საქმე №ა-3943-შ-101-2024 11 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
შუამდგომლობის ავტორი – სს „K. E.“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.ლ. და ტ–ბი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ.ასტანას სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ.ასტანას სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ.ლ. და ტ–ბს“ სს „K. E.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 24 479 108 ტენგეს, ჯარიმის 2 447 909 ტენგეს და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ხარჯების - 807 811 ტენგეს გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ.ლ. და ტ–ბმა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ.ასტანას სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2024 წლის 7 თებერვლის განჩინებით შპს „ჯ.ლ. და ტ–ბს“ უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე.
სს „K. E.-მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ.ასტანას სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 10 იანვარს და ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ნოემბრის განჩინებით სს „K. E.-ის“ შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ.ასტანას სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
შუამდგომლობის განსახილველად მიღების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება, ასევე, საქმის მასალები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს.
2024 წლის 15 ნოემბერს შპს „ჯ.ლ. და ტ–ბმა“ წარმოადგინა თავისი პოზიცია, რომლითაც არ დაეთანხმა წარმოდგენილ შუამდგომლობას და მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.
მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა, რომ სათანადო წესით არ ყოფილა გაფრთხილებული სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ და არც სარჩელი საქმის მასალებით ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. შპს „ჯ.ლ. და ტ–ბის“ დირექტორმა ლ.ა–მა აღნიშნა, რომ სხდომა ჩატარდა მათი თანამშრომლის პირად საკონტაქტო ნომერზე ე.წ. „WHATSUP-ის“ მეშვეობით. ასევე მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ.ასტანას სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2024 წლის 7 თებერვლის განჩინება, რომლითაც შპს „ჯ.ლ. და ტ–ბს“ უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე, არის უკანონო, ვინაიდან მოწინააღდგე მხარის განმარტებით, მათ კანონით დადგენილ ვადაში შეიტანეს სააპელაციო საჩივარი, ასევე მას გასაჩივრებული აქვს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ.ასტანას სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენით 2025 წლის 28 მაისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მოისმინა მოწინააღმდეგე მხარის ზეპირი ახსნა-განმარტება, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს „K. E.-ის“ შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ.ასტანას სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.
მოწინააღმდეგე მხარე მის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებითა და ზეპირ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, სადავოდ ხდის ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ.ასტანას სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის სხდომის თაობაზე მისი ინფორმირებულობის საკითხს.
მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შეთხვევაში, თუ მოპასუხე არ მონაწილეობდა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად ან ჯეროვანი წესით არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება. ყაზახეთის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის იმავე საფუძველს შეიცავს „საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების (შემდგომში - „ორმხრივი ხელშეკრულება“) 26-ე მუხლის 1.3 ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, გარდა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, უარი შეიძლება ერთ-ერთ შემთხვევაში: თუ მხარეს, რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, გადაწყვეტილების გამომტანი მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, არ ჩაბარდა უწყება სასამართლოში გამოცხადების შესახებ ანდა მისი არაქმედუნარიანობის შემთხვევაში, არ მონაწილეობდა მისი შესაბამისი წარმომადგენელი.
განსახილველ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ.ასტანას სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის სასამართლოს სხდომას, რომელიც ჩატარდა დისტანციურად, ესწრებოდა და თავისი პოზიციაც დააფიქსირა, რასაც თვითონაც არ უარყოფს.
საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო უწყების ჩაბარების საკითხი რეგულირდება იმ ქვეყნის საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც განიხილავს მხარეთა შორის წარმოშობილ დავას (იხ. სუსგ №ა-1997-შ-48-2018, 5 ნოემბერი, 2018 წელი). აღნიშნულზე ასევე პირდაპირ მიუთითებს ორმხრივი ხელშეკრულება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტი).
მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შეთხვევაში, თუ მოპასუხე არ მონაწილეობდა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად ან ჯეროვანი წესით არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება. ყაზახეთის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის იმავე საფუძველს შეიცავს „საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების (შემდგომში - „ორმხრივი ხელშეკრულება“) 26-ე მუხლის 1.3 ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, გარდა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, უარი შეიძლება ერთ-ერთ შემთხვევაში: თუ მხარეს, რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, გადაწყვეტილების გამომტანი მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, არ ჩაბარდა უწყება სასამართლოში გამოცხადების შესახებ ანდა მისი არაქმედუნარიანობის შემთხვევაში, არ მონაწილეობდა მისი შესაბამისი წარმომადგენელი.
განსახილველ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ.ასტანას სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის სასამართლოს სხდომას, რომელიც ჩატარდა დისტანციურად, ესწრებოდა და თავისი პოზიციაც დააფიქსირა, რასაც თვითონაც არ უარყოფს.
ამდენად, შპს „ჯ.ლ. და ტ–ბმა“ ვერ დაამტკიცა, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ დაარღვია ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული უწყების ჩაბარების წესები. მოწინააღმდეგე მხარემ ვერ მიუთითა ყაზახეთის რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კონკრეტულად რომელი ნორმა იქნა დარღვეული მისთვის უწყების ჩაბარებისას. პირიქით, მის მიერ ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ.ასტანას სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკურ სასამართლოში წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განხილვისას დადგენილია ამ ნაწილში საცნობი გადაწყვეტილების კანონიერება.
რაც შეეხება მოწინააღმდგე მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ.ასტანას სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს სხდომის ოქმები აუდიოჩანაწერები და აღნისნა, რომ სასამართლომ არასწორად უთხრა უარი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მას არ დაურღვევია გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
ზემოაღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ორმხრივი ხელშეკრულების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლო, რომელსაც წარედგინება შუამდგომლობა, არ განიხილავს გადაწყვეტილებას არსებითად, არამედ განიხილავს მხოლოდ მის წინამდებარე ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
საქართველოს უზენაესი სასამრთლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ.ასტანას სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ.ლ. და ტ–ბს“ სს „K. E.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 24 479 108 ტენგეს, ჯარიმის 2 447 909 ტენგეს და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ხარჯების - 807 811 ტენგეს გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 10 იანვარს და ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
„მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.
„მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.
ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, თანხის დაკისრებას შეეხება.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ.ასტანას სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს სხდომის ოქმების აუდიოჩანაწერები, რომლების შესწავლის შედეგად და ასევე საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველები.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ.ასტანას სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „K. E.-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად ყაზახეთის რესპუბლიკის, ქ.ასტანას სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ჯ.ლ. და ტ–ბს“ სს „K. E.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 24 479 108 ტენგეს, ჯარიმის 2 447 909 ტენგეს და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ხარჯების - 807 811 ტენგეს გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი