საქმე №ას-904-2021 19 დეკემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – პ.ე–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ჰ.გ.მ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.06.2021 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.03.2020 წლის გადაწყვეტილებით პ.ე–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი შპს „თ.ჰ.გ.მ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, განაცდური ხელფასის ანაზღაურებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე და ახალი გადაწყვეტილებით - ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.06.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ მოპასუხე რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 01.08.2016 წელს საიდენტიფიკაციო კოდით - ........ მისი პარტნიორია შპს „S.A. O.“ (100% წილი).
3.2. მოსარჩელე მოპასუხის ერთ-ერთ დირექტორად სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული იყო 03.11.2017 წლიდან 31.01.2019 წლამდე.
3.3. მოსარჩელე მოპასუხის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა მოპასუხის კაპიტალის 100% წილის მფლობელი პარტნიორის - შპს „S. A.O“-ს გადაწყვეტილებით. აპელანტის (მოსარჩელის) მითითება იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების სათაურში გამოკვეთილი არ არის შპს „S. A. O“-ის, როგორც პარტნიორის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი არ შეიძლება გახდეს, რადგან სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით უდავოდ დადგენილია, რომ შპს „S.A.O“ არის მოპასუხის კაპიტალის 100% წილის მფლობელი პარტნიორი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
3.4. საწარმოს დირექტორთან დადებული ვალდებულებით-სამართლებრივი აქტის შეწყვეტის მარეგულირებელი ნორმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (შემდეგში სსკ) უნდა იქნას მოძიებული. მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სამოქალაქო მხარე ყველაზე ახლოს დავალების ხელშეკრულებასთან დგას, რამდენადაც სსკ-ის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. სსკ-ის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სამეწარმეო იურიდიულ პირს შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.
3.5. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის კაპიტალის 100% წილის მქონე პარტნიორმა შეწყვიტა ხელშეკრულება ერთ-ერთ დირექტორთან - მოსარჩელესთან, რისი სრული უფლებამოსილებაც გააჩნდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტისა და სსკ-ის 720-ე მუხლიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცებას იმის შესახებ, თუ რამდენად ჯეროვნად ასრულებდა იგი დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, დავის არსებითად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს.
3.6. იურიდიულ პირსა და მის წარმომადგენლობითი/ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების დავალების სამართლებრივ ურთიერთობად მიჩნევის მიუხედავად, ამ ურთიერთობას ასევე გააჩნია დირექტორის მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია შრომითი ურთიერთობისათვის. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან დაცულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტის მოთხოვნა. ასევე, უდავოა, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულების შეწყვეტისას აუნაზღაურდა კომპენსაცია 2 თვის ხელფასის - 16 000 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით და საცხოვრებელი ბინის ქირა 2 თვის - 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, სულ - 56695.30 ლარი.
3.7. სამუშაოზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის თანმდევ შედეგს. ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერება არ დასტურდება, შესაბამისად, არც სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორის თანამდებობიდან (მოსარჩელე მოპასუხის ერთ-ერთ დირექტორად მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული იყო 03.11.2017 წლიდან 31.01.2019 წლამდე) გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
9. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი კანონი) მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. მითითებული ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საწარმოს შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
10. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ყველაზე უფრო რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან არის ეს ურთიერთობა ახლოს. პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. ამდენად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დირექტორსა და ამ იურიდიულ პირს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა დავალების ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც დირექტორი საწარმოს სახელითა და ხარჯზე ახორციელებს მისთვის წესდებით/კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს (სუსგ №ას-1203-2018, 25.04.2019წ.). საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და მეწარმეთა შესახებ კანონის ნორმებთან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სუსგ №ას-895-845-2015, 29.01.2016წ.). მსგავსი კატეგორიის დავების სამართლებრივი მოწესრიგებისათვის შრომის კოდექსის ნორმების გამოყენება დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონიდან (სუსგ №ას-240-228-2016, 28.09.2016წ; №ას-23-23-2016, 09.03.2016წ; №ას-160-2021, 21.07.2022წ; №ას-868-2021, 20.10.2022წ; №ას-477-2020, 20.10.2022წ.).
11. შესაბამისად, საწარმოსა და დირექტორს შორის ურთიერთობა შინაარსობრივად არ წარმოადგენს ჩვეულებრივ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას. შპს-სა და დირექტორს შორის ურთიერთობა ეფუძნება ორ სამართლებრივ დოკუმენტს: დანიშვნის აქტსა და სასამსახურო ხელშეკრულებას. დანიშვნა დირექტორს აქცევს შპს-ს ორგანოდ და მის კანონიერ წარმომადგენლად. ამ დროს ისეთივე წარმომადგენლობით ურთიერთობას აქვს ადგილი, როგორც ეს რწმუნებულის შემთხვევაში გვხვდება (როინ მიგრიაული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და დირექტორს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა და დასრულება (შედარებითი ანალიზი გერმანულ სამართალთან, Georgian Electronic Scientific Journal: Jurisprudence#2-2004, http://gesj.internet-academy.org.ge/ge/list_artic_ge.php?b_sec=jur&issue=2004-12).
12. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მას ზუსტად განსაზღვრავს საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 მუხლი და შეიძლება, დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას სასამსახურო ხელშეკრულებისაგან (სუსგ №ას-1337-2019, 02.03.2020წ.).
13. ამდენად, დირექტორი არ წარმოადგენს ჩვეულებრივ დასაქმებულ პირს და შესაბამისად, შრომის კანონმდებლობით დასაქმებულთა დაცვის მიზნით დადგენილი ნორმები დირექტორის მიმათ არ მოქმედებს (დაწვრილებით იხ: ლაშა ცერცვაძე, დირექტორატის მოვალეობები კომპანიების შერწყმისას და საკონტროლო პაკეტის გასხვისებისას. სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2015წ., გვ.65.)
14. სსკ-ის 720-ე მუხლის პირველი ნაწილით, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. დირექტორისათვის საწარმოს მართვის უფლების მინიჭების რისკის საკომპენსაციოდ პარტნიორებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რაიმე საფუძვლის, მოტივისა და მიზეზის მითითების გარეშე გაანთავისუფლონ დირექტორი თანამდებობიდან (როინ მიგრიაული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და დირექტორს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა და დასრულება (შედარებითი ანალიზი გერმანულ სამართალთან, Georgian Electronic Scientific Journal: Jurisprudence#2-2004, http://gesj.internet-academy.org.ge/ge/list_artic_ge.php?b_sec=jur&issue=2004-12).
15. უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, დაუშვებელია მეწარმე სუბიექტის საქმიანობაში იმგვარი ჩარევა, რომ პარტნიორს შეეზღუდოს საწარმოს დირექტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილება, რაც მას მინიჭებული აქვს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91.6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით. საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან (შდრ. სუსგ №ას-1203-2018, 25.04.2019წ; №ას-302-287-2016, 15.07.2016წ; №ას-23-23-2016, 09.03.2016წ; №ას-1799-2019, 27.04.2020წ.).
16. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე იყო კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორი, რომელიც თანამდებობიდან გათავისუფლდა მოპასუხის კაპიტალის 100% წილის მფლობელი პარტნიორის გადაწყვეტილებით. დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულების შეწყვეტისას მიეცა 2 თვის ხელფასის კომპენსაცია და 2 თვის საცხოვრებელი ბინის ქირა. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოპასუხე უფლებამოსილი იყო მოსარჩელესთან (სამეწარმეო საზოგადოების დირექტორთან) შეეწყვიტა ხელშეკრულება. შესაბამისად, სარჩელი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მართებულად არ დაკმაყოფილდა.
17. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მითითებული საკითხი მსგავსად წესრიგდება ამჟამად მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითაც, რომელიც პირდაპირ ადგენს ხელმძღვანელი პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას ნებისმიერ დროს, შესაბამისი საფუძვლის მითითების გარეშე (44-ე მუხლის მე-3 პუნქტი), ასევე - განსაზღვრავს, რომ დირექტორსა და სამეწარმეო საზოგადოებას შორის ურთიერთობაზე არ ვრცელდება შრომის სამართლის დებულებები (45-ე მუხლის პირველი პუნქტი).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. რაც შეეხება საქმეზე მტკიცებულებების დართვისა და მოწმის დაკითხვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობებს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს (შდრ. სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019წ; №ას-48-2020, 17.09.2020წ.). მოწმის ჩვენება, როგორც ერთ-ერთი დასაშვები მტკიცებულებათაგანი, ასევე ვერ იქნება მიღებული საკასაციო პალატის მიერ, რაც მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია (შდრ. სუსგ №ას-928-890-2014, 02.10.2015წ; №ას-877-2020, 22.03.2022წ.). არ არსებობს მოწმის დაკითხვისა და საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე შუამდგომლობების დაკმაყოფილების საფუძველი, მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს.
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ.ე–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. პ.ე–ს (გერმანიის პასპორტის №C4......) უკან დაუბრუნდეს ი/მ პ.ხ–ის (პ/ნ: .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 25.08.2021წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. პ.ე–ის შუამდგომლობები მოწმის დაკითხვისა და საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს. მტკიცებულებები დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს (ს.ფ. 449-455, 457-473).
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
თეა ძიმისტარაშვილი