საქმე №ას-1041-2024
5 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ–ეს“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2016 წლის 4 ოქტომბერს სს ,,თ–ესს“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მიმწოდებელი“, „მოსარჩელე კომპანია“) და შპს ,,ჯ–ს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „კლიენტი“, „სასტუმრო“, „კასატორი“) შორის დაიდო რეცხვისა და წმენდის ხელშეკრულება (შემდგომში -„ხელშეკრულება“), რომლის თანახმად დგინდება, რომ ქ. თბილისში, ....... მდებარე სასტუმრო ამბასადორი ეკუთვნის კლიენტს, რომელიც ასევე მართავს მას და სურს მიიღოს მიმწოდებლისაგან პირველი კლასის წმენდისა და რეცხვის მომსახურება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.
2. ხელშეკრულების
2.1. 1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი კლიენტს მიაწოდებს წმენდისა და რეცხვის მომსახურებას სასტუმროში („მომსახურება“) დანართი 1-ში განსაზღვრული სპეციფიკაციების შესაბამისად;
2.2. 1.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი მომსახურების გაწევისას გამოიყენებს ადეკვატური რაოდენობისა და შესაბამისად მომზადებულ და კვალიფიცირებულ თანამშრომლებს, რომლებიც იქნებიან შესაბამისი ზედამხედველობის ქვეშ;
2.3. 1.3. პუნქტის თანახმად, მომსახურება მოიცავს შემდეგს: მიმწოდებელი წამოიღებს სარეცხს, მათ შორის დანართ 1-ში მითითებულ ნივთებს, გაასუფთავებს, გააშრობს და გააუთოებს და დააბრუნებს სასტუმროში სანიტარულ პაკეტებში შეფუთულს. სარეცხის თითოეული ნივთი უნდა გაერთიანდეს 10 ნივთიან პაკეტში (თეთრეულის შემთხვევაში), ხოლო ცალკეულ პაკეტში უნიფორმისა და სტუმრის სარეცხის შეფუთვას. მომსახურება გაიწევა შვიდდღიან სამუშაო კვირის საფუძველზე. მიმწოდებელი გასცემს გარანტიას მომსახურების შეუდარებელ ხარისხზე, რომელიც გაიწევა სასტუმროთა საერთაშორისო ინდუსტრიაში არსებული უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად;
2.4. 1.3.1. პუნქტის თანახმად, მხარეები ადასტურებენ და თანხმდებიან, რომ ეს ხელშეკრულება არ წარმოადგენს მომსახურების ექსკლუზიურ ხელშეკრულებას და მიმწოდებელი არ იძენს ამ კუთხით რაიმე ექსკლუზიურ უფლებას;
2.5. მე-2 პუნქტის თანახმად, მომსახურება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებაში ან/და მის დანართებში, შესრულდება მიმწოდებლის მიერ მხოლოდ კლიენტის პირდაპირი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერი დამატებითი ხარჯი დამატებითი მომსახურებისათვის წინასწარ წერილობით შეთანხმდება მხარეებს შორის ასეთი მომსახურების გაწევამდე;
2.6. მე-4 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებისათვის კლიენტი მიმწოდებელს სარეცხის თითოეული ნივთისთვის გადაუხდის ფასს, რომელიც მითითებულია დანართ 1-ში და განსაზღვრულია ქართულ ლარში დღგ-ს გარეშე;
2.7. 5.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი კლიენტს წარუდგენს თვიურ ინვოისს თვის დასრულებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში სრული მომსახურების საფასურის თაობაზე, რომელიც გაწეული იყო ბოლო ინვოისის გამოწერის შემდეგ;
2.8. 5.2. პუნქტის თანახმად, გადახდა მოხდება კლიენტის მიერ ინვოისის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, ქართულ ლარში ხელშეკრულებაში მითითებულ მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით;
2.9. 5.4. პუნქტის თანახმად, თუ კლიენტი დააგვიანებს მომსახურების საფასურის გადახდას, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ჯარიმის გადახდა მომსახურების საფასურის უდავო ნაწილის 0.1%-ის ოდენობით ყოველი დაგვიანებული დღისათვის;
2.10. 7.1. პუნქტის თანახმად, სარეცხის რომელიმე ნივთის მიმწოდებლის მიერ დაკარგვის შემთხვევაში, კლიენტი შეატყობინებს მიმწოდებელს დანაკარგის/ზიანის ზომისა და მოცულობის შესახებ. მიმწოდებელმა უნდა დაადასტუროს და გადაამოწმოს დანაკარგი და აუნაზღაუროს კლიენტს ან ჩაანაცვლოს ასეთი დანაკარგის სრული მოცულობა არა უმეტეს 10 დღის განმავლობაში ასეთი დანაკარგის აღმოჩენის თარიღიდან;
2.11. 7.2. პუნქტის თანახმად, არადამაკმაყოფილებელი ხარისხის შემთხვევაში, ანუ როდესაც მიმწოდებლის მიერ კლიენტისათვის მიწოდებული სარეცხი არ შეესაბამება ინდუსტრიის სტანდარტებს, კლიენტი არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში შეატყობინებს მიმწოდებელს ასეთი ნივთების რაოდენობის შესახებ და გამოქვითავს მათ ფასს თვიური ინვოისიდან თუ მომსახურება არადამაკმაყოფილებელი ხარისხით მიეწოდება კლიენტს ხუთზე მეტ შემთხვევაში ამ ხელშეკრულების ვადის განმავლობაში კლიენტს აქვს უფლება ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება 2 კვირით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე;
2.12. 10.4 პუნქტის თანახმად, კლიენტი (ან მისი რომელიმე უფლებამოსილი თანამშრომელი) იღებს მიწოდებულ სარეცხს ან უარს ამბობს მის მიღებაზე საკუთარი გონივრული დისკრეციის ფარგლებში იმ საფუძვლით, რომ სარეცხი (სრულად ან ნაწილობრივ) არ არის შესაბამისი ხარისხის ან/და არ შეესაბამება კლიენტის მიერ მიმწოდებლისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
2.13. 10.5 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი მიწოდებული სარეცხი, რომლის მიღებაზეც უარს იტყვის კლიენტი, უნდა ჩანაცვლდეს მიმწოდებლის მიერ (კლიენტისათვის ზედმეტი ხარჯის გარეშე) იმ ხარისხის სარეცხით, რომელიც შეესაბამება კლიენტის მოლოდინს, ამასთან სარეცხის ფასი გამოაკლდება შესაბამისი თვის ინვოისს, როგორც ეს განსაზღვრულია ხელშეკრულების 7.2. მუხლში;
3. 2022 წლის მაისის, ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეებში მიმწოდებელმა კლიენტს გაუწია სამრეცხაო მომსახურება, რაზედაც გაიწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურები. ზემოაღნიშნული ანგარიშფაქტურები საერთო ჯამში - ღირებულებით 14 079.75 ლარი დაადასტურა მოპასუხემ. კერძოდ, საგადასახადო ანგარიშფაქტურით ეა-75 189 2397 გადასახდელი იყო 3 303 ლარი 16.06.2022წ. ვადაგადაცილება შეადგენს 182 დღეს, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 3.30 ლარს, ჯამში შეადგენს - 600.60 ლარს. საგადასახადო ანგარიშფაქტურით ეა-75 4128189 გადასახდელი იყო 4522.15 ლარი 16.07.2022წ. ვადაგადაცილება შეადგენს 152 დღეს, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 4.52 ლარს, ჯამში შეადგენს - 687.04 ლარს. საგადასახადო ანგარიშფაქტურით ეა-75 6673789 გადასახდელი იყო 5587.55 ლარი 19.08.2022წ. ვადაგადაცილება შეადგენს 118 დღეს, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 5.79 ლარს, ჯამში შეადგენს - 683.22 ლარს. საგადასახადო ანგარიშფაქტურით ეა-75 858363 გადასახდელი იყო 466.95 ლარი 16.09.2022წ. ვადაგადაცილება შეადგენს - 89 დღეს, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0.47 ლარს, ჯამში შეადგენს - 41.83 ლარს.
4. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა ანგარიშსწორება 10 სამუშაო დღის ვადაში, რის გამოც მოსარჩელის მხრიდან მოხდა პირგასამტეხლოს დარიცხვა საერთო ჯამში - 2 012.69 ლარის ოდენობით.
5. 2022 წლის 12 ივლისს მიმწოდებელი კომპანიის დირექტორმა წერილით მიმართა კლიენტს სადაც აღნიშნულია, რომ „სამრეცხაო ვალდებულია ნივთის დაზიანების შემთხვევაში, განახორციელოს ანაზღაურება რეცხვის ღირებულების ათმაგი ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სვიტერის რეცხვის ღირებულება შეადგენს 16 ლარს, შესაბამისად, ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 160 ლარს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი თქვენი მხრიდან ასანაზღაურებელ თანხად განისაზღვრა 4 500 ევრო ეკვივალენტით ლარში, რაც ძალიან დიდი თანხაა იმის გათვალისწინებით, რომ სვიტერი არ იყო ახალი და შესაბამისად არ უნდა მოხდეს მისი ანაზღაურება ახლის მდგომარეობით და, ასევე, ბაზარზე არსებული საკომპენსაციო პოლიტიკის გათვალისწინებით. თქვენს სამრეცხაოს ქვითარზე მითითებულია ანაზღაურება რეცხვის თანხის ხუთმაგი ოდენობით, რომელიც გადაეცემა სტუმარს. ასევე მოგახსენებთ, რომ ყოველთვიური მისაღები შემოსავალი თქვენი სასტუმროდან არის მცირე და აღნიშნული თანხის დაფარვა სამრეცხაოს მხრიდან გულისხმობს ფაქტობრივად თვეობით უფასო მომსახურებას. ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, რომ გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოაღნიშნული და შევჯერდეთ გონივრულ თანხაზე, რომელიც ჩვენი მხრიდან განისაზღვრება 3 000 ლარის ოდენობით. ეს თანხა გამომდინარეობს მხოლოდ იმ თანამშრომლობიდან, რომელიც თქვენს სასტუმროსთან გვაკავშირებს, სხვა შემთხვევაში, როგორც აღვნიშნეთ საკომპენსაციო თანხა განისაზღვრება რეცხვის ღირებულების ხუთმაგი ან ათმაგი ოდენობით“.
6. 2022 წლის 18 ივლისს კლიენტმა მიმწოდებელს აცნობა, რომ როგორც თქვენთვის ცნობილია მოხდა სასტუმროს სტუმრის კუთვნილი ნივთის (სვიტერი) სრულად დაზიანება და კლიენტი იძულებული გახდა სტუმრისათვის აენაზღაურებინა დაზიანებული ნივთის ღირებულება, რომელმაც შეადგინა 4 500 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ამდენად, სამრეცხაო კომპანიის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით კლიენტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 4 500 ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. მითითებული ზიანის ოდენობა დადასტურებულია თქვენი 12.07.2022 წლის წერილითაც, სადაც მიმწოდებელი აღიარებს ზიანის ოდენობას, მაგრამ მისი ოდენობიდან გამომდინარე, ითხოვდით, ასანაზღაურებელი თანხა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულიყო შედარებით ნაკლები თანხით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ამ დრომდე არ მომხდარა სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება იძულებულნი ვართ მიყენებული ზიანი ნაწილობრივ გავქვითოთ ჩვენს შორის 2016 წლის 4 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების ღირებულებიდან, რითაც ნაწილობრივ მოხდება მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
7. 2022 წლის 5 აგვისტოს წერილით მიმწოდებელმა არ აღიარა ნივთის დაზიანების ფაქტი, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა მიწოდებული ნივთის დაზიანების შესახებ მტკიცებულებები (ფოტო/ვიდეომასალა), გამოთქვა მზადყოფნა აენაზღაურებინა ქიმწმენდის საფასურის ხუთმაგი ოდენობა, ამასთან მოითხოვა მომსახურების საფასურის გადაუხდელი დავალიანების ანაზღაურება. ამავე წერილით კლიენტმა სამრეცხაო კომპანიას აცნობა, რომ 2022 წლის 6 აგვისტოდან წყვეტდა მათთან მომსახურების ხელშეკრულებას.
8. სასტუმროს ინვოისის თანახმად დადგენილია, რომ სტუმარს, რომლის კუთვნილი ნივთი დაზიანდა უნდა გადაეხადა 111 009.76 ლარი, მაგრამ გადაიხადა 97 967.55 ლარი, ვინაიდან, სასტუმრომ აუნაზღაურა სხვაობა - დაზიანებული ნივთის ღირებულება 13 042.21 ლარის ოდენობით.
9. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 16 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ მოწითალო-მოყავისფრო ფერის ჟაკეტზე (განცხადებით სვიტერი), წინა მარჯვენა და მარცხენა კალთაზე - საყელოს ქვედა არეში; კისრის უკანა ზედაპირზე - მარჯვნივ; მარცხენა და მარჯვენა გვერდით ვერტიკალურ ნაკერებთან, არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ხევით.
10. ,,ლორო პიანას“ ვებ გვერდიდან ამონარიდის თანახმად ირკვევა, რომ სვიტერის - ,,Loro Piana, Zip Bomber, The Gift of Kings“ ფასი არის 4300 აშშ დოლარი, ხოლო DHL-ით არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან (დუბაი) საქართველოში ყველაზე მცირე გზავნილის (1 კგ-მდე) ტრანსპორტირების ფასი შეადგენს 747.99 დრაჰმს (200 აშშ დოლარს).
11. მიმწოდებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში კლიენტის მიმართ სამრეცახო მომსახურების საფასურის 14 079.75 ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს 2 012.69 ლარის დაკისრების თაობაზე.
12. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და დამატებით წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა შეგებებული სარჩელით მოპასუხეს დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურება - 13 042.21 ლარის ოდენობით. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელემ რეცხვის დროს სრულად დააზიანა მოპასუხე კომპანიის სტუმრის, თ.ა–აძის კუთვნილი ნივთი, კერძოდ, სვიტერი - ,,Loro Piana, Zip Bomber, The Gift of Kings“. სასტუმრომ დაზიანებული ნივთის ღირებულება, რომელმაც შეადგინა 13 042. 21 ლარი, სრულად აუნაზღაურა სტუმარს.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით როგორც სარჩელი, ისე შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა.
14. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ხოლო მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი და შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8 627 ლარის გადახდა.
16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებული გარემოებები.
17. სააპელაციო პალატის მითითებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მიმწოდებლის განმარტებას, რომ მას ბრალი არ მიუძღვის ნივთის დაზიანებაში და შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს იმ მდგომარეობაში დაუბრუნა ნივთი რა მდგომარეობაშიც გადაეცა ქიმწმენდამდე. 2022 წლის 12 ივლისის წერილის თანახმად, მიმწოდებელი კომპანიის დირექტორმა ფაქტიურად დაადასტურა მის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა ითხოვა მისი შემცირება 3 000 ლარამდე, რაზედაც მხარეთა შეთანხმება ვერ მოხდა. გარდა აღნიშნულისა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 16 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დგინდება, რომ არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ხევით. ამასთან, უდავოდ დადგენილია, რომ მიმწოდებლის მხრიდან განხორციელდა ნივთის წმენდა.
18. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა სამრეცხაო კომპანიის განმარტება, რომლის თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება მოწინააღმდეგე მხარის მიერ თითქოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფაქტი და მიუთითა სასტუმროს ინვოისზე. ინვოისით დგინდება, რომ სტუმარს, რომლის კუთვნილი ნივთი დაზიანდა, სასტუმროსათვის უნდა გადაეხადა 111 009.76 ლარი, მაგრამ გადაუხადა 97 967.55 ლარი, ვინაიდან სასტუმრომ აუნაზღაურა სხვაობა - დაზიანებული ნივთის ღირებულება 13 042.21 ლარის ოდენობით. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება მოპასუხის მიერ სტუმრისათვის ზიანის ანაზღაურების ფაქტი.
19. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეგებებულ სარჩელში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, წარადგინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, მის მიერ სტუმრისათვის ზიანის ანაზღაურება, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება შეგებებული სარჩელით მოპასუხეს არ წარუდგენია.
20. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი ,,ლორო პიანას“ ვებ. გვერდიდან ამონარიდის თანახმად ირკვევა, რომ სვიტერის - ,,Loro Piana, Zip Bomber, The Gift of Kings“ ფასი არის 4 300 აშშ დოლარი, ხოლო DHL-ით არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (დუბაი) საქართველოში ყველაზე მცირე გზავნილის (1 კგ-მდე) ტრანსპორტირების ფასი შეადგენს 747.99 დრაჰმს (200 აშშ დოლარს). ამდენად, მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს - 13 042.21 ლარს. აღნიშნული მტკიცებულების საპირისპიროდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეს (შეგებებულ სარჩელში) არ წარუდგენია ალტერნატიული გაანგარიშება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა დაზიანებული ნივთის ღირებულების ოდენობას.
21. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მიმწოდებლის მიერ კლიენტისათვის მიყენებული ზიანის ღირებულება შეადგენს - 13 042.21 ლარს. ამასთან, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-11 მუხლის (ხარისხი სტანდარტი) თანახმად, მიმწოდებელი გარანტიას აძლევს კლიენტს, რომ მომსახურებას გასწევს კარგი და შესაბამისი წესით, გამოიჩენს გონივრულ წინდახედულობას და იმოქმედებს ინდუსტრიის სტანდარტებისა და მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად. ამასთან, მომსახურებას გასწევს უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფით და დაემორჩილება ინდუსტრიის უმაღლეს სტანდარტებს ხარისხის კუთხით. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, თუ კლიენტისათვის მიწოდებული სარეცხი არ შეესაბამება ინდუსტრიის სტანდარტებს ან/და არსებობს დანაკარგი/ზიანი, მიმწოდებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, ხოლო კლიენტი უფლებამოსილია გამოქვითოს შესაბამისი ფასი თვიური ინვოისიდან. ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, არადამაკმაყოფილებელი ხარისხის შემთხვევაში, ანუ როდესაც მიმწოდებლის მიერ კლიენტისათვის მიწოდებული სარეცხი არ შეესაბამება ინდუსტრიის სტანდარტებს, კლიენტი არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში შეატყობინებს მიმწოდებელს ასეთი ნივთების რაოდენობის შესახებ და გამოქვითავს მათ ფასს თვიური ინვოისიდან თუ მომსახურება არადამაკმაყოფილებელი ხარისხით მიეწოდება კლიენტს ხუთზე მეტ შემთხვევაში ამ ხელშეკრულების ვადის განმავლობაში კლიენტს აქვს უფლება ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება 2 კვირით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. ამდენად, ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად თუ კლიენტისათვის მიწოდებული სარეცხი არ შეესაბამება ინდუსტრიის სტანდარტებს ან/და არსებობს დანაკარგი/ზიანი, მიმწოდებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, ხოლო კლიენტი უფლებამოსილია გამოქვითოს შესაბამისი ფასი თვიური ინვოისიდან.
22. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შერეული ბრალი, რამდენადაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს ძვირადღირებული ნივთის თაობაზე გაფრთხილებით, შეეძლო თავიდან აერიდებინა საფრთხე, ხოლო მოპასუხეს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში უნდა მოეხდინა გადაცემული ნივთის წმენდა. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა პასუხისმგებლობა ვალდებულებათა დარღვევაში უნდა განისაზღვროს 50-50%-ით. აღნიშნულის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სს ,,თ–ესის“ მიერ შპს ,,ჯ–ისათვის“ მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს 6 521.10 ლარით, რაც შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.
23. გაწეული მომსახურების საფასურისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ შესრულებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, მის მიერ ჯეროვნად შესრულებულია ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაო 2022 წლის მაისის, ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეებში. ამასთან, აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის არ არის ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რაც ძირითადი დავალიანების და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
24. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დავის ფარგლებში წარმოშობილია გაქვითვადი ურთიერთმოთხოვნები, შესაბამისად, კლიენტს მიმწოდებლისათვის უნდა დაეკისროს დავალიანების არა ძირითადი თანხა - 14 079.75 ლარი, არამედ 7 558.65 (14 079.75-6 521.10) ლარი.
25. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რამდენადაც ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, არ არსებობდა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სრული ოდენობით დაკისრების საფუძველი. შესაბამისად, 7 558.65 ლარის პროპორციულად კლიენტს მიმწოდებლის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს - 1 068.35 ლარის ოდენობით გადახდა. აღნიშნულის შესაბამისად, მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხა 8 627 ლარით უნდა განისაზღვროს, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.
26. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
27. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
27.1. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება შერეულ ბრალთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ზიანი ერთმნიშვნელოვნად მოსარჩელის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებამ გამოიწვია, კერძოდ, მხარეთა შორის არსებული ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო, ტანსაცმლის რეცხვა/წმენდა შეესრულებინა გონივრული წინდახედულებისა და ინდუსტრიის სტანდარტების შესაბამისად, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, წმენდის პროცესში სრულიად გაანადგურა ნივთი. თავის მხრივ, კასატორს არ ჰქონდა არანაირი ვალდებულება, წინასწარ გაეფრთხილებინა მოწინააღმდეგე მხარე გასაწმენდად გადაცემული ნივთის „ძვირადღირებულების“ თაობაზე, გონივრული წინდახედულებისა და ინდუსტრიის სტანდარტები ზუსტად იმას მოიაზრებს, რომ ყოველი ნივთი (განურჩევლად სახეობისა და ფასისა) უნდა გაირეცხოს/გაიწმინდოს შესაბამისი ქსოვილის მახასიათებლების შესაბამისად, რომ არასწორად რეცხვა/წმენდამ არ გამოიწვიოს ნივთის დაზიანება;
27.2. შეგებებული სარჩელით მოპასუხე კომპანია წარმოადგენდა ამ სფეროში გამოცდილ ობიექტს (განსხვავებით კასატორისგან) და იგი იღებდა ყველანაირ პასუხისმგებლობას, გადაცემული ნივთი ინდუსტრიის სტანდარტების შესაბამისად გაერეცხა გაეწმინდა და შეერჩია შესაბამისი რეცხვის/ წმენდის მეთოდი, თუნდაც გაერჩია „ძვირადღირებული“ ქსოვილის ნაწარმი ჩვეულებრივი ქსოვილის ნაწარმისგან, რაც მხარეთა შორის, 2016 წლის 4 ოქტომბრის მომსახურების ხელშეკრულების დადების მიზანს წარმოადგენდა. ამასთან, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარისათვის იმთავითვე სავარაუდო იყო, რომ მისთვის გადაცემული ნივთის განადგურების შემთხვევაში, სრულად იქნებოდა პასუხისმგებელი ნივთის ღირებულების ანაზღაურებაზე;
27.3. იმის გარდა, რომ სასამართლოს თავისი ინიციატივით არ შეეძლო მიეთითებინა ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე, ამასთანავე, მან არასწორად განმარტა სკ-ის 415-ე მუხლი და საერთოდ არ იმსჯელა იმ აუცილებელ ელემენტებზე, რაც შერეული ბრალის დადგენის მიზნებისთვის იყო აუცილებელი. გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან;
27.4. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ სახეზეა შერეული ბრალი, პასუხისმგებლობის ოდენობა თანაბარწილად არ უნდა იქნეს განსაზღვრული. ასეთ დროს, სასამართლო ვალდებულია, დაადგინოს, რომელ მხარეს რა მოცულობით ეკისრება მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა და მისი ანაზღაურების ოდენობაც აღნიშნული მოცულობის პროპორციულად განსაზღვროს. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება მხარეთა ბრალეულობის ხარისხით უფრო მეტად თუ რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით შპს „ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებით შპს „ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
30. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
31. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
33. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილი]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები [სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი].
34. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში, უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ: №ას-1172-2021, 10 ივნისი, 2022, პ.14).
35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42).
36. საქართველოს უზენაესი სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართალურთიერთობა. (სსკ-ის 629-ე, 648-ე, 650-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (იხ. სუსგ-ები: №ას-1142-2021, 2022 წლის 10 ნოემბერი; №ას-1315-2020, 2021 წლის 9 სექტემბერი; №ას-764-2019, 2019 წლის 2 მარტი).
37. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მოთხოვნილია შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომელიც 4 500 ევროს შეადგენს. კასატორის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სამრეცხაო კომპანიამ დააზიანა მისთვის გადაცემული სტუმრის ნივთი, სასტუმრომ კი დაზიანებული ნივთის ღირებულება, რომელმაც სწორედ 4 500 ევროს ეკვივალენტი ლარში შეადგინა, სრულად აუნაზღაურა სტუმარს. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მხარე სწორედ აღნიშნული თანხის შეგებებული სარჩელით მოპასუხისათვის დაკისრებას მოითხოვს.
38. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 650-ე მუხლის თანახმად, მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის ქონების დაღუპვის ან დაზიანებისათვის გაუფრთხილებლობის დროსაც.
39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 650-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა ნარდობის შინაარსის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს, რადგან კანონმდებლობა პასუხისმგებლობას აკისრებს მენარდეს შემკვეთის ქონებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ მუხლში საუბარია შემკვეთის იმ ქონებაზე, რომელიც ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით აღმოჩნდა მენარდის მფლობელობაში, მაგალითად, შესაკეთებლად გადაცემული ნივთი, მოწყობილობები, დანადგარები, სამშენებლო მასალები, სატრანსპორტო საშუალებები, დამზადებული ნაკეთობა და ა.შ. (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, ასევე, ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება, 2011, გვ. 186).
40. წინამდებარე დავის ფარგლებში, სასტუმრო ზიანის ანაზღაურებას სწორედ მიმწოდებლისათვის გადაცემული ნივთის დაზიანების საფუძველზე მოითხოვს, შესაბამისად, შეგებებული სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 650-ე მუხლის მიხედვით უნდა შემოწმდეს.
41. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს უზრუნველყოს შემკვეთის ქონების დაცვა დაღუპვისა და დაზიანებისაგან. საუბარია შემკვეთის იმ ქონებაზე, რომელიც ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღმოჩნდება მენარდის მფლობელობაში. მენარდე მოვალეა დაიცვას შემკვეთის ქონება იმგვარად, როგორც შემნახველს ეკისრება მიბარებული ნივთების დაცვა. კერძოდ, მან უნდა განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო, სანიტარული და სხვა სახის ღონისძიებები. მენარდემ ისევე კეთილსინდისიერად უნდა შეინახოს შემკვეთის ქონება, როგორც საკუთარ ნივთს შეინახავდა (იხ. ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება (თეორია და პრატიკა), 2016, გვ.412).
42. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ მენარდის ქონებრივი პასუხისმგებლობისათვის აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმებით დადგენილი საფუძვლების არსებობა, რომლებიც ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებენ. მენარდე პასუხს აგებს თავისი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის. გაუფრთხილებლობა სამოქალაქო სამართალში ბრალის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. „გაუფრთხილებლად მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ყურადღებას“, რომელიც განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით და არა კონკრეტული ინდივიდის პიროვნებიდან გამომდინარე. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეს მოეთხოვება მისი პროფესიის „საშუალო წარმომადგენლისათვის“ დამახასიათებელი ჩვეული წინდახედულების დაცვა. გაუფრთხილებლად მოქმედებს პირი, რომელიც ვერ იჩენს სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელ აუცილებელ გონივრულ ყურადღებას. განზრახვისაგან განსხვავებით, გაუფრთხილებლობა ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის სურვილის გარეშე (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, 650-ე მუხლი ზ. ძლიერიშვილი).
43. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 650-ე მუხლიდან გამომდინარე როგორც ქონების დაღუპვის ან დაზიანების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი ეკისრება შემკვეთს, ხოლო მენარდემ კი უნდა დაამტკიცოს, რომ მას ბრალი არ მიუძღვის შემკვეთის ქონების განადგურებასა თუ დაზიანებაში (იხ. იქვე).
44. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ 650-ე მუხლს მჭიდრო კავშირი აქვს სამოქალაქო სამართლის ისეთ ინსტიტუტთან, როგორიც არის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ვალდებულების დარღვევისას (394-ე, 408-ე-415-ე მუხლები).
45. სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელია დადასტურდეს, რომ მოვალეს ნაკისრი ჰქონდა ის ვალდებულება, რომლის დარღვევასაც ედავება კრედიტორი, ასევე სახეზე უნდა იყო აღნიშნული ვალდებულების დარღვევა, რაც კრედიტორისთვის ზიანის მიყენების პირდაპირი და უშუალო საფუძველი გახდა.
46. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, [ქონებრივი] ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
47. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ,,ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.” მეცნიერებამ მიზეზობრივი კავშირის მრავალი თეორია შეიმუშავა (აუცილებელი და შემთხვევითი მიზეზობრივი კავშირის თეორია; შესაძლებლობისა და სინამდვილის თეორია; ეკვივალენტურობის თეორია; უშუალო მიზეზობრივი კავშირის თეორია და ა.შ.).
48. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ საქმე №ას-553-2019, 19 მარტი, 2021 წელი; საქმე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი). სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ. სუსგ საქმე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-630-593-2012, 11 ივნისი, 2012 წელი).
49. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უპირატესობას ანიჭებს უშუალო მიზეზობრივი კავშირის თეორიას, ანუ პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს ზიანისათვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან/ზიანთან (causa principalis sine qua non), ანუ დამდგარი ზიანი დარღვეული ვალდებულების რეალური და მოსალოდნელი შედეგია და მისი მიზეზობრივი კავშირი ქმედებასთან ობიექტური გადმოსახედიდან დასტურდება. სავარაუდოობა სახეზეა, თუ შედეგის დაშვება შეგნებული მოვალის პერსპექტივიდან ობიექტურად შესაძლებელი იყო (შდრ. ჰ. ბიოილინგი, პ. ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, გვ. 48). მაშასადამე უშუალო, ანუ ადეკვატური მიზეზობრიობის თეორიის თანახმად, შედეგის მიზეზად ერთი პირობაც საკმარისია, თუ ის ქმნის შედეგის დადგომის ობიექტურ შესაძლებლობას, ანუ მიზეზობრივი კავშირის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მოვლენებს შორის ობიექტური კავშირის არსებობას და იმას, რომ მიზეზსა და შედეგს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია (სუსგ Nას-1069-2021, 23 დეკემბერი 2021 წელი).
50. საკასაციო პალატა განმარტავს, ზიანის ანაზღაურების ოდენობა ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამას არ მოჰყვეს რომელიმე მხრის უსაფუძვლო გამდიდრება. ზიანის ანაზღაურების უმნიშვნელოვანეს დათქმას უსაფუძვლო გამდიდრების აკრძალვა წარმოადგენს. ამ პრინციპის მიხედვით, მოვალემ უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელშიც კრედიტორი იქნებოდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მოვალე არ არის ვალდებული კრედიტორი იმაზე უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენოს, ვიდრე იგი ზიანის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა.
51. ზიანის ოდენობის განსაზღვრა იმ განცდილი ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რომელიც მოსარჩელეს მიადგა მოპასუხის ქმედებით. განცდილი ზიანის ოდენობა კი, განეკუთვნება არა სამართლის, არამედ ფაქტის საკითხს; ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება და რელევანტური მტკიცებულებების წარდგენა კი, მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებაა.
52. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის ფარგლებში, დადასტურდა ქონების დაზიანების ფაქტი, ასევე, დადგენილია, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხის დირექტორმა, 2022 წლის 12 ივლისის წერილით, ფაქტობრივად, დაადასტურა მის მიერ ზიანის მიყენება (იხ. თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 119).
53. შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მართლზომიერების საკითხის განხილვისას ყურადღება უნდა გამახვილდეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ განცდილი ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარდგენილ მტკიცებულებაზე, კერძოდ, ფაქტობრივი ზიანის დასადასტურებლად შეგებებული სარჩელის ავტორი უთითებდა საქმეში არსებულ დოკუმენტზე (სასტუმროს ინვოისი) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 94-108). შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, აღნიშნული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სტუმარს, რომლის კუთვნილი ნივთი დაზიანდა უნდა გადაეხადა 111 009.76 ლარი, მაგრამ გადაიხადა 97 967.55 ლარი, ვინაიდან, სასტუმრომ აუნაზღაურა სხვაობა - დაზიანებული ნივთის ღირებულება - 13 042.21 ლარის ოდენობით. საქართველოს უზენაესი სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ ინვოისი ფინანსური დოკუმენტია, სადაც აღნიშნულია, რომ მყიდველმა გამყიდველს გარკვეული თანხა უნდა გადაუხადოს, ინვოისში ძირითადად მოცემულია გაყიდული საქონლის ან მომსახურების ჩამონათვალი, რაოდენობა/მოცულობა, გადახდის თარიღი, გამყიდველის საბანკო მონაცემები. ინვოისი გამყიდველსა და მყიდველს შორის მიღწეული შეთანხმების წერილობითი ფორმაა. გარდა ამისა, საქონლის ან მომსახურების მყიდველს დეტალური ინფორმაცია აქვს, რა იყიდა და რა ფასად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტიდან არ დგინდება, რომ 13 042.21 ლარი, სწორედ დაზიანებული ნივთის ღირებულების ასანაზღაურებელად გამოიქვითა, სასტუმროს კი ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სტუმრისათვის ანაზღაურების დასადასტურებლად სხვა რელევანტური მტკიცებულება გარდა ზემოაღნიშნული ინვოისისა არ წარუდგენია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტება და ზემოაღნიშნული მტკიცებულება მოპასუხე კომპანიის მიერ სტუმრისათვის დაზიანებული ნივთის ასანაზღაურებლად 13 042.21 ლარის გამოქვითვის/ ანაზღაურების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
54. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს ისეთ საპროცესო სამართლებრივ ინსტიტუტზე, როგორიცაა საუარესოდ შემობრუნების დაუშვებლობა (non reformacio in pejus), რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში და, უფლებამოსილია შეცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ (სსსკ-ის 404.1, 409-ე მუხლები). არ არის გამორიცხული, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმებისას, საკასაციო სასამართლო მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ გადაწყვეტილება არასწორია იმ ნაწილშიც, რომელიც არაა გასაჩივრებული და კასატორის სასარგებლოდაა გამოტანილი. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო ვერ გააუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამ ნაწილში.
55. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც წარმოდგენილია მხოლოდ სასტუმროს საკასაციო საჩივარი და მისი განხილვის ფარგლებში, სასამართლო მოკლებულია მხარის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის საუარესოდ შებრუნებას, მოსარჩელე კომპანიის საკასაციო საჩივრის/ შეგებებული საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, საუარესოდ შემობრუნების დაუშვებლობის პრინციპის გათვალისწინებით, იკვეთება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძვლები. შესაბამისად, წინამდებარე განჩინების 48-ე პუნქტში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას იმსჯელოს შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილებისა და ზიანის ანაზღაურების ოდენობის გაზრდის თაობაზე.
56. რამდენადაც საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორის მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
ოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე