (2) სააგენტოს ნებისმიერი დასაქმებული ვალდებულია დაიცვას სამსახურებრივი დისციპლინა და პასუხისმგებლობით შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. (4) დისციპლინის დარღვევისათვის დასაქმებულის მიმართ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები. (5) წახალისებისა და პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს დირექტორი ბრძანების ფორმით;

6.6.4. 29.1. პუნქტის თანახმად, დისციპლინის დარღვევისათვის დასაქმებულის მიმართ გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) შრომითი ანაზღაურების 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ) დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა; ე) სასტიკი საყვედური; ვ) სამსახურიდან გათავისუფლება;

6.6.5. 29.22 პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა მიიჩნეოდა მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა დამსაქმებლის რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა სააგენტოს სხვა დასაქმებულს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) დისციპლინური გადაცდომა დასაქმებულმა ჩაიდინა განზრახ; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა;

6.6.6. 29.4 – 29.5 პუნქტების თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დამრღვევს უნდა შეფარდებოდა მონიტორინგის, სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახურის სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე, 1 თვის განმავლობაში. იგივე ვადაში უნდა მომხდარიყო პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტა მაშინ, როცა სამსახურებრივი შემოწმებისას დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, დამრღვევის ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელებულიყო სამსახურებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ფორმდებოდა წერილობით და აღინიშნებოდა პირად საქმეში შეტანით;

6.6.7. შინაგანაწესის 29.6 - 29.6.1 პუნქტების თანახმად, მონიტორინგის, სტატისტიკის და ანალიტიკის სამსახურის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებისა და დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე, დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა დირექტორი, რის თაობაზეც გამოიცემოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი. მონიტორინგის, სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახურს დასაბუთებული დასკვნის დაწერისას უნდა გაეთვალისწინებინა დისციპლინური გადაცდომის დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება ჩადენილი იყო განზრახ თუ გაუფრთხილებლობით. დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომის განზრახ ჩადენა, დამსაქმებლის მიერ ჩაითვლებოდა შრომის დისციპლინის უხეშ დარღვევად;

6.6.8. შინაგანაწესის 29.13 პუნქტის თანახმად, დასაქმებულს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებამდე უნდა ჩამორთმეოდა ახსნა-განმარტება. მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე დასაქმებულს ეცნობებოდა პირადად;

6.7. დასაქმებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობის სოციალური დაცვის მინისტრის 27.06.2022 წლის ბრძანებით იყო არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გამწვევი სახელმწიფო კომისიის წევრი, კომისიის მდივანი;

6.8. 2023 წლის 14 ივლისს მოსარჩელეს ჩამოერთვა წერილობითი ახსნა-განმარტება, მის ხელთ არსებული მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის შტამპის წარმოშობის და მისი წლების განმავლობაში გამოყენების თაობაზე. დასაქმებულის განმარტებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის სახელზე 2023 წლის 16 იანვარს გაგზავნილ წერილის თაობაზე, რომელიც მოიცავს გარკვეულ რეკომენდაციებს შტამპის დაუყოვნებლივ ჩაბარების, ახალი შტამპის დამზადების მოთხოვნასთან მიმართებით, მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2023 წლის 14 ივნისს, ვინაიდან აღნიშნული წერილის შინაარსი და მის ირგვლივ მიღებული გადაწყვეტილება დასაქმებულთან არც ელექტრონულად და არც მატერიალურად არ მისულა. შტამპის გამოყენებასთან მიმართებით, დასაქმებულმა განმარტა, რომ იგი გამოიყენებოდა სახელმწიფო კომისიაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, მხოლოდ მოსარჩელის, როგორც ამ კომისიის მდივნის ხელმოწერის დასადასტურებლად და რის სისწორეზეც იგი თავად იყო პასუხისმგებელი. დასაქმებულის განმარტებით, იგი სახელმწიფო კომისიის შტამპით სარგებლობდა 10 წელი, სამსახური ყოველთვის იმყოფებოდა სამინისტროს დაქვემდებარებაში და ექვემდებარებოდა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ინსპექტირებას და ასეთი შენიშვნა არასოდეს ყოფილა წამოყენებული;

6.9. 2023 წლის 22 აგვისტოს დასკვნის შესაბამისად, 2023 წლის 13 ივლისს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მონიტორინგის სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახურის მიერ გადამოწმდა ინფორმაცია, სააგენტოს დასაქმების პროგრამების მთავარი სპეციალისტის მოსარჩელის სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესახებ. შემოწმებით დადგინდა, რომ დასაქმებულის უფლება-მოვალეობაა: კანონმდებლობით დადგენილი საბუთების მომზადება, დამსაქმებელთან კონტაქტის დამყარება და წვევამდელის განწესება მინისტრის ბრძანებით დადგენილ სამუშაო ადგილზე. დასაქმებულის მიერ წარმოებულ დოკუმენტებში გამოვლენილია შემდეგი სახის შეუსაბამობები: - მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის სააღრიცხვო ბარათებზე, რომელიც გაცემულია სააგენტოს სახელით, ხელმომწერი უფლებამოსილი პირი მითითებულია სააგენტოს დირექტორი ნ.ვ–ი, რომლის სახელი და გვარის ქვეშ ხელს აწერს დასაქმებული მისივე ხელმოწერით; - დასაქმებულის ხელმოწერა ფიქსირდება სააღრიცხვო ბარათებზე, რომელიც თარიღდება 2015, 2016, 2018 წლებით, აღნიშნულ დოკუმენტებში უფლებამოსილი პირი მითითებულია სააგენტოს დირექტორი ნ.ვ–ი. ამასთან, ზემოხსენებულ თარიღებში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო არ არსებობდა, ვინაიდან სააგენტოს ფუნქციონირების დაწყების თარიღია 2020 წლის 1 იანვარი; - მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის სააღრიცხვო ბარათებზე გამოყენებულია შტამპი (ბეჭედი), რომლის გამოყენების უფლებამოსილება დასაქმებულს სააგენტოს სახელით გაცემულ დოკუმენტზე არ ჰქონდა, რადგან სააგენტოს ლოგოთი ახალი შტამპის დამზადება იყო აუცილებელი, დოკუმენტთა ლეგიტიმურად წარმოებისთვის;

6.10. დასკვნის თანახმად, მოსარჩელის განმარტებით, იგი წლებია ზემოხსენებულ საქმიანობას ახორციელებს და მისი მხრიდან სწორად მიმდინარეობს დოკუმენტების წარმოება, თუმცა სააგენტოს მონიტორინგის სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახურის მიერ აღმოჩენილი შეუსაბამობების მოკვლევის ფარგლებში გამოვლინდა დარღვევები ხელმოწერებთან და შტამპის გამოყენებასთან დაკავშირებით. დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელეს სააგენტოს სახელით გაცემულ დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლებამოსილება არ გააჩნდა და თვითნებურად ახორციელებდა ზემოხსენებულს. დასკვნაში მითითებულია, რომ წვევამდელმა ნიკა კვირტიამ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 აპრილის N-01-124/0 ბრძანების საფუძველზე, გაიწვიეს არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში, დაკარგა სააღრიცხვო ბარათი, ცნობა მოიტანა დუბლიკატის დამზადებასთან დაკავშირებით, ხოლო მოსარჩელემ მას დაუმზადა და გასცა დოკუმენტი დუბლიკატის სახით. სააგენტოს სახელით გაცემულ ნ.კ–ას სააღრიცხვო ბარათზე დარღვევით მიმდინარეობს ხელმოწერა, კერძოდ, ნ.ვ–ის სახელი და გვარის ქვეშ დასაქმებული აწერს ხელს მისივე ხელმოწერით, რაც ასახავს დოკუმენტის არასწორი ფორმით შედგენას, ასევე სააღრიცხვო ბარათზე არ ფიქსირდება ,,დუბლიკატის“ შესახებ ინფორმაცია და იგი გაცემულია როგორც ,,დედანი“. დასაქმებული წვევამდელთა აღრიცხვიანობას არ ახორციელებდა მატერიალურად და არც ელექტრონულად, შესაბამისად, უცნობია, როგორ მოახდინა იდენტიფიკაცია იმ წვევამდელის, რომელმაც სააღრიცხვო ბარათი დაკარგა და ითხოვდა დუბლიკატის დამზადებას;

6.11. ამავე დასკვნის თანახმად, სააგენტოს დირექტორის მოადგილის დავალებით, მოსარჩელეს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შტამპი, უნდა ჩაებარებინა კანცელარიისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს მონიტორინგის სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახურმა 3 (სამი) თანამშრომელს ჩამოართვა ახსნა-განმარტებები: დ. მ–ს, ლ. მ–სა და მ. ხ–ს, რომლებიც ადასტურებენ ფაქტს, რომ ი. ბ–ი ინფორმირებული იყო ზემოხსენებული შტამპის სააგენტოს კანცელარიისთვის ჩაბარებასთან დაკავშირებით. თუმცა მიმდინარე წლის 14 ივლისამდე მოსარჩელე თვითნებურად აგრძელებდა აღნიშნული შტამპის გამოყენებას. 14 ივლისს კი, მან კანცელარიას ბეჭედი არასრული სახით ჩააბარა, მხოლოდ ბეჭდის ბალიში;

6.12. 2023 წლის 11 სექტემბრის დასკვნის შესაბამისად, 15 აგვისტოს დასაქმებულმა აღიარა მისი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულება სააღრიცხვო ბარათებზე ხელმოწერებთან დაკავშირებით და გამოთქვა სურვილი კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების დასრულების შემდეგ, პირადი განცხადების საფუძველზე, დაეტოვებინა სააგენტოში დაკავებული პოზიცია. დირექტორის მოადგილემ თანხმობა განუცხადა, რის შემდეგაც მოსარჩელემ მშვიდად ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე დატოვა ზემოხსენებული ადგილი;

6.13. მოსარჩელე 2023 წლის 4 სექტემბრის წერილში ითხოვს გათავისუფლებასთან დაკავშირებით დაწერილი განცხადების გაუქმებასა და სამსახურებრივი უფლებამოვალეობის გაგრძელებას ანაზღაურებადი შვებულების დასრულების შემდგომ;

6.14. დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიმართ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. 2023 წლის 4 სექტემბრის წერილის თანახმად, მოთხოვნილი პირადი განცხადება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გაუქმდა და დადგინდა, რომ იგი სამსახურიდან უნდა გათავისუფლებულიყო 22 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე;

6.15. 2013 წლის 2 ოქტომბრის სააგენტოს ბრძანებით, ამავე სააგენტოს მონიტორინგის, სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახურის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, 22.08.2023 წლის და 11.09.2023 წლის დასკვნების საფუძველზე მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას საფუძვლად დაუდო დასაქმებულის მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატებოდა სააგენტოს სახელით დოკუმენტებზე ხელმოწერის განხორციელებით - დირექტორის გრაფის გასწვრივ, ასევე სააგენტოს შტამპის (ბეჭდის) თვითნებური გამოყენებაში, რისი უფლებამოსილებაც დასაქმებულს არ ჰქონდა დაკავებული პოზიციისა და მისთვის დაკისრებული მოვალეობის/მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნულის საპირისპიროდ, დასაქმებულის მტკიცებით მისი მხრიდან შრომითი მოვალეობები უხეშად არ დარღვეულა. სააგენტოს დოკუმენტებზე ხელმოწერის განხორციელება და შტამპის (ბეჭდის) გამოყენება კი, განპირობებული იყო მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით, კერძოდ, შტამპი გამოიყენებოდა სახელმწიფო კომისიაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, მხოლოდ მოსარჩელის, როგორც ამ კომისიის მდივნის ხელმოწერის დასადასტურებლად, რომლის სისწორეზეც იგი თავად იყო პასუხისმგებელი.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სააგენტოს შინაგანაწესზე და აღნიშნა, რომ შინაგანაწესით განსაზღვრული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვადასხვა ზომები, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობა. ამასთან, დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ღონისძიების ამოქმედებისათვის სახეზე უნდა ყოფილიყო ამავე შინაგანაწესით განსაზღვრული მძიმე დისციპლინური გადაცდომის რომელიმე კონკრეტული შემთხვევა.

9. სააპელაციო პალატამ დასაქმებულის მხრიდან შესასრულებელი სამუშაოს ხასიათის, სააგენტოს დებულების, შინაგანაწესისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულისათვის განსაზღვრულ უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას არსებული გადაცდომების უხეშ/მძიმე დისციპლინურ გადაცდომად მიჩნევასთან მიმართებით.

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დასაქმებულის მხრიდან სააღრიცხვო ბარათებზე ხელმოწერის განხორციელებით არ დამდგარა რაიმე უარყოფითი შედეგი, არც უშუალოდ სააგენტოსათვის და არც კონკრეტული პირებისათვის, ვის სასარგებლოდაც ხორციელდებოდა აღნიშნული სააღრიცხვო ბარათების გაცემა. ამასთანავე, საგულისხმოა ის გარემოება, რომ დასაქმებულმა კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმების პერიოდში არაერთ სააღრიცხვო ბარათზე განახორციელა ხელმოწერა და დაამოწმა სამსახურებრივი შტამპით, რასთან მიმართებითაც ხელმძღვანელ პირებს ზეპირი მითითება და შენიშვნა არ დაუფიქსირებიათ. აპელირება იმ გარემოებაზე, რომ სააღრიცხვო ბარათზე ხელმოწერის განხორციელების უფლებამოსილება მხოლოდ სააგენტოს დირექტორს ჰქონდა, რასაც მოწმობს ასევე თავად სააღრიცხვო ბარათების ნიმუშები, არ შეიძლება განაპირობებდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობას, რადგანაც არ დგინდება, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელმოწერის განხორციელებას ჰქონდა რაიმე არაკეთილსინდისიერი განზრახვა, ან უფლებამოსილების გადამეტება მიემართებოდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ინტერესებს და აღნიშნულმა გამოიწვია რაიმე ზიანი, მათ შორის, რეპუტაციული ზიანი სააგენტოსათვის.

11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხოლოდ ფორმალური დარღვევა და არაუფლებამოსილი პირის მხრიდან ხელმოწერის განხორციელება არ წარმოშობდა დასაქმებულის უპირობოდ სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობას, მით უფრო შინაგანაწესის 29-ე მუხლით სააგენტოს განსაზღვრული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვადასხვა ზომები და არსებული გადაცდომის გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო ნაკლებად მძიმე დისციპლინური ღონისძიების გამოყენება და ამ გზით არსებული ხარვეზის აღმოფხვრა.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქმედება სააგენტოს შინაგანაწესის 29.22 პუნქტის შესაბამისად, ვერ მიიჩნევა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად, რადგანაც იგი არ არის შესაბამისობაში აღნიშნული ნორმით განსაზღვრულ არც ერთ შემთხვევასთან და მხოლოდ აპელირება გადაცდომის განზრახ ჩადენასთან მიმართებით, მაშინ როდესაც არ ვლინდება არაკეთილსინდისიერი განზრახვის არსებობა, ვერ განიხილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის საკმარის მძიმე გადაცდომად. დამსაქმებელი არ მიუთითებს არავითარ ზიანზე, რაც შესაძლოა დამდგარიყო დასაქმებულის მხრიდან ხელმოწერის განხორციელებითა, თუ სამსახურებრივი შტამპის გამოყენებით, მისი ხელმოწერის გასწვრივ. დასაქმებული თავისი ხელმოწერით ადასტურებდა მის პირად პასუხისმგებლობას და ამ მხრივ ახორციელებდა საქმიანობას.

13. სააპელაციო პალატის აღნიშვნით, სადავოდ ქცეული სააღრიცხვო ბარათები, მათ შორის, იმ პერიოდის ალტერნატიული შრომითი საქმიანობის გავლასთან დაკავშირებით, რა დროსაც მოპასუხე ორგანიზაცია არ არსებობდა, რომელზედაც ასევე სადავოდ ქცეული ბეჭედია დასმული, წვევამდელის დახასიათებებთან ერთად გაგზავნილ იქნა უფლებამოსილ პირებთან/ორგანოებში მოპასუხის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერებითა და ოფიციალური გერბიანი ბლანკებით (იხ. ს. ფ. 57-121), რაც უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მოპასუხე დაწესებულების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებმა მოიწონეს მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, მასზე შესასრულებლად დაწერილი განცხადებების საფუძველზე შედგენილი დოკუმენტაცია.

14. რაც შეეხება სააგენტოს შექმნის პერიოდამდე შედგენილ დოკუმენტებზე ხელმოწერის განხორციელებასა და შტამპით დამოწმებას, მათ შორის, დუბლიკატის დამზადებას, სააგენტოს ევალებოდა იმ ფუნქციების შესრულება, რაც დაკისრებული ჰქონდა 2021 წლამდე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სხვა დაწესებულებებს/ სამინისტროს, შესაბამისად, იგი მიჩნეული უნდა იქნეს შესაბამისი დაწესებულების უფლებამონაცვლედ, რომელიც უფლებამოსილი იყო გაეცა შესაბამისი ცნობა/დუბლიკატი. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მოპასუხის დირექტორმა/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნულ სადავო პერიოდში შედგენილი სააღრიცხვო ბარათები მოიწონა, მის შინაარსს დაეთანხმა, მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში მოსარჩელის ხელმოწერილი და შტამპდასმული დოკუმენტები თავისი მიმართვით გადააგზავნა შესაბამის ადრესატთან. შესაბამისად, ამ ნაწილში დარღვევა მოსარჩელის მხრიდან არ ფიქსირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხის დირექტორი/ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დასაქმებულს დაავალებდა ახალი დოკუმენტაციის მომზადებას, ხოლო თუ დუბლიკატის გაცემა მოპასუხე დაწესებულების უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა, მოპასუხის შექმნამდე არსებულ პერიოდზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად წვევამდელების განცხადებებს დუბლიკატის მოთხოვნის შესახებ გადააგზავნიდა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.

15. შტამპის/ ბეჭდის გამოყენებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თავად სააგენტომ თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში არ დაამზადა სპეციალური შტამპი მის მიერ გასაცემი სააღრიცხვო ბარათის დასამოწმებლად. ხოლო, სადავოდ ქცეული შტამპის მიერ დატოვებულ ანაბეჭდში იკითხება „მოქალაქეთა არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური გაწვევის სახელმწიფო კომისია“, რაც გარკვეულწილად კავშირშია სააგენტოს საქმიანობასთან. ამასთანავე, მოსარჩელის მხრიდან საკუთარი ხელმოწერის შტამპით დამოწმება უზრუნველყოფდა მხოლოდ მისი პასუხისმგებლობისა და სააგენტოს უფლებამოსილების ხაზგასმას. შტამპის გამოყენება მიზნად ისახავდა დოკუმენტაციის გაყალბებისაგან დაცვას და ვერავითარი სხვა ფუნქციის მატარებელი ვერ იქნებოდა. შესაბამისად, აღნიშნული გადაცდომა ვერ განიხილება მძიმედ, რომელსაც შესაძლოა გაემართლებინა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

16. სააპელაციო სასამართლომ კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის დაკისრებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რამდენადაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკისათვის, კომპენსაციის სახით - 5 790 ლარის მიკუთვნება, რაც შეადგენს 3 (სამი) თვის სახელფასო ანაზღაურებას, ვერ მიიჩნევა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის მოქმედებდა უვადო შრომის ხელშეკრულება. ასევე მართებულად დაეკისრა მოპასუხეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად დარიცხული 1930 ლარის ოდენობით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.

17. სააპელაციო პალატამ მტკიცებულებათა ამორიცხვასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შუამდგომლობის ავტორმა ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა მტკიცებულებების სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე წარუდგენლობის საპატიო მიზეზის დასაბუთება, რის გამოც პროცესუალურად გამართლებულად მიიჩნევს საოქმო განჩინებას მტკიცებულებათა საქმიდან ამოღების თაობაზე და შესაბამისად აღნიშნულ ნაწილშიც არ აკმაყოფილებს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

19. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

19.1. დადგენილია, რომ სააგენტოს წარმოადგენს დირექტორი, ხოლო იმ პერიოდში როდესაც სააგენტოს დირექტორს არ ჰყავდა მოადგილე, მისი შვებულებაში გასვლის ან მივლინებაში ყოფნის დროს სააგენტოს დირექტორის უფლებამოვალეობები შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტით (ბრძანებით) გადაეცემოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილეს. საქმეში არ არსებობს დოკუმენტი ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სააგენტოს დირექტორმა მისი არ ყოფნის დროს, ბრძანების საფუძველზე თავისი უფლებამოვალეობები გადასცა მოსარჩელეს, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა დირექტორის სახელით არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის წვევამდელი პირის გავლის სააღრიცხვო ბარათებზე მოეწერა ხელი, დაემოწმებინა არა სააგენტოს ბეჭდით და გაეცა სააღრიცხვო ბარათების დედანი ან დუბლიკატი დოკუმენტები;

19.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა არსებული მტკიცებულებისა და დადგენილი გარემოებების საფუძველზე მოწინააღმდეგე მხარის გადაცდომები არასაკმარისად მძიმე დარღვევებად, რაც მისი განთავისუფლების საფუძველს არ ქმნიდა. დასაქმებულის მიერ უხეშად დაირღვა შინაგანაწესი და მისი ქმედებები ცალსახად კვალიფიცირდება როგორც მძიმე გადაცდომად, შესაბამისად, სააგენტოს დირექტორის ბრძანება განთავისუფლების შესახებ დასაბუთებულია. ამასთანავე საქმიდან ამოირიცხა მტკიცებულებები, რომლებიც დამატებით ადასტურებდნენ მოწინააღმდეგე მხარის ბრალეულობას მძიმე დარღვევებში;

19.3. წინამდებარე საქმეზე ადგილი აქვს სისტემატური ხასიათის დარღვევებს, რაც გამოიხატა ზემდგომ თანამდებობის პირებთან შეუთანხმებლად უწყების სახელით დოკუმენტების მომზადებაში, ხელმოწერასა და დამოწმებაში. ამასთანავე, სააგენტოში არარსებული(დაუცველი) მონაცემების საფუძველზე. დარღვევებმა წაახალისა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თვითნებობა, რაც უდავოდ ზიანის მომტანია საჯარო უწყებისთვის, რომელსაც კანონით მკაცრად აქვს განსაზღვრული უფლება-მოვალეობები, ხოლო საჯარო უწყების მხრიდან კანონით განსაზღვრული ნორმებისგან განსხვავებული წესით მოქმედება საერთო ჯამში იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას;

19.4. არასწორია მსჯელობა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა თავისი ქმედებებით მოიწონეს მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააღრიცხვო ბარათებზე შესრულებული ხელმოწერის და შტამპის/ბეჭდის დასმის ფაქტი. თავსართი (ძირითადი) წერილის პროექტის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში ე.წ. EMOH-ში ატვირთვისას, როდესაც ასეთი წერილი სააგენტოს სახელით უნდა გაგზავნილიყო სხვადასხვა უწყებებში, ამ დოკუმენტებს დანართებად არ ერთვოდა დოკუმენტაცია, არამედ თავსართ წერილში დანართებად მითითებული დოკუმენტაცია მიბმული იყო ამ ძირითად წერილზე, როგორც ამ დოკუმენტის საფუძვლის დანართად, რაც რეალურად ართულებდა ძირითადი წერილის დანართების გადამოწმების პროცედურას. შესაბამისად, ეს გარემოება ადვილად შეიძლება გამოყენებულიყო ხელმძღვანელი პირების შეცდომაში შეყვანისათვის. ხელმძღვანელ პირებს, ასეთ შემთხვევაში, დამატებით მოთხოვნის საფუძველზე, სპეციალურად, უნდა გადაემოწმებინათ წერილის საფუძვლებში მითითებული დოკუმენტაცია, რაც მაშინ განხორციელდებოდა, როდესაც იარსებებდა ეჭვი, რომ ადგილი აქვს სააგენტოს სახელით დოკუმენტის ხელმოწერას არაუფლებამოსილი პირის მიერ, სხვა შემთხვევაში ამ დოკუმენტების გადამოწმების საფუძველი არ არსებობდა, ამიტომ ის გარემოება, რომ სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების მიერ მოხდა სარჩელთან ერთად წარმოდგენილი თავსართ დოკუმენტებზე ელექტრონული შტამპის დასმა, ცალსახად არ ნიშნავს იმ გარემოებას, რომ მათ მიერ მოწონებულ იქნა დასაქმებულის ქმედებები;

19.5. მოწინააღმდეგე მხარესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით და სამუშაო ინსტრუქციით მის უფლებამოვალეობებში არსად არ არის მითითება, რომ მას სააგენტოს სახელით შეეძლო არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის წვევამდელთა სააღრიცხვო ბარათების ხელმოწერა/დამოწმება არა იდენტიფიცირებული ბეჭედით/შტამპით და სააგენტოს დირექტორის სახელით ხელი მოეწერა და გაეცა დაკარგული სააღრიცხვო ბარათების დედანი ან ე.წ. დუბლიკატი (ასლი), ასევე მიეთითებინა სააღრიცხვო ბარათებში თარიღები და სააგენტოს სახელით, მაშინ როცა სააგენტო საერთოდ არ არსებობდა და სააგენტოში არ ინახებოდა მონაცემთა ბაზა ამ პირების შესახებ, კერძოდ როდის და სად მოიხადეს მათ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური;

19.6. 2023 წლის 22 აგვისტოს N100014632300886367 დასკვნაში (იხ. სარჩელზე ს.ფ 19-22) მითითებულია, რომ მოწინააღმდეგე მხარე იყენებდა არაიდენტიფიცირებულ ბეჭედს/შტამპს, რომლის გამოყენების უფლება სააგენტოს სახელით მას არ ჰქონდა, რაც ასევე დასტურდება სარჩელზე წარდგენილი სააღრიცხვო ბარათებით. აღნიშნული ბეჭედის სააგენტოს კანცელარიაში ჩაბარება დაავალა დირექტორის მოადგილემ მოწინააღმდეგე მხარეს 2023 წლის იანვარში, რომელიც არ დაემორჩილა ხელმძღვანელი პირის კანონიერ მითითებას და უფლებამოსილი სამსახურის წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნებს, ხოლო შემდგომ შტამპი ჩააბარა 2023 წლის 14 ივლისს არასრული სახით კანცელარიაში, რაც ასევე არის შინაგანაწესის უხეში დარღვევა. აღნიშნული გარემოება დასტურდება სარჩელზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით (იხ. სარჩელზე ს.ფ 53, 48, 46, 45, 44, 42, 25-28) და სხვა გარემოებებთან ერთად ცალსახად ადასტურებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ ხელმძღვანელი პირის და უფლებამოსილი სამსახურის წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და შესაბამისად სააგენტოს შინაგანაწესის დარღვევის ფაქტს;

19.7. სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მტკიცებულებების ამორიცხვის საფუძვლებს, რადგანაც აღნიშნული მტკიცებულებები წარდგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამზადებელ სტადიაზე, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს აუდიტის ანგარიში, კერძოდ, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2024 წლის 30 იანვრის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის Nა/1-2023-3 ამონარიდი პირველი ინსტანციიის სასამართლოში წარდგენილია 01.04.2024 წლის მოსამზადებელ სხდომაზე შუამდგომლობის სახით, რაც ასახულია ამავე თარიღის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმში (დრო 13:14:37) და დაერთო საქმეს, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებთან დაკავშირებით მტკიცებულების სახით განჩინება სასამართლოს კანცელარიით წარედგინა 2024 წლის 04 აპრილის განცხადებით. პირველი ინსტანციაში მთავარი სხდომა დაინიშნა 16.04.2024 წლის განჩინებით, შესაბამისად ზემოაღნიშნული მტკიცებულებები წარმოდგენილი იყო საქმის მოსამზადებელ სტადიაზე და არა არსებითი განხილვის დროს. სააპელაციო სასამართლო განჩინებაში (იხ. პუნქტები 50, 51, 52, 53, 54, 6) უთითებს, რომ აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენა მოხდა მთავარ სხდომაზე, რაც არაზუსტია და დასასაბუთებლად უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებს, რაც იურიდიულ საფუძველს მოკლებულია, რადგანაც აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენა როგორც აღვნიშნეთ მოხდა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. აღნიშნული მტკიცებულებების ამორიცხვა პირველ ინსტანციაში 2024 წლის 22 მაისს გამართულ მთავარ სხდომაზე მოითხოვა მოსარჩელე მხარემ (დრო 13:58:03) იმ დასაბუთებით, რომ მათ არ ჰქონდათ საქმისათვის მნიშვნელობა, რადგანაც არაფერ კავშირში არ იყვნენ დავის საგანთან. ეს მტკიცებულებები სასამართლოს არ უნდა ამოერიცხა (იხ. საოქმო განჩინება 22/05/2024 სხდომის ოქმი (დრო 13:59:53)), რადგანაც ისინი მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავდნენ მოსარჩელე დარღვევებზე და საქმიდან არ უნდა ამოერიცხა სასამართლოს, სააპელაციო სასამართლომ კი განჩინებაში არაზუსტად მიუთითა მათი საქმიდან ამორიცხვის საფუძველი და სამართლებრივი დასაბუთება.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

24. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეფასების საგანია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება, კერძოდ, გამოვლენილი გადაცდომა/ გადაცდომები ქმნიდა თუ არა იმის საფუძველს, რომ დამსაქმებელს მოსარჩელესთან მოეშალა შრომითი ხელშეკრულება.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1776-2019, 10 აპრილი, 2020 წელი).

27. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას მოქმედებს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (იხ. სუსგ საქმე №ას-941-891-2015, 29 იანვარი 2016 წელი; №ას-1421-2020, 5 მარტი 2021 წელი; №ას-512-2020, 18 თებერვალი 2021 წელი).

28. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-861-861-2018, 25 სექტემბერი 2018 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი 2015 წელი).

29. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლს, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ Nას-1391-1312-2012, 10 იანვარი 2014 წელი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.

30. წინამდებარე დავის ფარგლებში, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი.

31. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

32. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული 47 (1) „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, ესაა პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იმავე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სწორედ პროპორციულობის პრინციპი გამოიყენა და განმარტა: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება. მაშასადამე, შეუფერებელი ყოფაქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დათხოვნის საფუძველი, როცა იგი მიაღწევს მნიშვნელოვან დონეს (იხ. სუსგ საქმე №ას-106-101-2014, 2 ოქტომბერი, 2014 წელი, №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; „საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები“, ავტორთა კოლექტივი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017, გვ. 234-235).

33. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი).

34. შრომის კოდექსის განხორციელებული ცვლილებებით, 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დამსაქმებელს მიენიჭა დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულებათა მხოლოდ „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში.

35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა არის თუ არა „უხეში“ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია და უნდა შეფასდეს საქმის ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით.

36. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. სუსგ საქმე Nას-1056-996-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; Nას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; Nას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი).

37. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით/ შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობები და იგი მართლზომიერად გათავისუფლდა სამსახურიდან, ეკისრებოდა მოპასუხეს/დამსაქმებელს.

38. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელი დასაქმებულს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების მომზადების წესის დარღვევას ედავება, რომელიც გამოიხატებოდა დასაქმებულის მიერ წარმოებული დოკუმენტების შემდეგ შეუსაბამობებში - მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის სააღრიცხვო ბარათებზე, რომელიც გაცემულია სააგენტოს სახელით, ხელმომწერი უფლებამოსილი პირად მითითებულია სააგენტოს დირექტორი ნ. ვ–ი, რომლის სახელი და გვარის ქვეშ ხელს აწერს დასაქმებული თავისივე ხელმოწერით; - დასაქმებულის ხელმოწერა ფიქსირდება სააღრიცხვო ბარათებზე, რომელიც თარიღდება 2015, 2016, 2018 წლებით, აღნიშნულ დოკუმენტებში უფლებამოსილი პირი მითითებულია სააგენტოს დირექტორი ნ.ვ–ი. ამასთან, ზემოხსენებულ თარიღებში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო არ არსებობდა, ვინაიდან სააგენტოს ფუნქციონირების დაწყების თარიღია 2020 წლის 1 იანვარი; - მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის სააღრიცხვო ბარათებზე გამოყენებულია შტამპი (ბეჭედი), რომლის გამოყენების უფლებამოსილება დასაქმებულს სააგენტოს სახელით გაცემულ დოკუმენტზე არ ჰქონდა, რადგან სააგენტოს ლოგოთი ახალი შტამპის დამზადება იყო აუცილებელი, დოკუმენტთა ლეგიტიმურად წარმოებისთვის.

39. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები, რა თქმა უნდა, წარმოადგენს დარღვევას, თუმცა დასაქმებულის მიერ მომზადებული დოკუმენტაცია უფლებამოსილ პირებთან/ორგანოებში მოპასუხის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერებითა და ოფიციალური გერბიანი ბლანკებით იგზავნებოდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დირექტორის/ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა მოიცავს, მათ შორის, ისეთი მენეჯერული უნარების ქონას, რომელიც მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების საქმიანობის კონტროლსა და ზედამხედველობასაც გულისხმობს. შესაბამისად, არ არის გასაზიარებელი კასატორის წინამდებარე განჩინების 19.4 პუნქტში მითითებული პრეტენზია, რომლის თანახმად, ხელმძღვანელ პირებს მხოლოდ შესაბამისი ეჭვის საფუძველზე უნდა შეემოწმებინათ გასაგზავნ წერილებში მითითებული დოკუმენტები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინამდებარე საქმეზე არ დასტურდება მოსარჩელის მიმართ გათავისუფლებამდე სააგენტოს შინაგანაწესის 29.1 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის უფრო მსუბუქი ფორმის გამოყენება ან თუნდაც დასაქმებულის ზეპირი გაფრთხილება სადავო გადაცდომებთან დაკავშირებით. მართალია, სააგენტოს შინაგანაწესის 29.6-29.61 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომის განზრახ ჩადენა უხეშ დარღვევას წარმოადგენს, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით არის თუ არა დარღვევა „უხეში“ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეფაასდეს. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებაზე, რომლის თანახმად, სადავოდ ქცეული შტამპის მიერ დატოვებულ ანაბეჭდში იკითხება „მოქალაქეთა არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური გაწვევის სახელმწიფო კომისია“, რაც გარკვეულწილად კავშირშია სააგენტოს საქმიანობასთან. ამასთანავე, მოსარჩელის მხრიდან საკუთარი ხელმოწერის შტამპით დამოწმება უზრუნველყოფდა მხოლოდ მისი პასუხისმგებლობისა და სააგენტოს უფლებამოსილების ხაზგასმას. შტამპის გამოყენება მიზნად ისახავდა დოკუმენტაციის გაყალბებისაგან დაცვას და ვერავითარი სხვა ფუნქციის მატარებელი ვერ იქნებოდა. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. საქმეზე ასევე არ არის დადასტურებული, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებს კონკრეტული უარყოფითი შედეგი, თუნდაც სააგენტოს რეპუტაციის შელახვა მოჰყვა. ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელე სადავო შტამპს წლების განმავლობაში იყენებდა, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელობის მხრიდან ამ ფაქტთან დაკავშირებით 2023 წლის 16 იავრამდე (რაც მოსარჩელისთვის თავისივე მითითებით 2023 წლის 14 ივნისს გახდა ცნობილი) დასაქმებულის გაფრთხილებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ჩადენილი ქმედება რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩენილიყო, თუმცა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, ვერ მიიჩნევა ჩადენილი ქმედებებისათვის პროპორციულ და გონივრულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ/დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სათანადოდ ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებით/შრომის შინაგანაწესით ნაკისრი მოვალეობების იმ დონის უხეშ დარღვევას, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება.

41. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ, როგორც უკვე აღინიშნა დასაქმებულის მიერ ჩადენილი შესაფასებელი ქმედება წარმოადგენდა დარღვევას, რასაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა დისციპლინური ღონისძიება, თუმცა საკასაციო პალატის მოსაზრებით, დასაქმებულმა ვერ შეძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ სხვა უფრო მსუბუქი გამაფრთხილებელი ზომის გამოყენება არ იქნებოდა მიზნის მიღწევის პროპორციული და შეუძლებელი იქნებოდა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება.

42. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან შრომითი ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძველია.

43. მტკიცებულების ამორიცხვასთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების 19.7 პუნქტი) საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 104-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. საქართველოს უზენაესი სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მაისის სხდომის ოქმის გაცნობის შედეგად აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარემ დაასაბუთა რატომ არ ჰქონდა სადავო მტკიცებულებებს საქმისთვის მნიშვნელობა, კერძოდ, იგი შედგენილია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ, ისინი არ დადებია საფუძვლად მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, ხოლო მოპასუხის წარმომადგენელი თავის მხრივ ვერ ასაბუთებდა კონკრეტულად რა გარემოებების დასადასტურებლად იყო საჭირო აღნიშნული მტკიცებულებები. პირიქით, მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელი უთითებს, რომ ამ მტკიცებულებების არსებობა-არარსებობა არსებით გავლენას არ მოახდენს სასამართლო გადაწყვეტილებაზე (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მაისის სხდომის ოქმი 13:59:10-13:59:53). შესაბამისად, საკასაციო საჩივარში კასატორის მხოლოდ ზოგადი მითითება, რომლის თანახმად, სადავო მტკიცებულებები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავდნენ მოსარჩელის მიერ ჩადენილ დარღვევებზე არ არის საკმარისი საფუძველი გასაჩივრებული საოქმო განჩინების გასაუქმებლად.

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორმა მიუთითა რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში, მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე ას-778-2021, 28 დეკემბერი 2021 წელი).

45. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე