საქმე №ას-315-2025 22 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - ა.გ–ი, მ.ს–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ტ-კ. (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 იანვრისა და 07 თებერვლის განჩინებები
კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ტ-კ–ის“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ა.გ–ს (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან აპელანტი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა:
1.1. 2019 წლის 12 ნოემბრის საბანკო კრედიტით №1834495-10732071 სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 17 640.50 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 14018.79 ლარი, პროცენტი - 2869.83 ლარი, ჯარიმა - 695.28 ლარი და დაზღვევა - 56.60 ლარი;
1.2. 2019 წლის 29 ნოემბრის საბანკო კრედიტის №1834495-10757305 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 2 215.35 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1499.26 ლარი, პროცენტი - 198.99 ლარი, ჯარიმა - 500 ლარი, საკომისიო-17.10 19 ლარი;
1.3. ბათილად იქნა ცნობილი პირველ მოპასუხესა და მ.ს–ს (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან აპელანტი) შორის დადებული 2021 წლის 26 აპრილის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი ბორჯომი, ლიკანი, საკადასტრო კოდით: ......., აღდგა პირველი მოპასუხის საკუთრების უფლება.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხეთა მიერ, რომლებსაც სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ, 7 დღის ვადაში დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და მისი ასლების, ასევე, სააპელაციო საჩივრის ღირებულების შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
3. აპელანტთა წარმომადგენლის - ვ.მ–ის თხოვნის საფუძველზე, ხარვეზის შევასებად დადგენილი ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა:
4. პირველად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით იმ საფუძვლით გაგრძელდა, რომ აპელანტებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე წვდომა არ ჰქონდათ, რის გამოც, ვერ შეძლეს დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის შედგენა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის მოძიება.
5. მეორედ, ხარვეზის შევასებად დადგენილი ვადა 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებით იმ საფუძვლით გაგრძელდა, რომ აპელანტებმა მხოლოდ ნაწილობრივ შეავსეს ხარვეზი - წარადგინეს დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში, კვლავ ვადის გაგრძელება ითხოვეს. ამასთან, რამდენადაც აპელანტებმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოცულობა, სასამართლომ აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 794.20 ლარით განუსაზღვრა.
6. მესამედ, ხარვეზის შევასებად დადგენილი ვადა, 2024 წლის 03 დეკემბრის განჩინებით იმ საფუძვლით გაგრძელდა, რომ აპელანტებმა ნაწილობრივ შეავსეს ხარვეზი და სახელმწიფო ბაჟის სახით ნაცვლად, 794.20 ლარისა, წარადგინეს 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია, რომ გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 150 ლარს შეადგენდა, რის გამოც, ითხოვდნენ ხარვეზის შევსებულად მიჩნევასა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.
7. აპელანტების სახელით მათმა წარმომადგენელმა ვ.მ–მა კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის კვლავ გაგრძელება ითხოვა (ს.ფ. 281).
8. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 იანვრის განჩინებით დარჩა განუხილველად. 2025 წლის 07 თებერვლის განჩინებით კი, განუხილველად დარჩა აპელანტების მიერ წარდგენილი განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ.
9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ: 3-7-ში მითითებული გარემოებები და აღნიშნა, რომ აპელანტებს რამდენჯერმე გაუგრძელდათ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ვადები ხარვეზის შესავსებად. მიუხედავად აღნიშნულისა, აპელანტების წარმომადგენელმა 2024 წლის 27 დეკემბერს კვლავ მიმართა სასამართლოს იგივე შინაარსის, დაუსაბუთებელი შუამდგომლობით და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება ითხოვა. აქვე ყურადღება იმ გარემოებაზე გამახვილდა, რომ აპელანტებს სააპელაციო საჩივარი 2024 წის 5 ივნისს ჰქონდათ წარდგენილი და ამდენად, საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ სახელმწიფო ბაჟის თანხის გადასახდელად ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობაში სასამართლოს დასარწმუნებლად. აღნიშნული კი, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით წარმოშობდა იმგვარი დასკვნის საფუძველს, რომ აპელანტები ბოროტად იყენებდნენ სასამართლოსადმი შუამდგომლობებით მიმართვის უფლებას, რაც ცხადია აზიანებდა აპელანტების მოწინააღმდგე მხარის კანონიერ ინტერესებს.
10. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, 2025 წლის 07 თებერვლის განჩინებით მიიჩნია, რომ აპელანტების მიერ 2025 წლის 01 მარტს წარდგენილი განცხადება ხარვეზის შესვსების მიზნით სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდისა და შესაბამისი ქვითრის წარდგენის შესახებ (იხ., ს.ფ. 296), განუხილველად იყო დასატოვებელი, გამომდინარე იქედან, რომ მათი სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის მოტოვით დარჩა განუხილველად, შესაბამისად, სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე განცხადებაც განუხილველად იყო დასატოვებელი.
11. სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 იანვრისა და 07 თებერვლის განჩინებებზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა, რომელშიც განმარტეს, რომ აპელანტების მიზანი საქმის განხილვის გაჭიანურება არ ყოფილა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
15. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინებათა მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად მასზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ხოლო ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება დარჩა განუხილველად საპროცესო ვადის დარღვევის გამო.
16. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტებს სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და მისი ასლების, ასევე, სააპელაციო საჩივრის ღირებულების შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში.
17. აპელანტთა წარმომადგენლის - ვ.მ–ის თხოვნის საფუძველზე, ხარვეზის შევასებად დადგენილი ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა:
18. პირველად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით იმ საფუძვლით გაგრძელდა, რომ აპელანტებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე წვდომა არ ჰქონდათ, რის გამოც, ვერ შეძლეს დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის შედგენა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის მოძიება (იხ., ს.ფ. 249, 251, 252).
19. მეორედ, ხარვეზის შევასებად დადგენილი ვადა 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებით იმ საფუძვლით გაგრძელდა, რომ აპელანტებმა მხოლოდ ნაწილობრივ ეავსეს ხარვეზი - წარადგინეს დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში, კვლავ ვადის გაგრძელება ითხოვეს. ამასთან, რამდენადაც აპელანტებმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოცულობა, სასამართლომ აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 794.20 ლარით განუსაზღვრა (იხ., ს.ფ. 254-266, 268-270).
20. მესამედ, ხარვეზის შევასებად დადგენილი ვადა, 2024 წლის 03 დეკემბრის განჩინებით იმ საფუძვლით გაგრძელდა, რომ აპელანტებმა ნაწილობრივ შეავსეს ხარვეზი და სახელმწიფო ბაჟის სახით ნაცვლად, 794.20 ლარისა, წარადგინეს 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია, რომ გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 150 ლარს შეადგენდა, რის გამოც, ითხოვდნენ ხარვეზის შევსებულად მიჩნევასა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას (იხ., ს.ფ. 280).
21. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, ხოლო 2025 წლის 07 თებერვლის განჩინებით განუხილველად დარჩა ხარვეზის შევსების მიზნით აპელანტების მიერ წარდგენილი განცხადება და სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
22. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
23. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტებისათვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 03 დეკემბრის განჩინება კანონით დადგენილი წესის დაცვით არ ჩაჰბარებია უფლებამოსილ პირს, კერძოდ, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული განჩინება 2024 წლის 24 დეკემბერს, სატელეფონო შეტყობინების გზით, ჩაჰბარდა ვ.მ–ს, რა დროსაც, ამ უკანასკნელის სახელზე ა.გ–ისა და მ.ს–ის მიერ გაცემული მინდობილობის ვადა გასული იყო. მინდობილობის თანახმად, ვ.მ–ს ა.გ–ისა და მ.ს–ის წარმომადგენლობის უფლებამოსილება 2024 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით ჰქონდა (იხ., ს.ფ. 119). შესაბამისად, სათანადო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არარსებობის გამო, მისთვის განჩინების ჩაბარება უფლებამოსილი პირისათვის კანონით დადგენილი წესით განჩინების ჩაბარებად ვერ მიიჩნევა.
24. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 03 დეკემბრის განჩინება არ ჰქონდათ ჩაბარებული აპელანტებს კანონით დადგენილი წესით (მათ მინდობილობას ვ.მ–ის სახელზე გასული ჰქონდა მოქმედების ვადა); ამასობაში კი, 2025 წლის 03 თებერვალს სასამართლოში წარდგენილი იქნა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის - 645 ლარის გადახდის ქვითრის დედანი (იხ., ს.ფ. 296, 297), არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული განჩინებები უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.გ–ის და მ.ს–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 იანვრისა და 07 თებერვლის განჩინებები სააპელაციო საჩივრისა და ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე