Facebook Twitter

საქმე №ას-1493-2023 6 ივნისი, 2025 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:თეა ძიმისტარაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი – სს "თ–ი" (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – იმა "ბ–ის" დამფუძნებელი წევრები: ქ.ბ–ი, მ.ბ–ი, თ.თ–ი, გ.ა–ი, თ.შ–ნი (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)

II კასატორი – იმა "ბ–ის" დამფუძნებელი წევრები: ქ.ბ–ი, მ.ბ–ი, თ.თ–ი, გ.ა–ი, თ.შ–ნი (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "თ–ი" (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება (ძირითად სარჩელით), კომპენსაციის დაკისრება, ზიანის ანაზღურება (შეგებებული სარჩელით)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით სს „თ–ის“ (შემდეგში: ძირითადი ან თავდაპირველი მოსარჩელე, სს, საწარმო, შეგებებული სარჩელის მოპასუხე ან პირველი კასატორი) სარჩელი იმა „ბ–ის“ დამფუძნებელი წევრების ქ.ბ–ის, მ.ბ–ის, თ.თ–ის, გ.ა–ისა და თ.შ–ნის (შემდეგში: ძირითადი სარჩელის მოპასუხე, ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები, შეგებებული მოსარჩელე ან მეორე კასატორი) წინააღმდეგ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის - 26 209.59 ლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ხოლო იმა „ბ–ის“ დამფუძნებელი წევრების: ქ.ბ–ის, მ.ბ–ის, თ.თ–ის, გ.ა–ისა და თ.შ–ნის შეგებებული სარჩელი სს „თ–ის“ წინააღმდეგ, ელექტროენერგიის გატარების საფასურის (ე.წ. თმენის კომპენსაციის) – 2013 წლის ნოემბრიდან 2020 წლის ივნისამდე პერიოდისათვის 129 190.96 ლარის დაკისრებისა და ზიანის (2016 წლის მარტიდან 2019 წლის იანვრამდე პერიოდისათვის მიუღებელი შემოსავლის გამო, 4099.10 ლარის ოდენობით, ხოლო 2020 წლის ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მიუღებელი თანხის 8 %-ის - 6 655.72 ლარის) ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სს „თ–ს“, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა დავალიანების 607.94 ლარის გადახდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით სს „თ–ის“, იმა „ბ–ის“ დამფუძნებელი წევრების: ქ.ბ–ის, მ.ბ–ის, თ.თ–ის, გ.ა–ისა და თ.შ–ნის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოპასუხე ამხანაგობა მოსარჩელე საწარმოს აბონენტია (აბ.N.....). მრიცხველი (აბ.N.....), რომელიც საბალანსო/საკონტროლო მრიცხველია, რეგისტრირებულია ამხანაგობის სახელზე, რომლის მეშვეობით ელექტროენერგია მიეწოდება მოსარჩელე საწარმოს აბონენტებს, რომლებიც, თავის მხრივ, ქ. თბილისში, ...... მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში განთავსებული ბინების/კომერციული ფართების მესაკუთრეები არიან. შესაბამისად, ელექტროენერგიას მოიხმარენ მოსარჩელე საწარმოს აბონენტები;

3.2. ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები არიან მოპასუხეები: ქ.ბ–ი, მ.ბ–ი (თ.ბ–ის უფლებამონაცვლე), თ.თ–ი, გ.ა–ი და თ.შ–ნი;

3.3. ამხანაგობა რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელად, მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი - ....... და ამხანაგობის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ქ.ბ–ია;

3.4. ამხანაგობას საკუთრებაში უძრავი ქონება არ გააჩნია;

3.5. ქ. თბილისში, ....... (ყოფილი ........ ქუჩა N1) საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ამხანაგობამ 2007 წელს დაიწყო და 2010 წელს დაასრულა. საცხოვრებელი სახლი ექსპლუატაციაში მიღებულია ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით. ამ მშენებლობის და შემდეგში აშენებული საცხოვრებელი კორპუსის ელ.ენერგიით მომარაგების მიზნით, ამხანაგობამ საკუთარი სახსრებით მოაწყო ქალაქის ტიპის სატრანსფორმატორო ქვესადგური, მანვე გაიყვანა მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროხაზები, მოაწყო სააღრიცხვო კვანძი და 2007 წლიდან ახორციელებს მის მოვლა-პატრონობას. ამის შესახებ მოსარჩელე საწარმოს მიერ ჯერ კიდევ 2007 წლის 17 სექტემბერს გაცემულია შესაბამისი ტექნიკური პირობა. თავდაპირველად საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი გაცემული იყო ამხანაგობაზე, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ტექნიკური პირობა გაიცა იმა "მ–აზე" (ქ.ბ–ი წარმოადგენს როგორც იმა "ბ–ის", ასევე, იმა "მ–ის" თავმჯდომარეს). მოგვიანებით საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი შესასრულებლად გადაეცა იმა "ბ–ს" და, შესაბამისად, მოსარჩელე საწარმომ სატრანსფორმატორო ქვესადგურზე აბონენტი შეცვალა;

3.6. ამხანაგობის საკუთრებაში არსებული სატრანსფორმატორო ქვესადგური მაღალი ძაბვის ელ.ენერგიას იღებს და მას გარდაქმნის დაბალ ძაბვად, რომელიც გადის N1112136455 (აბონენტის N4.....) მრიცხველში და მიეწოდება თბილისში, ........ მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში განთავსებული ბინების/კომერციული ფართების მესაკუთრეებს (დაახლოებით 130-მდე აბონენტს). 2019 წლის 22 მარტს, ამხანაგობამ წერილობით მიმართა მოსარჩელე საწარმოს და მოითხოვა იმ ქვეაბონენტების სრული სია, რომელთა მომარაგება ხდება ამხანაგობის კუთვნილ ქვესადგურზე დამონტაჟებული მრიცხველიდან (აბონენტის N......);

3.7. ამხანაგობამ საცხოვრებელ კორპუსში არსებული ბინები გაამრიცხველიანა, სადაც 2013 წლის ნოემბრამდე თვითონვე აწარმოებდა მოსარჩელე საწარმოსთან მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებასთან დაკავშირებით ანგარიშსწორებას. ამხანაგობის მოთხოვნით და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდეგში: „სემეკ“) დავალების შემდეგ, 2013 წლის ნოემბრიდან მოსარჩელე საწარმომ უზრუნველყო ბინის მესაკუთრეთა აბონენტებად დარეგისტრირება და, შესაბამისად, 2013 წლის ნოემბრიდან მოსახლეობის (130-მდე აბონენტი) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღებას ახდენს მოსარჩელე საწარმო. სადავო არ არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ მოსარჩელე საწარმოს, 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე, არ მოუხდენია ამხანაგობის ხარჯით დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველების შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, მათი შეცვლა - “სემეკ”-ის 2007 წლის 20 ივლისის N12 დადგენილების შესაბამისად;

3.8. მტკიცებულებების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ელ.მომარაგება ხორციელდება ქვესადგურის დაბალი ძაბვის გამანაწილებელი ფარიდან, სადაც დამონტაჟებულია მრიცხველი, ე.წ. ქვეაბონენტების ხარჯი აღირიცხება ინდივიდუალური მრიცხველებით, რომლებიც დადგმულია უშუალოდ მომხმარებლის სიახლოვეს. ამასთან, მოსარჩელე საწარმოს მიერ ამხანაგობის ქვესადგურში გატარებული ელ.ენერგია არ ბალანსდება უკვე დადგმული აღრიცხვის კვანძიდან (საკონტროლო/საბალანსო მრიცხველიდან), ხოლო "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების" დამტკიცების შესახებ “სემეკ”-ის N20 დადგენილების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, "მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) კუთვნილი ელექტროქსელიდან ელექტროენერგიის სხვა მომხმარებლებისათვის განშტოებით მიწოდების შემთხვევაში, თითოეული მომხმარებლის განშტოებაზე მოწყობილი უნდა იყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს ინდივიდუალური მრიცხველები. ამასთან, აღნიშნული ინდივიდუალური მრიცხველების გარდა, მოცემულ განშტოებამდე (ამ წესებით განსაზღვრული წესით) უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს საკონტროლო მრიცხველი";

3.9. “სემეკ”-ის მხრიდან ჯერ კიდევ 2013 წლის 17 ივლისს მოსარჩელე სს-ას დაევალა, დაუყოვნებლივ დაეწყო ამხანაგობის ხარჯით დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველების შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში კი, საკუთარი ხარჯით შეეცვალა მრიცხველები. ეს ვალდებულება მოსარჩელე საწარმოს არ შეუსრულებია;

3.10. ამხანაგობამ, 2013 წლის 10 ივნისს და 2014 წლის 5 მარტს, ოფიციალური მოთხოვნები წარუდგინა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომელსაც მოსთხოვა მასსა და მოსარჩელე სს-ას შორის ელექტროენერგიის გატარების ტარიფის თაობაზე დავის გადაწყვეტა, თუმცა “სემეკ”-ს სადავო საკითხი არ გადაუწყვეტია. “ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-12.1 მუხლის (დავების გადაწყვეტის უფლებამოსილება) თანახმად, "ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის". "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების" დამტკიცების შესახებ “სემეკ”-ის 18.09.2008 წლის N20 დადგენილების თანახმად კი, "ნებისმიერ პირს, თუ კი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს, შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს";

3.11. ამხანაგობა პერიოდულად მიმართავდა მოსარჩელე სს-ას და ითხოვდა ელექტროენერგიის გატარების საფასურის ანაზღაურებას. ამ მიზნით ამხანაგობამ 2014 წლის 10 მარტს, 2016 წლის 8 აგვისტოს და 2016 წლის 4 ნოემბერს წერილებით მიმართა მოსარჩელეს, თუმცა ამ უკანასკნელს ანაზღაურება არ გაუცია;

3.12. თავის მხრივ, მოსარჩელე საწარმო გამოთქვამდა სურვილს და მზადყოფნას, საკუთრებაში მიეღო ელექტრომეურნეობა დებიტორული (მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის) დავალიანების გაქვითვის სანაცვლოდ. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალებითაც ირკვევა, რომ თითოეულ წერილზე მოსარჩელეს გაცემული აქვს წერილობით პასუხი და თითოეულ პასუხში მიუთითებდა, რომ მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის გატარების საფასურის ანაზღაურების და გაანგარიშების წესებს განსაზღვრავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 და 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებები. ამ დადგენილებების შესაბამისად, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისთვის კომპენსაციის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ განაწილების ლიცენზიატებს, თუმცა მფლობელობაში ელექტროენერგიის ქსელი აქვთ. ამასთან, ელექტროენერგიის გატარების საფასური უნდა დაანგარიშდეს ამავე დადგენილებებით განსაზღვრული მეთოდის (ფორმულის) შესაბამისად, რა მიზნითაც მოსარჩელესთან წარმოდგენილ უნდა იქნას: ელექტროენერგიის გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების (ელექტროგადამცემი ხაზი ან/და სატრანსფორმატორო პუნქტი) საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; აქტივების საბალანსო (ისტორიული) ღირებულების მითითებით. ინფორმაცია და დოკუმენტაცია ელექტროენერგიის გატარებაში მონაწილე აქტივების (ელექტროგადამცემი ხაზი ან/და სატრანსფორმატორო პუნქტი) წლიური (საპროექტო) გამტარუნარიანობის შესახებ. დადგენილია, რომ აღნიშნული დოკუმენტები ამხანაგობას მოსარჩელისთვის არ წარუდგენია;

3.13. 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში გატარებული კვტ.სთ-ბის რაოდენობა, საერთო ჯამში, 46 056 (19 632+26 424) კვტ.სთ-ს შეადგენს ამ თვეებში გატარებული ელ.ენერგიის კვტ.სთ-ების საფასური მოსარჩელე საწარმოს არ აუნაზღაურებია.

3.14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, გასაჩივრებული გადაწყეტილებით დადგენილია და მხარეთა სააპელაციო საჩივრებითაც არაა შედავებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სატრანსფორმატორო ქვესადგური N ა-1698 წარმოადგენს ამხანაგობის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომელიც ჩართულია ქსელში და მიეწოდება ელექტროენერგია. სატრანსფორმატორო ქვესადგურზე დამონტაჟებულია საკონტროლო/საბალანსო მრიცხველი, რომელიც აღრიცხავს მასში გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. ასევე, სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან გამომავალ ქსელზე, რომლითაც ელექტროენერგია მიეწოდება საცხოვრებელ კორპუსს, თითოეული მომხმარებლისათვის/აბონენტისათვის, ინდივიდუალურად მოწყობილია აღრიცხვის კვანძი - დაყენებულია საანგარიშსწორებო მრიცხველები. მათი მეშვეობით ხდება თითოეული აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის განსაზღვრა და ანგარიშსწორება. სატრანსფორმატორო ქვესადგურზე არსებული მრიცხველის ჩვენებას (მასში გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობას) აკლდება მითითებული აბონენტების მრიცხველების მიერ ჯამურად აღრიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა. შესაბამისად, საკონტროლო და აბონენტების მრიცხველებს შორის არსებული სხვაობა წარმოადგენს ელექტროენერგიის ტრანსპორტირების ტექნოლოგიურ ხარჯს (ე.წ. ტექნიკურ დანაკარგს). მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ამ ტექნიკური დანაკარგის ანაზღაურებაა საწარმოს მიერ აღძრული სარჩელის დავის საგანი.

3.15. აპელანტის/მოსარჩელის (სს „თ–ის“) მოსაზრებით, ზემოხსენებულ ტექნიკურ დანაკარგზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ძირითადი სარჩელის მოპასუხე ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს. სს-ის განმარტებით, ამ პასუხისმგებლობას ადგენს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს 22.05.1998 წ. N 27 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების“ 2.5.19 პუნქტი (თუ აღრიცხვის საანგარიშსწორებო ხელსაწყოები დაყენებულია პ.2.5.18 მოთხოვნისაგან განსხვავებით, ელექტროენერგიის ტრანსპორტირების ტექნოლოგიური ხარჯები (დანაკარგები) უნდა ანაზღაურდეს იმ ორგანიზაციის მიერ, რომლის ბალანსზეც ირიცხება შუალედური დამაკავშირებელი ელექტროქსელი).

3.16. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე/აპელანტი საწარმოს ეს მტკიცება და მიუთითა: აპელანტს არ დაუსაბუთებია, რომ საკონტროლო მრიცხველი დაყენებულია ზემოხსენებული წესების 2.5.18 პუნქტის მოთხოვნებისაგან განსხვავებით, რაც სავალდებულო წინაპირობაა წესების 2.5.19 პუნქტის ასამოქმედებლად. გარდა ამისა, სადავო პერიოდში სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ზემოხსენებული ბრძანება აღარ მოქმედებდა. კერძოდ, მითითებულ დროს ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესებს არეგულირებდა „სემეკ“-ის 2008 წლის 18 სექტემბრის N 20 დადგენილება. ამ დადგენილების 15.7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა, გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად. ამდენად, „სემეკ“-ის ეს დადგენილება არ ადგენს ტექნიკურ დანაკარგზე ელექტროქსელის მფლობელის პასუხისმგებლობას. ამასთან, თუნდაც მოქმედი ყოფილიყო სამინისტროს ზემოხსენებული ბრძანება, უპირატესობა მაინც „სემეკ“-ის დადგენილებას უნდა მიენიჭოს, როგორც უფრო გვიან მიღებულ ნორმატიულ აქტს („ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 7.8 მუხლი). ეს გარემოება, სააპელაციო სასამართლოს შფასებით, გამორიცხავს მოსარჩელის/ლიცენზიატის სარჩელის დაკმაყოფილებას. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ ე.წ. „ტექნიკურ დანაკარგს“ ადგილი ჰქონდეს როგორც თავად ქსელში, ასევე - აბონენტთა საანგარიშსწორებო მრიცხველებში (მათი ტექნიკური გაუმართაობისას). აბონენტთა საანგარიშსწორებო მრიცხველების ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებლობა კი მოსარჩელეს ეკისრებოდა, როგორც „სემეკ“-ის ზემოხსენებული დადგენილების, ასევე, „სემეკ“-ისავე“2013 წლის 17 ივლისის წერილით. შესაბამისად, ე.წ. ტექნიკური დანაკარგების რისკის მატარებელი მოსარჩელე საწარმოა, რადგან მას შეეძლო დაემტკიცებინა, რომ აბონენტთა საანგარიშსწორებო მრიცხველები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია, თუმცა, ეს არ გააკეთა.

3.17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სს „თ–ის“ სარჩელი. შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და მისი შეცვლის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

3.18. მოსარჩელე/პირველი აპელანტი გადაწყვეტილებას იმ ნაწილშიც ასაჩივრებს, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის (ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების) შეგებებული სარჩელი. ამ ნაწილში აპელანტის პრეტენზია ისაა, რომ საცხოვრებელი კომპლექსის მაცხოვრებლებისათვის/აბონენტებისათვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ ჩაითვლება მესამე პირებისათვის მიწოდებად, რადგან სატრანსფორმატორო ქვესადგური ამხანაგობის საკუთრებაა და ელექტროენერგიაც ამხანაგობის წევრებს მიეწოდებათ. რაკი ხსენებული ქვესადგური ამხნაგობამ სწორედ ამ მიზნით შეიძინა და დაამონტაჟა, ელექტროენერგიის გატარების მომსახურება არ არსებობს, შესაბამისად, მისი გატარებისათვის კომპენსაციის მოთხოვნაც უსაფუძვლოა.

3.19. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის არც ეს პრეტენზია გაიზიარა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 პუნქტზე „თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ან/და წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა“ დაყრდნობით განმარტა, რომ ეს ნორმა ადგენს ზოგად დანაწესს და მიუთითებს ქსელის მფლობელი არალიცენზიატის ვალდებულებაზე, ითმინოს მისი საკუთრებით სარგებლობა, რომელიც სასამართლო პრაქტიკის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 180-ე მუხლით განსაზღვრული უფლების საკანონმდებლო ბოჭვაა. ასევე, დადგენილია არალიცენზიატის უფლება, ამ კანონისმიერი ბოჭვისათვის მოითხოვოს საფასური. ელექტროქსელის არალიცენზიატ მესაკუთრეს ამ ქსელის გამოყენება შეუძლია მხოლოდ ელექტროენერგიის გასატარებლად და, სსკ-ის 180-ე მუხლის ფარგლებში უნდა გაირკვეს, არა ზოგადად მითითებული ნორმით გათვალისწინებული შემთხვევის წინაპირობები, არამედ ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარებაზე თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე, საშუალო მესაკუთრის ინტერესი ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. დავის სპეციფიკის თანახმად, საშუალო მესაკუთრის ინტერესის დაკმაყოფილების ერთგვარ ნიმუშს წარმოადგენს „სემეკ“-ის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებით დამტკიცებული წესები, რომლებიც არა როგორც პირდაპირი გამოყენების წყაროა, არამედ -სახელმძღვანელო. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, დაშვებულია ვარაუდი, რომ „სემეკ“-ის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებით ლიცენზიატებისათვის განსაზღვრული ტარიფი მოიცავს, როგორც თმენის, ისე ელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობის კომპენსაციას (შეად. სუსგ-ებს: N ას-803-762-2013, 10.10.2014წ.; N ას-1174-1104-2015, 11.03.2016წ.; Nას-516-493-2016, 23.09.2016წ.; Nას-1601-2018, 11.03.2021წ.).

3.20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე/მეორე აპელანტი არის ქსელის არალიცენზიატი მფლობელი, ხოლო ლიცენზიატი/შეგებებული სარჩელის მოპასუხე საწარმო სარგებლობს ამ ქსელით და ელექტროენერგიას აწვდის თავის აბონენტებს. ამასთან, ზემოხსენებული დადგენილებითა და სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი არაა, თუ რა მიზნით შეიძინა ამხანაგობამ/შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ სატრანსფორმატორო ქვესადგური. მთავარი ისაა, რომ შეგებებული სარჩელის მოპასუხე საწარმო, რომელიც განაწილების ლიცენზიატია, ამ ქსელით სარგებლობს და ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი კომპენსაცია.

3.21. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ „სემეკ“-ის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილების 7.3 პუნქტის (საცალო მომხმარებლებისათვის, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის გატარების ზღვრული ტარიფები განისაზღვრება ამ დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების დონეზე) ანალოგიით გამოყენების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა შეგებებული სარჩელით მოპასუხე საწარმოს ელექტროენერგიის გატარების საფასურის გადახდა.

3.22. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მეორე აპელანტის/შეგებებული სარჩელით მოსარჩელის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის არასწორად გამოანგარიშების თაობაზე. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არალიცენზიატი მფლობელისათვის განსაზღვრული ელექტროენერგიის გატარების საფასური (ტარიფი), დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, შესაძლებელია, „სემეკ“-ის დადგენილებით განსაზღვრულ ტარიფზე ნაკლებიც იყოს, რადგან ეს აქტი ადგენს შესაბამის ტარიფებს ლიცენზიატი მფლობელისათვის, რომლის ელ.ქსელების ტექნიკური მონაცემები, როგორც წესი, უკეთესია არალიცენზიატის ელ.ქსელების ტექნიკურ მონაცემებზე.

3.23. პირველი აპელანტის (სს-ის) ერთ-ერთი პრეტენზია ისაა, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. კერძოდ, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს მისი კუთვნილი ქსელით ელექტროენერგიის გატარების საფასურის ანაზღაურებას. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებიან, თუმცა ძირითადი სარჩელით მოსარჩელე/აპელანტი საწარმო, 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე, იყენებს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის ქვესადგურს და მის ქსელს ანაზღაურების გარეშე, რითაც თავის მომხმარებლებს უწყვეტი ელექტროენერგიით უზრუნველყოფს. შესაბამისად, წინამდებარე დავის ფარგლებში ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით განსაზღვრული სპეციალური ხანდაზმულობის ვადა გამოყენებული ვერ იქნება. სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება არასახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე ურთიერთობას და, შესაბამისად, სახეზეა კანონისმიერი ვალდებულება (სსკ-ის 180-ე მუხლი). აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის შეტანის მომენტისათვის (2019 წლის 2 აპრილი), გასული არ იყო სსკ-ის 128.3-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის საერთო 10 წლიანი ვადა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობს ამ საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობა.

3.24. მეორე აპელანტის (ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების) პრეტენზია ისაა, რომ სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მისი შეგებებული სარჩელი და მოპასუხისათვის უნდა დაეკისრებინა როგორც გატარების საფასური 2014 წლის პირველი იანვრიდან, ასევე, მიუღებელი შემოსავალი ამ თანხის გადახდის დაგვიანებისათვის. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მეორე აპელანტის პრეტენზია გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი ზემოხსენებული მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს ელ.ენერგიის გატარების საფასური სემეკ“-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით დამტკიცებული „მესამე პირთა მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ და არა „სემეკის“ 04.12.2008 წლის N 33 დადგენილების მიხედვით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 30.12.2013 წლის N 15 დადგენილების ამოქმედებით აღმოიფხვრა ის საკანონდებლო ხარვეზი, რომელიც არსებობდა არალიცენზიატი მესაკუთრეების კომპენსაციის გამოანგარიშების თაობაზე და, მსგავსად ლიცენზიატებისა, კომისიამ შეიმუშავა გამოანგარიშების მეთოდოლოგია. აღნიშნული დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით კომისიამ გაათანაბრა „ელექტროენერგიის გატარებისა“ და „თმენის“ გადასახადი და დაადგინა სპეციალური რეგულაცია, რომ, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება ზემოხსენებული დადგენილების შესაბამისად. ამასთან, დადგენილებაში მოცემულია კონკრეტული ფორმულა, რომლითაც უნდა მოხდეს, გატარებული კვტ.სთ-ების მიხედვით, გატარების საფასურის დაანგარიშება. დადგენილება არალიცენზიატ პირს ავალდებულებს გარკვეული ტიპის დოკუმენტაციის ლიცენზიატისათვის წარდგენას, რომელიც, ამავე დადგენილებით, აუცილებელია გაანგარიშების საწარმოებლად. კერძოდ, ეს დოკუმენტებია: ელ.ენერგიის გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აქტივების საბალანსო ღირებულებების მითითებით. ინფორმაცია და დოკუმენტაცია ელ.ენერგიის გატარებაში მონაწილე აქტივების წლიური გამტარუნარიანობის შესახებ. ამდენად, „სემეკ“-ის 30.12.2013 წლის N15 დადგენილებამ ახლებურად მოაწესრიგა ელექტროენერგიის გატარების საფასურის დაკისრებისა და გამოანგარიშების საკითხი. შესაბამისად, თუ არ არსებობს მხარეთა შეთანხმება, გატარების საფასური გამოითვლება „სემეკ“-ის ზემოხსენებული დადგენილებით დამტკიცებული ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს, N15 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, დოკუმენტაცია არ წარუდგენია ქსელით მოსარგებლე ლიცენზიატი პირისათვის (შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის), ასეთი დოკუმენტები მას არც სასამართლოში წარუდგენია. ამ დოკუმენტაციის გარეშე კი, შეუძლებელია გატარების საფასურის დაანგარიშება 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით განსაზღვრული ფორმულის შესაბამისად. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სადავო პერიოდში ელექტროენერგიის გატარების საფასურის ანაზღაურებაზე. რაც შეეხება შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობების არარსებობისა და, შესაბამისად, ამ მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე.

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრეს მხარეებმა. სს „თ–მა,“ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება და მოპასუხეთა შეგებებული სარჩელის უარყოფა მოითხოვა, ხოლო თავდაპირველი სარჩელით მოპასუხეებმა (ამხანაგობის დამფუძნებელმა წევრებმა) მათი შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

4.5. საწარმოს (პირველი კასატორის) საკასაციო პრეტენზიები შემდეგია:

4.5.1. მარტოოდენ ის არგუმენტი, რომ ვინაიდან ამხანაგობა "ბ–ს" აღნიშნულ მისამართზე უძრავი ქონება არ გააჩნია და ამიტომ შეუძლებელია მოიხმარდეს ელექტროენერგიას მცდარი და უსაფუძვლო მსჯელობაა, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება გატარების მომსახურების საფასურის ანაზღაურების საკითხზე სასამართლოს მსჯელობას და გადაწყვეტილებას. თუ სასამართლო ამხანაგობის კუთვნილი ქონების (ტრანსფორმატორის) სარგებლობისათვის (ელ.ენერგიის გატარების მომსახურებისათვის) სს-ას აკისრებს გარკვეულ საფასურს, გამოდის, რომ იგი არაპირდაპირ აღიარებს იმასაც, რომ იმა "ბ–ს" ეკისრება მის კუთვნილ ტრანსფორმატორში ელ.ენერგიის ტრანსფორმაციის შედეგად წარმოშობილ დანაკარგზე პასუხისმგებლობა. გატარების მომსახურების ტარიფი თავის თავში მოიაზრებს ყველა იმ დანახარჯს, მათ შორის ელ.ენერგიის ნორმატიულ (ტექნიკურ) დანაკარგსაც, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ქსელში. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკონტროლო/საბალანსო მრიცხველსა და ე.წ. ქვეაბონენტების მრიცხველებს შორის დისბალანსი არა მრიცხველების გაუმართაობის, არამედ ტრანსფორმატორის გაუმართაობის, ანდა სხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. სს-ბის მიერ ტრანსფორმატორზე დამონტაჟებული და საცხოვრებელ კომპლექსში აბონენტების მრიცხველებზე დაზიანებების და ელ.ენერგიის დატაცების ფაქტები არასდროს დაფიქსირებულა;

4.5.2. “სემეკ”-ის წესების შესაბამისად შეუძლებელია ქვეაბონენტებს დაერიცხოთ ტრანსფორმატორში არსებული ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგები, ვინაიდან მასზე პასუხისმგებლობა, როგორც წესი, ყოველთვის ტრანსფორმატორის მესაკუთრის/ მფლობელის პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება;

4.5.3. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მითითებული ნორმის “სემეკ”-ის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის გამოყენების შესაძლებლობა არ არსებობდა, რადგან ამ ნორმით დადგენილი წესი საწარმოსა და ამხანაგობას შორის წარმოშობილ სადავო საკითხს არ ესადაგება;

4.5.4. მიუხედავად იმისა, რომ სს-ას ამხანაგობის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ძაბვის ტრანსფორმატორით სარგებლობაზე წერილობითი ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მის კუთვნილ ტრანსფორმატორს სს "თ–ისაგან" ძაბვა (გაცემული ტექნიკური პირობის საფუძველზე) მიეწოდება, რაც უკვე სახელშეკრულებო სამართლებრივ ურთიერთობაზე მეტყველებს და, თავისი სამართლებრივი ბუნებით, ეს ურთიერთობა სამოქალაქო სამართლებრივი, ვალდებულებით-სახელშეკრულებო ურთიერთობად განიხილება, რომელზეც ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, შეგებებული სარჩელის აღძვრის პერიოდის გათვალისწინებით (2019 წლის აპრილი) ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა შესაძლოა ხანდაზმულად ჩაითვალოს;

4.5.5. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ელ.ენერგიის გატარების მომსახურების საფასურის დაკისრების თეორიული შესაძლებლობაც კი, ვინაიდან იმა "ბ–ის" ქსელის საშუალებით მესამე პირები არ ღებულობენ ელ.ენერგიას;

4.5.6. არ არსებობდა საფუძველი იმისა, რომ ელ.ენერგიის გატარებისა და ელექტროქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება დაქვემდებარებოდა სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ 10 - წლიან ხანდაზმულობის ვადას. ამდენად, სასამართლოს შეფასება, რომ: "მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში დღესაც არ იმყოფებიან" საკითხის არასწორი სამართლებრივი შეფასებაა და უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორ შეფასებად უნდა იქნეს მიჩნეული;

4.5.7. დაუსაბუთებელია და სამართლის ნორმის არასწორი განმარტების შედეგია სასამართლოს ის დასკვნაც, როცა საუბარია 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე ამხანაგობის კუთვნილი ტრანსფორმატორის ანაზღაურების გარეშე სარგებლობის და საწარმოს მომხმარებლების ელექტროენერგიით მომარაგების ფაქტზე, ვინაიდან დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ტრანსფორმატორიდან გამომავალი ელ.ენერგიის მომხმარებლები ამხანაგობის წევრების მიერ საერთო მიზნებისათვის აშენებული საცხოვრებელი კომპლექსია. ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციური დანიშნულება კორპუსის ელ.ენერგიით მომარაგებაა. ამიტომ, მხარეთა შორის არსებული (წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული) სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოადგენს ელექტროენერგიის გატარების (ტრანზიტული მომსახურების) კლასიკურ მაგალითს;

4.5.8. „სემეკ“-ის 31.12.2013 წ. N 15 დადგენილებამ განსაზღვრა ელ.ენერგიის გატარების მომსახურების ტარიფის დასადგენი ალგორითმი, რომელიც ტარიფის გამოსათვლელად საჭირო მთელი რიგი მონაცემების არსებობას მოითხოვს. ამიტომ, ლოგიკური და სამართლიანი იქნებოდა, მოცემულ შემთხვევაში, ანუ დერეგულირებულ პერიოდზე, გატარების ტარიფის გამოთვლისას გამოყენებული ყოფილიყო არა „სემეკ“-ის 4.12.2008წ. N 33 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 ნაწილი ანალოგიის პრინციპით, არამედ მსგავსი ტიპის დავებზე წლების განმავლობაში დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა.

4.6. ამხანაგობის დამფუძნებელის წევრების (მეორე კასატორის) საკასაციო პრეტენზიები შემდეგია:

4.6.1. სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილება, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულების დაკისრება აკრძალულია“, ხოლო ამავე დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა სსკ-ით დადგენილი წესის შესაბამისად“;

4.6.2. მართალია, მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში დღესაც არ იმყოფებიან, თუმცა ფაქტია, რომ სს დღემდე იყნებს მოსარჩელის კუთვნილ ქვესადგურს და მის ქსელს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, რითაც უზრუნველყოფს თავის მომხმარებელებს უწყვეტი ელექტრონერგიით, ხოლო იმა "ბ–ნი" საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს ელექტრომეურნეობის მოვლა - პატრონობას;

4.6.3. მხარეები შეთანხმებული არ ყოფილან ტრანზიტის და ენერგეტიკული მომსახურების ტარიფზე. გამომდინარე იქედან, რომ სადავო პერიოდზე მხარეთა შორის არ ყოფილა შეთანხმება კონკრეტულ ტარიფზე, „სემეკ“-ის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად“. „სემეკ“-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს, გატარების მომსახურებისათვის ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რაც კომისიის მიერ დადგენილია ამ ლიცენზიატისათვის ანალოგიური მომსახურებისათვის“. საგულისხმოა, რომ „სემეკ“-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილება იმეორებს „სემეკ“-ის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ წესსს „განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს, გატარების მომსახურებისათვის ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რაც კომისიის მიერ დადგენილია ამ ლიცენზიატისათვის ანალოგიური მომსახურებისათვის“, რაც იმა „ბ–ის“ შეგებებული სარჩელით მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია;

4.6.4. კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ის ტარიფი, რომელიც შესაბამისობაში იქნება „სემეკ“-ის მიერ ელექტროენერგიის გატარებისათვის და ენერგეტიკული მომსახურებისათვის ამგვარი ძაბვის ელექტროგადამცემი ელექტროხაზისათვის დადგენილ ტარიფებთან;

4.6.5. გატარების ტარიფის დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებაც, რომ ამხანაგობა დღემდე არა მარტო თავისი ელექტრომეურნეობით ახორციელებს შეგებებული სარჩელის მოპასუხე სს-ბის კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებას, არამედ მომსახურებას უწევს (მოვლა-პატრონობა) აღნიშნულ ქვესადგურს, რაც აუცილებელია მისი ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის. სწორედ აღნიშნული ქვესადგულის მეშვეობით ხდება სს-ბის კუთვნილი მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გარდაქმნა დაბალი ძაბვის ელექტროენერგიად. ამდენად, 1 კვტ.სთ ელ. ენერგიაზე გადასახდელი ტარიფის ოდენობის გაანგარიშებაში გასათვალისწინებელია არა მარტო ელექტროენერგიის გატარებისათვის თმენის ვალდებულება, არამედ ამ ქსელების მომსახურების გაწევის (მოვლა-პატრონობის) ფაქტი. ამდენად, მითითებული სამართლებრივი დანაწესებიდან გამომდინარე ქვესადგურის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების განხორციელება ევალება მის მფლობელ ამხანაგობას.

4.7. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინებით მხარეთა საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი არსებითად განხილვის მიზნით სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაბუთებულობის კვლევისა და მხარეთა მიერ სადავოდ ქცეული გარემოებების არსებითად განხილვის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი კასატორის (თავდაპირველი მოსარჩელე საწარმოს) საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ამხანაგობის დამფუძნებელის წევრების (მეორე კასატორის) საკასაციო პრეტენზია ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია მეორე კასატორის კუთვნილი ელექტროსადგურის გამოყენებით მესამე პირთათვის სს „თ–ის“ მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გაანგარიშების განსაზღვრა 2014 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის ივნისამდე პერიოდზე, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, თუმცა, არა „სემეკ“-ის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებაზე, როგორც ეს მეორე კასატორს მცდარად მიაჩნია, არამედ, „სემეკ“-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილებაზე დაყრდნობით.

5. მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

5.1.მოპასუხე ამხანაგობა მოსარჩელე კომპანიის აბონენტია (აბ.N4......). მრიცხველი (აბ.N4......), რომელიც საბალანსო/საკონტროლო მრიცხველია, რეგისტრირებულია ამხანაგობის სახელზე, რომლის მეშვეობით ელექტროენერგია მიეწოდება მოსარჩელე კომპანიის აბონენტებს, რომლებიც, თავის მხრივ, ქ. თბილისში, ....... მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში განთავსებული ბინების/კომერციული ფართების მესაკუთრეები არიან. შესაბამისად, ელექტროენერგიას მოიხმარენ მოსარჩელე კომპანიის აბონენტები;

5.2. ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები არიან მოპასუხეები - ქ.ბ–ი, მ.ბ–ი (თ.ბ–ის უფლებამონაცვლე), თ.თ–ი, გ.ა–ი და თ.შ–ნი;

5.3. ამხანაგობა რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელად, მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი - 205222864 და ამხანაგობის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი არის ქ.ბ–ი;

5.4. ამხანაგობას საკუთრებაში უძრავი ქონება არ გააჩნია;

5.5. ქ. თბილისში, ....... (ყოფილი ........ ქუჩა N1) საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ამხანაგობამ 2007 წელს დაიწყო და 2010 წელს დაასრულა. საცხოვრებელი სახლი ექსპლუატაციაში მიღებულია ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით. ამ მშენებლობის და შემდეგში აშენებული საცხოვრებელი კორპუსის ელ.ენერგიით მომარაგების მიზნით, ამხანაგობამ საკუთარი სახსრებით მოაწყო ქალაქის ტიპის სატრანსფორმატორო ქვესადგური, მანვე გაიყვანა მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროხაზები, მოაწყო სააღრიცხვო კვანძი და 2007 წლიდან ახორციელებს მის მოვლა-პატრონობას. ამის შესახებ მოსარჩელე საწარმოს (მოცემული დავის პირველი კასატორი მხარის) მიერ ჯერ კიდევ 2007 წლის 17 სექტემბერს გაცემულია შესაბამისი ტექნიკური პირობა. თავდაპირველად საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი გაცემული იყო ამხანაგობაზე, შესაბამისად, მოსარჩელე სს-ბის მიერ ტექნიკური პირობა გაიცა იმა "მ–აზე" (ქ.ბ–ი წარმოადგენს როგორც იმა "ბ–ის", ასევე, იმა "მ–ის" თავმჯდომარეს). მოგვიანებით საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი შესასრულებლად გადაეცა ამხანაგობას და, შესაბამისად, მოსარჩელე საწარმომ სატრანსფორმატორო ქვესადგურზე აბონენტი შეცვალა;

5.6. ამხანაგობის საკუთრებაში არსებული სატრანსფორმატორო ქვესადგური მაღალი ძაბვის ელ.ენერგიას იღებს და მას გარდაქმნის დაბალ ძაბვად, რომელიც გადის N111213.. (აბონენტის N4.......) მრიცხველში და მიეწოდება თბილისში, .......ქუჩა N7-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში განთავსებული ბინების/კომერციული ფართების მესაკუთრეებს (დაახლოებით 130-მდე აბონენტს). 2019 წლის 22 მარტს, ამხანაგობამ წერილობით მიმართა მოსარჩელე საწარმოს და მოითხოვა იმ ქვეაბონენტების სრული სია, რომელთა მომარაგება ხდება ამხანაგობის კუთვნილ ქვესადგურზე დამონტაჟებული მრიცხველიდან (აბონენტის N4....);

5.7. ამხანაგობამ საცხოვრებელ კორპუსში არსებული ბინები გაამრიცხველიანა, სადაც 2013 წლის ნოემბრამდე თვითონვე აწარმოებდა მოსარჩელეს საწარმოსთან მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებასთან დაკავშირებით ანგარიშსწორებას. ამხანაგობის მოთხოვნით და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდეგში: „სემეკ“) დავალების შემდეგ, 2013 წლის ნოემბრიდან მოსარჩელე საწარმომ უზრუნველყო ბინის მესაკუთრეთა აბონენტებად დარეგისტრირება და, შესაბამისად, 2013 წლის ნოემბრიდან მოსახლეობის (130-მდე აბონენტი) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღებას ახდენს მოსარჩელე საწარმო. სადავო არ არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ მოსარჩელე საწარმოს, 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე, არ მოუხდენია ამხანაგობის ხარჯით დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველების შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, მათი შეცვლა - “სემეკ”-ის 2007 წლის 20 ივლისის N12 დადგენილების შესაბამისად;

6. ასევე დადგენილია და სადავო არაა, რომ ამხანაგობა, რომლის დამფუძნებელი წევრები არიან შეგებებული სარჩელის აღმძვრელი პირები, არ არის განაწილების ლიცენზიატი.

7. მოცემულ საქმეზე ძირითადი მოსარჩელე (პირველი კასატორი) მოითხოვს, რომ მის სასარგებლოდ მოპასუხე ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს, სოლიდარულად დაეკისროთ, სს-ბის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის- 26 209.59 ლარის გადახდა, რაც დაგროვებულია მრიცხველზე პერიოდული დარიცხვით და არასრულყოფილი გადახდებით (იხ. საკასაციო პრეტენზია წინამდებარე განჩინების 4.5.1-4.5.7 ქვეპუნქტებში).

7.1. პირველი კასატორის საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის გზით, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს საწარმოს საკასაციო საჩივარი და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, როგორც კანონიერი და დასაბუთებული მართლმსაჯულების აქტი.

7.2 საქმეზე დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სატრანსფორმატორო ქვესადგური N ა-1698 წარმოადგენს ამხანაგობის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომელიც ჩართულია ქსელში და მიეწოდება ელექტროენერგია. სატრანსფორმატორო ქვესადგურზე დამონტაჟებულია საკონტროლო/საბალანსო მრიცხველი, რომელიც აღრიცხავს მასში გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. ასევე, სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან გამომავალ ქსელზე, რომლითაც ელექტროენერგია მიეწოდება საცხოვრებელ კორპუსს, თითოეული მომხმარებლისათვის/აბონენტისათვის, ინდივიდუალურად მოწყობილია აღრიცხვის კვანძი - დაყენებულია საანგარიშსწორებო მრიცხველები. მათი მეშვეობით ხდება თითოეული აბონენტის (როგორც საქმეზე დადგენილია 130-მდე აბონენტის) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის განსაზღვრა და ანგარიშსწორება. სატრანსფორმატორო ქვესადგურზე არსებული მრიცხველის ჩვენებას (მასში გატარებული ელექტოენერგიის რაოდენობას) აკლდება მითითებული აბონენტების მრიცხველების მიერ ჯამურად აღრიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა. შესაბამისად, საკონტროლო და აბონენტების მრიცხველებს შორის არსებული სხვაობა წარმოადგენს ელექტროენერგიის ტრანსპორტირების ტექნოლოგიურ ხარჯს (ე.წ. ტექნიკურ დანაკარგს). მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ამ ტექნიკური დანაკარგის ანაზღაურებაა ძირითადი სარჩელის დავის საგანი.

7.3. როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო არ არის, რომ მოსარჩელე საწარმოს, 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე, არ მოუხდენია ამხანაგობის ხარჯით დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველების შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, მათი შეცვლა - “სემეკ”-ის 2007 წლის 20 ივლისის N12 დადგენილების შესაბამისად. შესაბამისად, დასაბუთებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დაკვნა, რომ ძირითადი მოსარჩელე საწარმო (წინამდებარე დავის პირველი კასატორი მხარე) “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დაამტკიცების შესახებ “სემეკ”-ის 2008 წლის 18 სექტემბრის N 20 დადგენილებისს მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის “გ” ქვეპუნქტით დადგენილ ვალდებულებას, რაც საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობის, მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად გადანაწილებას გულისხმობს, არ ასრულებს და ტექნიკური დანაკარგით გამოწვეულ სხვაობას, როგორც დავალიანებას, პირდაპირ არიცხავს იმა “ბ–ს”, სწორედ ამ ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობის დაკისრებას მოითხოვს პირველი კასატორი მოპასუხე ამხანაგობის წევრებისთვის სოლიდარულად. პირველი კასატორის პრეტენზია, რომ გასაჩივრებული განჩინებით არაპირდაპირ აღიარებულია, რომ იმა "ბ–ს" ეკისრება მის კუთვნილ ტრანსფორმატორში ელ.ენერგიის ტრანსფორმაციის შედეგად წარმოშობილ დანაკარგზე პასუხისმგებლობა, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან. პირველი კასატორის პრეტენზია, რომ საკონტროლო/საბალანსო მრიცხველსა და ე.წ. ქვეაბონენტების მრიცხველებს შორის დისბალანსი არა მრიცხველების გაუმართაობის, არამედ ტრანსფორმატორის გაუმართაობის, ანდა სხვა მიზეზით “შეიძლება იყოს გამოწვეული” (იხ. წინამდებარე განჩინების 4.5.1 ქვეპუნქტი), ასევე, ფაქტობრივად დაუსაბუთებელია, მარტოოდენ მხარის ვარაუდია და არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით. ამასთან, “სემეკ”-ის 2008 წლის 18 სექტემბრის N 20 დადგენილება განსაზღვრავს განაწილების ლიცენზიატის, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში კასატორი (ძირითადი მოსარჩელე სს) წარმოადგენს ვალდებულებებს: - მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება აღრიცხოს ინდივიდუალურად (გარდა ამავე წესებით დადგენილი პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისთვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა მოწყობილობები, ელეტროდანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცვან ის უკანონო (არასანქირებული) ჩარევისაგან; - ამავე დადგენილების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) კუთვნილი ელექტროქსელიდან ელექტროენერგიის სხვა მომხმარებლებისათვის განშტოებით მიწოდების შემთხვევაში, თითოეული მომხმარებლის განშტოებაზე მოწყობილი უნდა იყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს ინდივიდუალური მრიცხველები. ამასთან, აღნიშნული ინდივიდუალური მრიცხველების გარდა, მოცემულ განშტოებამდე (ამ წესებით განსაზღვრული წესით) უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს საკონტროლო მრიცხველი; - ხოლო ამავე მუხლის მე-7 “გ” ქვეპუნქტის მიხედვით განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა, გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად.

7.4. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ „სემეკ“-ის ზემოხსენებული დადგენილება არ ადგენს ტექნიკურ დანაკარგზე ელექტროქსელის მფლობელის პასუხისმგებლობას. გარდა ამისა, დავის განხილვის დროისათვის საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს 22.05.1998 წ. N 27 ბრძანება (იხ. წინამდებარე განჩინების 3.15 ქვეპუნქტი) ძალადაკარგულია, თუმცა, მოქმედიც რომ ყოფილიყო, უპირატესობა მაინც „სემეკ“-ის დადგენილებას მიენიჭებოდა, როგორც უფრო გვიან მიღებულ, შესაბამისად, ახალ ნორმატიულ აქტს („ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 7.8 მუხლი). დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ ე.წ. ტექნიკური დანაკარგების რისკის მატარებელი ძირითადი მოსარჩელეა, რადგან მას შეეძლო დაემტკიცებინა, რომ აბონენტთა საანგარიშსწორებო მრიცხველები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია, თუმცა, ასეთი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, ქვეემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განსაზღვრეს ძირითადი მოსარჩელის მტკიცების ტვირთი და მართებულად იქნა უარყოფილი ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელი ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა ე.წ. ტექნიკური დანაკარგის ანაზღაურებაზე. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ისეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც ელექტროენერგიის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს მოხმარებულ ელექტროენერგიას ან მრიცხველის ჩვენების წაკითხვა ხორციელდება არასწორად, ასეთ დროს განაწილების ლიცენზიატია ვალდებული, ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში. ანგარიშის ჩასწორება უნდა განხორციელდეს რეალურად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესაბამისად, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც შეუძლებელია რეალურად მოხმარებული ელექტროენერგიის ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა. უკეთუ მრიცხველის საშუალებით მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში ამ პერიოდზე მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია, მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით), ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს ისეთ შემთხვევაა, როდესაც დაუდგენელია ხარვეზის წარმოშობის კონკრეტული თარიღი (იხ. სუსგ N ბს-735-735 (კ-18) 12.03.2020წ.).

8. მეორე კასატორის (ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების) საკასაციო პრეტენზიისა და, შესაბამისად, მოპასუხე მხარის შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო პირველი კასატორის (შეგებებული სარჩელის მოპასუხე საწარმოს) საკასაციო შედავების პასუხად, საკასაციო სასამართლო მისსავე პრაქტიკას მოიხმობს, სადაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა „სემეკ“- ის 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილების ამოქმედების შემდგომ, ქსელის მფლობელ არალიცენზიატსა და ელ.ენერგიის მესაკუთრეს შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, ანაზღაურების კანონიერების განსაზღვრა, საკუთრებით სარგებლობის კანონისმიერი შეზღუდვის ფარგლებში. მითითებულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს აქვს მხოლოდ გატარების საფასურის მოთხოვნის უფლება, რომელიც მან არ გამოიყენა და არ წარმოადგინა გატარების საფასურის დადგენისათვის საჭირო მონაცემები და არ დააკმაყოფილა სარჩელი, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს ამ დასკვნას არ დაეთანხმა საკასაციო სასამართლო (იხ. სუსგ N ას-1601-2018, 11.03.2021წ.; პ.103). ამავე განჩინებაში საკასაციო სასამართლომ იმსჯელა მხარეთა სახელშეკრულებო და კანონის ძალით წარმოშობილი ურთიერთობების გამიჯვნაზე და განმარტა: „უაღრესად მნიშვნელოვანია სისტემური შეფასება მიეცეს არალიცენზიატი მესამე პირის ქსელით სარგებლობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს: „ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის, სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ (შემდგომში _ „წესები“ ან #20 დადგენილება) მე-15 მუხლისა და 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილებით დამტკიცებული „მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ (შემდგომში #15 დადგენილება) მე-4 მუხლის თანახმად, ქსელის მფლობელ არალიცენზიანტთან (შემდგომში _ მესამე პირი) განაწილების ლიცენზიანტს შეიძლება აკავშირებდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რა დროსაც სპეციალური აქტებით (სემეკის შესაბამისი დადგენილება) განსაზღვრული მაქსიმალური ფარგლების გათვალისწინებით, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე (სკ-ის 327-ე მუხლი). ასეთ დროს კონტრაჰენტებს სრული უფლება გააჩნიათ, განსაზღვრონ ხელშეკრულების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სემეკის მიერ ლიცენზიანტისათვის დადგენილ ტარიფს (იხ. სემეკის N15 დადგენილების 4.5 პუნქტი). იმ შემთხვევაში, თუ სახეზე არ გვექნება საკუთრებით სარგებლობის ბოჭვის სახელშეკრულებო წინაპირობა, ქსელის მესაკუთრე მესამე პირის უფლებადამცავ დანაწესად გვევლინება სემეკის # 15 დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია კომპენსაციის გამოთვლის მეთოდოლოგია“ (იხ. სუსგ N ას-1601-2018, 11.03.2021წ.; პ.108).

8.1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ან/და წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა. ამავე ნორმის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია გატარების საფასურის გაანგარიშების წესი და იგი დგინდება კომისიის დადგენილებით. ამ დანაწესიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მოხმობილი ნორმა წარმოადგენს ზოგად დანაწესს და მიუთითებს ქსელის მფლობელი არალიცენზიატის ვალდებულებაზე, ითმინოს მისი საკუთრებით სარგებლობა, რომელიც სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის 180-ე მუხლით განსაზღვრული უფლების საკანონმდებლო ბოჭვაა, ასევე, დადგენილია, არალიცენზიატის უფლება, ამ კანონისმიერი ბოჭვისათვის მოითხოვოს საფასური. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „განსახილველი ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტური მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ“ (იხ. სუსგ Nას-744-801-2011, 13 .10.2011 წ.; შეად. სუსგ-ას N ას 803-762-2013, 10.10.2014წ.).

8.2. მეორე კასატორის საკასაციო შედავების პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით დასაბუთებულაად მიუთითა, რომ „სემეკ“-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილების ამოქმედებით აღმოიფხვრა ის საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც არსებობდა ქსელის მფლობელ ლიცენზიატებსა და არალიცენზიატებს შორის. N 15 დადგენილების ამოქმედებამდე საკითხი რეგულირდებოდა ზემოხსენებული (ზოგადი ხასიათის) ნორმითა და „სემეკ“-ის 2008 წლის 4 დეკემბრის N 33 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ წესების“ ანალოგიის გზით გამოყენებით. საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის N ას-803-762-2013 განჩინების თანახმად (რომელსაც, სხვებთან ერთად, სააპელაციო სასამართლოც მოიხმობს- იხ. წინამდებარე განჩინების 3.19 ქვეპუნქტი), ელ.ქსელის არალიცენზიატ მესაკუთრეს ამ ქსელის გამოყენება შეუძლია მხოლოდ ელ.ენერგიის გასატარებლად და, სსკ-ის 180-ე მუხლის ფარგლებში უნდა დადგინდეს არა ზოგადად მითითებული ნორმით გათვალისწინებული შემთხვევის წინაპირობები (რომელშიც ივარაუდება ის შემთხვევები, როდესაც მესაკუთრეს შეხედულებისამებრ შეეძლო გამოეყენებინა მიწის ნაკვეთი თუ არა აუცილებელ გზასთან დაკავშირებული თმენის ვალდებულება), არამედ ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარებაზე თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე, საშუალო მესაკუთრის ინტერესი ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. დავის სპეციფიკის თანახმად, საშუალო მესაკუთრის ინტერესის დაკმაყოფილების ერთგვარ ნიმუშს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებით დამტკიცებული წესები, რომელსაც სასამართლო იყენებს არა როგორც პირდაპირი გამოყენების წყაროს, არამედ - სახელმძღვანელოდ. საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით (სუსგ N ას-803-762-2013) დაშვებულია პრეზუმფცია, რომ „სემეკ“-ის N 33 დადგენილებით ლიცენზიატებისათვის განსაზღვრული ტარიფი მოიცავდა, როგორც თმენის, ისე ელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობის კომპენსაციას (შეად. სუსგ-ებს: Nას-803-762-2013, 10.10.2014წ.; N ას-1174-1104-2015, 11.03.2016წ.; Nას-516-493-2016, 23.09.2016წ.; Nას-1601-2018, 11.03.2021წ.). ამდენად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სავსებით სწორად არის განსაზღვრული შეგებებული სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და, სსკ-ის 180-ე მუხლიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელის ხანდაზმულობის ნაწილშიც არ არის გაზიარებული პირველი კასატორის (მოსარჩელე საწარმოს) საკასაციო პრეტენზია (იხ. წინამდებარე განჩინების 4.5.5-4.5.6 ქვეპუნქტები), რაზედაც სავსებით მართებულად იმსჯელეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა (იხ. წინამდებარე განჩინების 3.19-3.23 ქვეპუნქტები).

8.3. მოცემულ შემთხვევაში შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია ელექტროენერგიის გატარების საფასურის (ე.წ. თმენის კომპენსაციის) – 2013 წლის ნოემბრიდან 2020 წლის ივნისამდე პერიოდისათვის, რაც 129 190.96 ლარს შეადგენს სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით. იმის გათვალისწინებით, რომ „სემეკ“-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილებით დარეგულირდა ეს საკითხი და მსგავსად ლიცენზიატებისა, კომისიამ განსაზღვრა არალიცენზიატი მესაკუთრეების კომპენსაციის გამოანგარიშების მეთოდოლოგია, რაც 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, ამ თარიღის შემდეგ, გამოიყენება „სემეკ“-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილებით განსაზღვრული წესები.

8.4. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ნაწილობრივ დააკმაყოფილეს ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების შეგებებული სარჩელი, რაც 2013 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში, ამხანაგობის კუთვნილი ელექტროსადგურის მეშვეობით, გატარებული ელ.ენერგიის კვტ.საათებს- სულ 46 056 კვტ.სთ-ის ანაზღაურებას ეხება. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება ეყრდნობა „სემეკ“-ის 2008 წლის 4 დეკემბრის N 33 დადგენილების „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ წესების“ ანალოგიის გზით გამოყენებას და 2013 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში თმენის კომპენსაციის/გატარების საფასურის ნაწილში (46 056 კვტ.სთ) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულად იქნა მიჩნეული (46 056 კვტ.სთ X 1.320 თეთრზე) 607.94 ლარის ოდენობით, რაც შეგებებული სარჩელის მოპასუხე სს-ას (პირველ კასატორ მხარეს) დაეკისრა. ამდენად, შეგებებული სარჩელის მოპასუხე საწარმოს (პირველი კასატორის) შედავება, რომელიც წინამდებარე განჩინების 4.5.8 ქვეპუნქტშია ასახული და არ არის გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ.

8.5. შეგებებული სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილთან დაკავშირებით, რაც ელექტროენერგიის გატარების საფასურის/თმენის კომპენსაციის სს-ისთვის დაკისრებას ეხება და მოიცავს 2014 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის ივნისამდე პერიოდს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიუთითეს, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს მხოლოდ გატარების საფასური, რომელსაც 2014 წლის 1 იანვრიდან აწესრიგებს „სემეკ“-ის 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილება (იხ. ტ. 4, ს.ფ.50-51; ტ.5, ს.ფ. 116-117). ამ დადგენილებით განსაზღვრულია კონკრეტული ფორმულა, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს ამხანაგობის კუთვნილ ელექტროსადგურში გატარებული და მოსარჩელე საწარმოს აბონენეტებისათვის მიწოდებული კვტ.-სთ-ების მიხედვით გატარების საფასურის დაანგარიშება. „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილებით, დადგინდა ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასურის გაანგარიშების სპეციალური ფორმულა (წესი). სახელდობრ, დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასური („R“) გაიანგარიშება გატარების ფასის („P“) გამრავლებით ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე („W“) (ფორმულა: R = P * W). გატარების საფასურის („P“) გაანგარიშება ხდება გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულების გამრავლებით მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებაზე - 0.2 (20%) და გაყოფით ქსელის მფლობელის ტრანსფორმატორის ან/და ელექტროგადამცემი ხაზის წლიურ (საპროექტო) გამტარუნარიანობაზე (კვტ.სთ) (ფორმულა: P = (A * K) / (S)) (შეად. სუსგ-ას N ას-1601-2018, 11.03.2018წ.).

8.6. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში მიუთითეს, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარემ არ უზრუნველყო „სემეკ“-ის 30.12.2013 წლის N 15 დადგენილებით განსაზღვრული ფორმულის მიხედვით შესაბამისი დოკუმენტაციისა და კალკულაციის წარმოდგენა, რამდენადაც მხარეს მიაჩნია, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება სხვა დადგენილებებს და გაანგარიშებას უნდა დაემყაროს, მათ შორის, „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ წესების“ ანალოგიის გზით გამოყენების გზით, რასაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები არ დაეთანხმენ (იხ. მეორე კასატორის საკასაციო შედავება წინამდებარე განჩინების 4.5.1-4.5.6 ქვეპუნქტები).

8.7. საკასაციო სასამართლო მეორე კასატორის პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ მოთხოვნის სამართლებრიი საფუძვლის მოძიება და მისადაგება სასამართლოს პრეროგატივა და ვალდებულებაა. 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილების (სპეციალური რეგულაცია) ამოქმედების შემდგომ კომისიამ გაათანაბრა „ელექტროენერგიის გატარებისა“ და „თმენის“ გადასახადი და მისი ანაზღაურების მანამდე არსებული წესისაგან განსხვავებით (კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად), დაადგინა შემდეგი ქცევის წესი: თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ შესაბამისად. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, „სემეკ“-ის N15 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფის გამოანგარიშების მეთოდოლოგია (მსგავსად ლიცენზიატებს შორის მანამდე არსებული რეგულაციისა) მიუთითებს ერთგვარ პრეზუმფციაზე, რომ არალიცენზიატის კუთვნილ ქსელში ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეულია იმ ოდენობის მომსახურება, რაც ტარიფის სახით ამ მომსახურებისთვის არის დადგენილი. თავის მხრივ, ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე, თმენის ვალდებულება უნდა განიმარტოს სწორედ ამ ურთიერთობის მახასიათებელი სპეციფიკიდან. იმ ფაქტობრივი სიტუაციიდან გამომდინარე, რომ ელ.ქსელის გამოყენება, გარდა ელ.ენერგიის გატარებისა, სხვა თვალსაზრისით შეუძლებელია, არალიცენზიატი მესაკუთრის თმენის ვალდებულებაც სწორედ ახალი რეგულაციის ფარგლებში უნდა შეფასდეს. თვითონ „სემეკ“-ის N 15 დადგენილების 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით კომისიამ განსაზღვრა, რომ გატარების საფასური არის ამ წესების საფუძველზე გაანგარიშებული გატარების მომსახურების ღირებულება საანგარიშო პერიოდზე, ხოლო მე-4 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებით დაწესებულია ქსელის მფლობელი არალიცენზიატის ვალდებულება, ერთი მხრივ, (მოთხოვნის შემთხვევაში) ქსელში გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგია, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ქსელის გამართული მუშაობა. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ახალი რეგულაციის შემოღებითა (30.12.2013წ. N15 დადგენილება) და სპეციალურ ნორმაში ცვლილების განხორციელებით (18.09.2008წ. N20 დადგენილების 15.2 მუხლი) თმენის კომპენსაციის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრის შესაძლებლობა გაუქმდა და იგი მთლიანად მოაწესრიგა სემეკის N 15 დადგენილებამ, ანუ გატარების მომსახურება და თმენის კომპენსაცია, კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში გაიგივდა და თუ სახეზე არ გვაქვს მხარეთა განსხვავებული შეთანხმება, იგი „სემეკ“-ის ზემოხსენებული დადგენილებით დამტკიცებული ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად გამოითვლება. ამდენად, განაწილების არალიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს არა მხოლოდ გატარების საფასური, არამედ გატარებისა და თმენის გაიგივებული (შეიძლება ითქვას გაერთიანებული) კომპენსაცია (შეად. სუსგ-ას N ას-1601-2018, 11.03.2018წ.; პ.109; პ.110).

8.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც მისსავე ერთ-ერთ განჩინებაზე მიუთითებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ უარყო სარჩელი 2014 წლის 1-ელი იანვრიდან 2015 წლის 1-ელ სექტემბრამდე კომპენსაციის დაკისრების ნაწილში მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს, „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილების შესაბამისად არ მოუთხოვია გატარების საფასურის გამოანგარიშება... აღნიშნული არ აბრკოლებდა სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით სარჩელი დაეკმაყოფილებინა შესაბამისი ფაქტობრივი საფუძვლებისა და მტკიცებულებების არსებობის პირობებში“ (იხ.სუსგ-ას N ას-1601-2018, 11.03.2018წ.; პ.117). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე, მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განსაზღვრა, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიება და სადავო სამართალურთიერთობისადმი მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა და ის შეზღუდული არ არის მხოლოდ მხარის მიერ მითითებული სამართლის ნორმებით (შეად. სუსგ-ას N 1522-2018, 28.05.2019 წ.). ამავე საქმეში ასევე საყურადღებოა, რომ მოსარჩელეს ასევე არ ჰქონდა წარდგენილი სასამართლოში „გატარების საფასურის დადგენისათვის საჭირო მონაცემები“, რადგან საკუთარ მოთხოვნას არ აფუძნებდა 2013 წლის 30 დეკემბრის N 15 დადგენილებას (იხ.სუსგ-ას N ას-1601-2018, 11.03.2018წ.; პ.103).

9. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 411-ე მუხლზე მიუთითებს, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები მხოლოდ საკასაციო სასამართლოს მითითების ფარგლებში. მეორე კასატორის საყურადღებოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეგებებული სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილი, რომელიც ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნას ეხება დაუსაბუთებელია და არ არის გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ, შესაბამისად, ამ ნაწილში სრულად არის გაზიარებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა და სააპელაციო სასამართლო ამ ნაწილზე აღარ იმსჯელებს.

10. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად უბრუნებს საქმეს ამხანაგობის შეგებებული სარჩელის ხელმეორედ გამოსაკვლევად და შესამოწმებლად, რაც მხოლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს, რათა განისაზღვროს ელექტროსადგურის მფლობელი არალიცენზიატი პირის თმენის ვალდებულებისთვის საკომპენსაციო თანხა, რომელიც მისი ელექტროსადგურის მეშვეობით სს „თ–ის“ აბონენტებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის გატარებაში გამოხატება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ე.წ ელენერგიის ქსელის სარგებლობისათვის თმენის ვალდებულებისათვის გადასახდელი საკომპენსაციო თანხა მოიცავს ასევე ყველა იმ ხარჯს, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეულ მომსახურებას (შეად. სუსგ-ას N ას-803-762-2013, 10.10.2014წ.). ლიცენზიატისა და არალიცენზიანი მფლობელის ელქსელით სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობა განსხვავდება იმით, რომ ლიცენზიატი მფლობელისათვის ტარიფს ადგენს “სემეკ”-ი, ხოლო არალიცენზიატის საკუთრებაში არსებული ელქსელით სხვა პირის სარგებლობის შემთხვევაში, წარმოიშობა საკომპენსაციო თანხის მოთხოვნა, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საკომპენსაციო თანხა მოიცავს ყველა იმ ხარჯს, რამაც შეიძლება გაამართლოს თმენის ვალდებულება. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ “არალიცენზიანტი მფლობელის თმენის საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ანალოგიურ ურთიერთობის მიმართ “სემეკ”-ის მიერ სატარიფო განაკვეთის ზღვრულ ოდენობას. საკომპენსაციო თანხა შეიძლება იყოს იმავე ოდენობის, რაც ტარიფის სახით “სემეკ”-ის მიერ დადგენილია ლიცენზიატებს შორის ან ამ ტარიფზე ნაკლები” (შეად. სუსგ-ას N ას-803-762-2013, 10.10.2014წ.). როგორც აღინიშნა, “თმენის ვალდებულება“ წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს, რაც განსხვავდება ზიანის ინტიტუტისაგან. ზიანის ანაზღაურება ემსახურება იმ მდგომარეობის აღდგენას, რომელიც იარსებებდა, ამ ქმედებას, რომ არ გამოეწვია პირის ინტერესების დაუშვებელი ხელყოფა. ამასთან ერთად, როგორც წესი, ამ ხელყოფის გამომწვევია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ხოლო აუცილებელი გზით სარგებლობის თმენის ვალდებულება უკავშირდება მართლზომიერ ქმედებას, რაც კანონით არის დადგენილი და მესაკუთრეს საკუთრებაში არსებულ მიწაზე სხვა პირის მიერ აუცილებელი გზით სარგებლობისათვის აკისრებს „თმენის ვალდებულებას“. ამდენად, კომპენსაციას ექვემდებარება ისეთი ქონებრივი დანაკლისი, რომლის მიზეზიც არის საკუთრების უფლების ან მფლობელობის შეზღუდვა, რაც განპირობებულია ობიექტური აუცილებლობით. შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს ამ შეზღუდვის ფარგლები და ის ინტერესი, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია არა კონკრეტული მესაკუთრის ინტერესის სუბიექტური აღქმა, არამედ შესაბამისი მიწის ნაკვეთის საშუალო მესაკუთრის ინტერესი. განსახილველი საქმის თავისებურების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, გაირკვეს ელქსელების საშუალო მესაკუთრის ინტერესი (მაგალითად, იგივე სიგრძისა და სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის სარგებლობისას გატარებული ელექტროენერგიის მოცულობის გათვალისწინებით) - (შეად. სუსგ-ას N ას-803-762-2013, 10.10.2014წ.).

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მეორე მოპასუხეს, როგორც ქვესადგურის მესაკუთრეს, საკუთრების უფლების კანონისმიერი ბოჭვის, ობიექტური აუცილებლობით განპირობებული შეზღუდვის სანაცვლო კომპენსაციის განსაზღვრის მიზნით, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სასამართლოს მიერ მისადაგებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლისა და ნორმატიული აქტის საფუძველზე წარადგინოს შესატყვისი მონაცემები და დოკუმენტაცია სააპელაციო სასამართლოში, ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ვერ გაიზრდება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე და ის განიხილება შეგებებული სარჩელით აღძრული მოთხოვნის ფარგლებში და ქვემდგომი სასამართლოების მიერ ნაწილობრივ უკვე დაკმაყოფილებული მოთხოვნის გათვალისწინებით (დაკმაყოფილებული ნაწილის გამოკლებით). აქვე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეგებებული სარჩელის აღმძვრელი მხარეა ვალდებული მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებთან დაკავშირებული მტკიცებულებები წარადგინოს, რათა სასამართლომ შეძლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება.

12. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 410-ე, 412-ე და 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "თ–ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. იმა "ბ–ის" დამფუძნებელი წევრების: ქ.ბ–ის, მ.ბ–ის, თ.თ–ის, გ.ა–ისა და თ.შ–ნის საკასაციო საჩივარი ნაწილობრი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ.ძიმისტარაშვილი

მ.ერემაძე