საქმე №ას-1267-2024
11 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ტ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს“ს.ტ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის 25 282.22 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
6. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის ხანდაზმულობის გამო, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477.1 მუხლი;
7.2. მოპასუხეს გააჩნდა 25 282.22 ლარის დავალიანება სს „ე. ...-ის“ მიმართ. ამ უკანასკნელის მოთხოვნის უფლება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გადაეცა მოსარჩელეს. ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია, მოპასუხეს მოსთხოვოს ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება. მოპასუხის შესაგებელი ემყარება სარჩელის ხანდაზმულობას. ამ უკანასკნელის განმარტებით, სასამართლომ არ მიიღო სხდომაზე წარდგენილი მისი შესაგებელი, მიუხედავად იმისა, რომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ, სასამართლოს მოპასუხისათვის არ განუსაზღვრავს (არ აღუდგენია) შესაგებლის წარდგენის ვადა. აქედან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ მას არასწორად წაერთვა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე შედავების უფლება.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებული იყო, მოპასუხისათვის შესაგებლის წარსადგენად აღედგინა ვადა და განემარტა მისთვის, თუ რა ვადაში უნდა წარედგინა შესაგებელი და რა შედეგები მოჰყვებოდა მის წარუდგენლობას. პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის წარდგენის ვალდებულება მოპასუხეს წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მას დაუდგენს შესაგებლის წარდგენის ვადას და განუმარტავს შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგებს. იგივე საპროცესო მოქმედება უნდა შეასრულოს სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ, თუ გაუქმების საფუძველი შესაგებლის საპატიო მიზეზით წარუდგენლობაა. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორედ ამ მიზეზით გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოპასუხეს არ აღუდგინა შესაგებლის წარდგენის ვადა და არც ის განუმარტა, თუ რა ვადაში უნდა წარედგინა შესაგებელი და რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვებოდა მის წარუდგენლობას. კერძოდ, საქმის მასალებით ირკვევა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე განჩინება სასამართლომ მიიღო საქმის ზეპირი მოსმენისას, თუმცა არც სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერსა (იხ. 18.10.2022 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:12:27 წუთიდან) და არც ამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული, რომ სასამართლომ მოპასუხეს შესაგებლის წარსადგენად აღუდგინა ვადა ან ამის თაობაზე რაიმე განმარტება გააკეთა. აქედან გამომდინარე, რაკი სასამართლოს არ შეუსრულებია ზემოხსენებული სავალდებულო საპროცესო მოქმედება, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს ჰქონდა უფლება თავისი შესაგებელი წარედგინა უშუალოდ სხდომაზე, სასამართლო კი, ვალდებული იყო, მიეღო მოპასუხის შესაგებელი და შეეფასებინა იგი.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის შესაგებელი მოთხოვნის ხანდაზმულობას ეფუძნება. კერძოდ, მისი განმარტებით, მოსარჩელისათვის მოთხოვნის დათმობის მომენტიდან (2010 წლიდან) სარჩელის აღძვრამდე (2019 წლამდე) გასულია თითქმის 10 წელი, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა კი, მხოლოდ 3 წელია, შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმულია. სსკ-ის 129.1 მუხლის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა (გარდა უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა) შეადგენს 3 წელს. ეს ვადა, მოცემულ შემთხვევაში, გასულია. ამ ფაქტს მოსარჩელეც არ ედავება. მისი სააპელაციო შესაგებელი მხოლოდ იმას ეფუძნება, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მოპასუხეს უნდა მიეთითებინა სასამართლო სხდომამდე.
10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც არსებობდა გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
12. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
12.1. მოცემულ შემთხვევაში, პროცესის მონაწილეების მიმართ თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვაზე შეუძლებელია საუბარი, რადგან სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნების შესაბამისად უფლების დაცვა არ განახორციელა. სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება გაამყარა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232 პრიმა მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებული იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ მოპასუხისათვის აღედგინა შესაგებლის წარდგენის ვადა და განემარტა მისთვის, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მის წარუდგენლობას;
12.2. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პროცესუალურ მოწინააღმდეგე კომპანიას სარჩელი ჩაბარდა სსსკ-ის მოთხოვნათა გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს განუსაზღვრა ვადა პასუხის (შესაგებლის) წარსადგენად და განუმარტა თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მის წარუდგენლობას. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის გამო, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. მანვე, აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა 2022 წლის 18 ოქტომბრის სხდომაზე, საქმის ზეპირი მოსმენისას და სასამართლო სხდომა ჩანიშნა 2022 წლის 10 ნოემბერს, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს აღუდგინა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პასუხის/შესაგებლის წარდგენისათვის განსაზღვრული, ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადა. მიუხედავად იმისა, რომ პროცესუალურ მოწინააღმდეგეს საკმარისი დრო ჰქონდა პასუხის (შესაგებლის) წარსადგენად და მოსარჩელისათვის ჩასაბარებლად. კომპანიამ მხოლოდ 2022 წლის 10 ნოემბერს გამართულ სხდომაზე წარუდგინა სასამართლოს შესაგებელი, რომელიც სასამართლომ არ მიიღო ზემოთ დასახელებულ ნორმათა გათვალისწინებით. ამასთან, როგორც აღინიშნა, მოსარჩელე - სამინისტროს იგი არ ჩაბარებია და მატერიალური სახით არც საქმეში არ ინახება. შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად, რას ეფუძნება მოპასუხის შესაგებელი. ამდენად, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსსკ-ის 232 პრიმა მუხლი, ვინაიდან აღდგენა გულისხმობს პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას;
12.3. ვერ გავიზიარებთ აგრეთვე პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო გასცდა უფლებამოსილების ფარგლებს, რადგანაც ხანდაზმულობა არ წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების საკითხს. სსსკ-ის შესაბამისად, ხანდაზმულობის ინსტიტუტი მხარეს უფლებას აძლევს განახორციელოს შესრულება ან უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე. აღნიშნული განმარტება კი ხანდაზმულობაზე მითითებას მხარის ნებაზე დამოკიდებულ გარემოებად აქცევს. ამასთან ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომამდე. ამდენად, ხანდაზმულობა სამართალში არის ფაქტის საკითხი და მოპასუხის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში თუ არ იქნა წარდგენილი შესაგებელი, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე კარგავს უფლებას მიუთითოს ფაქტებზე;
12.4. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი იყო ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სამინისტროს მოთხოვნის საფუძვლიანობას ადასტურებდა. ამავდროულად არ იყო მითითებული მოთხოვნის შემაფერხებელი თუ გამომრიცხველი გარემოებები და ასეთ გარემოებებზე მითითების დამაბრკოლებელი საპატიო მიზეზი. ამდენად, სამინისტროს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს ზემოთ დასახელებული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
17. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის შესაგებლის წარდგენისათვის ვადის განუსაზღვრელობის სამართლებრივი შედეგები.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე, მხარეები სამოქალაქო პროცესში სარგებლობენ თანასწორი საპროცესო უფლებებით. კერძოდ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს სარჩელით დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად, ხოლო პირს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია სარჩელი, შეუძლია თავი დაიცვას მისაგან. ამასთან, სარჩელის აღძვრა და ამ სარჩელისაგან თავდაცვა მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესითა და საშუალებების გამოყენებით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. მოპასუხის შესაგებელი წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობით.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები ითვალისწინებს სამართალწარმოებას მხოლოდ მხარეთა ინიციატივისა და პროცესუალური აქტიურობის საფუძველზე. ამ პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოდგენის სავალდებულოობა. სანქცია ამ პროცესუალური ვალდებულების შეუსრულებლობისთვის გულისხმობს მხარის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 2321 მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამავე კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად, მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აგრეთვე მოპასუხეს ამ კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეუძლიათ ასეთი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანონ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ. სსსკ-ის 240-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამ კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მოპასუხეს აღუდგენს პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 240-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, თუ არსებობს გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი სასამართლო: 1) განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და 2) მოპასუხეს აღუდგენს პასუხის (შესაგებლის) წარდგენის ვადას.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე საქმის ფარგლებში, მართალია, გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა სასამართლოს არ აღუდგენია შესაგებლის წარდგენის ვადა და არც რაიმე განმარტება გაუკეთებია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი).
24. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაგებლის წარდგენა ყოველთვის ვადით არის შემოფარგლული, რომელსაც განსაზღვრავს სასამართლო, სარჩელის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით. ამასთან, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე - 21 დღეს. შესაგებლის წარდგენისათვის ვადის დაწესება, მით უფრო კანონმდებლის მიერ მაქსიმალური ვადის შემოღება, ემსახურება დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზანს. ამავე ნორმით სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი (იხ. სსსკ-ის 64-ე და 215-ე მუხლები). შესაგებლის წარდგენისათვის ვადის განსაზღვრა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამ ვადის უშედეგოდ გასვლას მოჰყვება მოპასუხისათვის ისეთი ნეგატიური რეზულტატი, როგორიცაა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და ფაქტობრივი შედავების უფლების დაკარგვა (სსსკ-ის 2321 მუხლი). შესაგებლის წარდგენისათვის ვადის გონივრულობის საკითხი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს. მოსამართლემ არაგონივრული ვადის დაწესებით შეიძლება მხარეს შეუზღუდოს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება. ამიტომ, როგორც ვადის განსაზღვრა, ასევე მისი გაგრძელება, დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მხარეთა საპროცესო უფლებები. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე განმარტავს, რომ შესაგებლის წარდგენის ვალდებულება მოპასუხეს წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მას დაუდგენს შესაგებლის წარდგენის ვადას და განუმარტავს შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგებს. იგივე საპროცესო მოქმედება უნდა შეასრულოს სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ, თუ გაუქმების საფუძველი შესაგებლის საპატიო მიზეზით წარუდგენლობაა.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც წინამდებარე საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ მომხდარა შესაგებლის წარდგენისათვის კონკრეტული ვადის განსაზღვრა რისი ვალდებულებაც სსსკ-ის 240-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად სასამართლოს ჰქონდა, აღნიშნული შემთხვევა, როგორც სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, მოპასუხეს აძლევდა შესაძლებლობას თავისი შესაგებელი წარედგინა უშუალოდ სხდომაზე, სასამართლო კი, ვალდებული იყო, მიეღო მოპასუხის შესაგებელი და შეეფასებინა იგი.
26. საქართვლოს უზენაესი სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ რამდენადაც დადგინდა, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში, მოპასუხის მიერ პროცესზე წარდგენილი შესაგებლის სასამართლოს მიერ მიღების წინაპირობები არსებობდა, ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა გაეთვალისწინებინა მისი შინაარსობრივი მხარეც.
27. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილია მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი. ამ ტიპის შედავების წარდგენისას მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს); ასევე, ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნას ხანდაზმულად მიიჩნევს (სსკ-ის 144-ე მუხლი). ასევე მოთხოვნის შემაფერხებელ შესაგებელთან გვაქვს საქმე, როდესაც მოპასუხე უთითებს მოსარჩელის მხრიდან საპასუხო მოქმედების შესრულებაზე (სსკ-ის 369-ე მუხლი), შესრულების ვადის დაუდგომლობაზე (სსკ-ის 361.2 მუხლი). ხანდაზმულობა სამართალში ფაქტის საკითხია. შესაბამისად, თუ ამის თაობაზე მოპასუხეს არ მიუთითებია შესაგებელში, ან მოსამზადებელ სხდომაზე მაინც, იგი ვერ გახდება სასამართლოს განხილვის საგანი.
28. სარჩელის მიხედვით, 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, მოსარჩელესა და სს „ე....-ის“ გაკოტრების მმართველს შორის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 121 პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნატურით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება და, ასევე, დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 ლარის ოდენობით, მათ შორის, მოპასუხის დავალიანების - 25 282.22 ლარის მოთხოვნის უფლება. ეს დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა სს „ს.გ.ს.ე–იის“ მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად, რაც დასტურდება აბონენტის ბარათით და ქვითრით.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 3 წელია. წინამდებარე საქმეზე, მოსარჩელისათვის მოთხოვნის დათმობის მომენტიდან (2010 წლიდან) სარჩელის აღძვრამდე (2019 წლამდე) გასულია თითქმის 10 წელი, შესაბამისად, სსკ-ის 129.1 მუხლის მიხედვით, მოთხოვნა ხანდაზმულია.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რასაც შეიძლება არსებითად ემოქმედა საქმის გადაწყვეტის საბოლოო შედეგზე. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან. კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
32. კასატორი „სახელმწიბო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი