საქმე №ას-453-2025 09 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს „ი-ს. თ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ა–ძე (მოსარჩელე, განმცხადებელი)
თავდაპირველი მოპასუხეები - თ.ც–ძე, კ.ა–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ი.ა–ძის (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ი-ს. თ–ის“ (შემდეგში - შპს ან საჩივრის ავტორი) 2023 წლის 13 თებერვლისა და 2023 წლის 27 თებერვლის პარტნიორთა კრების ოქმები (გადაწყვეტილება) და აღდგა 2023 წლის 27 თებერვლის პარტნიორთა კრების ოქმით მიღებულ გადაწყვეტილებამდე მოქმედი დირექტორის - ირაკლი ტოგონიძის, როგორც შპს-ს დირექტორის უფლებამოსილება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა თ.ც–ძის, კ.ა–ძის და შპს-ს მიერ, რომლებმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვეს. მოსარჩელემ, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით, განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და დაზუსტებული მოთხოვნით შპს-ს კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა, იმ მიზნით, რომ შპს-ს დირექტორს კ.ა–ძეს აეკრძალოს შპს-ს საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთების განკარგვა და უფლებრივად დატვირთვა: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინებით:3.1. მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა;
3.2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, საქმის განხილვის დასრულებამდე ყადაღა დაედო შპს-ს საკუთრებაში (ბალანსზე) არსებულ მოძრავ ქონებებს;
3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, საქმის განხილვის დასრულებამდე ყადაღა დაედო შპს-ს კუთვნილ შემდეგ უძრავ ქონებებს:
3.3.1. ქ. თბილისში, ........ მდებარე დამხმარე ფართი (მშენებარე), 265,70 კვ.მ/, 1-ლი სადარბაზო, სართული 24, ს/კ: ......;
3.3.2. ქ. თბილისში, ......... მდებარე საოფისე ფართი (მშენებარე), 239.10კვ.მ., 1-ლი სადარბაზო, სართული 23, ს/კ: ........;
3.3.3. ქ. თბილისში, ......... მდებარე საოფისე ფართი (მშენებარე), 245.30 კვ.მ., 1-ლი სადარბაზო, სართული 22, ს/კ: ...........;
3.3.4. ქ. თბილისში, .......... მდებარე საოფისე ფართი (მშენებარე), 303.30კვ.მ., 1-ლი სადარბაზო, სართული 21, ს/კ: ..........;
3.3.5. ქ. თბილისში, .......... მდებარე საზაფხულო ფართი (მშენებარე), 1095 კვ.მ. სართული 3, დამხმარე ფართი (მშენებარე), 4.80 კვ.მ., სართული 3, ს/კ: .......;
3.3.6. ქ. თბილისში, ......... მდებარე კომერციული ფართი (მშენებარე), 539.80 კვ.მ., სართული 2, ს/კ: .........;
3.3.7. ქ. თბილისში, ......... მდებარე ავტოსადგომი (მშენებარე), 605.30 კვ.მ., სართული 2, ს/კ: .........;
3.3.8. ქ. თბილისში, .......... მდებარე ავტოსადგომი (მშენებარე), 642.50კვ.მ., სართული 1, ს/კ: .........;
3.3.9. ქ. თბილისში, .......... მდებარე კომერციული ფართი (მშენებარე),446,10 კვ.მ., სართული 1, ს/კ: ...........;
3.3.10. ქ. თბილისში, ......... მდებარე ავტოსადგომი (მშენებარე), 950.90 კვ.მ., - 3.00 ნიშნული, ს/კ: .........;
3.3.11. ქ. თბილისში, .......... მდებარე დამხმარე ფართი (მშენებარე) 144,80კვ.მ., სადარბაზო 2, სართული 17, ს/კ: ...........
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განჩინებით თ.ც–ძის, კ.ა–ძისა და შპს-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს-მ, რომელმაც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა. საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ მიიჩნია, საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ გადასწონის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზანს. მოსარჩელის განცხადება კი, შეიცავდა საკმარის დასაბუთებას იმისათვის, რომ სასამართლო დარწმუნებულიყო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.02.2025წ. განჩინებით თ.ც–ძის, კ.ა–ძისა და შპს-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.06.2024წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ა–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს-ს 13.02.2023წ. და 27.02.2023წ. პარტნიორთა კრების ოქმები და აღდგა ირაკლი ტოგონიძის, როგორც შპს-ს დირექტორის უფლებამოსილება. აღნიშნულ განჩინებაზე აპელანტებმა/მოპასუხეებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინებით თ.ც–ძის, კ.ა–ძისა და შპს-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც განმცხადებლის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე მსჯელობისას სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში (მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე; 191.1 მუხლი) და წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა. მართლმსაჯულების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმებს, რომლებიც ემსახურება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, აქვს უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მიზანი - მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.09.2016წ. N1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II.52). საკასაციო პალტა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს უფლების ეფექტური დაცვის საშუალებებს, რომელიც არა მხოლოდ რეპრესიულ, არამედ პრევენციულ დაცვასაც გულისხმობს. რეპრესიული დაცვა უკვე დარღვეული უფლების აღდგენას ემსახურება, ხოლო პრევენციული დაცვა - მოსალოდნელი ნეგატიური, უფლების შემლახველი შედეგების თავიდან აცილებას. ამასთანავე, რეპრესიული დაცვის რეალური განხორციელება შესაძლოა შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს, თუ გამოყენებული არ იქნება უფლების დაცვის პრევენციული საშუალებები, როგორიცაა სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები. რაც შეეხება საჩივრის ავტორის მითითებას, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად გაუმართლებელი ზიანი ადგება კომპანიას, კერძოდ, საწარმოს მოესპო შესაძლებლობა დაყადაღებულ ქონებათა გაქირავება/იჯარის შედეგად შემოსავალი მიიღოს. აღნიშნულმა კი, შესაძლოა კომპანიის პარალიზება განაპირობოს, მის სიცოცხლისუნარიანობას საფრთხე შეუქმნას, რაც წინააღმდეგობაშია უზრუნევლყოფის მიზანთან (იხ., საჩივრის საფუძვლები- ტ. 4, ს.ფ. 138-142), აღნიშნულს საკასაციო პალატა საფუძვლად ვერ დაუდებს გამოყენებული საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას და ამ თვალსაზრისით, საჩივრის ავტორის ეს არგუმენტები დაუსაბუთებლად მიაჩნია. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 271-ე და 191-ე მუხლების დანაწესის ფარგლებში, მართებულად გამოიყენა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საპროცესო ღონისძიება, ხოლო საჩივრის ავტორმა მის წინააღმდეგ წონადი არგუმენტები ვერ წარმოადგინა. საკასაციო სასამართლო აქვე ითვალისწინებს, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულია განჩინება, რომლითაც კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება არ იწვევს კომპანიის ინტერესების შელახვას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით საჩივრის ავტორს მართებულად ეთქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის გამო. წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ი-ს. თ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ლევან მიქაბერიძე