საქმე №ას-674-2024 6 ივნისი, 2025 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი – სს "თ–ი" (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – იმა "მ–ის" დამფუძნებელი წევრები: ქ.ბ–ი, მ.ბ–ი, თ.თ–ი, გ.ა–ი, თ.შ–ნი (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)
II კასატორი – იმა "მ–ის" დამფუძნებელი წევრები: ქ.ბ–ი, მ.ბ–ი, თ.თ–ი, გ.ა–ი, თ.შ–ნი (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "თ–ი" (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სს "თ–ის" (შემდეგში: ძირითადი მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, გამყიდველი საწარმო, ან პირველი კასატორი,) სარჩელი იმა "მ–ის" დამფუძნებელი წევრების: ქ.ბ–ის, მ.ბ–ის, თ.თ–ის, გ.ა–ისა და თ.შ–ნის (შემდეგში: მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები, მყიდველი, აპელანტი ან მეორე კასატორი მხარე) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა; ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრათ 106 684.52 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით, ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იყო სს „თ–ისთვის“, ამხანაგობის სასარგებლოდ, ელექტროენერგიის გატარების საფასურის/თმენის კომპენსაციის - 199 943.12 ლარის დაკისრება არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
2.1. მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:
2.1.1. ამხანაგობამ, 2002 წლის 13 ივნისს ქსელზე მიერთების მიზნით, ტექნიკური პირობის მომზადების შესახებ განცხადებით მიმართა მოსარჩელეს, რომელმაც 2002 წლის 14 ივნისს გასცა N ტექ-302 ტექნიკური პირობა, რომლის თანახმადაც, საცხოვრებელი სახლების ელექტრომომარაგების მიზნით, ობიექტის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო და დამონტაჟებულიყო სატრანსფორმატორო ქვესადგური 6კვტ-იანი გამანაწილებელი მოწყობილობით 10 უჯრედზე თანდართული პროექტის მიხედვით, დამკვეთის სახსრებით, ლიცენზირებული კონტრაქტორის მიერ და მოსარჩელე საწარმოს მეთვალყურეობის ქვეშ.
2.1.2. ობიექტის 2003 წლის 20 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტით შეფასდა სატრანსფორმატორო ქვესადგურის მდგომარეობა და ობიექტი, სატრანსფორმატორო ქვესადგური და კაბელები გაეშვა ექსპლოატაციაში.
2.1.3. მოსარჩელე საწარმოს დაბალი ძაბვის ქსელის პროექტირებისა და მონტაჟის განყოფილების ინჟინრის 2003 წლის 17 მარტის N 25 ბრძანების თანახმად, ახალ სატრანსფორმატორო ქვესადგურს მიენიჭა სააბონენტო ნომერი N ა-2002 და ის დარჩა აბონენტის მომსახურებაში მშენებლობის დამთავრებამდე, რომლის შემდეგაც სატრანსფორმატორო ქვესადგური უნდა გადასულიყო მოსარჩელე საწარმოს ბალანსზე.
2.1.4. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის 2003 წლის 16 მაისის აქტის თანახმად, ობიექტის ელ. ხარჯის აღრიცხვის მიზნით მრიცხველები დაყენდა მაღალი ძაბვის მხარეს და ობიექტის ელ. მეურნეობის ტექნიკური მდგომარეობა მაღალი ძაბვის მხარეს შეფასდა დამაკმაყოფილებლად. ელ. მონტაჟი შესრულებულია ელ. დანადგართა მოწყობის წესების დაცვით. აღნიშნული აქტის თანახმად, ენერგოზედამხედველობის სამსახური დაეთანხმა აღნიშნული კაბელებისა და ტრანსფორმატორების ქსელზე მიერთებას.
2.1.5. ამხანაგობა 2004 წლის თებერვლის თვიდან რეგისტრირებულია მოსარჩელე კომპანიის აბონენტად სააბონენტო ნორმით N 4173815.
2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. ამხანაგობის დაფუძნების შესახებ, 2004 წლის 09 ივნისის სანოტარო აქტის თანახმად, თბილისი, ....... ქუჩებს შორის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად დაფუძნდა ამხანაგობა, რომლის თავმჯდომარედაც არჩეულ იქნა ქ.ბ–ი. მიმდინარე პერიოდისათვის ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს წარმოადგენენ: ქ.ბ–ი, თ.თ–ი, გ.ა–ი, თ.შ–ნი და მ.ბ–ი.
2.2.2. ამხანაგობის მიერ, 2002 წლის 14 ივნისის N ტექ-302 ტექნიკური პირობის საფუძველზე, საცხოვრებელი სახლების ელექტრომომარაგების მიზნით აშენებული სატრანსფორმატორო ქვესადგური მიმდინარე პერიოდისთვისაც წარმოადგენს ამხანაგობის საკუთრებას. აღნიშნული სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან (სააბონენტო ნომრით N ა-2002) ელექტროენერგია მიეწოდება თბილისი, ........ ქუჩებს შორის ამხანაგობის მიერ აშენებული 10 საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. ამ მიზნით სატრანსფორმატორო ქვესადგურზე მოწყობილია 10 განშტოება და, 2016 წლის აგვისტოსდან, თითოეულ განშტოებაზე დამონტაჟებულია 10 საკონტროლო (საბალანსო) მრიცხველი. ამასთან, აღნიშნული 10 საცხოვრებელი კორპუსიდან 8 საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა (ჯამში 448 აბონენტი) წარმოადგენს ძირითადი სარჩელით მოსარჩელე საწარმოს ინდივიდუალურ აბონენტებს, განსხვავებით დარჩენილი 2 კორპუსის (...... ქუჩა, კორპუსი №7 და ........ ქუჩა, კორპუსი N 2) მაცხოვრებლებისგან, რომლებიც არ წარმოადგენენ მოსარჩელე საწარმოს ინდივიდუალურ აბონენტებს, მათთვის ელექტროენერგიის მიწოდებას და მათთან შემდგომ ანგარიშსწორებას ახორციელებს უშუალოდ ამხანაგობა ამ სატრანსფორმატორო ქვესადგურის მეშვეობით მოსარჩელე საწარმოსგან მიღებული (ნაყიდი) ელექტროენერგიით.
2.2.3. ძირითადი სარჩელის მოპასუხეებს - ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს, მოსარჩელე საწარმოს სასარგებლოდ, სოლიდარულად ეკისრებათ 2019 წლის იანვრის შემდეგ, 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით ამხანაგობის სააბონენტო N 4173815 ბარათზე რიცხული მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების - 106 684.52 ლარის გადახდის ვალდებულება.
2.2.4. დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ამხანაგობა წარმოადგენს 6 კვტ-იანი სატრანსფორმატორო ქვესადგურის მესაკუთრეს, საიდანაც ელექტროენერგია მიეწოდება ქ. თბილისი, ....... ქუჩებს შორის ამხანაგობის მიერ აშენებული 10 საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. ამასთან, დადგენილია, რომ მითითებულ მისამართზე ჯამში 8 კორპუსის მოსახლეობა (448 აბონენტი) აბონირებულია მოსარჩელე საწარმოს მიერ და ისინი, ისევე როგორც უშუალოდ ამხანაგობა, წარმოადგენენ ძირითადი სარჩელით მოსარჩელე სწარმოს აბონენტებს. დადგენილია, რომ 2004 წლის თებერვლიდან ამხანაგობა რეგისტრირებულია მოსარჩელე საწარმოს საბონენტად სააბონენტო ნორმით N ..... ამ აბონენტის ბრუნვის ისტორიაზე დაყრდნობით (იხ. ტ.1, ს.ფ.29-34), მოსარჩელე საწარმო მოითხოვს ამხანაგობის დამფუძნებელი წევრებისთვის 2019 წლის იანვრის შემდეგ 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით წარმოშობილი დავალიანების - 106 684.52 ლარის დაკისრებას. ძირითადი სარჩელით მოპასუხეებმა სასარჩელო მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ, 65 652.38 ლარის დაკისრების ნაწილში, რომელიც, მათი განმარტებით, წარმოადგენს სადავო პერიოდში იმ არააბონირებული ორი კორპუსის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოხმარების საფასურს, რომლებსაც ელექტროენერგია მიეწოდებათ უშუალოდ ამხანაგობის მიერ და რომლებთანაც ეს უკანასკნელი ახორციელებს ანგარიშსწორებას. მოპასუხე მხარის განმარტებით, დავალიანების დანარჩენი ნაწილის დაკისრების ნაწილში საწარმოს სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან მოსარჩელე საწარმო მოპასუხეს არიცხავს დაკარგული ელექტროენერგიის ღირებულებასაც, ე.წ. ტექნიკურ დანაკარგებს მაშინ, როდესაც ტექნიკური დანაკარგის დარიცხვა უნდა განხორციელდეს აბონენტებზე პროპორციულად.
2.3. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, გამყიდველი საწარმო ამხანაგობას, როგორც ინდივიდუალურ აბონენტს, აწვდის ელექტროენერგიას.
2.3.1. საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის N 4173815 ისტორიით (იხ. ტ.1, ს.ფ. 29-34) დასტურდება, რომ სადავო პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ოდენობა 106 684.52 ლარს შეადგენს. დადგენილია, რომ ამხანაგობის დაფუძნების შესახებ 2004 წლის 9 ივნისის სანოტარო აქტის თანახმად, ქ. თბილისში, ........ ქუჩებს შორის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად დაფუძნდა ამხანაგობა, რომლის თავმჯდომარედაც არჩეულ იქნა ქ.ბ–ი. მიმდინარე პერიოდისათვის ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს წარმოადგენენ: ქ.ბ–ი, თ.თ–ი, გ.ა–ი, თ.შ–ნი და მ.ბ–ი.
2.3.2. ამდენად, განმარტებული სამართლებრივი დანაწესების საფუძველზე, ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს წარმოეშობათ მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურების ვალდებულება. როგორც აღინიშნა, მოპასუხეებმა სასარჩელო მოთხოვნა ცნეს მხოლოდ ნაწილობრივ - 65 652.38 ლარის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში კი მიუთითეს მოთხოვნის უსაფუძვლობაზე იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელე დავალიანებას არ ანგარიშობს საკონტროლო (საბალანსო) მრიცხველების მონაცემებიდან და მათ სააბონენტო ბარათზე რეალურად ირიცხება ე.წ. დაკარგული ელექტროენერგიის სხვაობა (ტექნიკური დანახარჯები).
2.3.3. დადგენილია, რომ გამყიდველის მიერ ამხანაგობის ქვესადგურში გატარებული ელექტროენერგია ბალანსდება დადგმული აღრიცხვის კვანძებიდან (საკონტროლო/საბალანსო მრიცხველიდან). საქმის მასალებში წარმოდგენილია აბონენტის ბრუნვის სრული ისტორია (იხ. ტ.1, ს.ფ. 332-420), რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე საწარმო ამხანაგობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს ასევე მაღალი ძაბვის სატრანსფორმატორო ქვესადგურზე დაყენებული საბალანსო (საკონტროლო) მრიცხველების მონაცემების და ამ სატრანსფორმატორო ქვესადგურის მრიცხველის მონაცემების ბალანსით.
2.3.4. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტები (იხ. ტ.1, ს.ფ. 53; 300-331), რომელიც მოიცავს სადავო პერიოდს (2019 წლის იანვრის შემდეგ პერიოდს) და რომლებითაც დასტურდება მოსარჩელის მიერ ობიექტზე განთავსებული მრიცხველების სისტემატური შემოწმების და მათი გამართულად მუშაობის ფაქტები. სასამართლომ მოპასუხეთა შედავების ფარგლებში ყურადღება მიაქცია ასევე სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ამხანაგობის ენერგეტიკოსის, ნ.ჯ–ის (პირი, რომელსაც დაევალა დანადგარის ექსპლოატაციაზე პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ მოსარჩელე საწარმოს 2003 წლის 16 მაისის აქტით) ჩვენებას, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ გამყიდველის (ძირითადი მოსარჩელე საწარმოს) მიერ სისტემატურად ხდება მრიცხველების გამართულობის შემოწმება. შესაბამისად, მხოლოდ განმარტება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე საწარმო ამხანაგობას აკისრებს ტექნიკური დანაკარგების ხარჯს, ვერ იქნება გაზიარებული. საქმეში არსებულ და განხილულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გამორიცხავს მოპასუხეთა პოზიციის დასაბუთებულობას
2.3.5. საქმის მასალებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მითითებულ სამართლებრივ დანაწესებზე დაყრდნობით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს, მოსარჩელე საწარმოს სასარგებლოდ, სოლიდარულად ეკისრებათ 2019 წლის იანვრის შემდეგ 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით ამხანაგობის სააბონენტო N 4173815 ბარათზე რიცხული მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების - 106 684.52 ლარის გადახდის ვალდებულება.
2.4. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების - ქ.ბ–ის, თ.თ–ის, გ.ა–ის, თ.შ–ნის და მ.ბ–ის სასარგებლოდ გამყიდველს (ძირითად მოსარჩელეს) არ ეკისრება ელექტროენერგიის გატარების საფასურის - 199 943.12 ლარის გადახდის ვალდებულება.
2.4.1. იმ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, ამხანაგობა წარმოადგენს 6 კვტ-იანი მაღალი ძაბვის ქვესადგურის მესაკუთრეს, საიდანაც მოსარჩელე საწარმო თავის აბონენტებს აწვდის ელექტროენერგიას, ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა მიემართება ამ ქსელის გატარების საფასურის ანაზღაურებას. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების განმარტებით, სადავო პერიოდში - 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის ივლისამდე, მათ საკუთრებაში არსებულ მაღალი ძაბვის ქვესადგურში მოსარჩელეს გატარებული აქვს 3 422 304 კვტ.სთ ელექტროენერგია, საიდანაც მოსახლეობის მიერ მოხმარებულია 2 871 991 კვტ (იხ. ცნობა- ტ.1, ს.ფ. 443) და გამყიდველი საწარმო, ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ დამტკიცების შესახებ “სემეკ”-ის 2008 წლის 18 სექტემბრის N 20-ე დადგენილების 15.1. და 15.2 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია აუნაზღაუროს ქვესადგურის მფლობელ ამხანაგობას გატარების საფასური. ამასთან, გატარების საფასურის ოდენობა შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს ნაანგარიშები აქვთ “სემეკ”-ის 2008 წლის 14 დეკემბრის N 33 დადგენილებით - განაწილების ლიცენზიატისთვის დადგენილი ტარიფების ანალოგიურად. შეგებებული სარჩელით მოპასუხე საწარმომ (გამყიდველმა) სადავო გახადა როგორც მისთვის გატარების საფასურის დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი, ასევე მიუთითა, რომ გატარების საფასური, ნაცვლად “სემეკ”-ის 2008 წლის 14 დეკემბრის N 33 დადგენილებისა, უნდა დაანგარიშდეს “სემეკ”-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილებით განსაზღვრული სპეციალური ფორმულით. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს კი არ აქვთ წარმოდგენილი მონაცემები, რომლის საშუალებითაც უნდა დაანგარიშდეს ტარიფი.
2.4.2. სასამართლომ შეგებებული სარჩელით მოპასუხე საწარმოს იმ შედავებას მიაქცია ყურადღება, რომლის თანახმადაც, მას ამხანაგობისთვის კომპენსაციის გადახდის საფუძველი თეორიულადაც კი არ გააჩნია, ვინაიდან საწარმო ამხანაგობის საკუთრებაში არსებული მაღალი ძაბვის ქსელით ამარაგებს არა მესამე პირებს, არამედ თვითონ ამხანაგობას და მის მობინადრეებს. ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ დამტკიცების შესახებ “სემეკ”-ის 2008 წლის 18 სექტემბრის N 20 დადგენილების 15.1 პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
2.4.3. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ ამხანაგობის საკუთრებაშია მაღალი ძაბვის ქვესადგური, რომლის გავლითაც მოსარჩელე საწარმო (გამყიდველი) თავის უშუალო აბონენტებს (ჯამში 448 აბონენტს) აწვდის ელექტროენერგიას. შესაბამისად, გამყიდველი (ძირითადი მოსარჩელე) სარგებლობს ამხანაგობის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით. შედავება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე საწარმოს აბონენტები წარმოადგენენ ამხანაგობის მობინადრეებს, მოსარჩელე საწარმოს არ უქმნის გატარების საფასურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობას, თუმცა, როგორც აღინიშნა, ასევე სადავოა გატარების საფასურის ოდენობა.
2.4.4. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები ითხოვენ გატარების საფასურის ანაზღაურებას 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის ივლისამდე. როგორც აღინიშნა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, არსებობს გატარების საფასურის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, თუმცა გატარების საფასურის ტარიფი ვერ დაანგარიშდება შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების მიერ მითითებული “სემეკ”-ის 2008 წლის 14 დეკემბრის N 33 დადგენილებით.
2.4.5. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილებით “სემეკ”-მა დაამტკიცა ,,მესამე პირთა მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესი’’, რომელიც 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. აღნიშნულმა დადგენილებამ დაადგინა ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასურის გაანგარიშების სპეციალური ფორმულა (წესი). შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების შეფასებით, მათი სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს არა “სემეკ”-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილების მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, არამედ “სემეკ”-ის 2008 წლის 4 დეკემბრის N 33 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ წესების’’ ანალოგიის გზით გამოყენებით, რასაც საქალაქო სასამართლო არ იზიარებს.
2.5. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ “სემეკ”-ის ხსენებული 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილების ამოქმედებით აღმოიფხვრა ის საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც არსებობდა ქსელის მფლობელ ლიცენზიატებსა და არალიცენზიატებს შორის. როგორც აღინიშნა, 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილების ამოქმედებამდე საკითხი რეგულირდებოდა ზოგადი ხასიათის ნორმებითა და “სემეკ”-ის 2008 წლის 4 დეკემბრის N 33 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ წესების’’ ანალოგიის გზით გამოყენებით (იხ. სუსგ-ები: ას-803-762-2013, 10.10.2014წ.; N ას-1174-1104-2015, 11.03.2016წ.; Nას-516-493-2016, 23.09.2016წ.; Nას-1601-2018, 11.03.2021წ.). “სემეკ”-ის 2008 წლის 4 დეკემბრის N 33 დადგენილებით ლიცენზიატებისათვის განსაზღვრული ტარიფი მოიცავდა როგორც თმენის, ისე ელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობის კომპენსაციას, ხოლო “სემეკ”-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილებით დარეგულირდა ეს საკითხიც და მსგავსად ლიცენზიატებისა, კომისიამ განსაზღვრა არალიცენზიატი მესაკუთრეების კომპენსაციის გამოანგარიშების მეთოდოლოგია.
2.5.1. ამდენად, 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილების 15.2 პუნქტით კომისიამ გაათანაბრა „ელექტროენერგიის გატარებისა’’ და „თმენის’’ გადასახადი და, მისი ანაზღაურების მანამდე არსებული წესისაგან განსხვავებით (კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად), დაადგინა შემდეგი ქცევის წესი: თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების’’ შესაბამისად. “სემეკ”-ის N 15 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფის გამოანგარიშების მეთოდოლოგია (მსგავსად ლიცენზიატებს შორის მანამდე არსებული რეგულაციისა) მიუთითებს ერთგვარ პრეზუმფციაზე, რომ არალიცენზიატის კუთვნილ ქსელში ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეულია იმ ოდენობის მომსახურება, რაც ტარიფის სახით ამ მომსახურებისთვის არის დადგენილი. თავის მხრივ, ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე, თმენის ვალდებულება უნდა განიმარტოს სწორედ ამ ურთიერთობის მახასიათებელი სპეციფიკიდან. იმ ფაქტობრივი სიტუაციიდან გამომდინარე, რომ ელ.ქსელის გამოყენება, გარდა ელ.ენერგიის გატარებისა, სხვა თვალსაზრისით შეუძლებელია, არალიცენზიატი მესაკუთრის თმენის ვალდებულებაც სწორედ ახალი რეგულაციის ფარგლებში უნდა შეფასდეს. თვითონ “სემეკ”-ის N 15 დადგენილების 2.1. მუხლის „გ’’ ქვეპუნქტით კომისიამ განსაზღვრა, რომ გატარების საფასური არის ამ წესების საფუძველზე გაანგარიშებული გატარების მომსახურების ღირებულება საანგარიშო პერიოდზე, ხოლო მე-4 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებით დაწესებულია ქსელის მფლობელი არალიცენზიატის ვალდებულება, ერთი მხრივ, (მოთხოვნის შემთხვევაში) ქსელში გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგია, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ქსელის გამართული მუშაობა. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ახალი რეგულაციის შემოღებითა (30.12.2013წ. N 15 დადგენილება) და სპეციალურ ნორმაში ცვლილების განხორციელებით (18.09.2008წ. N 20 დადგენილების 15.2 მუხლი) თმენის კომპენსაციის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრის შესაძლებლობა გაუქმდა და იგი მთლიანად მოაწესრიგა “სემეკ”-ის N 15 დადგენილებამ, ანუ გატარების მომსახურება და თმენის კომპენსაცია, კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში გაიგივდა და თუ სახეზე არ გვაქვს მხარეთა განსხვავებული შეთანხმება, იგი “სემეკ”-ის ზემოხსენებული დადგენილებით დამტკიცებული ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად გამოითვლება (იხ. სუსგ N ას-1174-1104-2015, 11.03.2016წ.).
2.5.2. ამდენად, ცალსახაა, რომ „სემეკ“-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილებით, 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესები’’, რომლითაც დარეგულირდა ურთიერთობა, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს და მეორე მხრივ, ქსელის მფლობელს შორის, რომელიც არ არის განაწილების, გადაცემის ლიცენზიატი. ამ ,,წესებით“, რომელიც ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზეა მიღებული, თმენის კომპენსაცია გათვალისწინებული აღარ არის. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 1 იანვრის შემდგომ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს აღნიშნული დადგენილებით დაწესებული ,,წესები’’, რომლის მიხედვით, მითითებული დადგენილებების შესაბამისად, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისთვის კომპენსაციის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ განაწილების ლიცენზიატებს, თუმცა მფლობელობაში გააჩნიათ ელექტროენერგიის მომარაგების ქსელი. ამასთან, ელექტროენერგიის გატარების საფასური უნდა დაანგარიშდეს ამავე დადგენილებით განსაზღვრული მეთოდის (ფორმულის) შესაბამისად. დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასური („R“) გაიანგარიშება გატარების ფასის („P“) გამრავლებით ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე („W“) (ფორმულა: R = P *W). გატარების საფასურის („P“) გაანგარიშება ხდება გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულების გამრავლებით მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებაზე - 0.2 (20%) და გაყოფით ქსელის მფლობელის ტრანსფორმატორის ან/და ელექტროგადამცემი ხაზის წლიურ (საპროექტო) გამტარუნარიანობაზე (კვტ.სთ) (ფორმულა: P = (A * K) / (S)).
2.5.3. ამდენად 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა წესი (ფორმულა), რომლის მიხედვითაც, უნდა განხორციელდეს ქსელის მფლობელის კომპენსირება მისი ქსელით სარგებლობის თმენისათვის, რომელსაც ასევე სჭირდება ელექტროენერგიის გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, აქტივების საბალანსო ღირებულებების მითითებით, ინფორმაცია და დოკუმენტაციის წარდგენა ელექტროენერგიის გატარებაში მონაწილე აქტივების წლიური გამტარუნარიანობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს არ მიუთითებიათ და არ წარმოუდგენიათ აღნიშნული ინფორმაცია, მიუხედავად თუნდაც იმ ფაქტისა, რომ შეგებებული სარჩელის მოპასუხე მხარე შესაგებელშივე, საქმის მომზადების ეტაპზევე, შეედავა აღნიშნულ საკითხს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო დანაწესები ითვალისწინებს არალიცენზიატი პირის სასარგებლოდ ქსელით სარგებლობის კომპენსაციის ანაზღაურების შესაძლებლობას, იმისთვის, რომ მოხდეს ამ შესაძლებლობის პრაქტიკული რეალიზება და მოსარჩელისთვის გატარების საფასურის თანხის დაკისრება სპეციალური ფორმულის მეშვეობით, თუნდაც დადგენილი წესით სასამართლოს გაანგარიშებით, აუცილებელია, ელექტროენერგიის გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა აქტივების საბალანსო ღირებულებების მითითებით. ასევე ინფორმაციის და დოკუმენტაციის წარმოდგენა ელექტროენერგიის გატარებაში მონაწილე აქტივების წლიური გამტარუნარიანობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორები მხოლოდ მიუთითებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სადავო პერიოდში მათ ქსელში გატარდა 3 332 942 კვტ.სთ ელექტროენერგია. აღნიშნული მონაცემები, ცხადია, არაა საკმარისი მითითებული წესით (ფორმულით) გატარების საფასურის განსასაზღვრად, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მონაცემიც კი სადავოა იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ქსელში ტარდება როგორც გამყიდველის ელექტროენერგია, ასევე უშუალოდ ამხანაგობის ელექტროენერგია, რომელიც, თავის მხრივ, ამ ელექტროენერგიის რეალიზებას ახორციელებს არააბონირებულ მოსახლეობაზე.
2.6. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმის მასალების თანახმად, ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას, კერძოდ, ძირითადი მოსარჩელე საწარმო მოითხოვს მოპასუხე მხარისაგან, ამ უკანასკნელის მიერ გადაუხდელი დავალიანების - 106 684.52 ლარის ანაზღაურებას, რაც ამხანაგობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას წარმოადგენს. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი შესაბამისი ნორმების განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია როგორც მოთხოვნილი დავალიანების შესაბამისი ოდენობით არსებობის ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხეს ეკისრება ამ ოდენობის დავალიანების ანაზღაურება ძირითადი მოსარჩელის მიმართ. კერძოდ, დადგენილია, რომ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად ეკისრებათ 2019 წლის იანვრის შემდეგ 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით ამხანაგობის სააბონენტო N 4173815 ბარათზე რიცხული მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების - 106 684.52 ლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნულის საფუძველზე წარმოდგენილი ძირითადი სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლომ ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულად მიიჩნია და დააკმაყოფილა.
2.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დასაბუთებულად მიიჩნია შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების მითითება იმის თაობაზე, რომ ამხანაგობას, როგორც განაწილების არალიცენზიატ ქსელის მფლობელ პირს, აქვს უფლება, მოითხოვოს მოსარჩელისგან მისი ქსელით სარგებლობის კომპენსაცია - გატარების საფასური. სასამართლომ განსაზღვრა, რომ გატარების საფასურის გამოანგარიშების წესი და ფორმულა დადგენილია „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილებით, თუმცა, ვინაიდან შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს გატარების საფასური არ ჰქონდათ გამოანგარიშებული ამ წესის მიხედვით და არც წარმოდგენილი ჰქონდათ ის აუცილებელი მტკიცებულებები, რომელთა წარმოდგენის შემთხვევაშიც სასამართლო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფარგლებში დადგენილი წესით თავად უზრუნველყოფდა გატარების საფასურის დაანგარიშებას, წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი ჩაითვალა უსაფუძვლოდ. დადგენილია, რომ გამყიდველ საწარმოს შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების სასარგებლოდ არ ეკისრება ელექტროენერგიის გატარების საფასურის - 199 943.12 ლარის გადახდის ვალდებულება, რაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ძირითადი სარჩელით მოპასუხეებმა (ამხანაგობის დამფუძნებელმა წევრებმა), რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს ძირითადი სარჩელის 41 032.14 ლარის დაკმაყოფილების ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ძირითადი მოსარჩელე საწარმოს მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს 65 652.38 ლარის გადახდა დაეკისრათ.
3.3. სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის პრეტენზიების შეფასების შედეგად დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არამართებულად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი და არსებობდა აპელანტების პრეტენზიების ნაწილობრივ გაზიარების საფუძველი.
3.4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა: დადგენილია, რომ ძირითადი სარჩელით მოპასუხე სარჩელს ცნობს 65 652.38 ლარის ნაწილში, შესაბამისად, აპელანტთა მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია 41 032.14 ლარის დაკისრების ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, 41 032.14 ლარის ნაწილში დაკისრებული ვალდებულების კანონიერების შეფასება, მეორეს მხრივ, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შეფასება.
3.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, რომლის თანახმადაც გამყიდველი/მოსარჩელე საწარმო ამხანაგობას, როგორც ინდივიდუალურ აბონენტს, აწვდის ელექტროენერგიას. აბონენტია მყიდველი ე.ი. მომხმარებელი, რომელთანაც განაწილების ლიცენზიატი დებს ხელშეკრულებას. აბონენტი, რომელიც სარგებლობს და მოიხმარს ელექტროენერგიას შესაძლებელია იყოს, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრე, ასევე მფლობელი. “სემეკ”-ის დადგენილება, მითითებულ სუბიექტებს (მესაკუთრე, მფლობელი) ერთმანეთთან არ აიგივებს და მომხმარებელში ყოველთვის ნივთის მესაკუთრეს არ მოიაზრებს. დღეის მდგომარეობით შესაძლებელია მესაკუთრეს ნივთზე მფლობელობა რომელიმე სახელშეკრულებო საფუძვლით გადაცემული ჰქონდეს სხვა პირზე (ქირავნობა, იჯარა და ა.შ) და თვითონ არ წარმოადგენდეს მიწოდებული ელექტროენერგიის მომხმარებელს.
3.6. დადგენილია, რომ ამხანაგობის მიერ 2002 წლის 14 ივნისის N ტექ-302 ტექნიკური პირობის საფუძველზე საცხოვრებელი სახლების ელექტრომომარაგების მიზნით აშენებული სატრანსფორმატორო ქვესადგური მიმდინარე პერიოდისთვისაც ამხანაგობის საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნული სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან (სააბონენტო ნომრით N ა-....) ელექტროენერგია მიეწოდება ქ. თბილისში, ........ ქუჩებს შორის ამხანაგობის მიერ აშენებული 10 საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. ამ მიზნით სატრანსფორმატორო ქვესადგურზე მოწყობილია 10 განშტოება და, 2016 წლის აგვისტოსდან, თითოეულ განშტოებაზე დამონტაჟებულია 10 საკონტროლო (საბალანსო) მრიცხველი. ამასთან, აღნიშნული 10 საცხოვრებელი კორპუსიდან 8 საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა (ჯამში 448 აბონენტი) წარმოადგენს ძირითადი სარჩელით მოსარჩელე საწარმოს ინდივიდუალურ აბონენტებს, განსხვავებით დარჩენილი 2 კორპუსის (..... ქუჩა, კორპუსი N 7 და ......ქუჩა, კორპუსი N 2) მაცხოვრებლებისგან, რომლებიც არ წარმოადგენენ გამყიდველი საწარმოს ინდივიდუალურ აბონენტებს, მათთვის ელექტროენერგიის მიწოდებას და შემდგომ ანგარიშსწორებას ახორციელებს უშუალოდ ამხანაგობა მისი კუთვნილი სატრანსფორმატორო ქვესადგურის მეშვეობით გამყიდველისგან/მოსარჩელე საწარმოსგან მიღებული (ნაყიდი) ელექტროენერგიით.
3.7. ძირითადმა მოსარჩელემ თავისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად სასამართლოს მიუთითა, რომ მოპასუხეების მხრიდან ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ, მხარეთა შორის დასრულებულია ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, მოპასუხეების მიერ არ არის გადახდილი მოსარჩელის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური სრულად. მოპასუხეებმა (ამხანაგობის დამფუძნებელმა წევრებმა) სასარჩელო მოთხოვნა ცნეს მხოლოდ ნაწილობრივ, 65 652.38 ლარის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში კი მიუთითეს მოთხოვნის უსაფუძვლობაზე იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელე საწარმო დავალიანებას არ ანგარიშობს საკონტროლო (საბალანსო) მრიცხველების მონაცემებიდან და მათ სააბონენტო ბარათზე რეალურად ირიცხება დაკარგული ელექტროენერგიის სხვაობა (ე.წ. ტექნიკური დანახარჯები). ამასთან უდავოა, რომ ამხანაგობის საკუთრებაში არსებული სატრანსფორმატორო ქვესადგური ემსახურება 10 საცხოვრებელ კორპუსს, საიდანაც 8 საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა წარმოადგენს მოსარჩელე საწარმოს (ელენერგიის გამყიდველის) აბონენტს და ანგარიშსწორებას ახორციელებს შესაბამისად საწარმოსთან, ანსხვავებით დანარჩენი 2 საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობისაგან, რომლებიც ანგარიშსწორებას ამხანაგობასთან ახორციელებენ, ვინაიდან არ წარმოადგენენ მოსარჩელე საწარმოს აბონენტებს, თუმცა ათივე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობისათვის განკუთვნილი ელექტროენერგია გადის ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ სატრანსფორმატორო ქვესადგურს და შემდეგ, ინდივიდუალური მრიცხველების საშუალებით ნაწილდება როგორც უშუალოდ ძირითადი მოსარჩელე საწარმოს 8 საცხოვრებელი კორპუსის აბონენტებზე, ისე - ამხანაგობის 2 საცხოვრებელი კორპუსის აბონენტებზე.
3.8. დადგენილია, რომ ამხანაგობის დაფუძნების შესახებ 2004 წლის 9 ივნისის სანოტარო აქტის თანახმად, ქ. თბილისში, ......... ქუჩებს შორის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად დაფუძნდა ამხანაგობა, რომლის თავმჯდომარედაც არჩეულ იქნა ქ.ბ–ი. მიმდინარე პერიოდისათვის ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს წარმოადგენენ: ქ.ბ–ი, თ.თ–ი, გ.ა–ი, თ.შ–ნი და მ.ბ–ი (შეგებებული სარჩელის აღმძვრელი მხარე).
3.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია და სააპელაციო საჩივრითაც არაა შედავებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სატრანსფომატორო ქვესადგური წარმოადგენს ამხანაგობის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომელიც ჩართულია ქსელში და მიეწოდება ელექტროენერგია. სატრანსფორმატორო ქვესადგურზე დამონტაჟებულია საკონტროლო/საბალანსო მრიცხველი, რომელიც აღრიცხავს მასში გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. ასევე, სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან გამომავალ ქსელზე, რომლითაც ელექტროენერგია მიეწოდება საცხოვრებელ კორპუსს, თითოეული მომხმარებლისათვის/აბონენტისათვის, ინდივიდუალურად მოწყობილია აღრიცხვის კვანძი - დაყენებულია საანგარიშსწორებო მრიცხველები. მათი მეშვეობით ხდება თითოეული აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის განსაზღვრა და ანგარიშსწორება. სატრანსფორმატორო ქვესადგურზე არსებული მრიცხველის ჩვენებას (მასში გატარებული ელექტოენერგიის რაოდენობას) აკლდება მითითებული აბონენტების მრიცხველების მიერ ჯამურად აღრიცხული ელექტოენერგიის რაოდენობა. შესაბამისად, საკონტროლო და აბონენტების მრიცხველებს შორის არსებული სხვაობა წარმოადგენს ელექტროენერგიის ტრანსპორტირების ტექნოლოგიურ ხარჯს (ე.წ. ტექნიკურ დანაკარგს).
3.10. საქმის მასალებით დგინდება სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე საწარმო არ ასრულებს “სემეკ”-ის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილების მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვალდებულებას, კერძოდ, საკონტროლო მრიცხველსა და თითოეული აბონენტის იდივიდიუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობის გადანაწილებას მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად არ ახორციელებს და ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა პირდაპირ არის დარიცხული ამხანაგობისთვის, სწორედ ამ ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობაა მოთხოვნილი გამყიდველი საწარმოს ძირითადი სარჩელით, რაც, თავის მხრივ, შედავებულია სააპელაციო წესით ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიერ 41 032.14 ლარის ოდენობით.
3.11. სააპელაციო სასამართლოს ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მე-9 და მე-10 საკონტროლო საბალანსო მრიცხველით ელექტროენერგია მიეწოდება იმ საცხოვრებელ ორ კორპუსს, რომელთა მობინადრეები ამ ეტაპზე არ წარმოადგენენ მოსარჩელე საწარმოს აბონენტებს. შესაბამისად, ამ საკონტროლო-საბალანსო მრიცხველებში გატარებული ელექტროენერგიის ღირებულების, რაც სადავო პერიოდში შეადგენს 65 652.38 ლარს, გადახდის ვალდებულება ეკისრება ამხანაგობას.
3.12. დადგენილია, რომ მოსარჩელე საწარმოს, 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე, არ შეუმოწმებია ამხანაგობის ხარჯით დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველები და საჭიროების შემთხვევაში არ შეუცვლია “სემეკ”-ის 2007 წლის 20 ივლისის N12 დადგენილების შესაბამისად. ამხანაგობის სატრანსფორმატორო ქვესადგურზე დამონტაჟებულია საკონტროლო მრიცხველები, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორია ადასტურებს, რომ გამყიდველი საწარმო მას არ იყენებს და ე.წ ქვეაბონენტების მიერ მოხმარებული ელ. ენერგიის დანაკარგი დარიცხული აქვს ამხანაგობისთვის.
3.13. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის სააპელაციო პრეტენზია 41 032.14 ლარის დავალიანების დაკისრების ნაწილში მოთხოვნის უსაფუძვლობასთან მიმართებით, ვინაიდან გამყიდველი საწარმო ამხანაგობას არიცხავს დაკარგული ელექტროენერგიის ღირებულებასაც, ე.წ. ტექნიკურ დანაკარგებს მაშინ, როდესაც ე.წ. ტექნიკური დანაკარგი აბონენტებზე პროპორციულად უნდა დაირიცხოს. აღნიშნული გაანგარიშება მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია. საქმეში მოსარჩელის მიერ (იხ. ტ.1, ს.ფ. 298-299; ს.ფ. 332-356) წარმოდგენილია აბონენტი Nა....-ის ელექტრომომარაგების ცალხაზოვანი სქემა და ბრუნვის ისტორია, რომლის თანახმად, ამხანაგობის აბონენტების (ორი საცხოვრებელი კორპუსი) ელექტროენერგიის მოხმარება სადაო პერიოდში შეადგენს 332 948 კვტ/სთ-ს, რომლის ღირებულებაა 65 652,38 ლარია, რა ნაწილშიც აპელანტმა (ძირითადი სარჩელის მოპასუხემ) ცნო სასარჩელო მოთხოვნა.
3.14. მოსარჩელე საწარმოს მიერ გაცემული წერილის (იხ. ტ.1, ს.ფ.443) თანახმად, ამხანაგობის კუთვნილ მრიცხველში სადავო პერიოდში გატარებული 3 422 304 კვტ-დან მოსახლეობის მიერ მოხმარებულია 2 871 991 კვტ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა გარემოებაზე, რომ მოსარჩელე საწარმოს მიერ წარმოდგენილ აბონენტის ბრუნვის ისტორიაში მითითებული ამხანაგობის კუთვნილ მრიცხველში (N9 და N10 საბალანსო/საკონტროლო მრიცხველები, იხ. ტ.1, ს.ფ. 38-61; ს.ფ. 62-126) გატარებული ელექტროენერგიის ოდენობა და აპელანტის მიერ წარმოდგენილი ცხრილების მიხედვით (ტ.1, ს.ფ 450-451) იგივე მრიცხველებში გატარებული ელექტროენერგიის ოდენობა ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა, მოსარჩელის აბონენტების მიერ (448 აბონენტი, N1-N8 საბალანსო/საკონტროლო მრიცხველები, ტ.1, ს.ფ. 62-126) მოხმარებული ელექტროენერგიის ჯამურ რაოდენობას და ამხანაგობის კუთვნილი აბონენტების მიერ (მოხმარებული ელექტროენერგიის N9 და N10 საბალანსო/საკონტროლო მრიცხველები) მოხმარებული ელექტროენერგიის ჯამურ რაოდენობას ერთიანად, დამატებით ერიცხება ცენტრალურ მრიცხველებში იგივე ელექტროენერგიის გატარებული მთლიანი რაოდენობა და შესაბამისად მისი ღირებულებაც, რაც ასახულია წარმოდგენილ ბრუნვის ისტორიებში (თვალსაჩინოებისათვის, აპელანტის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის 26 სექტემბრის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმის დანართი, ტ.2). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, როგორც ამხანაგობის აბონენტების, ისე მოსარჩელის აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგი მთლიანად ამხანაგობას ერიცხება გადასახდელად, რაც საბოლოოდ აისახება აპელანტის ხარჯში.
3.15. რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და განმარტა, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს ელექტროენერგიის გატარების საფასური “სემეკ”-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით დამტკიცებული „მესამე პირთა მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ და არა “სემეკ”-ის 04.12.2008 წლის N 33 დადგენილების მიხედვით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილების ამოქმედებით აღმოიფხვრა ის საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც არსებობდა არალიცენზიატი მესაკუთრეების კომპენსაციის გამოანგარიშების თაობაზე და ლიცენზიატების მსგავსად, კომისიამ შეიმუშავა გამოანგარიშების მეთოდოლოგია. აღნიშნული დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით კომისიამ გაათანაბრა „ელექტროენერგიის გატარებისა“ და „თმენის“გადასახადი და დაადგინა სპეციალური რეგულაცია, რომ, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება ზემოხსენებული დადგენილების შესაბამისად. ამასთან, დადგენილებაში მოცემულია კონკრეტული ფორმულა, რომლითაც გატარებული კვტ.სთ-ების მიხედვით, უნდა დაანგარიშდეს გატარების საფასური. დადგენილება არალიცენზიატ პირს ავალდებულებს გარკვეული ტიპის დოკუმენტაციის ლიცენზიანტისათვის წარდგენას, რომელიც, ამავე დადგენილებით, აუცილებელია გაანგარიშების საწარმოებლად. კერძოდ, ეს დოკუმენტებია: ელენერგიის გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აქტივების საბალანსო ღირებულებების მითითებით. ინფორმაცია და დოკუმენტაცია ელენერგიის გატარებაში მონაწილე აქტივების წლიური გამტარუნარიანობის შესახებ. ამდენად, “სემეკ”-ის 30.12.2013 წლის N15 დადგენილებამ ახლებურად მოაწესრიგა ელექტროენერგიის გატარების საფასურის დაკისრებისა და გამოანგარიშების საკითხი. შესაბამისად, თუ არ არსებობს მხარეთა შეთანხმება, გატარების საფასური გამოითვლება “სემეკ”-ის ზემოხსენებული დადგენილებით დამტკიცებული ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს, N15 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, დოკუმენტაცია არ წარუდგენია ქსელით მოსარგებლე ლიცენზიატი პირისათვის. ასეთი დოკუმენტები მას არც სასამართლოში წარმოუდგენია. მათ გარეშე კი, შეუძლებელია გატარების საფასურის დაანგარიშება 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით განსაზღვრული ფორმულის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, შეგებებებული სარჩელის მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სადავო პერიოდში ელექტროენერგიის გატარების საფასურის ანაზღაურებაზე.
3.16. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია ძირითადი მოსარჩელის იმ შედავებასაც, რომლის თანახმადაც, მას კომპენსაციის ამხანაგობისთვის გადახდის საფუძველი არ გააჩნია თეორიულადაც კი, ვინაიდან იგი ამხანაგობის საკუთრებაში არსებული მაღალი ძაბვის ქსელით ამარაგებს არა მესამე პირებს, არამედ თვითონ ამხანაგობას და მის მობინადრეებს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ ამხანაგობის საკუთრებაშია მაღალი ძაბვის ქვესადგური, რომლის გავლითაც მოსარჩელე საწარმო როგორც თავის უშუალო აბონენტებს (ჯამში 448 აბონენტი), ასევე ამხანაგობის აბონენტებს აწვდის ელექტროენერგიას. შესაბამისად, მოსარჩელე საწარმო სარგებლობს ამხანაგობის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით საკუთარი აბონენტებისთვისაც. ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ დამტკიცების შესახებ “სემეკ”-ის 2008 წლის 18 სექტემბრის N 20 დადგენილების 15.4 პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს. სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იგივე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტრო-ენერგიის გატარების მომსახურებისათვის. ამავე, N 20 დადგენილების 22.10 პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატს ელექტროენერგიის გატარების საფასური აუნაზღაურდება მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელში ფაქტიურად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესაბამისად, კომისიის მიერ ამ მომსახურეობაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით. შეგებებული სარჩელის ავტორები მიუთითებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სადავო პერიოდში მათ ქსელში გატარდა 3 332 942 კვტ.სთ ელექტროენერგია. აღნიშნული მონაცემები, ცხადია, არაა საკმარისი მითითებული წესით (ფორმულით) გატარების საფასურის განსასაზღვრად. ელექტროენერგიის გატარების საფასური უნდა დაანგარიშდეს 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით განსაზღვრული მეთოდის (ფორმულის) შესაბამისად. აპელანტს კი აამ მეთოდოლოგიის მიხედვით არ დაუანგარიშებია მისი ქვესადგურით გატარებული ელ.ენერგიის საფასური.
3.17. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ძირითადი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხეებმა.
4.2. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ასევე, პირველი კასატორი მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის და 17 ოქტომბრის, მტკიცებულების- გაანგარიშების (ცხრილის) და ელ. ვერსიის დისკის სახით დართვის შესახებ, საოქმო განჩინებების გაუქმებას.
4.3. მოპასუხეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
4.4. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინებით მხარეთა საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი არსებითად განხილვის მიზნით სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაბუთებულობის კვლევისა და მხარეთა მიერ სადავოდ ქცეული გარემოებების არსებითად განხილვის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი კასატორის (თავდაპირველი მოსარჩელე საწარმოს) საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების (მეორე კასატორის) საკასაციო პრეტენზია ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია მეორე კასატორის კუთვნილი ელექტროსადგურის გამოყენებით სს „თ–ის“ აბონენტთათვის მიწოდებული ელექტროენერგიის გატარების საფასურის, როგორც თმენის კომპენსაციის გაანგარიშების განსაზღვრა - 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის ივლისამდე-ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, თუმცა, არა „სემეკ“-ის 2008 წლის 4 დეკემბრის N 33 დადგენილების მიხედვით ტარიფის გაანგარიშებაზე მითითებით, როგორც ეს მეორე კასატორს მცდარად მიაჩნია, არამედ, „სემეკ“-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილებაზე დაყრდნობით.
5. მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. დადგენილია, რომ ამხანაგობის მიერ 2002 წლის 14 ივნისის N ტექ-302 ტექნიკური პირობის საფუძველზე საცხოვრებელი სახლების ელექტრომომარაგების მიზნით აშენებული სატრანსფორმატორო ქვესადგური მიმდინარე პერიოდისთვისაც ამხანაგობის საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნული სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან (სააბონენტო ნომრით N ა-...) ელექტროენერგია მიეწოდება ქ. თბილისში, ........... ქუჩებს შორის ამხანაგობის მიერ აშენებული 10 საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. ამ მიზნით სატრანსფორმატორო ქვესადგურზე მოწყობილია 10 განშტოება და, 2016 წლის აგვისტოსდან, თითოეულ განშტოებაზე დამონტაჟებულია 10 საკონტროლო (საბალანსო) მრიცხველი. ამასთან, აღნიშნული 10 საცხოვრებელი კორპუსიდან 8 საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა (ჯამში 448 აბონენტი) წარმოადგენს ძირითადი სარჩელით მოსარჩელე საწარმოს ინდივიდუალურ აბონენტებს, განსხვავებით დარჩენილი 2 კორპუსის (....... ქუჩა, კორპუსი N 7 და ....... ქუჩა, კორპუსი N 2) მაცხოვრებლებისგან, რომლებიც არ წარმოადგენენ გამყიდველი საწარმოს ინდივიდუალურ აბონენტებს, მათთვის ელექტროენერგიის მიწოდებას და შემდგომ ანგარიშსწორებას ახორციელებს უშუალოდ ამხანაგობა მისი კუთვნილი სატრანსფორმატორო ქვესადგურის მეშვეობით გამყიდველისგან/მოსარჩელე საწარმოსგან მიღებული (ნაყიდი) ელექტროენერგიით;
5.2. დადგენილია, რომ ამხანაგობის დაფუძნების შესახებ 2004 წლის 9 ივნისის სანოტარო აქტის თანახმად, ქ. თბილისში, ........ ქუჩებს შორის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად დაფუძნდა ამხანაგობა, რომლის თავმჯდომარედაც არჩეულ იქნა ქ.ბ–ი. მიმდინარე პერიოდისათვის ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს წარმოადგენენ: ქ.ბ–ი, თ.თ–ი, გ.ა–ი, თ.შ–ნი და მ.ბ–ი (შეგებებული სარჩელის აღმძვრელი მხარე);
5.3. დადგენილია, რომ სატრანსფომატორო ქვესადგური წარმოადგენს ამხანაგობის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომელიც ჩართულია ქსელში და მიეწოდება ელექტროენერგია. სატრანსფორმატორო ქვესადგურზე დამონტაჟებულია საკონტროლო/საბალანსო მრიცხველი, რომელიც აღრიცხავს მასში გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. ასევე, სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან გამომავალ ქსელზე, რომლითაც ელექტროენერგია მიეწოდება საცხოვრებელ კორპუსს, თითოეული მომხმარებლისათვის/აბონენტისათვის, ინდივიდუალურად მოწყობილია აღრიცხვის კვანძი - დაყენებულია საანგარიშსწორებო მრიცხველები. მათი მეშვეობით ხდება თითოეული აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის განსაზღვრა და ანგარიშსწორება. სატრანსფორმატორო ქვესადგურზე არსებული მრიცხველის ჩვენებას (მასში გატარებული ელექტოენერგიის რაოდენობას) აკლდება მითითებული აბონენტების მრიცხველების მიერ ჯამურად აღრიცხული ელექტოენერგიის რაოდენობა. შესაბამისად, საკონტროლო და აბონენტების მრიცხველებს შორის არსებული სხვაობა წარმოადგენს ელექტროენერგიის ტრანსპორტირების ტექნოლოგიურ ხარჯს (ე.წ. ტექნიკურ დანაკარგს);
5.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე საწარმო არ ასრულებს “სემეკ”-ის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილების მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვალდებულებას, კერძოდ, საკონტროლო მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდიუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობის გადანაწილებას მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად არ ახორციელებს და ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა პირდაპირ არის დარიცხული ამხანაგობისთვის, სწორედ ამ ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობაა მოთხოვნილი ძირითადი სარჩელით (შესაბამისად, საწარმოს საკასაციო საჩივრით), რაც 41 032.14 ლარს შეადგენს.;
5.5. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მე-9 და მე-10 საკონტროლო საბალანსო მრიცხველით ელექტროენერგია მიეწოდება იმ საცხოვრებელ ორ კორპუსს, რომელთა მობინადრეები ამ ეტაპზე არ წარმოადგენენ მოსარჩელე საწარმოს აბონენტებს. შესაბამისად, ამ საკონტროლო-საბალანსო მრიცხველებში გატარებული ელექტროენერგიის ღირებულების, რაც სადავო პერიოდში შეადგენს 65 652.38 ლარს, გადახდის ვალდებულება ეკისრება ამხანაგობას (ამ ნაწილში ამხანაგობის წევრებმა ცნეს ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა, რაც დაკმაყოფილდა).
5.6. დადგენილია, რომ მოსარჩელე საწარმოს, 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე, არ შეუმოწმებია ამხანაგობის ხარჯით დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველები და საჭიროების შემთხვევაში არ შეუცვლია “სემეკ”-ის 2007 წლის 20 ივლისის N12 დადგენილების შესაბამისად. ამხანაგობის სატრანსფორმატორო ქვესადგურზე დამონტაჟებულია საკონტროლო მრიცხველები, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორია ადასტურებს, რომ გამყიდველი საწარმო მას არ იყენებს და ე.წ ქვეაბონენტების მიერ მოხმარებული ელ. ენერგიის დანაკარგი დარიცხული აქვს ამხანაგობისთვის.
6. მოდავე მხარეთა მიერ წარმოდგენილი ვრცელი საკასაციო პრეტენზიების მიუხედავად, საკასაციო სასამართლო კასატორითა შედავების მხოლოდ იმ ნაწილზე იმსჯელებს, რომელთაც საქმის იურიდიულ შედეგთან აქვთ კავშირი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
7. პირველი კასატორის (ძირითადი მოსარჩელის/საწარმოს) საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში საწარმოს მიერ (იხ. ტ.1, ს.ფ. 298-299; ს.ფ. 332-356) წარმოდგენილ დოკუმენტზე - აბონენტი Nა2002-ის ელექტრომომარაგების ცალხაზოვან სქემასა და ბრუნვის ისტორიაზე, რომლის თანახმად, ამხანაგობის აბონენტების (ორი საცხოვრებელი კორპუსი) ელექტროენერგიის მოხმარება სადავო პერიოდში შეადგენს 332 948 კვტ/სთ-ს, რომლის ღირებულებაა 65 652,38 ლარია, რა ნაწილშიც ძირითადი სარჩელის მოპასუხემ (ამხანაგობის დამფუძნებელმა წევრებმა) ცნო სასარჩელო მოთხოვნა. საქმის მასალებშია ასევე საწარმოს მიერ გაცემული წერილი (იხ. N 0207/960/22- ტ.1, ს.ფ.443), რომლის თანახმად, ამხანაგობის კუთვნილ მრიცხველში სადავო პერიოდში გატარებული 3 422 304 კვტ-დან მოსახლეობის მიერ მოხმარებულია 2 871 991 კვტ. ამასთან, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, მოსარჩელე საწარმოს მიერ წარმოდგენილ აბონენტის ბრუნვის ისტორიაში მითითებული ამხანაგობის კუთვნილ მრიცხველში (N9 და N10 საბალანსო/საკონტროლო მრიცხველები, იხ. ტ.1, ს.ფ. 38-61; ს.ფ. 62-126) გატარებული ელექტროენერგიის ოდენობა და ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიერ წარმოდგენილი ცხრილების მიხედვით (ტ.1, ს.ფ 450-451) იგივე მრიცხველებში გატარებული ელექტროენერგიის ოდენობა ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა, მოსარჩელე საწარმოს აბონენტების მიერ (448 აბონენტი, N1-N8 საბალანსო/საკონტროლო მრიცხველები, ტ.1, ს.ფ. 62-126) მოხმარებული ელექტროენერგიის ჯამურ რაოდენობას და ამხანაგობის კუთვნილი აბონენტების მიერ (მოხმარებული ელექტროენერგიის N9 და N10 საბალანსო/საკონტროლო მრიცხველები) მოხმარებული ელექტროენერგიის ჯამურ რაოდენობას ერთიანად, დამატებით ერიცხება ცენტრალურ მრიცხველებში იგივე ელექტროენერგიის გატარებული მთლიანი რაოდენობა და შესაბამისად მისი ღირებულებაც, რაც ასახულია წარმოდგენილ ბრუნვის ისტორიებში (სააპელაციო სასამართლომ მეტი სიცხადისთვის მიუთითა ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა მიერ წარდგენილ 2023 წლის 26 სექტემბრის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმის დანართზე, ტ.2 - ს.ფ.76-78). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, როგორც ამხანაგობის აბონენტების, ისე მოსარჩელის აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგი მთლიანად ამხანაგობას ერიცხება გადასახდელად, რაც საბოლოოდ აისახება იმა “მ–ის” ხარჯში. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც საწარმოს ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება გამოირიცხა მოპასუხე ამხანაგობის დამფუძნებელი წევრებისათვის 41 032.14 ლარის დავალიანების დაკისრების ნაწილში, როგორც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო მოთხოვნა, ვინაიდან გამყიდველი საწარმო ამხანაგობას არიცხავს დაკარგული ელექტროენერგიის ღირებულებასაც, ე.წ. ტექნიკურ დანაკარგებს მაშინ, როდესაც ე.წ. ტექნიკური დანაკარგი აბონენტებზე პროპორციულად უნდა დაირიცხოს. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელე საწარმო არ ასრულებს “სემეკ”-ის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილების მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვალდებულებას, კერძოდ, საკონტროლო მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდიუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობის გადანაწილებას მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად არ ახორციელებს და ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა პირდაპირ არის დარიცხული ამხანაგობისთვის.
7.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი კასატორის (მოსარჩელე საწარმოს) საკასაციო პრეტენზიას, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 სექტემბრის და 17 ოქტომბრის საოქმო განჩინებების, მტკიცებულებების დართვის შესახებ, გაუქმება. სააპელაციო სასამართლომ, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დამდგენმა სასამართლო ინსტანციამ, სსკ-ის 380-ე მუხლის გამოყენებით, მის მიერ საკვლევ საკითხთან დაკავშირებით მიიღო ის მტკიცებულებები, რომელთან დაკავშირებითაც ორივე მხარეს ჰქონდა საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის და სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის შეკითხვებზე პასუხების გაცემა შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები. შესაბამისად, ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი ნაწილობრივ და არ არსებობს პირველი კასატორის (საწარმოს) საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამიტომ ამ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც კანონიერი და დასაბუთებული მართლმსაჯულების აქტი.
8. მეორე კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სავსებით გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე (ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები) უფლებამოსილია, მოითხოვოს ელექტროენერგიის გატარების საფასური “სემეკ”-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით დამტკიცებული „მესამე პირთა მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ და არა “სემეკ”-ის 04.12.2008 წლის N 33 დადგენილების მიხედვით. სააპელაციო სასამართლომ შეგებებული სარჩელის უარყოფის კუთხით აღნიშნა, რომ აპელანტს (შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს) “სემეკ”-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით განსაზღვრული ფორმულისა და მეთოდოლოგიის მიხედვით არ დაუანგარიშებია მისი ქვესადგურით გატარებული ელ.ენერგიის საფასური, რაც მისი მოთხოვნის უარყოფის საფუძველის გახდა.
8.1. მეორე კასატორის საკასაციო შედავების პასუხად საკასაციო სასამართლო განმარტავს: უდავოა, რომ ნებისმიერი პირის დავალდებულება, უპირობოდ ითმინოს მისი საკუთრებით სარგებლობა სხვა პირის მიერ, არის მესაკუთრის იძულება და მისი საკუთრების უფლების ხელყოფა, თუმცა საკითხი რეგულირდება სადავო პერიოდში მოქმედი კანონით და ნორმატიული აქტებით. საკასაციო სასამართლო მისსავე პრაქტიკას მოიხმობს, სადაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა „სემეკ“- ის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილების ამოქმედების შემდგომ, ქსელის მფლობელ არალიცენზიატსა და ელ.ენერგიის მესაკუთრეს შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, ანაზღაურების კანონიერების განსაზღვრა, საკუთრებით სარგებლობის კანონისმიერი შეზღუდვის ფარგლებში. მითითებულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს აქვს მხოლოდ გატარების საფასურის მოთხოვნის უფლება, რომელიც მან არ გამოიყენა და არ წარმოადგინა გატარების საფასურის დადგენისათვის საჭირო მონაცემები და არ დააკმაყოფილა სარჩელი, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს ამ დასკვნას არ დაეთანხმა საკასაციო სასამართლო (იხ. სუსგ N ას-1601-2018, 11.03.2021წ.; პ.103). ამავე განჩინებაში საკასაციო სასამართლომ იმსჯელა მხარეთა სახელშეკრულებო და კანონის ძალით წარმოშობილი ურთიერთობების გამიჯვნაზე და განმარტა: „უაღრესად მნიშვნელოვანია სისტემური შეფასება მიეცეს არალიცენზიატი მესამე პირის ქსელით სარგებლობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს: „ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის, სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ (შემდგომში _ „წესები“ ან #20 დადგენილება) მე-15 მუხლისა და 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილებით დამტკიცებული „მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ (შემდგომში #15 დადგენილება) მე-4 მუხლის თანახმად, ქსელის მფლობელ არალიცენზიანტთან (შემდგომში _ მესამე პირი) განაწილების ლიცენზიანტს შეიძლება აკავშირებდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რა დროსაც სპეციალური აქტებით (სემეკის შესაბამისი დადგენილება) განსაზღვრული მაქსიმალური ფარგლების გათვალისწინებით, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე (სკ-ის 327-ე მუხლი). ასეთ დროს კონტრაჰენტებს სრული უფლება გააჩნიათ, განსაზღვრონ ხელშეკრულების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სემეკის მიერ ლიცენზიანტისათვის დადგენილ ტარიფს (იხ. სემეკის N15 დადგენილების 4.5 პუნქტი). იმ შემთხვევაში, თუ სახეზე არ გვექნება საკუთრებით სარგებლობის ბოჭვის სახელშეკრულებო წინაპირობა, ქსელის მესაკუთრე მესამე პირის უფლებადამცავ დანაწესად გვევლინება სემეკის # 15 დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია კომპენსაციის გამოთვლის მეთოდოლოგია“ (იხ. სუსგ N ას-1601-2018, 11.03.2021წ.; პ.108).
8.1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ან/და წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა. ამავე ნორმის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია გატარების საფასურის გაანგარიშების წესი და იგი დგინდება კომისიის დადგენილებით. ამ დანაწესიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მოხმობილი ნორმა წარმოადგენს ზოგად დანაწესს და მიუთითებს ქსელის მფლობელი არალიცენზიატის ვალდებულებაზე, ითმინოს მისი საკუთრებით სარგებლობა, რომელიც სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის 180-ე მუხლით განსაზღვრული უფლების საკანონმდებლო ბოჭვაა, ასევე, დადგენილია, არალიცენზიატის უფლება, ამ კანონისმიერი ბოჭვისათვის მოითხოვოს საფასური. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „განსახილველი ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტური მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ“ (იხ. სუსგ Nას-744-801-2011, 13 .10.2011 წ.; შეად. სუსგ-ას N ას 803-762-2013, 10.10.2014წ.).
8.2. მეორე კასატორის საკასაციო შედავების პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით დასაბუთებულაად მიუთითა, რომ „სემეკ“-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილების ამოქმედებით აღმოიფხვრა ის საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც არსებობდა ქსელის მფლობელ ლიცენზიატებსა და არალიცენზიატებს შორის. N 15 დადგენილების ამოქმედებამდე საკითხი რეგულირდებოდა ზემოხსენებული (ზოგადი ხასიათის) ნორმითა და „სემეკ“-ის 2008 წლის 4 დეკემბრის N 33 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ წესების“ ანალოგიის გზით გამოყენებით. საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის N ას-803-762-2013 განჩინების თანახმად, ელ.ქსელის არალიცენზიატ მესაკუთრეს ამ ქსელის გამოყენება შეუძლია მხოლოდ ელ.ენერგიის გასატარებლად და, სსკ-ის 180-ე მუხლის ფარგლებში უნდა დადგინდეს არა ზოგადად მითითებული ნორმით გათვალისწინებული შემთხვევის წინაპირობები (რომელშიც ივარაუდება ის შემთხვევები, როდესაც მესაკუთრეს შეხედულებისამებრ შეეძლო გამოეყენებინა მიწის ნაკვეთი თუ არა აუცილებელ გზასთან დაკავშირებული თმენის ვალდებულება), არამედ ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარებაზე თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე, საშუალო მესაკუთრის ინტერესი ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. დავის სპეციფიკის თანახმად, საშუალო მესაკუთრის ინტერესის დაკმაყოფილების ერთგვარ ნიმუშს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებით დამტკიცებული წესები, რომელსაც სასამართლო იყენებს არა როგორც პირდაპირი გამოყენების წყაროს, არამედ - სახელმძღვანელოდ. საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით (სუსგ N ას-803-762-2013) დაშვებულია პრეზუმფცია, რომ „სემეკ“-ის N 33 დადგენილებით ლიცენზიატებისათვის განსაზღვრული ტარიფი მოიცავდა, როგორც თმენის, ისე ელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობის კომპენსაციას (შეად. სუსგ-ებს: Nას-803-762-2013, 10.10.2014წ.; N ას-1174-1104-2015, 11.03.2016წ.; Nას-516-493-2016, 23.09.2016წ.; Nას-1601-2018, 11.03.2021წ.). ამდენად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სავსებით სწორად არის განსაზღვრული შეგებებული სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
8.3. მოცემულ შემთხვევაში შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია ელექტროენერგიის გატარების საფასურის (ე.წ. თმენის კომპენსაციის) – 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის სექტემბრამდე პერიოდისათვის, რაც შეგებებული სარჩელის მიხედვით 199 943.12 ლარს შეადგენს (იხ. ტ. 1, 508-509). იმის გათვალისწინებით, რომ „სემეკ“-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილებით დარეგულირდა ეს საკითხი და მსგავსად ლიცენზიატებისა, კომისიამ განსაზღვრა არალიცენზიატი მესაკუთრეების კომპენსაციის გამოანგარიშების მეთოდოლოგია, რაც 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, ამ თარიღის შემდეგ, გამოიყენება „სემეკ“-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილებით განსაზღვრული წესები, რაზედაც სავსებით მართებულად მიუთითეს შეგებებული სარჩელის აღმძვრელი ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა.
8.4. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების შეგებებული სარჩელი, რადგან მხარეს წარდგენილი აქვს მხოლოდ ინფორმაცია, რომ სადავო პერიოდში მათ კუთვნლი ელექტროსადგურში გატარდა 3 332 942 კვტ. სთ ელექტროენერგია, ეს მონაცემები კი არ იქნა საკმარისად მიჩნეული ზემოხსენებული დადგენილებით განსაზღვრული ფორმულის მიხედვით გატარების (თმენის საფასურის) დასაანგარიშელად. ამ დადგენილებით განსაზღვრულია კონკრეტული ფორმულა, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს ამხანაგობის კუთვნილ ელექტროსადგურში გატარებული და მოსარჩელე საწარმოს აბონენეტებისათვის მიწოდებული კვტ.-სთ-ების მიხედვით გატარების საფასურის დაანგარიშება. „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილებით, დადგინდა ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასურის გაანგარიშების სპეციალური ფორმულა (წესი). სახელდობრ, დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასური („R“) გაიანგარიშება გატარების ფასის („P“) გამრავლებით ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე („W“) (ფორმულა: R = P * W). გატარების საფასურის („P“) გაანგარიშება ხდება გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულების გამრავლებით მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებაზე - 0.2 (20%) და გაყოფით ქსელის მფლობელის ტრანსფორმატორის ან/და ელექტროგადამცემი ხაზის წლიურ (საპროექტო) გამტარუნარიანობაზე (კვტ.სთ) (ფორმულა: P = (A * K) / (S)) (შეად. სუსგ-ას N ას-1601-2018, 11.03.2018წ.).
8.7. საკასაციო სასამართლო მეორე კასატორის პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება და მისადაგება სასამართლოს პრეროგატივა და ვალდებულებაა. 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილების (სპეციალური რეგულაცია) ამოქმედების შემდგომ კომისიამ გაათანაბრა „ელექტროენერგიის გატარებისა“ და „თმენის“ გადასახადი და მისი ანაზღაურების მანამდე არსებული წესისაგან განსხვავებით (კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად), დაადგინა შემდეგი ქცევის წესი: თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ შესაბამისად. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, „სემეკ“-ის N15 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფის გამოანგარიშების მეთოდოლოგია (მსგავსად ლიცენზიატებს შორის მანამდე არსებული რეგულაციისა) მიუთითებს ერთგვარ პრეზუმფციაზე, რომ არალიცენზიატის კუთვნილ ქსელში ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეულია იმ ოდენობის მომსახურება, რაც ტარიფის სახით ამ მომსახურებისთვის არის დადგენილი. თავის მხრივ, ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე, თმენის ვალდებულება უნდა განიმარტოს სწორედ ამ ურთიერთობის მახასიათებელი სპეციფიკიდან. იმ ფაქტობრივი სიტუაციიდან გამომდინარე, რომ ელ.ქსელის გამოყენება, გარდა ელ.ენერგიის გატარებისა, სხვა თვალსაზრისით შეუძლებელია, არალიცენზიატი მესაკუთრის თმენის ვალდებულებაც სწორედ ახალი რეგულაციის ფარგლებში უნდა შეფასდეს. თვითონ „სემეკ“-ის N 15 დადგენილების 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით კომისიამ განსაზღვრა, რომ გატარების საფასური არის ამ წესების საფუძველზე გაანგარიშებული გატარების მომსახურების ღირებულება საანგარიშო პერიოდზე, ხოლო მე-4 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებით დაწესებულია ქსელის მფლობელი არალიცენზიატის ვალდებულება, ერთი მხრივ, (მოთხოვნის შემთხვევაში) ქსელში გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგია, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ქსელის გამართული მუშაობა. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ახალი რეგულაციის შემოღებითა (30.12.2013წ. N15 დადგენილება) და სპეციალურ ნორმაში ცვლილების განხორციელებით (18.09.2008წ. N20 დადგენილების 15.2 მუხლი) თმენის კომპენსაციის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრის შესაძლებლობა გაუქმდა და იგი მთლიანად მოაწესრიგა სემეკის N 15 დადგენილებამ, ანუ გატარების მომსახურება და თმენის კომპენსაცია, კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში გაიგივდა და თუ სახეზე არ გვაქვს მხარეთა განსხვავებული შეთანხმება, იგი „სემეკ“-ის ზემოხსენებული დადგენილებით დამტკიცებული ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად გამოითვლება. ამდენად, განაწილების არალიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოსბ არა მხოლოდ გატარების საფასური, არამედ გატარებისა და თმენის გაიგივებული (შეიძლება ითქვას გაერთიანებული) კომპენსაცია (შეად. სუსგ-ას N ას-1601-2018, 11.03.2018წ.; პ.109; პ.110).
8.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც მისსავე ერთ-ერთ განჩინებაზე მიუთითებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ უარყო სარჩელი 2014 წლის 1-ელი იანვრიდან 2015 წლის 1-ელ სექტემბრამდე კომპენსაციის დაკისრების ნაწილში მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს, „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილების შესაბამისად არ მოუთხოვია გატარების საფასურის გამოანგარიშება... აღნიშნული არ აბრკოლებდა სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით სარჩელი დაეკმაყოფილებინა შესაბამისი ფაქტობრივი საფუძვლებისა და მტკიცებულებების არსებობის პირობებში“ (იხ.სუსგ-ას N ას-1601-2018, 11.03.2018წ.; პ.117). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე, მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განსაზღვრა, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიება და სადავო სამართალურთიერთობისადმი მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა და ის შეზღუდული არ არის მხოლოდ მხარის მიერ მითითებული სამართლის ნორმებით (შეად. სუსგ-ას N 1522-2018, 28.05.2019 წ.). ამავე საქმეში ასევე საყურადღებოა, რომ მოსარჩელეს ასევე არ ჰქონდა წარდგენილი სასამართლოში „გატარების საფასურის დადგენისათვის საჭირო მონაცემები“, რადგან საკუთარ მოთხოვნას არ აფუძნებდა 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილებას (იხ.სუსგ-ას N ას-1601-2018, 11.03.2018წ.; პ.103).
9. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 411-ე მუხლზე მიუთითებს, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები მხოლოდ საკასაციო სასამართლოს მითითების ფარგლებში.
10. მეორე კასატორის საყურადღებოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მისი საკასაციო პრეტენზია, რომელიც უკავშირდება იმას, რომ შპს „თ–ო“ მოსარჩელე საწარმოს ელექტროენერგიის გატარებაში უკანონოდ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე 1 კვტ/სთ-ში უხდის 0,0817 ლარს, ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე საწარმოს არც საკუთრებაში და არც სარგებლობაში არ გააჩნია არანაირი გამანაწილებელი ქსელი და უკანონოდ იყენებს ამხანაგობის გამანაწილებელ ქსელს, შესაბამისად, წარდგენილი ვერ იქნებოდა “სემეკ”-ის 30.12.2013 წლის N15 დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტები (ელენერგიის გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აქტივების საბალანსო ღირებულებების მითითებით. ინფორმაცია და დოკუმენტაცია ელენერგიის გატარებაში მონაწილე აქტივების წლიური გამტარუნარიანობის შესახებ), თუმცა, ეს არ გამხდარა დამაბრკოლებელი გარემოება შპს „თ–ოს“ მიერ მოსარჩელისთვის ელექტროენერგიის გატარების საფასურის (1 კვტ/სთ - 0,0817 ლარი) გადახდასთან დაკავშირებით, სამართლებრივად დაუსაბუთებელი შედავებაა და მის სასარჩელო მოთხოვნას არ უკავშირდება, რადგან ორ განაწილების ლიცენზიატ სუბიექტს შორის ურთიერთობა არც მოცემული დავის საგანია და არც არალიცენზიატი მესაკუთრის უფლების კანონისმიერი შეზღუდვის სანაცვლო კომპენსაციის გადახდის დასაკმაყოფილებად სასარგებლო არგუმენტი, ამიტომ ეს ვერ იქნება გათვალისწინებული.
10. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად უბრუნებს საქმეს ამხანაგობის შეგებებული სარჩელის ხელმეორედ გამოსაკვლევად და შესამოწმებლად, რაც მხოლოდ 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს, რათა განისაზღვროს ელექტროსადგურის მფლობელი არალიცენზიატი პირის თმენის ვალდებულებისთვის საკომპენსაციო თანხა, რომელიც მისი ელექტროსადგურის მეშვეობით სს „თ–ის“ აბონენტებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის გატარებაში გამოხატება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ე.წ ელენერგიის ქსელის სარგებლობისათვის თმენის ვალდებულებისათვის გადასახდელი საკომპენსაციო თანხა მოიცავს ასევე ყველა იმ ხარჯს, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეულ მომსახურებას (შეად. სუსგ-ას N ას-803-762-2013, 10.10.2014წ.). ლიცენზიატისა და არალიცენზიანი მფლობელის ელქსელით სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობა განსხვავდება იმით, რომ ლიცენზიატი მფლობელისათვის ტარიფს ადგენს “სემეკ”-ი, ხოლო არალიცენზიატის საკუთრებაში არსებული ელქსელით სხვა პირის სარგებლობის შემთხვევაში, წარმოიშობა საკომპენსაციო თანხის მოთხოვნა, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საკომპენსაციო თანხა მოიცავს ყველა იმ ხარჯს, რამაც შეიძლება გაამართლოს თმენის ვალდებულება. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ “არალიცენზიანტი მფლობელის თმენის საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ანალოგიურ ურთიერთობის მიმართ “სემეკ”-ის მიერ სატარიფო განაკვეთის ზღვრულ ოდენობას. საკომპენსაციო თანხა შეიძლება იყოს იმავე ოდენობის, რაც ტარიფის სახით “სემეკ”-ის მიერ დადგენილია ლიცენზიატებს შორის ან ამ ტარიფზე ნაკლები” (შეად. სუსგ-ას N ას-803-762-2013, 10.10.2014წ.). როგორც აღინიშნა, “თმენის ვალდებულება“ წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს, რაც განსხვავდება ზიანის ინტიტუტისაგან. ზიანის ანაზღაურება ემსახურება იმ მდგომარეობის აღდგენას, რომელიც იარსებებდა, ამ ქმედებას, რომ არ გამოეწვია პირის ინტერესების დაუშვებელი ხელყოფა. ამასთან ერთად, როგორც წესი, ამ ხელყოფის გამომწვევია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ხოლო აუცილებელი გზით სარგებლობის თმენის ვალდებულება უკავშირდება მართლზომიერ ქმედებას, რაც კანონით არის დადგენილი და მესაკუთრეს საკუთრებაში არსებულ მიწაზე სხვა პირის მიერ აუცილებელი გზით სარგებლობისათვის აკისრებს „თმენის ვალდებულებას“. ამდენად, კომპენსაციას ექვემდებარება ისეთი ქონებრივი დანაკლისი, რომლის მიზეზიც არის საკუთრების უფლების ან მფლობელობის შეზღუდვა, რაც განპირობებულია ობიექტური აუცილებლობით. შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს ამ შეზღუდვის ფარგლები და ის ინტერესი, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია არა კონკრეტული მესაკუთრის ინტერესის სუბიექტური აღქმა, არამედ შესაბამისი მიწის ნაკვეთის საშუალო მესაკუთრის ინტერესი. განსახილველი საქმის თავისებურების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, გაირკვეს ელქსელების საშუალო მესაკუთრის ინტერესი (მაგალითად, იგივე სიგრძისა და სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის სარგებლობისას გატარებული ელექტროენერგიის მოცულობის გათვალისწინებით) - (შეად. სუსგ-ას N ას-803-762-2013, 10.10.2014წ.).
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მეორე მოპასუხეს (ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს), როგორც ქვესადგურის მესაკუთრეს, საკუთრების უფლების კანონისმიერი ბოჭვის, ობიექტური აუცილებლობით განპირობებული შეზღუდვის სანაცვლო კომპენსაციის განსაზღვრის მიზნით, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სასამართლოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლისა და ნორმატიული აქტის საფუძველზე, წარადგინოს შესატყვისი მონაცემები და დოკუმენტაცია სააპელაციო სასამართლოში, ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ვერ გაიზრდება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე და ის განიხილება შეგებებული სარჩელით აღძრული მოთხოვნის ფარგლებში. აქვე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეგებებული სარჩელის აღმძვრელი მხარეა ვალდებული, მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებთან დაკავშირებული მტკიცებულებები წარადგინოს, რათა სასამართლომ შეძლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება.
12. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 410-ე, 412-ე და 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "თ–ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფიკლდეს;
2. იმა "მ–ის" დამფუძნებელი წევრების: ქ.ბ–ის, მ.ბ–ის, თ.თ–ის, გ.ა–ისა და თ.შ–ნის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ.ძიმისტარაშვილი
მ.ერემაძე